კვარტეტის ჟანრის გენეზისი და ჰაიდნის საკვარტეტო შემოქმედება


 ავტორი - ელენე ელიოზიშვილი 

მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის  სტუდენტთა სამეცნიეო 

კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, I კურსი

ხელმძღვანელი - ქეთევან ბოლაშვილი 



    საკვარტეტო ჟანრის გენეზისი და ჰაიდნის საკვარტეტო შემოქმედების შესწავლა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია კლასიციზმის ეპოქის შეცნობისთვის, სონატურ-სიმფონიური ციკლის განხილვისთვის, პარალელების გავლებისა და შედარებისთვის მანამდე არსებულ ჟანრებთან, შემდგომში სახეცვლილ ჟანრებთან და, რა თქმა უნდა, მთლიანი სურათის დანახვისათვის.


მართალია, სიმებიანი კვარტეტი ევოლუციას, ცვლილებებს ათწლეულების მანძილზე განიცდიდა, დღეს, როდესაც მას ვახსენებთ, წარმოგვიდგენია 4 შემსრულებლისგან შემდგარი ანსამბლი. კვარტეტის ჟანრის მახასიათებელთა ჩამოყალიბება-კრისტალიზება მოხდა კლასიციზმის ეპოქაში, კერძოდ, ფრანც იოზეფ ჰაიდნის შემოქმედებაში. კვარტეტის, როგორც ციკლური ნაწარმოების აღნაგობის ხს  ენებისას ურყევად გვახსენდება სონატურ-სიმფონიური ციკლისთვის დამახასიათებელი ოთხნაწილიანი სტრუქტურა და, რა თქმა უნდა, კონტრასტულობის პრინციპი, როგორც ნაწილებს შორის, ასევე ნაწილებს შიგნით თემებს შორის.



    ამდენად, სიმებიანი კვარტეტის ჟანრული და სტრუქტურული მოდელი, მისი სტერეოტიპი  -  დამოუკიდებელი ჟანრი ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის ბოლოს. მანამდე კი, მისი წინამორბედი კამერული ჟანრები იყო პოპულარული ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში დივერტისმენტის, ტრიო-სინატის, კასაციას, სერენადის, ოთხნაწილიანი სიმფონიებისა (ავსტრიასა და გერმანიაში) და სხვ. სახით. ჩამოთვლილი ჟანრები მერყევი ფორმისა იყო, ნაწილების, მათი ხასიათების, ჰარმონიული ენისა და სტილური მახასიათებლების მხრივ, ისინი ერთ მთლიანობას არ წწწ  არმოადგენდნენ.


ძირითადად, საკვარტეტო მუსიკა, გვიანი ბაროკოსა და ადრეული კლასიციზმის პერიოდში, იყო ერთ-ერთი სოლო ინსტრუმენტის „წინ წამოწევის პროცესი“, თანმხლებ ინსტრუმენტთა გარემოცვაში (მათ ფონზე), ამგვარ ამ პერიოდში გავრცელებულ დამოუკიდებელ ჟანრს წარმოადგენდა „ბრწყინვალე კვარტეტი“ - „Quattor Brillante“, რომელიც სოლისტის - I ვიოლინოს, ვირტუოზულობის ხაზგასმაზე იყო ორიენტირებული. ასე რომ, მსმენელი აფასებდა არა ანსამბლურ მუზიცირებას, ერთიანობაში, არამედ სოლისტის ვირტუოზულ შესაძლებლობებს. ასეთი კვარტეტები სწორედ სოლისტის მიერ იკრიბებოდა. ძველად ანსამბლში ინსტრუმენტალისტთა განლაგებაც კი სხვა იყო - კერძოდ, პირველი და მეორე ვიოლინო ერთამანეთის საპირისპიროდ ისხდნენ, ხოლო ვიოლა და ჩელო ერთმანეთის. ხშირი იყო კვარტეტში სხვა ჯგუფის საკრავის, ან საკრავების, და/ან იმავე ჯგუფის საკრავთა დროებით ჩართვა-დამატების პრეცენდენტები, რაც ცალსახად ადასტურებს ადრეულ ეტაპზე ანსამბლთა შემადგენლობის არასტაბილურობას. ასეთებია, მაგალითად, დიტერსდორფის, ვანჰალის, გაზმანის, სტარცერის, ჰაიდნისა და სხვათა ადრეული კვარტეტები.

რა თქმა უნდა, კვარტეტის ჟანრი ერთ კონკრეტულ ადგილას არც დაბადებულა და, შესაბამისად, არც გავრცელებულა ჩაკეტილ სივრცეში. მისი განვითარება თანადროულად ხდებოდა, თუმცა, სხვადასხვაგავარად, იქიდან გამომდინარე, თუ რა კულტურული „ნიადაგი“ იყო ქვეყნებში.

მიმოვიხილოთ კვარტეტების ჩამოყალიბების ყველაზე საინტერესო შემთხვევები იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ავსტრიასა და გერმანიაში.

იტალიური საკვარტეტო მუსიკისთვის დამახასიათებელი იყო კანტილენური მელოდიები, ემოციური სიმძაფრე, კომპოზიციის მიზანი იყო თითოეული ინსტრუმენტალისტის ვირტუოზულობის წარმოჩენა. ეს თვისებები გადმოდის ფრანგულ კულტურაშიც და ყველაზე თვალსაჩინოდ ვლინდება ჯ. კამბინის მუსიკაში, რომელიც იტალიიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და მისი შემოქმედების (იტალიური) მახასიათებლები ფრანგულ სტილს ჰარმონიულად შეერწყა.

 ინგლისსა და, განსაკუთრებით, საფრანგეთში ამ პერიოდში დაწერილი კვარტეტები ბოკერინისა და ჰაიდნის კვარტეტების მსგავს მახასიათებლებს შეიცავენ, თუმცა სტრუქტურული სიმერყევის თვალსაზრისით მათ ბოკერინის შემოქმედებასთან მეტად აკავშირებენ, ვიდრე ჰაიდნისასთან. ნაწარმოებები სადა, სასიმღერო თემატურ მასალაზე და ხშირად ინსტრუმენტთა სოლოების მონაცვლეობაზე იყო აგებული (იტალიური მახასიათებლები). რაც შეეხება ციკლის აღნაგობას, გვხვდება ორნაწილიანი, სამნაწილიანი, ოთხნაწილიანი და სიუიტის ტიპის კვარტეტებიც, არამდგრადი - ინსტურმენტული შემადგენლობის თვალსაზრისით.

ავსტრიასა და გერმანიაში კვარტეტის წინაპარი ჟანრებისთვის დამახასიათებელი მერყევი სტრუქტურა და სხვა ზემოთ ხსენებული თავისებურებები განსაკუთრებულ ავთენტიკურ ჟანრ „კასაციაში“ გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ საკვარტეტო ჟანრის ჩამოყალიბება-განვითარება საოჯახო მუზიცირებასაც უკავშირდება, რაც იმას უკავშირდება, რომ ერთ ოჯახში ხშირად იყრიდა თავს ხემიან ინსტრუმენტზე რამდენიმე შემსრულებელი. შესრულების ძირითადი საკონცერტო არეალი სალონური ტიპის მცირე დარბაზები იყო. მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს, კერძოდ, 1794 წელს, ვენაში, თავად ლიხნოვსკის პატრონაჟით იყო ორგანიზებულ-შეკრებილი პირველი პროფესიული კვარტეტი. ამ კვარტეტს შეადგენდნენ იმ დროის ცნობილი მუსიკოსები: იგნაც შუპანციგი, ჯოზეფ მაიზედერი, ფრანც ვაისი და  ჯოზეფ ლინკე. ამ პერიოდიდან სიმებიანი კვარტეტი აქტიურად იკავებს ადგილს საკონცერტო აფიშებზე.

როგორც უკვე აღნიშნა, კვარტეტის ჟანრის განვითარება განვითარების გზა მრავალფეროვანი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, გარკვეულ დროში დახვეწის პროცესი „ჩაცხრა“, გამოიკვეთა საერთო, ტიპური მახასიათებლები. ძიების პროცესი და მისი შედეგი - კრისტალიზებული საკვარტეტო ჟანრი - ი. ჰაიდნის შემოქმედების ბოლო კვარტეტებში „მივიღეთ“.


ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის კლასიკური სკოლის ფუძემდებელი ფრანც იოზეფ ჰაიდნი (1732-1809), საყოველთაოდ არის მიჩნეული სიმფონიის ჟანრის ფუძემდებლად, თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუ მას ვუწოდებთ კვარტეტის ჟანრის ფუძემდებელს.

კომპოზიტორის 83 ხემიანი კვარტეტის განხილვისას (სინამდვილეში 68, თხზ. #3, თხზ.  -#1-დან #5 კვარტეტი და თხზ. #2-დან მე-3 და მე-5 და, ასევე, შვიდი ადრეული კვარტეტი, მოხსენიებული, როგორც თხზ. #0, როგორც გაირკვა, ჰაიდნს არ ეკუთვნის) უშუალოდ ჩანს, როგორ ყალიბდება ჯერ კიდევ ძველი ჟანრებიდან - ახალი, როგორ ვითარდება ის, იძენს ახალ სახეს და თითქოს, როგორ გადაეცემა მომავალ კომპოზიტორებს, როგორც მონაპოვარი.

შედარებისთვისა დ  ა ცხადყოფისათვის ავარჩიე სამი თხზულება ჰაიდნის საკვარტეტო შემოქმედებიდან, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე თვალნათლივ გვიჩვენებს ჟანრის ევოლუციას, ესენია: თხზ.#1, თხზ.#33 და თხზ.#76.

თხზ.#1 - თხზ#20-ის ჩათვლით ადრეულ კვარტეტთა რიგს მიეკუთვნება, რომელთაც ჰაიდნი წერდა დროის დიდი ინტერვალებით. თითოეული თხზულება სხვადასხვა ტექნიკურსა და ესთეტიკურ ასპექტებს წევს წინ, რითაც კომპოზიტორი აფართოვებს კვარტეტის ჟანრის სტილურ მახასიათებლებს. ამ თხზულებაში ჯერ კიდევ წამყვანია სოლო ინსტრუმენტები, მათ შორის ჩელო, - - როგორც სოლო, რაც აღსანიშნავია, იმიტომ რომ ძირითადად ეს ფუნქცია პირველ ვიოლინოს ეკისრებოდა. ეს კვარტეტები, ერთდგავარად, დივერტისმენტის განვითარების უმაღლესი საფეხურია, რაც ვლინდება გარეგნულ მსგავსებაშიც, კერძოდ ციკლის ხუთნაწილიანობაში, ძირითადად: ჩქარი - მენუეტი - ნელი - მენუეტი - ჩქარი, და მელოდიკის ნათელი ტონით. სოლო მონაკვეთებს ენაცვლება დიალოგები ისნტრუმენტებს შორის, სახასიათო რიტმული პულსაცია კი, მთლიანად ნაწილის განწყობას განაპირობებს. ჩქარ ნაწილებს ფართო, ლაღი განვითარება ახასიათებს, ხოლო ნელ ნაწილებს - დრამატული პათოსი. რა თქმა უნდა, ეს მახასიათებლები ღვივდება ნელ-ნელა, მეტნაკლებად იხვეწება თხზულებიდან თხზულებაში და უკვე ერთგვაროვან სახეს მეოცე თხზულებაში ქმნიან. ამ თხზულების კვარტეტები უკვე ოთხნაწილიანებია, უფრო მეტად არიან ახლოს კვარტეტის ჟანრის კლასიკურ მოდელთან, ვიდრე პირველი თხზულების კვარტეტებთან - ანუ რეალურად, დივერტისმენტებთან.

თხზ.#33 - მრავალი სიახლის შემცველია ჰაიდნის საკვარტეტო შემოქმედებაში. თავად კომპოზიტორი აღნიშნავდა, რომ ისინი „ახალი და განსაკუთრებული მანერით“ იყო შექმნილი. ამ თხზულებაში ფაქტურული ბალანსი და სტრუქტურული სიმწყობრე აღარ არის უპირველესი, რადგან ამას კომპოზიტორმა უკვე მე-9, მე-17 და მე-20 თხზულებებშიდაც მიაღწია. 33-ე თხზულების მთავარი მამოძრავებელი ძალა თემატურ-მოტივური დამუშავებაა, თემატური მასალის დახვეწა - შემჭიდროვება და კონცენტრირება, კიდევ უფრო ნათელი ტონი, ბგერისადმი ახლებური დამოკიდებულება („ტუშე“), და ტენდენცია ნაწილთა ხასიათების სხვა ნაწილებში გადატანისა და ერთ მთლიანობად შერწყმისა, განსაკუთრებით ფინალში. „აკომპანემენტი და მელოდია ხშირად იდენტურია, ან შეუმჩნევლად გადაედინება ერთი - მეორეში“ (იხ. Webster, 2001).

ამ თხზულების ზემოქმედებით მოცარტმა ჰაიდნს მიუძღვნა 6 კვარტეტი, 1782-85 წლებში და ამბობდა, რომ ეს კვარტეტები არის „ნაყოფი ხანგრძლივი და რთული შრომისა“.

თხზ.#76 - ჰაიდნის კვარტეტთაგან ბოლო დასრულებული თხზულებაა (1797 წ. ვენა). „თხზულება სავსეა ნოვაციებით, ცეცხლით, კარგი მუსიკალური გემოვნებითა და ახალი ეფექტებით“ - აღნიშნულია ჯეიმს ვებსტერის სტატიაში. ამ თხზულების პირველი - სოლ მაჟორული და მესამე - დო მაჟორული („იმპერატორი“) კვარტეტების მეოთხე ნაწილები იწყება ერთსახელიან მინორში და კოდებში უბრუნდებიან საწყის, მთავარ ტონალობებს. მენუეტებს კი პირველსა და მეექვსე (Es-dur) კვარტეტში უკვე ჩქარი სკერცო ენაცვლება. ყველაზე უცნაური და ნოვატორული ამ თხზულებაში სწორედ ბოლო, მეექვსე კვარტეტია, რომელიც იწყება ვარიაციებით და გრძელდება ფუგით, ნელ ნაწილს „ფანტაზია“ ჰქვია, მას არ გააჩნია საგასაღებო ნიშნები, თუმცა, ცალსახად, B dur-შია დაწერილი. ამ კვარტეტში ტონალობების გრადაციის დიდი სპექტრია, ხოლო სონატური ფორმა გადანაცვლებულია ფინალში. ეს კვარტეტი არის ჰაიდნის განსაკუთრებულობის ერთ-ერთი შეუდარებელი მაგალითი.

ჰაიდნის შემოქმედებაში განცდათა სიღრმე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მიჩნეულია, რომ მისი შემოქმედების ორგვარობა, მისი პიროვნების დუალისტურობის (სერიოზულობისა და იუმორისტულობის) შედეგია. ჰაიდნისათვის დამახასიათებელ პოზიტიურ განწყობას უკავშირებენ იმასაც, რომ მისი 68 კვარტეტიდან მხოლოდ ექვსია მინორული. თავის შემოქმედებით მეთოდზე კი თავად ჰაიდნი წერდა: „მე ვჯდები ინსტრუმენტთან და ვიწყებ ფანტაზიას, იმაზე დაყრდნობით თუ როგორ ვგრძნობ თავს, სევდიანი ვარ თუ მხიარული, სერიოზული თუ ზედაპირული“ – „I sat down (at the keyboard) and began to fantasize, according to whether my mood was sad or happy, serious or trifling“.

ამრიგად, სიმებიანი კვარტეტის ჟანრი, როგორსაც მას ჩვენ ვიცნობთ, დიდი ისტორიის მქონეა. ყველაფერი კი საოჯახო და/ან ღია ცის ქვეშ მუზიცირებიდან დაიწყო. შემდეგ, პირველად, ჰაიდნის შემოქმედებაში სრულყოფილი, აკადემიურ-კლასიკური, თვითმყოფადი ჟანრის სახე მიიღო. ჰაიდნის შთამომავლებმა, ვენის საკომპოზიტორო სკოლიდან, მოცარტმა და ბეთჰოვენმა კიდევ უფრო დახვეწეს, განავითარეს და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეს ეს ჟანრი.

მიმზიდველი და საინტერესო ეს ჟანრი დღესაც არის, თანამედროვე კომპოზიტორთათვის, ახალი ელემენტებითა და ნოვატორული იდეებით. და მაინც, ყველასათვის ცნობილია, სიმებიანი კვარტეტის ჟანრის „მამის“ - ფრანც იოზეფ ჰაიდნის წვლილი მის დაბადება-განვითარებაში.


 

______________________

გამოყენებული ლიტერატურა

1.Eisen, C. (2001) String Quartet. The New Grove Dictionary of Music and Musicians. Oxford: Oxford Univercity Press.

2.Webster, J. (2001). Joseph Haydn. The New Grove Dictionary of Music and Musicians. Oxford: Oxford University Press.

3.Нейл Баттерворт - Гайдн”, 1977(перевод с английского А.Н.Виноградовой);

4.Л.В.Кириллина – Классический стиль в музыке XVIII – начала XIX века, часть III: поэтика и стилистика;

5.Струнный квартет, И.М.Ляпковский;

6.”Полная иллюстрированная энциклопедия.Музыка”.2007.

7.”Стиль и жанр в музыке”, Е.В.Назайкинский, 2003.

8. ჭიტაძე, ქ. (2018) სიმფონიის ჟანრის წანამძღვრები XVII-XVIII საუკუნეების ინსტრუმენტულ ჟანრებში.


Comments