ს.ს.ს.

 მოგესალმებით, მეგობრებო! 

     ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტიურად უბრუნდება თავის საქმიანობას  სტუდენტური ბლოგიც.

         როგორც მოგეხსენებათ, ყოველი სასწავლო წლის პირველი სემესტრი, კერძოდ კი, პირველი რამდენიმე კვირა - ცხრილის, აუდიტორიების, ლექტორების გაცნობის ეიფორიასთან ასოცირდება.  კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე ახალჩაბარებულ სტუდენტთა
    უმეტესობა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ სწორედ ამ პროცესში,  პირველივე კურსზე, თვალშისაცემია ჩვენს  ცხრილში, სამშაბათი დღის გრაფაში ჩაწერილი იდუმალი ინიციალები - ს.ს.ს.

    რას ნიშნავს ს.ს.ს.? რა საგანია ასეთი? რა ისწავლება?... 

    ჩვენ, მუსიკოლოგებს კი გვაქვს იმის ბედნიერება, რომ პირველსავე სამშაბათს გავერკვეთ ვითარებაში, მაგრამ არსებობს კონსერვატორიაში სტუდენტების კატეგორია, რომლებმაც ან საერთოდ არაფერი იციან ს.ს.ს.-ს არსებობის შესახებ, ან ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობენ მასზე.

    მაშ ასე -  გამარჯობა, ჩვენ ვართ ს.ს.ს. და  2020/2021 სასწავლო წლის პირველ პუბლიკაციად გვსურს შემოგთავაზოთ მოკლე ინფორმაცია ჩვენ შესახებ. 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებობს  სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოება (ს.ს.ს.), რომელიც  შეიქმნა 1948 წელს, როგორც სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. მის მუშაობაში ძირითადად კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული,  თუმცა    სტუდენტი-შემსრულებლებიც ხშირად იღებენ აქტიურ მონაწილეობას.    

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მიზნად ისახავს სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოებას, დამოუკიდებელი აზროვნების, დისკუსიის კულტურის ჩამოყალიბებას.

მუშაობის ძირითადი ფორმებია:

1. სტუდენტთა სამეცნიერო მოხსენებების წაკითხვა და განხილვა ყოველკვირეულ        სხდომებზე;

2. სტუდენტ-კომპოზიტორთა ნაწარმოებების მოსმენა/განხილვა;

3. აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მოსმენა სტუდენტთა კომენტარებით;

4. სტუდენტური ძალებით კონცერტების
მოწყობა, რომლებშიც მონაწილეობენ სტუდენტი-შემსრულებლებიც;

5. საჯარო შეხვედრა/დისკუსიები ხელოვანების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან
(კომპოზიტორები, მწერლები, მხატვრები და სხვ.);

6. დისკუსიები პროფესიულ და კულტურის სფეროში აქტუალურ თემებზე;

7. სხვა სახის შემოქმედებითი მუშაობა;

9. ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია.

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელია მუსიკის ისტორიისა და მუსიკის თეორიის მიმართულებების პროფესორი, ხელოვნებათმცოდენობის დოქტორი, ქეთევან ბოლაშვილი, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეიმუშავებს სამოქმედო სტრატეგიას, ადგენს შეხვედრების თემატიკას, და თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოების მუშაობას წარმართავს. თავმჯდომარის არჩევნები ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ტარდება. 2021/2022 სასწავლო წელს, საზოგადოების წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი გიორგი პაპიაშვილი.

    გასული სასწავლო  წელი   ს.ს.ს.-ს წევრების მიერ ინიცირებული სიახლეების დამსახურებით განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა და    ერთგვარი „აღორძინების“ პერიოდი გამოდგა ჩვენთვის. 
    მაგალითად, ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე, თქვენთვის უკვე ნაცნობი სტუდენტური ბლოგი OPUS 2 - სწორედ გასულ სემესტრში შეიქმნა, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრების (მარიამ ჭეიშვილი, ირინა დუმბაძე) ინიციატივით . ბლოგი ნებისმიერ კონსერვატორიელს აძლევს საშუალებას, რომ გამოაქვეყნოს საინტერესო პუბლიკაციები - სტატიები, მოხსენებები, რეცენზიები, შთაბეჭდილებები, ვიდეოები, ყველაფერი ის, რაც გსურთ, რომ გაგვიზიაროთ. ამიტომ, იაქტიურეთ და სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ გამოსაქვეყნებელი მასალა შემდეგ მისამართზე - საკონტაქტო ინფორმაცია .     კიდევ ერთი წარმატება წლის ბოლოს ჩატარებული სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია იყო, რომელიც არსებული რთული ვითარების, covid-19 პანდემიის მიუხედავად, როგორც მონაწილეების, ისე დამსწრეების რაოდენობით ბევრად აღემატებოდა გასული წლების კონფერენციებს (იხილეთ მონაწილე სტუდენტების მოხსენებები)

    ასევე, დიდი სიხარულით გვინდა, გაცნობოთ კიდევ ერთი სიახლე - სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გვერდი ახლა უკვე Facebook -ის სივრცეშიცაა. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენ დავგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, გავაზიარებთ  საჯარო  სხდომების ფოტო  და ვიდეო მასალას,  ასე რომ, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად ჩაერთოს განხილვასა და დისკუსიაში. 
ლოგოს ავტორი - მარიამ ჭეიშვილი
 გვერდის შექმნამ დაგვაყენა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისთვის ლოგოს შექმნის აუცილებლობის წინაშეც და  1948 წლის შემდეგ პირველად, ს.ს.ს.-ს  უკვე აქვს საკუთარი ლოგო!  (ავტორი მე-4 კურსელი მუსიკოლოგი, მარიამ ჭეიშვილი)   სამომავლოდაც ბევრი სურვილი და გეგმა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ გაიზრდება ინტერესი ამ საზოგადოების საქმიანობის მიმართ.  სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება,  მისი  თითოეული წევრი, დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც მხარს უჭერთ ჩვენს წამოწყებებს და გვაძლევთ სტიმულს, რომ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. 

უფრო დიდი მხარდაჭერისთვის კი, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალ-ყური მომდევნო სიახლეებს. 

პატივისცემით,

ს.ს.ს



ბლოგისა და facebook გვერდის სამუშაო ჯგუფი:

მარიამ ჭეიშვილი: მუსიკოლოგია, მაგისტრატურის I კურსი; -  „OPUS 2“-ის შექმნის ინიციატორი, შემქმნელი, ადმინისტრატორი, რედაქტორი, ბლოგერი.

ს.ს.ს.-სა და OPUS 2- ის facebook გვერდის შექმნის ინიციატორი და ადმინისტრატორი;.

ს.ს.ს.-სა და OPUS 2-ს ლოგოების ავტორი

ირინა დუმბაძე: მუსიკოლოგია, მაგისტრატურის I კურსი; - "OPUS 2“-ის შექმნის  ინიციატორი, ადმინისტრატორი, რედაქტორი და ბლოგერი

ს.ს.ს.-ა და OPUS 2- ის facebook გვერდის შექმნის  ინიციატორი და ადმინისტრატორი;


ელენე ელიოზიშვილი: მუსიკოლოგია, ბაკალავრიატის III კურსი; - „OPUS 2“-ის რედაქტორი და ბლოგერი, ს.ს.ს.-სა და OPUS 2- ის facebook გვერდის ადმინისტრატორი;


ირაკლი არეშიძე: კომპოზიცია, ბაკალავრიატის III კურსი - OPUS 2-ის რედაქტორი და ბლოგერი; ს.ს.ს.-სა და OPUS 2- ის facebook გვერდის ადმინისტრატორი და კომპოზიტორი.


საკონტაქტო ინფრომაცია:

Comments