რატომ მიყვარს ჩარლზ აივზი?


დიდხანს ვფიქრობდი, რომელ კომპოზიტორზე დამეწერა ესე, რადგან კითხვა, თუ რატომ მიყვარს ან არ მიყვარს რომელიმე მათგანი, ჩემთვის იმდენად პარადოქსული აღმოჩნდა, რომ ჯერაც ვერ გავრკვეულვარ მარტივად გასაცემია პასუხი, თუ პირიქით – რთულად. 
 ერთი შეხედვით გეჩვენება პრიმიტიული, ტრივიალური საკითხი, თუმცა რომ ჩაუფიქრდები ზუსტად ამ გაცვეთილობის და სიმარტივის გამო გადააწყდები სირთულეებს თუ როგორ ჩამოაყალიბო შენი პოზიცია სწორად და გასაგებად, განსაკუთრებით როცა შენი დამოკიდებულების დაფიქსირება ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს –მუსიკას ეხება, ვინაიდან ზუსტად ის ხელოვნებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ისეთ ამოუხსნელ ემოციურ ტალღებში გვატატივტივებს, რომ მათი ვერბალურ დონეზე გადმოცემა ან გაშიფვრა საკმაოდ რთულია. ზუსტად ეს იწვევს ჩემში ინტერესს ხელოვნებისადმი, კერძოდ მუსიკისადმი, მისტერიული ამოუცნობი მიზიდულობა, უამრავი უხილავი შეკითხვა, რომელებსაც მხოლოდ ჩვენი ქვეცნობიერის შრეებში ვაწყდებით, თუმცა ყოველივე მაინც ხელშეუხებელად რჩება. ალბათ ადამიანის საუკეთესო თვისება, რომლისთვისაც ღირს ჩაწვდე სამყაროს, ცხოვრების არსს, ზუსტადაც რომ ესაა, ვეძიოთ ამ კითხვებზე პასუხი იმისთვის, რომ საბოლოოდ ისინი მაინც პასუხგაუცემელი დაგვრჩეს, რომ ეს „რაღაცისკენ“ ლტოლვა იყოს ჯანსაღად მფეთქავი, რა თქმა უნდა, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი, ასეც უნდა იყოს. დოსტოევსკის აქვს ნათქვამი, რომ ადამიანს თუ არ მისცემ მიზანს რისთვისაც უნდა იღწვოდეს, იგი უსულო ცხოველად გარდაიქმნებაო. ზუსტად ამ გრძნობების ძიებისთვის, როგორც მიზანი, ღირს ცხოვრება, იმისდა მიუხედავად, რომ ვიცით საბოლოოდ ვერ ვიპოვით კითხვებზე პასუხს, მაქამდე მისასვლელი მანძილი მიანც ჯადოსნური ნაპერწკალივითაა. 

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, დიდი ხნის დილემის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა ჩარლზ აივზზე. მინდოდა პატარა ესქპერიმენტი ჩამეტარებინა, დამეწერა ისეთ კომპოზიტორზე, რომელსაც ადრე საერთოდ არ ვიცნობდი და მისი სახელი მხოლოდ ახლა გამეგო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა მისი მუსიკა (პირველი მოსმენილი ნაწარმო „Three places in New England”) რომელმაც იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ძალიან მომინდა მის შემოქმედებას გავცნობოდი, რაღაცნაირი დამაინტრიგებელი ინტერესი გამიჩნდა, როდესაც სხვა თანამედროვე კომპოზიტორების, ურთულესი კომპლექსური აზროვნების, მსოფლიო დონის საოცარი ნიმუშების მოსმენისას მაინც თითქოს გაყინული, უფერული შეგრძნება მეუფლებოდა, აივზი მათ შორის პოლიქრომულობით გამოირჩეოდა. თავიდანვე მიმიზიდა მისმა ფერებმა, თითქოს ძველი არტ-ნუვოსა ან რომის პანთეონის მაგვარ გუმბათოვან, ხასხასა და ფერად მდიდრული შენობების თავზე მეტალის თანამედროვე ვეტმფრენები დამახასიათებელი მექანიკური შხუილით დაფრინავენო. ასეთი სურათი სახასიათოა მისი მარშების, ცეკვებისა და უფრო მეტად ადრეული ნაწარმოებებისთვის, ხოლო გვიანდელი შემოქმედება სცილდება ქალაქის ხმაურიან კარიბჭეს და გადის მწვანე ბუნებაში, მარადიულ უნივერსალურ სივრცეში (“Towards other freedom” ციტატა "Three places in new England”-ის ეპიგრაფიდან). ამ დროს მე-20 საუკუნის კომპოზიტორები წერენ ომის მიერ გამოწვეულ მძიმე მდგომარეობაზე, ნგრევაზე, დეპრესიაზე, მათივე შემოქმედება „საშინელებათა დრამებს“ უახლოვდება (განპირობებული ისტორიული მოვლენებით, ომებით, ხალხის დახოცვით და ა.შ), მათი სურათი, რომელიც შეიძლება შევადაროთ მეფიტიური ჰაერით გაჟღენთილ, დანგრეულ და გაძარცვულ სახლებს კონტრასტულად უპირისპირდება აივზის პეიზაჟს.
ჩარლზ აივზის მუსიკაში მომწონს ის, რომ არც ერთ კომპოზიტორს არ მოუხდენია მასზე გავლენა, ცალკე მდგომია, მასთან ახალი და ძველი საწყისები იყრიან თავს, რაც უფრო ტრადიციაში იძირებოდა მით უფრო შორს მიდიოდა მომავლისკენ. მასთან აისახება ორი სრულიად საპირისპირო მუსიკის – სეკულარულისა(ამერიკული) და მაღალი მუსიკის ნაზავი. დოგმებისა და შეზღუდვების არქონის გამოა, რომ აივზი იმ მცირე რაოდენობის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მივიდნენ არსებობის კართან, მის იქით გადაიხედეს და მარადისობას ჩახედეს თვალებში. აივზის მსოფლაღქმა დაფუძნებული იყო რევივალიზმზე და ტრანსცედენტალურ ფილოსოფიაზე, რომლის მიმდევრების შეხედულებების მიხედვით მან თავისი სონატის Concord Mass-ის ნაწილები შექმნა. იმისდამიუხედავად, რომ მე კარგად არ ვიცნობ ამ ფილოსოფოსებს, აივზმა ისე ხატოვნად დაახასიათა თითოეული ოთხივე ნაწილში, რომ გამიადვილდა მათი მსოფლმხედველობის აბსტრაქციულ დონეზე აღქმა, მეტიც, უფრო დამაინტერესა, სურვილი აღმიძრა გავცნობოდი ამ ფილოსოფოსებს. „სამი მეოთხედტონიანი პიესა
ორი ფორტეპიანოსთვის ჩემთვის ძალიან უჩვეულო ნაწარმოები აღმოჩნდა და ალბათ არამარტო ჩემთვის, რადგან უმეტესობა ტემპერირებულ წყობას ვართ მიჩვეული, მან მართლაც მოახერხა ბგერითი სამყაროს გაფართოება. ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები და თუ აქამდე ვთვლიდი რომ შესანიშნავი სიმფონისტი იყო იმ მხრივ, რომ ძალიან კარგად იყენებს მასშტაბურ ორკესტრს, ასევე დავრწმუნდი, რომ საფორტეპიანო ჟანრშიც უძლიერესია. როდესაც საორკესტრო დაშრევების პოლიფონიურ სისტემას საფორტეპიანო ნაწარმოებებშიც შესანიშნავად იყენებ, ბუმბერაზობას არ აკარგვინებ და ქმნი სამყაროს მოდელს მართლაც, რომ გასაოცარია. 

მაოცებს თუ როგორ ოსტატურად ატევს პომპეზურ სამყაროს ერთ პატარა ჩანახატ-ესკიზში, თუ როგორ გადმოსცემს თავის სათქმელს, სპონტანურად, იგი ხომ მუსიკას მთის მწვერვალს ადარებდა, როგორც დაკვირვების ობიექტს, რომელიც ხედვის ყოველი წერტილიდან სხვადასხვანაირია და დავამატებ, რომ არამარტო ხედვის წერტილიდან, არამედ დროის მონაკვეთიდანაც, პერსპექტივის ან რაკურსის და ასევე განათების შეცვლით, ობიექტს არამარტო ფორმა ეცვლება არამედ შუქ-ჩრდილი, რეფლექსია და კონტურები, ამიტომაა რომ მხატვარი, როდესაც რაიმეზე მუშაობს, ზუსტად ერთი ადგილიდან აკვირდება საგანს, თუ რაიმე ასპექტი შეიცვალა, ნამუშევარი და ობიექტი დაშორდება ერთმანეთს და ორი დამოუკიდებელი სხეული გახდება, ხელოვანს კი მოუხდება ყველაფერი შეცვალოს და ახლიდან დაიწყოს. აივზიც სპონტანურ, სწრაფ ესკიზებს ანიჭებდა უპირატესობას, რომ გადმოეცა იმის არსი, რისი გადმოცემაც უნდოდა მაქსიმალურად სწორად, რომ ის წარმავალი "წამი" ხელიდან არ გაქცეოდა და იგი წარუმავალი გაეხადა.

მინიატურული საორკესტრო ნაწარმოებებიდან ჩემთვის ძვირფასია და საოცარი მუსიკით გამოირჩევა “Unanswered Question”, “The Fourth of July”, “From steeples and the Mountains” .
სიმფონიებს რაც შეეხება - ულამაზესია. ამერიკული ინტონაციები, თუნდაც ციტატები, მარშები, ცეკვები, ჩემთვის ერთგვარი ამოსუნთქვაა, ჯანსაღი სუფთა ჰაერი მე-20 საუკუნის დახუთული, მძიმე ჰაერისგან ცოტახნით თავის დაღწევა. შეიძლება თქვათ, რომ მისი შემოქმედებითი ფანტაზია შეზღუდულია,  ამდენ მარშს თუ ცეკვას რომ იყენებდა, თუმცა ესეც ხომ თავისებური გამოხატულება იყო მისი პოზიციისა, თუნდაც კავშირები, მათი გადაბმა, გაერთიანება ისეთ პროფესიონალურ დონეზეა, არ მგონია, მხოლოდ ფანტაზიის ნაკლებობის გამო რთავდეს მათ. მათი სწორად არჩევაც დიდ გამოცდილებას საჭიროებს. მსგავსი ლოგიკით, გია ყანჩელიც არანაკლებ შეზღუდული შემოქმედებითი ფანტაზიის მქონე კომპოზიტორად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა იგი ყველაფერს უდიდესი შრომის, ძალისხმევის წყალობით აკეთებდა, თითოეულ ბგერასა და აკორდში უდიდეს მნიშვნელობას დებდა, როგორც აივზი ან სხვა რომელიმე კომპოზიტორი. ოთხივე სიმფონია არის თან აივზისთვის თავისებური , მაგრამ ჩემთვის მაინც თითქოს გერმანული, რომანტიკულ სტილში, მაგრამ მისი დაუმთავრებელი სიმფონია “Universeარის ცალკე მდგომი, მის მოსმენისას პირველი რაც აზრად მომივიდა იყო ქაოსი, მისი მსოფლმხედველობა საბოლოოდ აქ არის თავმოყრილი, ნაწილები განასახიერებენ ბუნების მოვლენებს, ძვრებს, კონტინენტებს, რელიეფებს, ატომების მოძრაობას, რაც ე.წ ქაოსი საბოლოოდ მაინც რაღაც კანონზომიერულ ბრუნვას ექვემდებარება. ჩემში დიდ აღტაცებას იწვევს დაწერო ამგვარი ნაწარმოები, შეეჭიდო ასეთ რთულ კონცეფციას როგორიც სამყარო და მისი უნივერსალიზმია. 

საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩარლზ აივზი, მართლაც რომ უდიდესი კომპოზიტორი იყო, დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს საყვარელ ხელოვანთა რიგებს შორის. იგი არის ყოვლად უჩვეულო შემოქმედი, განსხვავებული, მისი სამყაროს შესწავლაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი იყო.

Comments

Post a Comment