ქეთევან ბოლაშვილი
ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ადმინისტრაცია,
მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული სტუდენტური ბლოგის შექმნის გამო რომ დამეუფლა და ორიოდ სიტყვა ვთქვა ამასთან დაკავშირებით.
კონსერვატორიის სტუდენტური ცხოვრების ინტენსივობა ტალღისებურად ვითარდება და აღმავლობას დაღმავლობა მოსდევს, აქტივობას - პასიურობა. ფაზების ეს ცვალებადობა, დამეთანხმებით, ბუნებრივია და ყოველთვის საინტერესოა მათი თვალყურის დევნა და ყოველი აღმავლობის დროს ხელის შეწყობა, ხოლო დაღმავლობისას კი სხვადასხვაგვარი მოწოდებები და აქტიური ქმედებები ამ პასიურობის სტადიიდან გამოსაყვანად.
სტუდენტური ცხოვრების რამდენიმე აქტიურ ფაზას შევესწარი კონსერვატორიაში მუშაობის წლების მანძილზე და რამდენიმეს მონაწილეც კი ვიყავი. ერთ-ერთი ასეთი იყო 90-იანი წლების მიწურული, როდესაც დაიბადა სტუდენტური გაზეთის შექმნის იდეა. დიდი იყო ენთუზიაზმი და საქმის კეთების სურვილი, დიდი იყო ადმინისტრაციის მხარდაჭერაც! ასე დაიბადა გაზეთი OPUS 1, რომელმაც რამდენიმე წელი იარსება. რადგან გაზეთის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა პერიოდულობაა, ჩვენ კი ამის რესურსები არ გვქონდა, გაზეთის რედაქციამ და კონსერვატორიის ადმინისტრაციამ, 2000-იანების დასაწყისში, გადაწყვიტა სხვა, უფრო დიდ პროექტს – კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიისა და თეატრალურის ერთობლივ გაზეთ “კულტურას” შერწყმოდა. სხვადასხვა პერიპეტიების შემდეგ ამ გაზეთმაც შეწყვიტა არსებობა…
ამ მოკლე ისტორიული ექსკურსის მიზანი მხოლოდ წარსული ამბების გახსენება არ ყოფილა, როგორც მიხვდებოდით. ამ ამბის მოყოლის მიზანი, მიხვდებოდით, ალბათ, ჩვენი ბლოგის სათაურის მოკლე ბიოგრაფიას უკავშირდება.
ამგვარად, ბლოგი OPUS 2 მოიაზრება სტუდენტური გაზეთის OPUS 1-ის მემკვიდრედ!
მას წაიყვანენ კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრები, სტუდენტი მუსიკოლოგები, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით პროფესორები, და, ალბათ, ყველას აზრს გამოვხატავ, დიდი სიხარულით!
ბლოგში სტატიის, რეცენზიის, ესეს და სხვა ჟანრის ტექსტის გამოგზავნის საშუალება აქვს ყველა მსურველს, სტუდენტს, პროფესორს, მოკლედ, ნებისმიერ “კონსერვატორიელს”.
ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ ტექსტის ავტორობის საკითხზეც. რადგან არის შემთხვევები, როდესაც ავტორს აქვს სურვილი გამოთქვას კრიტიკული აზრი ამა თუ იმ მუსიკალურ მოვლენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ არა აქვს ისეთი მყარი პროფესიული თუ სოციალური სტატუსი, რომ ეს ღიად და საჯაროდ გააკეთოს, ყველა ავტორს ვთავაზობთ, სურვილის შემთხვევაში, გამოაქვეყნოს წერილი ფსევდონიმით. მაგრამ არა ანონიმურად! ხელმოუწერელ ტექსტებს არც კი განიხილავს ბლოგის რედაქტორთა ჯგუფი.
მაშ ასე, ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო სიხარული და მოგიწოდოთ, არა მხოლოდ გაიზიაროთ ის, არამედ შეუერთდეთ მუსიკოლოგი სტუდენტების ამ წამოწყებას და მიიღოთ მასში მონაწილეობა.
Comments
Post a Comment