შეურაცხყო თუ არა Kordz და Dro-მ ბახი?


ავტორი: ქეთი ალექსიშვილი

ამჟამად შექმნილი საკარანტინო სიტუაციის გამო ცხოვრების თითქმის ყველა სფერო ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელებში ინაცვლებს, სადაც რა თქმა უნდა მუსიკა უდიდეს ნაწილს იკავებს.  ამან შესაძლებელი გახადა უამრავი არტისტის ლაივით მოსმენა და სხვადასხვა მასტერკლასებზე დასწრება. ახალი ამბავი არაა რაიმეს ფეისბუქის კომენტარებში განხილვა, კამათი და არცთუ იშვიათად აგრესიული მოწოდებები , მაგრამ იმის გამო, რომ დღესდღეობით ხალხი ერთმანეთს პირისპირ ვერ უზიარებს თავის განცდებს, მე პირადად შევამჩნიე ე.წ. „ვეფხისტყაოსანი“  კომენტარების ჩვეულებრივზე მეტად გავრცელება. ერთ-ერთი ასეთი კომენტარი შემხვდა  Kordz&Dro-ს „გზაში ვარ“ ვიდეოს ქვეშ, რომელიც Lenø Records-ის ლაივიდან იყო გაზიარებული. წამოიჭრა საკითხი, არის თუ არა ტაბუ საკუთარ შემოქმედებაში ისეთი კომპოზიტორის ნაწარმოების გამოყენება, როგორიცაა ი.ს.ბახი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია მის რე მინორულ საფორტეპიანო კონცერტზე.
პირველ რიგში, სანამ ტაბუზე დავიწყებდე საუბარს უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში განსაკუთრებით მტკივნეულია სიწმინდეზე და მის შეურაცხყოფაზე საუბარი. ბევრს საკმაოდ აბსტრაქტული რამის დაკარგვის ეშინია, თუნდაც ქართველობის, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მიითვისოს სხვამ ან სად შეიძლება დაგეკარგოს. საქმე ისაა, თუ რამდენად ღირებული და მდგრადია ის, რასაც ვიცავთ და ბუნებრივია, რომ ისეთ რამეს, როგორიცაა ბახის მუსიკა, დაცვა არ სჭირდება, რადგან მან ისედაც საუკუნეებს გაუძლო და ვერაფრით დავამცირებთ, ეს უფრო პირიქით შეიძლება მოხდეს. ამიტომ, მე გამოვრიცხავ ბახის საფლავში ტრიალს კორძისა და დრო-ს გამო. მისი შემოქმედება იმდენად მაღლა დგას, რომ ამით ვერ გავანაწყენებთ.
რაც შეეხება ტაბუს, რაიმეს კატეგორიულ აკრძალვას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აზრი არ აქვს. თუნდაც იმ მხრივ, რომ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მკვლელობა, წამება და ა.შ. ადევს მორალური ტაბუ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც ხდება. ხოლო მუსიკაში და ზოგადად ხელოვნებაში ახლის შეტანა და ცდა არ უნდა იყოს ტაბუირებული. მუსიკის სფეროში XX საუკუნის დასაწყისიდან ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც დღესაც არაა მისაღები არათუ უბრალო მსმენელისთვის, არამედ მუსიკოსებისთვისაც. უმეტესად ჩვენ კლასიკურ-რომანტიკული ჩარჩოს სტიგმა გვტვირთავს და არ გვაძლევს აღქმის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ ვთვლი რომ Kordz, Dro და ბახის კოლაბორაციამ ამ მიზეზით დაძაბა ზოგიერთი ადამიანი. ამიტომ საჭიროა  ჩვენი ხედვისა და გემოვნების გამიჯვნა  შევძლოთ  სხვისი წარმოდგენებისგან და შეურაცხმყოფელად არ მივიღოთ.


Comments

  1. ბახმა თავისი შემოქმედებით საუკუნეებს გაუსწრო და სწორედ მისი გენიალურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა სწორედ ის, რომ რა ჟანრშიც არ უნდა შეასრულო მაინც ბახია და თანამედროვედ ჟღერს! რათქმაუნდა შესრულების გემოვნებას აქვს დიდი მნიშვნელობა!

    ReplyDelete

Post a Comment