"სწორედ ამიტომ მიყვარს არნოლდ შონბერგი"


ავტორი: ბესო დგებუაძე

რატომ შევაყვაროთ თავს ძალით ის, რაც არ გვიყვარს? ჩვენ კარგად ვიცით, რა გვიყვარს და რა გვძულს, და სწორედ ეს გრძნობები, რაიმეს მიმართ, დიდწილ განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალურობას. მართლაც, თუ ვიცით, რა უყვარს ადამიანს, გვაქვს საკმაოდ კარგი წარმოდგენა, თუ ვინაა ის; და თუ ეს ასეა, მცდელობა – „ვასწავლოთ“ ჩვენს თავს სიყვარული იმისა, რაც საზოგადოებაში დადებითადაა შეფასებული, არაფერია, თუ არა უდიდესი სიყალბე, თავის მოტყუება და პიროვნული იდენტობის სიმტკიცის უქონლობა – არ შევითავსოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებები. ჩვენ ჩვენი თავისვე ერთგული უნდა დავრჩეთ, გვიყვარდეს რაც გვიყვარს, და ვერიდოთ ნიღბებს უმრავლესობის წინაშე თავის უკეთ წარმოსაჩენად. ყოველივე ეს საშინლად დამღლელი და “დამაზიანებელია”; ადამიანი, რომელიც სტატუსის ასამაღლებლად რისკავს ნიღბის გაკეთებას, საკუთარ თავთან დარჩენისას, უარესად იტანჯება.
ასეთი იყო ჩემი მიდგომა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ყველა, ვინც წლების მანძილზე ვისკის მწკლარტე და სიგარის მწარე გემოს ძალდატანებით ვეღარ აუდის, რათა ბოლოს, ამ ჩერჩილისეული კომბინაციის მართლა შეყვარების შემდეგ, მიეცეს საშუალება, ზემოდან გადმოხედოს „მდაბიოს“, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია ასეთი კეთილშობილური სიმაღლეებისთვის, სასაცილოდ მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ ასეთი ხალხი მუსიკაშიც მრავლადაა, მაგალითად, ზოგის შემთხვევაში ვისკი და სიგარა შეიძლება ყოფილიყო შონბერგი და ქსენაკისი, არასასიამოვნო გემოები – დოდეკაფონია და მათემატიკური მოდელების მუსიკაში გადმოტანა, მდაბიო ადამიანი კი – რომანტიზმის ან კლასიციზმის მსმენელი.
მუსიკალურ სკოლაში შონბერგის სახელი ხშირად მესმოდა, და მის ხსენებას ყოველთვის ახლდა რეპლიკები: „ო, როგორ მიყვარს“, „დიადი“, „ღრმა“, „ექსცენტრული“, „ახირებული და უცნაური, ამავდროულად დიდი მოაზროვნე“... ერთ დღესაც, გადავწყვიტე, YouTube-ზე შონბერგის მუსიკის მოსმენა, შევუერთდი თნატოლების წრეს მაგრამ, ეს  არც თუ ისე ხანრგძლივი პროცესი აღმოჩნდა. მახსოვს, პირველად „გასხივოსნებული ღამე“ მოვისმინე, შემდეგ „მთვარის პიერო“ და რომელიღაც საფორტეპიანო ნაწარმოები. მოკლედ რომ ვთქვა, ეს იყო ყველაფერი, რაც არ მიყვარდა. შონბერგი გვერდზე გადავდე, შევიყვანე იმ ადამიანთა სიაში, რომელთა შეყვარებასაც არ ვაპირებდი, მათი დიდი სახელის მიუხედავად. 
რამდენიმე წლის შემდეგ, შემთხვევით წავაწყდი „გურეს სიმღერებს“. ნუთუ ეს მართლა იმ კაცის გვარი იყო ნაწარმოების სათაურის გვერდით? რამდენიმე კვირა გაუთავებლად ვუსმინე ამ მალერისეული და ვაგნერისეული სილამაზეების ნაზავს, რომელიც, მგონი, უკვე ამ ორი კომპოზიტორის მუსიკაზე მეტადაც მომწონდა. მივხვდი, რომ წლების წინ ალბათ ნაადრევად ჩავიქნიე ხელი და რომ ამის დამწერი კაცის სხვა ნაწარმოებებშიდაც უნდა გამომჟღავნებულიყო შემოქმედებითი გენია. ხელახლა დავიწყე მისი მოსმენა, ახალი შემართებითა და მეტი გულისყურით. მალე კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიის კურსიც წამომეწია და ყოველივე ამან განაპირობა, შონბერგის მუსიკასთან ჩემი შეჩვევა, მასში უნიკალური სილამაზეების მიგნება, და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი თავის შესახებ მრავალი სიახლის აღმოჩენა. 
სწორედ ამიტომ მიყვარს არნოლდ შონბერგი. მის შემოქმედებასთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ მივხვდი, რომ თითქოსდა საძულველ სიახლეებთან საქმის დაჭერა ყოველთვის სიყალბე და საზოგადოებაში თავის უკეთ წარმოჩენის მცდელობა როდია, პირიქით, ეს პროცესი ჩვენს თავზე მეტს გვასწავლის და, მაშასადამე, გვიმყარებს ინდივიდუალურობის გრძნობას. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ვისკის მოყვარულები მართლა არსებობენ, თანაც მრავლად და ყველა სფეროში, თუმცა ეს არაა საკმარისი მიზეზი გულის ასაცრუებლად. ადამიანი ძალზედ კომპლექსური არსებაა, ჩვენ საკუთარი თავის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით და ხშირად ვრჩებით ახალი მიგნებების შემდეგ ჩვენი თავით გაკვირვებულნი. ამიტომ სიახლის ზედაპირული გაცნობა საკმარისი არაა, მასზე ნაადრევად ხელის ჩაქნევამ შესაძლოა, გაუთვითცნობიერებლად დაგვაკარგინოს თვითშესწავლისა და თვითგარდაქმნის საინტერესო გზა. საჭიროა სიახლეს გულმოდგინებით მოვეპყროთ და თუ მაინც ვერ შევითვისეთ ის, მხოლოდ მაშინ მივცეთ ჩვენს თავს უფლება, ვთქვათ: „მე ეს მძულს“. 

Comments