დროისა და სივრცის პრობლემა ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებაში მოკლედ დროსა და სივრცეზე წარმოდგენების შესახებ

ავტორი შიო აბრახამია 
მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
კომპოზიციის და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, მუსიკის ისტორია, დოქტორანტი, ხელმძღვანელი - რუსუდან წურწუმია
   დროისა და სივრცის შესახებ პირველი წარმოდგენები, ჯერ კიდევ, არქაულ საზოგადოებაში ყალიბდება, სადაც დრო და სივრცე განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენდა. მითში ხდებოდა მათი საკრალიზაცია და აუხსნელი, განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდა.  ამ კატეგორიებისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო.   ქრონოტოპების შესახებ სამეცნიერო კვლევებით წარმოდგენები შეცვალეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ნიუტონი, აინშტაინი[1], კესტლერი.
            პრობლემამ განსაკუთრებული აქტუალობა XX საუკუნეში შეიძინა. ის აქტუალური გახდა, ასევე, სამუსიკო ხელოვნებაში. მეცნიერულ მოსაზრებებს გამოთქვამენ:  ნორდროპი, ასაფიევი, ორლოვი, მარტინოვი, ფედოსოვა, ვასილევა და სხვანი, რომლებიც განიხილავენ მუსიკაში დროისა და სივრცის კატეგორიების როგორც მხატვრულ-ესთეტიკურ, ისე მუსიკალურ-სტრუქტურულ ასპექტებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქართულ მუსიკოლოგიაშიც გაჩნდა სამეცნიერო პუბლიკაცია მედეა ქავთარაძის ავტორობით, რომელიც პირველად მიეძღვნა დროისა და სივრცის პრობლემას საგუნდო მუსიკაში.[2]
            ქართულ საგუნდო მუსიკაში ქრონოტოპების გამოვლენის თავისებურებების კვლევისას,  ძირითადად, ჰენრიხ ორლოვის მოსაზრებებს ვეყრდნობი.  მეცნიერი დროისა და სივრცის გაგების დიფერენცირებას კონტინენტურ-რეგიონული და მასთან დაკავშირებული მსოფლხედვების შესაბამისად ახდენს.[3] ორლოვი აღნიშნავს დროის აღქმის ორ ძირიტად ტიპს: ზოგადევროპულსა და აღმოსავლურს. მისი თქმით, სიტყვას - „დრო“ სხვადასხვა კულტურაში  სხვადასხვაგვარი გაგება აქვს. დროის დასავლურ და აღმოსავლურ გაგებას შორის განსხვავებას იგი ნორდროპის ციტატით განმარტავს[4]: „დასავლეთის ადამიანისათვის დროის ხატი ან ისარია, ან მდინარის მოძრაობა, რომელიც  მოედინება  შორეული ადგილიდან და წარსულიდან,[...] და გზას აგრძელებს  შორეული ადგილისა და მომავლისაკენ. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის ადამიანისთვის დრო წარმოადგენს მშვიდ წყალსაცავს, რომლის ზედაპირი დროდადრო შეუმჩნევლად ირხევა და იქვე ქრება“. იდეას ორლოვი განავრცობს. მას მიაჩნია, რომ აღმოსავლეთის ადამიანმა მედიტაციებით დაიგროვა სპეციფიკური ცოდნა. მედიტაციურ განზომილებაში იგი ყურადღებას მიმართავს სამყაროს ისეთ ასპექტებზე, რომელიც ემპირიული გამოცდილების შედეგად მიიღწევა და აღიქმება. თავის მხრივ, დასავლეთიც ითვალისწინებს ემპირიულ გამოცდილებას, თუმცა დასავლური ცოდნა დროის შესახებ ლოგიკასა და სამეცნიერო, ფილოსოფიურ ტრაქტატებში ჩამოყალიბებულ სწავლებებს ემყარება.
            თუ აღმოსავლური აზროვნება დროის მდინარებას არ ეწინააღმდეგება, ევროპული - ცდილობს დროის დამორჩილებასა და მასზე ზემოქმედებას. დროის უწყვეტობის დაძლევის ტენდენცია გაცნობიერებულ ხასიათს შუასაუკუნეების მხატვრულ აზროვნებაში იძენს. იგულისხმება ევროპელ კომპოზიტორთა მიერ შემუშავებული გამომსახველ საშუალებათა კომპლექსი, რომლის მეშვეობით მუსიკალურ ნაწარმოებში შესაძლებელი გახდა დროის დანაწევრება და მასზე ზემოქმედება..
            მუსიკა პროცესია, დროის კონტინუუმი, რომელიც განისაზღვრება მეტრით, რიტმით და ტემპით, დროის სვლის განცდა უზრუნველყოფილია მუსიკალური ქსოვილის შეცვლის გზით, ცვლილება მუსიკაში დროის საზომია.  დასავლურმა აზროვ-  ნებამ მუსიკალური გამომსახველობის საშუალებებით დაძლევადი გახადა  დროის უწყვეტობა და დროის შეუქცევადობა (განმეორებადობით; რიტმიკით/ ტაქტირებით).
            ორლოვის აზრით, მუსიკალური ბგერების მეშვეობით ნაწარმოებში იქმნება კონსტრუქციის იერარქია, რაც შედგენილია დიდი, თუ მცირე ხმოვანი ბლოკებისაგან (თემატური მასალისაგან), სწორედ ამ ბლოკების, ანუ „სამშენებლო მასალის“ სიმწყობრე აძლევს ნაწარმოებს ფორმას  და ქმნის მუსიკალური დროის რთულ „პაკეტს“. ეს „კონსტ- რუქციული ბლოკები“  ნაწარმოების მუსიკალური ქსოვილის   ფაქტურაზეა დამოკიდე- ბული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოლიფონიური ფაქტურა.  პოლიფონია კი არა მარტო ევროპული მუსიკის უდიდესი მონაპოვარია, არამედ ტრადიციული ქართული მუსიკალური აზროვნების ძირითადი კატეგორიაცაა.[5]

ქრონოტოპული აზროვნების გამოვლენისთვის
ქართულ სასიმღერო ფოლკლორში

            ქართული ტრადიციული მუსიკა ქვეყნის გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო რთულ ფენომენს წარმოადგენს, რომელმაც ძველ კავკასიურ ძირებთან ერთად  დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გავლენაც აირეკლა. რადგან დროისა და სივრცის კატეგორიები გამოხატავს ეთნოსის, ერის, საზოგადოების მიერ სამყაროსადმი დამოკიდებულებას, შესაბამისად ქართულმა ტრადიციულმა მუსიკამაც, მისი ისტორიულ-კულტურული განვითარების კვალდაკვალ, განიცადა ეთნოსის მსოფლმხედველობაში მომხდარი ცვლილებები.
            ცნობილია, რომ შორეულ წარსულში  ხშირი იყო მიგრაციული პროცესები,  მათ შორის, მთელს კავკასიასა და წინა აზიაში, რადგან ეს რეგიონი ევროპისა და აზიის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გზათა შესაყარზეა. საუკუნეთა განმავლობაში ქართული ეთნოსი არა მარტო ითვისებდა სხვა ხალხების კულტურულ მონაპოვარს,  არამედ გადასცემდა კიდეც  მათ თავის კულტურულ გამოცდილებას. [6]  
            ქართული კულტურის ორ - აღმოსავლურ და დასავლურ  წრეს გამოჰყოფენ მის ძველ ცივილიზაციათა კონტექსტში განიხილვისას. პირველმა ქართულმა სახელმწიფოებრივმა წარმონაქმნებმა - დიაოხმა და კოლხამ ფაქტობრივად, უკვე გამოკვეთეს  ქართული კულტურის ორი არეალი- აღმოსავლური და დასავლური. [7]    
            რეგიონში მიგრაციების შედეგად კულტურულ გავლენებს ეთნომუსიკოლოგი ნინო ციციშვილი ქართული ტრადიციული მუსიკის მაგალითზე განიხილავს.[8] როგორც ციციშვილი აღნიშნავს, ქართლ-კახური ე.წ. „გრძელი სიმღერების“ ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი სწორედ ისტორიულმა მიგრაციულმა პროცესებმა ითამაშეს, რაშიც „მონოდიური სასიმღერო სტილის მატარებელი ხალხები იყვნენ ჩართულები“ (ციციშვილი, 2010). მკვლევარი შედარებითი ანალიზის საუძველზე ტიპოლოგიურ პარალელებს ავლებს აღმოსავლური მუსიკისა  და  ქართლ-კახური სიმღერების მახასიათებლებს შორის. სხვადასხვა პარამეტრიდან ის კილოსა და რიტმ-მეტრს გამოჰყოფს. მეცნიერი, ანალიზის შედეგად, ასკვნის, რომ მხოლოდ იმ ჟანრებში, რომლებშიც მელიზმური მელოდიკა აშკარად მეტყველებს აღმოსავლურ გავლენებზე   (ერთხმიან ოროველებსა და ურმულებში), სრულადაა გაბატონებული  აღმოსავლეთის მუსიკალურ კულტურებში გავრცელებული ტეტრაქორდული კილოები, ხოლო მრავალხმიან ბურდონულ გრძელ სიმღერებში - აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი სიმღერებისთვის დამახასიათებელი კვინტური დიატონიკაა გაბატონებული. იგი ფიქრობს, რომ  ქართლ-კახური („გრძელი“ სუფრულების, „ურმულებისა“ და „ოროველების“) სასიმღერო სტილი ორი, განსხვავებული მუსიკალური სტილის - უძველესი ავტოქტონური მრავალხმიანი და ინდოევროპული ტომების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავლისას დატოვებული მონოდიური სტილების შერწყმის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბებულიყო.  როგორც ცნობილია, ბურდონული ბანი ადვილად ჰგუობს მელიზმურ მელოდიკას და თავისუფალ მეტრ-რიტმს, ამრიგად,  ქართული მუსიკის  იმამენტურმა მახასიათებელმა - ბურდონულმა მრავალხმიანობამ, ბუნებრივად მოირგო აღმოსავლური ერთხმიანი მელოდია, რომელიც,  ზოგიერთ შემთხვევაში, მოგვევლინა ბუდრონული ორხმიანობის, ხოლო, უმეტეს შემთხვევაში, განვითარებული ბურდო- ნული სამხმიანობის სახით.
            როგორც ვხედავთ,  ქართლ-კახურ მუსიკალურ  ფოლკლორში, სადაც  წამყვანი ადგილი თავისუფალი მეტრით გადმოცემულ მელიზმურ, და გაშლილი მელოდიების  განმეორებად რიტმულ დაჯგუფებებს უჭირავს, ვლინდება  დროის აღმოსავლეთი- სათვის დამახასიათებელი გაგება. უსასრულო დროის შეგრძნებას აქ გაბმული ბურდონი ამძაფრებს, რომელიც სპეციფიკურ სივრცულ ველსაც ქმნის. ბურდონული მრავალხმიანობა რომ აღმოსავლური ტომების საქართველოს გავლით მიგრაციამდეც  იყო გავრცელებული ქართულ ტრადიციულ მუსიკაში,  ამას  აღმოსავლეთ საქართვე- ლოს მთის მუსიკალურ ფოლკლორის არქაული შრეებიიც ადასტურებენ.     
            როგორც ზემოთ აღვნიშნე, აღმოსავლურის საპირისპიროდ, ევროპული მუსიკალური აზროვნების მისწრაფება დროის უწყვეტობისა და შეუქცევადობის დაძლევისაკენ  პროფესიულ კომპოზიციურ სტრუქტურაში  ორგანიზებული რიტმიკისა და განმეორებადობის პრინციპის დანერგვაში  გამოვლინდა.  ეს პრინციპები მკაფიოდაა გამოხატული დასავლეთ საქართველოს ტრადიციულ მუსიკაში, სადაც კომპლექსური და კონტრასტული მრავალხმიანობაა  გავრცელებული, ხოლო ბურდონული ტიპი მხოლოდ ფრაგმენტულად გვხვდება. დასავლეთ საქართველოს, ძირითადად, ანსამბლურ სიმღერებში, მეტრი რეგულარულია, რიტმი - დანაწევრებული, ხოლო სტრუქტურა მოკლე რიტმული დაჯგუფებების განმეორებადობას ემყარება. აქ მკაფიოდაა გამოვლენილი დროის დაძლევის ევროპული მუსიკალური აზროვნე- ბისათვის  დამახასიათებელი  ტენდენცია.
            მაგრამ, ჩემი აზრით,  არსებობს დროისა და სივრცის კიდევ ერთი სპეციფიკური აღქმა, რომელიც უძველესი ეპოქისთვის იყო დამახასიათებლი და დღემდე მთაში შემოინახა თავი.  ცნობილია, რომ მთის წარმოდგენები დროსა და სივრცეზე ბევრად განსხვავდება ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ქრონოტოპული აღქმისაგან. საუბარია იმ ადრეულ პერიოდზე, როცა ადამიანი სამყაროს ერთ დიდ სივრცედ აღიქვამდა და მის ცენტრად საკუთარ მიწას მიიჩნევდა. ეს შესანიშნავადაა გამოვლენილი მთაში გავრცელებულ ისეთ მითებში, სადაც უაპელაციოდაა გაერთიანებული წარმართულ ღვთაებები, ქრისტიანული  წმინდანები და  ისტორიული გმირები.
            მთაში დრო მოცულობითია და ამავე დროს შემჭიდროვებული, ვინაიდან მთის მეხსიერება უხსოვარი წარსულიდან ინახავს მითებსა და ლეგენდებს და მათ რეალურ ისტორიებთან ერთად თითქმის თანადროულად აღიქვამს. ქართულ ტრადიციულ მუსიკაში ყველაზე არქაულად სწორედ აღმოსავლეთის მთისა და სვანური ფოლკლორია მიჩნეული, რომლებშიც დროის მითოლოგიური გაგება შეიძლება დავინახოთ.
            რაც შეეხება სივრცეს, ზოგადად სივრცული პარამეტრი ყველა ტიპის მუსიკას ახასიათებს, როგორც ერთხმიანს, ისე მრავალხმიანს. თუმცა, მრავალხმიანობა იქცა უმნიშნელოვანეს ფაქტორად ამ პარამეტრის ზრდა-განვითარებისთვის. ჩემი აზრით, შესრულების რესპონსორულმა ფორმამ, ძველ საერო, ანუ ტრადიციულ  მუსიკაში რეალურ, ობიექტურ სივრცესთან ერთად მხატვრულ-მუსიკალური სივრცეც განსაზღვრა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი სწორედ მრავალხმიანობას მიუძღვის, რადგანაც მრავალხმიან სტრუქტურაში გამოვლინდა სივრცული აზროვნების ევოლუცია, რაც გამოიხატა ხმათა დამოუკიდებლობის ზრდაში, ანუ ფაქტურის მზარდ პოლიფონიზებაში. 
            როგორც ვხედავთ, ქართულ ტრადიციულ მუსიკაში საინტერესოდ და მრავალფეროვნად ვლინდება დროით-სივრცული კატეგორიების როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური  და მითოლოგიური გაგება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავადგინოთ, როგორია  ეს პროცესი ტრადიციული მუსიკით ნასაზრდოებ ქართულ პროფესიულ  საგუნდო მუსიკაში ?!

დროით-სივრცული პარამეტრები ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებაში        

             ცნობილია,  რომ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის ისტორია ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებით იწყება. მისი გუნდები ეროვნული მუსიკის ყველა სტილური ნიშან-თვისების მატარებელია და  ემყარება საქართველოს  სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს, ამიტომ, ბუნებრივია ისიც, რომ მის შემოქმედებაში ვლინდება  ქართულ ტრადიციულ მუსიკაში დროით-სივრცული კატეგორიებისადმი ისტორი-ულად ჩამოყალიბებული მიდგომა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე,   აღმოსავლური და დასავლური აზროვნებისათვის დამახასიათებელ აღქმას მოიცავს. ამავე დროს, სულხანიშვილის მუსიკაში მკაფიოდ იჩენს თავს ევროპული პროფესიული საკომპოზიტორო აზროვნების გამოცდილება ამავე კატეგორიებისადმი დამოკიდებულებაში.      
ყველაზე ნათლად ეს გარემოება  ტრადიციულ და ევროპულ აზროვნებაში დროის დასამორჩილებლად შემუშავებულ გამომსახველ საშუალებათა სინთეზში ვლინდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, ზოგადად, ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებაში დადასტურებული დროის დასავლური აღქმა, არა მხოლოდ ევროპული აზროვნებიდან მომდინარე, არამედ ტრადიციული მუსიკის იმანენტური ბუნებით განპირობებული მოვლენაა. ტრადიციული და ევროპული მიდგომები რომ სულხანიშვილის მხატვრულ-მუსიკალური აზროვნების არსებითი, მახასიათებელია და არა ორი განსხვავებული კულტურული ტრადიციის ერთმანეთთან დაკავშირების ხელოვნური მცდელობა, ამის მტკიცების საფუძველს მისი მუსიკა იძლევა.   
            მაგალითად,  „გუთნურში“, რომელიც კახური დიალექტის კილო-ინტონაციური და კომპოზიციური თავისებურებებიდანაა ამოზრდილი, დროის აღმოსავლური აღქმა ვლინდება სოლისტის მეტრულ-რიტმული დანაწევრებისაგან თავისუფალ იმპროვიზაციულ და მელიზმურ მელოდიაში, რომელიც ბურდონულ ფონზე ვითარდება.    
რაც შეეხება დროის დაძლევის ევროპულ გამოსახველობით ხერხებს, სწორედ  ისინი წარმართავენ მუსიკალური მასალის განვითარებას ნაწარმოების ოთხხმიან საგუნდო ეპიზოდში, რომლის პოლიფონიური ფაქტურა, ხმების იმიტაციური დიალოგის პრინციპს ემყარება და ერთტაქტიანი მელოდიური სვლების ვარიანტული გადაძახილებით, ვერტიკალურად მოძრავი კონტრაპუნქტის ხერხით ევროპული კომპოზიციური სტრუქტურისათვის ტიპურ თავისებურ „კონსტრუქციულ ბლოკებს“  ქმნის.
უნდა აღინიშნოს,  როგორ იყენებს კომპოზიტორი რესპონსორული შესრულების ტრადიციულ ფორმას „გუთნურში“ სპეციფიკური მხატვრული სივრცის შესაქმნელად.    ცნობილია, რომ რესპონსორიუმმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მრავალხმიანობის ჩამოყალიბებაში.[9] ისიც ცნობილია, რომ მოგვიანებით შუა საუკუ- ნეების ევროპულმა პოლიფონიურმა მუსიკამ შესანიშნავად გამოიყენა   რესპონსორიუმი კომპოზიციის სივრცული პარამეტრების გაფართოების მიზნით. სულხანიშვილისთვის რესპონსორიუმი ნაწარმოებისთვის რეალური და მხატვრული სივრცის  გაერთიანების  საშუალებაა, რითაც იგი ხალხური ყოფის ამ თეატრალიზებულ სცენას  მხატვრულ შედევრად გარდაქმნის. 
            დროით-სივრცული პარამეტრების განსხვავებული, სრულად დასავლური  გაგება ვლინდება „მესტვირულში“, რომელშიც კომპოზიტორმა  რაჭული  „მესტვირულის“ ფორმა შეარჩია. აქ სახეზეა ევროპული და დასავლეთ საქართველოს ტრადიციული მუსიკალური აზროვნების თავისებურებათა ორგანული სინთეზი: სოლისტის  პარტია რიტმულად მკაფიოდ გამოხატული და თანაზომიერია, ხოლო ნაწარმოების პროლოგსა და ეპილოგში ვხვდებით საგუნდო ხმების თავისუფალ იმიტაციას.
            საინტერესო დროით-სივრცული გადაწყვეტაა სულხანიშვილის გუნდში  „სამშობლო ხევსურისა“, რომლის   მხატვრული დრო მკაცრად ორგანიზებულია და მასზე ზემოქმედება მისი აჩქარებით ხორციელდება.  ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, ფინალური ფუგეტა, ფუგირებული ფორმის პირველი მაგალითი ქართულ პროფესიულ მუსიკაში[10]. სოლისტის ჩანართის არქაულ ინტონაციას ნაწარმოებში მითოლოგიური ზედროულობის  სუნთქვა შემოაქვს, ხოლო თემის სტრეტული გატარება დროს აჩქარებს   და  მას განსაკუთრებულ დინამიკას  სძენს.
            დროის ასეთივე, ამბივალენტური ხედვა სულხანიშვილმა თავის უკანასკნელ ქორალში - „ღმერთო, ღმერთო“ გამოავლინა, რომელშიც კომპოზიტორმა ერთდროულად, აკორდულ-ჰეტეროფონიული წყობით დროისა და სივრცის თანაბარ-ფუნქციური, ევროპული გაგება მოგვცა და, ამავე დროს, ტრადიციული კომპლექსური მრავალხმიანობისათვის ტიპური ფაქტურით, დროის  ქართული აზროვნებისათვის დამახასიათებელი აღქმაც  დაადასტურა. 

დასკვნა: 
            ქართულ ტრადიციულ მუსიკაში დროით-სივრცული კატეგორიებისადმი დამოკიდებულების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ქრონოტოპების ისტორიულად ჩამო- ყალიბებული ხედვა განსხვავებულ კულტურათა დიალოგის შედეგია და წარმოგვი- დგება, როგორც დროის აღმოსავლური, დასავლური და მითოლოგიური  გაგების  ორიგინალური სიმბიოზი.
            ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებაში დროით-სივრცულ აღქმასთან დაკავშირებული მიგნებები, უფრო ქვეცნობიერად, ფოლკლორული პირველწყაროების გავლენით იკვეთება, რაც კომპოზიტორის გენიალური ინტუიციის გამოვლენაა. ამასთან, ეროვნულ სიმღერა-გალობით ნასაზრდოები მისი მუსიკალური ცნობიერება ორგანულად ითავსებს მუსიკალური ფორმისა და ფაქტურის ჩამოყალიბებაში ტრადიციული მუსიკის დრამატურგიულ-არქიტექტონიკურ პრინციპებს და ევროპული კომპოზიციური განვითარების ხერხებს. საქმე გვაქვს ისეთ რთულ ევროპულ - კონტრაპუნქტულ ხერხებთან და ფუგირებულ ფორმებთან, რომელსაც ვერ მივაწერთ მხოლოდ შემთხვევითობასა და ინტუიციას, თუმცა აღნიშნული ხერხების მიმართვაც ეროვნული იდეითაა ნაკარნახევი და ის შრომაში ჩაბმული ქართველი კაცის ემოციური განწყობის ამსახველია. ავტორისეული ინდივიდუალური ხედვა ამ გამოცდილებათა ორიგინალურ და მაღალმხატვრულ შერწყმაშია გამოვლენილი.
            მე-20 საუკუნის ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკაში დროით-სივრცული კატეგორიების  გააზრება სწორედ ნიკო სულხანიშვილიდან მომდინარე  ტრადიციაა, რაც მისი შემოქმედების მნიშვნელობის ახალ წახნაგებს წარმოაჩენს.





[1] განსაკუთრებით მნიშნელოვანია აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც  ერთმანეთთან აკავშრებს  სივრცეს, დროსა და მატერიალურ ობიექტს, რაც გვეხმარება შევიგრძნოთ დროის კონტინუუმი.
[2] მედეა ქავთარაძე. „დროის ფაქტორი“ XX საუკუნის საგუნდო მუსიკაში (გ.ლიგეტის რეკვიემისა და ს. ნასიძის „ვედრებას“ შედარებით ანალიზის მაგალითზე). თბილისი. 2017.
[3] Орлов Генрих. Древо Музыки. 1992. С-Петербург.
[4] იქვე: Норdтроп, Ф.С.К. გვ 47
[5] რ. წურწუმია. XX საუკუნის I ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციათან დამოკიდებულების შესახებ/კრებულში: მუსიკისმცოდნეობის საკითხები, სამეცნიერო შრომები. თბილისი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. (გვ.გვ.50-57)
[6] როლანდ თოფჩიშვილი- კავკასიის ხალხთა  ეთნოგრაფია, ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა. თბილისი 2007. გვ, 3.
[7] რუსუდან წურწუმია. ”ქართული მუსიკის ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“. თბილისი 2020. გადაცემულია წარმოებაში.
[8] ნინო ციციშვილი. „აღმოსავლეთ საქართველოს მრავალხმიანი სასიმღერო სტილის შედარებითი და დარგთაშორისი შესწავლა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის მონოდიური მუსიკის კონტექსტში“.  ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი. თბილისი . 2010.
[9] ედიშერ გარაყანიძე. რესპონსორიუმის მნიშვნელობა ქართული მრავალხმიანობის ჩამოყალიბებაში.
[10] შ. აბრახამია. პოლიფონიური ფორმები ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკაში სულხანიშვილისა და კეჭაყმაძის გუნდების მაგალითებზე. საკურსო რეფერატი პოლიფონიაში. თბილისი. 2020.

Comments