ავტორი - სოფიო ძიძიგური
კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების
2020 წლის კონფერენციისთვის. საშემსრულებლო ფაკულტეტი,
აკადემიური სიმღერა, II კურსი,
ხელმძღვანელი - მაია სიგუა
შესავალი
პაულ ჰინდემიტის მუსიკალური აზროვნება
პაულ ჰინდემიტის შემოქმედებით გზას, იწყებს ბრამსის
და რეგერის ტრადიციების გაგრძელებით, რასაც ლოგიკურ დასარულამდე მიჰყავს მათ მიერ დასახული,
გერმანული მუსიკალური მიმართულება. მისთვის უცხო იყო, გვიანი რომანტიზმის ის ტენდენციები,
რომლმებიც ვაგნერის და მალერის შემოქმედებიდან ამოიზარდა.
ჰინდემიტის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით სხვადასხვა,
ურთიერთსაპირისპირო მუსიკალურ გავლენებს, რომლებიც საბოლოოდ, კომპოზიტორის ინდივიდუალურ
სტილს ქმნის. მის მუსიკაში იგრძნობა, როგორც ბრუკნერის, ასევე ვაგნერის, 900-იანი წლების
მოდერნის სტილის და დებიუსის გავლენა. ჰინდემიტის ადრეული შემოქმედება განმსჭვალულია
გროტესკულობითა და ირონიით, რაც გამოწვეული იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ახალი
ესთეტიკური მიმართულებებითა და ეპოქის საერთო სულისკვეთებით („ახალი საგნობრიობა“).
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, გერმანიაში ახალი ეტაპი დაიწყო სულიერებისა, რომელიც
უარყოფდა რომატიკულ იდეალებს და ის ორიენტირებული იყო შორეულ წარსულზე. სწორედ ასე
ჩამოყალიბდა მუსიკალური მიმართულება - ნეოკლასიციზმი,
ბაროკოსა და ადრეულ კლასიციზმზე დაყრდნობით. ჰინდემიტისათვის შემოქმედების მთავარ პრინციპს
წარმოადგენს წარსულის ახალ ნიადაგზე გადმონერგვა და განსხვავებულ ვითარებაში წარმოჩენა.
ძალიან საინტერესოა, რომ მისი შემოქმედების დასაწყისში, მის მუსიკაში აქტუალურია ისეთი
თემები, როგორიცაა: ქრისტიანული ჰუმანიზმის
რელიგიურ-ეთიკური თემა, ინტელექტუალური პრობლემები და ა.შ. შესაბამისად ამ პერიოდის
(1920-იანი წლები) მუსიკა, უფრო მეტად საყოფაცხოვრებო შინაარსისაა.
ჰინდემიტის შემოქმედება შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს
ჟანრების მიხედვით: პირველ ეტაპზე ის უფრო გვიანი რომანტიზმით საზრდოობს, შემდეგ ექსპრესიონიზმის
გავლენა შეინიშნება და ბოლოს ნეოკლასიციზმი მყარდება მის შემოქმედებაში, თუმცა, მასთან
ნეოკლასიციზმი, „წარსულთან დაბრუნების მცდელობა კი არა, არამედ - მისი ახალ ნიადაგზე
გადმონერგვა და განსხვავებულ პირობებში წარმოჩენა იყო“ (იხ. ქეთევან ბოლაშვილი,
2011, „პაულ ჰინდემიტი“. წიგნში XX საუკუნის მუსიკის ისტორია, ლექციები,
ქეთევან ბოლაშვილის მიერ - 113, გვ: თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია).
ჰინდემიტის ნაწარმოებების უმეტესობა დაწერილია ტონალობაში, მაგრამ არა დიატონურად.
ის ხშირად ერთი მუსიკალური ცენტრიდან მოდულირებს სხვა ტონალობებში და აუცილებლად იყენებს
12 ტონს. ჰინდემიტი ცდილობს მის მუსიკაში არ იყოს მკვეთრად გამოხატული
მაჟორი ან მინორი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჰინდემიტი
დასაწყის ეტაპზე წერს კამერული ჟანრის ნაწარმოებებს. მაგალითად, კამერული მუსიკა #1,
რომელშიც აქტიურად შემოჰყავს საყოფაცხოვრებო ჟანრები, იმ დროის პოპულარული სიმღერები
და ცეკვის მელოდიები (იყენებს ფოქსტროტის თემას - Wilm, Wilm). საკრავებისადმი
ვირტუოზული ფლობა გამოვლინდა, მის საფორტეპიანო სუიტა -#1992-ში. (იხ. ქეთევან ბოლაშვილი, 2011, „პაულ ჰინდემიტი“.
წიგნში XX საუკუნის მუსიკის ისტორია, ლექციები,
ქეთევან ბოლაშვილის მიერ - 111-115გვ: თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია).
ოპერა „კარდილიაკი“
20-იან წლებში შექმნილ ნაწარმოებთაგან, ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი, ოპერა ,,კარდილიაკია“. ოპერა საშინელებათა დრამაა, რომლის ლიბრეტოც
შექმნილია, ე. ტ. ა. ჰოფმანის ნოველა „მადმუაზელ დე სკუდიერის“ მიხედვით. ნაწარმოები
სამი აქტისგან შედგება და მოგვითხრობს, ერთი შეხედვით მარტივ სიუჟეტს, ამბავს ოქრომჭედელისა,
რომელიც იმდენად შეყვარებულია თავის შემოქმედებაზე, რომ მზადაა ყველა და ყველაფერი
გაიმეტოს, თუნდაც სასიკვდილოდ. ოპერაში ჩართულია გუნდი, როგორც ხალხის ხმა და მათი
ემოციის გამომხატველი (ოპერის დასაწყისსა და დასასრულს). ოპერაში უარყოფილია ვაგნერისეული
თეატრალური კონცეფცია. სიტყვასა და მუსიკას შორის, ჰინდემიტი უპირატესობას მუსიკას
ანიჭებს, ის ცდილობს ოპერაში ხაზი გაუსვას ძველ იტალიურ ოპერასთან კავშირს, კერძოდ:
ჰენდელთან და მოცარტთან. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გარღვევა მუსიკასა და ტექსტს
შორის, მიღწეულია კონტრასტით, მუსიკის არადრამტულობითა და სიუჟეტის მძაფრი დრამატიზმით.
ოპერაში, ჰინდემიტი მკაფიოდ, სარკასტულად და ამავდროულად
დრამატულად გადმოგვცემს ოქრომჭედელი კარდილიაკის ამბავს, რომელიც მსხვერპლია საკუთარი
შემოქმედებს, შესაბამისად, ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ ოპერის მთავარ გმირს, რომელიც
მოძალადე და მკვლელია, ხოლმე მერე მხრივ ჩვენს წინაშეა, შემოქმედი სიგიჟის ზღვარზე,
რომელიც ხდება ტყვე საკუთარი ემოციებისა და
სურვილების, სურვილების, რომლებიც მხოლოდ მის შემოქმედებასთანაა კავშირში.
ოპერის გმირების შინაგანი
დაძაბულობა (რომლის დაფარვასაც ცდილობენ პერსონაჟები)
მუსკაში, გამოვლენილია დიატონურ სვლებში,
პუნქტირებული რიტმითა და ოსტინატოთი. ორკესტრი ქმნის დაძაბულობას
იმ თემებში, რომლებშიც გამოხატულია სიშმაგე. კომპოზიტორი იყენებს სხვადასხვა მუსიკალურ „ხელსაწყოებს“,
რითაც ჰინდემიტი ძალიან არტისტულად აღწევს დაძაბულ ატმოსფეროს. კარდილიაკი ჰოფმანისეული
რომანტიზმის ტიპური გმირია, რომატიკული ხელოვნებისა და აზროვნების, ეთიკის სიმბოლო.
ოპერის მუსიკალური შრე გაუცხოების ეფექტზეა დამყარებული. ოპერაში გამოყენებული გუნდები,
ჰიმნის ტიპს წარმოადგენს (ბაროკოსეული ოპერის მოდელზე), ლირიკული არიები და სხვადასხვაგვარი
ანსამბლები. ოპერა არაა დაწერილი ატონალობაში, ის ტონალურია, მაგრამ მოსმენის დროს
გვიტოვებს ატონალობის შთაბეჭდილებას, რაც ჩემი აზრით მიიღწევა გაფართოებული ტონალობის
ხარჯზე. ოპერაში ნაზი და რომანტიკული ტიპის მელოდია გატარებული სიმებიანებთან და მხოლოდ,
ე.წ. ავის მომასწავებელი თემები ჩასაბერებთან თავიანთი მჭახე ჟღერადობით. ჩემი აზრით
მთავარი, გმირის - კარდილიაკის მუსიკალური თემა განსხვავებულია სხვა გმირების მუსიკალური
დახასიათებისგან, მუსიკალურ-ემოციურად, იგი თითქოს ცალკე დგას, ემოციურად „ცარიელი“,
მშრალი, მხოლოდ ერთი ფიქრით განმსჭვალული, მასთან იყოს ის, რაც მისია და არავინ „წაართვას“,
ხოლო ეს - მისი, არა ადამიანი (მაგალითად მისი
ქალიშვილი), არამედ, ოქრო და მისი ქმნილებებია.
ოპერაში კომპოზიტორი ხშირად იყენებს, რეჩიტატიულ პასაჟებს, რაც ჩემი აზრით, გმირების
შინაგანი სამყაროს დახასიათების გასაძლიერებლადაა გამოყენებული. ოპერა, კარგად არის
გამართული მუსიკალურ-დრამატურგიულად და განვითარებაც არის ძალიან ლოგიკური. კარდილიაკის
პრემიერა შედგა 1926 წელის 9 ნოემბერს დრეზდენში, რომელსაც მაყურებელთა მცირე რაოდენობა
ესწრებოდა, ხოლო
კრიტიკამ ის დადებითად შესაფასა. (იხ. ქეთევან ბოლაშვილი, 2011, „პაულ ჰინდემიტი“.
წიგნში XX საუკუნის მუსიკის ისტორია, ლექციები,
ქეთევან ბოლაშვილის მიერ - 115-116გვ: თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია).
ოპერა „წმინდა სუსანა“
ამ პერიოდის შემოქმედებიდან, ძალიან მნიშვნელოვანია,
მისი ერთაქტიანი ოპერები, კერძოდ: „ნუშ-ნუში“, „მკვლელი ქალების იმედი“ და „წმინდა
სუსანა“. ოპერები წარმოადგენენ ერთგვარ ტრიპტიხს, და ყველა მათგანში წარმოჩენილია ადამიანის
სექსუალური ლტოლვები და მისწრაფებები. „წმინდა სუსანა“, რომელიც ამ სამეულიდან ყველაზე
ბოლოს შეიქმნა ასრულებს ტრილოგიას. მას ყველაზე მწვავე კრიტიკა და შეფასება მოჰყვა
საზოგადოებისგან.
„წმინდა სუსანას“
ლიბრეტოს ავტორია აუგუსტ შტრამი, რომლის სიუჟეტიც საკმაოდ სკანდალური და მიუღებელი
აღმოჩნდა იმ დროინდელი საზოგადოებისთვის. ოპერის სიუჟეტი მოგვითხობს, მონაზონი სუსანას
ამბავს, რომელიც შეპყობილია სექსუალური მისწრაფებებით და ერთგვარად იტანჯება კიდეც
ამ მდგომარეობით, რაც ცხადია მიუღებელია ღვთის მსახურისათვის. ოპერაში დაპირისპირებულია
ადამანური საწყისი - ეროტიკული მხარე (ქალის ხორციელი ვნებები) და რელიგიური, პირქუში
და დოგმატური სამყარო, რომელიც „ცოდვილს“ აუცილებლად დასჯის.
ახალგაზრდა მონაზონი
ცდილობს დათრგუნოს მასში შინაგანი სექსუალურობა და ხორციელი სურვილი, მაგრამ ის ერთგვარად
თავს ესხმის საკურთხეველზე არსებულ ჯვარცმას და მასზე გამოსახულ ქრისტეს. ოპერაში
გამოყენებულია ორგანი და სამრეკლოს ზარების ხმა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რელიგიური
ატმოსფეროს სცენაზე.
ოპერას იწყება შესავლით, სადაც ჩასაბერები და სიმებიანი
საკრავები ერთდროულად ასრულებენ მუსიკას, რომელიც
წინასწარმეტყველებს იმ რელიგიურ ცოდვაზე, რომელსაც მონაზონი ჩაიდენს. ჩასაბერებსა და სიმებიან
საკრავებს ემატება საყვირის
ხმა და ისინი ჟღერენ ფორტისიმოზე Tutti-ში. ოპერაში დიდი ადგილი ეთმობა ქრომატულ სვლებს, აქ ვხვდებით
თითქმის ატონალურ, გვიანი რომანტიზის ენას. რაც, შეეხება ლიბრეტოს, იგი დრამატურგიული
ენით, უახლოვდება თეატრს.
ოპერაში ორკესტრი ხმოვანებით, მოგვაგონებს დებიუსის,
მრავალმხრივი დისონანსებით ჰინდემიტი ტონალობას კი არ არღვევს, ის უბრალოდ ფრთხილად
აფართოებს მის საზღვრებს. ოპერის ფორმა არის სიმეტრიული სტრუქტურის, თემები ვარირებულია
თანმიმდევრობით, რაც გატარებული ფლეიტის საწყის თემაში. ოპერის კულმინაცია (ცენტრალური
მოტივი) მკრეხელობის სცენაა. დახვეწილი მუსიკალური ფორმები, (სტუქტურა, აღნაგობა) უხვადაა
გაჯერებული ტემბრალური ფერებით. ჰინდემიტი, ირჩევს მდიდარ ხმოვან პალიტრას, შესაბამისად
ორკესტრში დამატებულია ორგანი, ჩელესტა, გაძლიერებულია დასარტყამები. რეჩიტატიული სტილი,
კი აძლიერებს ოპერის მკაცრ სიუჟეტს.
ოპერა კრიტიკამ და მაყურებელმა ძალიან ცუდად მიიღო,
დირიჟორმა, ფრიც ბუშმა (რომელიც წინა ორ ოპერას დირიჟორობდა), უარი განაცხადა მის დირიჟორობაზე,
მორალური მიუღებლობის გამო. ოპერაზე იწერებოდა კრიტიკა, რომ იგი შეურაცხყოფდა როგორც
რელიგიურ ღირებულებებს, ისე ზოგადად იმ დროინდელ კულტურულ ინსტიტუციებს, რომ ოპერის
შინაარსი არის უკიდურესად ვულგარული და ის ნამდვილად არ წარმოადგენს გერმანულ სულს.
2012 წელს რიკარდო მუტის დირიჟორობით (ლუიჯი
ქერუბინის ახალგაზრდულ ორკესტრთან) შეასრულდა ეს ოპერა, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო
შესრულებად.
„არაფერია პროვოკაციული ამ შედევერში“ რიკარდო მუტი[1].
დასკვნა
ორივე ოპერის შინაარსი აქტუალური და ყოფითი პრობლემითაა
განმსჭვალული. „კარდილიაკში“ გადმოცემულია ადამიანის დემონური სიხარბე, რის ნიადაგზეც
ის ხდება ბოროტმოქმედი და თან, ამავდროულად შემოქმედის - შემოქმედებისადმი გიჟური „სიყვარული“. „წმინდა სუსანაში“
ერთმანეთს ეჯახება ეროსი და თანატოსი, კომპოზიტორი გვესაუბრება მონაზონის სექსუალურ
ვნებებსა და მისწრაფებებზე, რომელიც არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მოკვდავისაგან,
შესაბამისად მასთან რელიგია ყოფითი და გაადამიანურებულია. ორივე ოპერა ანტირომანტიკულია
და წინაპირობაა მის შემოქმედებაში ნეოკლასიციზმის საბოლოოდ დამკვიდრებისა. პაულ ჰინდემიტის
1920-იანი წლების შემოქმედება, ცალსახად ინსპირირებულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი,
სულიერი დანაკარგებით, იგი დაინტერესებულია ქრისტიანული რელიგიითა და საყოფაცხოვრებო
თემებით, რისი გამოძახილიცაა ზემოაღნიშნული ორივე მუსიკალური ქმნილება.
[1] სტატია „Rethinking
Sacrality”, ავტორი - იულია
ჩეჩიკოვა - http://muzlifemagazine.ru/pereosmyslenie-sakralnosti/
___
ბიბლიოგრაფია:
·
ქეთევან
ბოლაშვილი, 2011, XX საუკუნის მუსიკის ისტორია, ლექციები, თბილისი:
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის, სახელმწიფო კონსერვატორია;
·
ქეთევან
ბოლაშვილი, 2011, „პაულ ჰინდემიტი“. წიგნში XX საუკუნის მუსიკის ისტორია, ლექციები,
ქეთევან ბოლაშვილის მიერ - 111-128გვ: თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის,
სახელმწიფო კონსერვატორია;
·
Julia Chechikova, RETHINKING SACREDITY, http://muzlifemagazine.ru/pereosmyslenie-sakralnosti/ 11.04.2020
·
Введение
диссертации2002 год, автореферат по
искусствоведению, Воробьёва, Елена Борисовна Диссертации по
гуманитарным наукам http://cheloveknauka.com/opernyy-triptih-paulya-hindemita-kak-yavlenie-zapadnoevropeyskoy-kultury-1910-1920-h-gg 11.04.2020
·
HINDEMITH
HAS HAD A POST-MORTEM REPUTATION PROBLEM By John Rockwell - March 13, 1983 https://www.nytimes.com/1983/03/13/arts/music-hindemith-has-had-a-post-mortem-reputation-problem.html 11.02.2020
·
HINDEMITH’S OPERA TRILOGY-By Giselher Schubert, Director, Hindemith Institute
Frankfurt https://americansymphony.org/hindemiths-opera-trilogy/ 11.02.2020
· Sancta
Susanna (‘Saint Susanna’) By Geoffrey Skelt- https://www.oxfordmusiconline.com/grovemusic/view/10.1093/gmo/9781561592630.001.0001/omo-9781561592630-e-5000904625
11.02.2020
·
Cardillac, Opera By Paul
Hindemith - https://viennaoperatickets.com/opera-all-performances/cardillac-tickets-vienna-state-opera/?p=33&l=2&id=352 11.02.2020
Comments
Post a Comment