„ჟანა დ’არკი კოცონზე“

ავტორი - თეკლა ჯაყელი
 მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
საშემსრულებლო ფაკულტეტი,
 
სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულება, მე-2 კურსი.
ხელმძღვანელი -  მაია სიგუა

                    შესავალი
      არტურ ონეგერი XX საუკუნის I ნახევრის დასავლური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფრანგი (წარმოშობით შვეიცარიელი) წარმომადგენელია. მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბების პროცესში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულმა და ავსტრო-გერმანულმა მუსიკამ, კერძოდ: ვაგნერის, შტრაუსის, რეგერის, დებიუსისა და ფორეს მუსიკამ. მოიაზრებოდა „ექვსეულის“ წევრად, სადაც გამოირჩეოდა გამოკვეთილი შემოქმედებითი ინდივიდუალიზმით.
სწორედ „ექვსეულის“ წევრებთან ურთიერთობამ განსაზღვრა ონეგერის შემოქმედების თავისებურებები. თუმცა, მის ნაწარმოებებში ექვსეულის ესთეტიკა ყველაზე ნაკლებად აისახა.
  ონეგერის მუსიკალური აზროვნება მთლიანად უკავშირდება ტრადიციას. თუ ექვსეულისთვის პრიორიტეტულია მინიატურული ჟანრები, ონეგერისთვის - დიდი ფორმები და კონცეპტუალური ჟანრები. მისი უმთავრესი ჟანრებია: ოპერა, ორატორია და სიმფონია. კომპოზიტორი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკალურ-სცენურ ჟანრებს, სწორედ აქ გამოავლინა მან თავისი ნოვატორობა. უცნაურია, საინტერესოა და პარადოქსულადაც კი ჟღერს ის ფაქტი, რომ ამ ჟანრებში შექმნილი ნაწარმოებები მკაცრად არც ოპერის და არც ორატორიის ჟანრებს მიეკუთვნება და ამავე დროს, ორივე ჟანრის თვისებებს შეიცავს. რეალურად ესენი ოპერა-ორატორიებია, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ორ ჟანრს შორის ურთიერთობა არ არის დაბალანსებული. ოპერისა და ორატორიის სინთეზი ონეგერთან დაკავშირებულია ეპიკური თეატრის ტრადიციებთან და გმირულ-პატრიოტულ თემატიკასთან, სიუჟეტებისთვის კი მიმართავს ძველ აღთქმას, ანტიკურ ტრაგედიას, საფრანგეთის ისტორიას და ა.შ. ორიენტირებულია საუკეთესო ნიმუშებზე, მისი ნოვატორულობა უკავშირდება თეატრალიზაციის გარკვეული ელემენტების შემოტანას. ამ მხრივ ყველაზე მეტად აღსანიშნავია ონეგერის ცენტრალური ნაწარმოები „ჟანა დ’არკი კოცონზე“, რომელსაც მის შემოქმედებაში და ზოგადად, XX საუკუნის დასავლურ მუსიკალურ კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამ ნაშრომის მიზანი სწორედაც ამ ნაწარმოების განხილვაა, ამოცანა კი - მისი შექმნის ისტორიასა და წინაპირობებზე საუბარი, ასევე მისი მუსიკალურ-დრამატურგიული ანალიზი.

ნაწარმოების შექმნის ისტორია
  არტურ ონეგერმა ოპერა-ორატორია „ჟანა დ’არკი კოცონზე“ მისი შემოქმედებითი ევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე შექმნა. ნაწარმოების შექმნის ისტორია მდგომარეობს შემდეგში: XX საუკუნის 30-იანი წლების საფრანგეთში დიდი ინტერესი გაჩნდა შუა საუკუნეების მუსიკისადმი. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიურობდნენ სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც შუა საუკუნეების მუსიკასთან დაკავშირებით არაერთ დადგმას ახორციელებდნენ. მათ შორის გამორჩეულია 1934 წელს დადგმული „ადამის და ევას ამბავი“, რომელსაც ესწრებოდა ცნობილი რუსი მოცეკვავე ქალი იდა რუბინშტეინი. ამის შემდგომ რუბინშტეინს დაებადა იდეა, მსგავსი მისტერიული დრამა დადგმულიყო საფრანგეთის გმირზე, ჟანა დ’არკზე, სადაც ის მთავარ როლს შეასრულებდა. ამ იდეის განსახორციელებლად მან მიმართა ონეგერს და ფრანგ დრამატურგ პოლ კლოდელს. კლოდელმა თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდგომ შექმნა „სიბრძნე ან იგავ-არაკი ლხინისა“(დაფუძნებული ანდაზების წიგნსა და ლუკას და მათეს სახარებებზე). იგი აიღო ტექსტიდან, რომელიც მან ჯერ კიდევ იაპონიაში ცხოვრების პერიოდში დაწერა. ამ პიესის კომპოზიტორი იყო დარიუს მიო, რომელიც ასევე ექვსეულის წევრი იყო და ონეგერთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა მასში რუბინშტეინს არასდროს უთამაშია. იგივე ბედი გაიზიარა „ტობის და სარას ისტორიამ“(იდას უნდოდა, მუსიკა სტრავინსკის დაეწერა) და „მკვდრების ცეკვამ“(ეზეკიელის წიგნიდან), რომელიც ონეგერმა ჟანა დ’არკის შემდგომ დაწერა. საბოლოოდ, ამ „ბოროტების ტრილოგიის“ გამარჯვებულ ნაწილად დასახელდა „ჟანა დ’არკი კოცონზე“, რომელიც ონეგერმა 1935-1937 წლებში დაწერა. სიუჟეტი-საფრანგეთის ისტორია, 100-წლიანი ომის პერიოდი. ლიბრეტოს ავტორი-კლოდელი. პრემიერა შედგა 1938 წლის 12 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, პოლ საჩერის დირიჟორობით, მხოლოდ საკონცერტო ვერსიით. ერთი წლის შემდეგ კი ნაწილობრივ დაიდგა ორლეანში, საფრანგეთში, როგორც ჟანა დ’არკის ფესტივალის ნაწილად. ხოლო სრულად დაიდგა 1942 წლის 13 ივნისს ციურიხში, შვეიცარიაში. ჟანას როლს რუბინშტეინი ასრულებდა, ხოლო ძმა დომინიკის როლს-ფრანგი ბარიტონი ჟან პერი, ბავშვების გუნდის პარტიას კი ბაზელის ბიჭუნათა გუნდი ასრულებდა. ნაწარმოებს დიდი წარმატება და აღიარება ხვდა წილად. კრიტიკოსებმა განსაკუთრებული აღტაცებით გაუსვეს ხაზი ნაწარმოებში ტექსტისა და მუსიკის იდეალურ თანხვედრას.

                                                          მუსიკალურ-დრამატურგიული ანალიზი
  „მეფე დავითის“ და „ანტიგონეს“ მსგავსად, „ჟანა დ’არკი კოცონზე“ სინთეტური ნაწარმოებია, სადაც გვხვდება ყველა თეატრალური ჟანრის სინთეზი სამეტყველო ტექსტით. ონეგერი მას დრამატულ ორატორიას უწოდებდა. კლოდელის დრამატურგიულმა ჩარჩომ კომპოზიტორი უზრუნველყო პარალელი გაევლო სამოთხესა და დედამიწას, წარსულსა და ახლანდელ დროს შორის და ეს ყველაფერი შეეზავებინა სხვადასხვა სტილში. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ჟანა და ბერი, ძმა დომინიკი, მხოლოდ საუბრობენ, თუმცა მიუხედავად დრამატული დიალოგის დიდი მნიშვნელობისა, აქ მთავარი მაინც მუსიკა და გრანდიოზული საგუნდო სცენებია.
  „ჟანა დ’არკის“ დრამატურგია დიდი ორიგინალურობით გამოირჩევა: ამბავი მოთხრობილია სარკისებური თანმიმდევრობით-ეშაფოტზე მყოფი ჟანა ძმა დომინიკთან ერთად იხსენებს თავის ცხოვრებას უახლოესი წარსულიდან მის ბავშვობამდე. აღსანიშნავია, რომ ეშაფოტზე მობმული ჟანა ნაწარმოების თავისებური რეფრენია, რომელიც ყოველი ახალი ეპიზოდი შემდეგ ის ისევ გვაბრუნებს ახლანდელ დროში. საინტერესოა ერთი რამ: თვითონ ჟანა ამ სცენებში არ მონაწილეობს, ის თითქოს შორიდან აკვირდება თავის ცხოვრებას, რომელიც საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, 100-წლიან ომს უკავშირდება. გარდა მთავარი გმირებისა, აქ მონაწილეობენ მეფეები, მოსამართლეები, წმინდანები,  ჟანას მფარველები-ღვთისმშობელი, წმინდა მარგარიტა, წმინდა კატერინა. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ კრებით პერსონაჟს-ხალხს, რომელიც არაერთგვაროვნადაა დახასიათებული:
·   როგორც მისი ერთგული თანამებრძოლი, რომელიც მზადაა, თავი გაწიროს სამშობლოსთვის, მეფისთვის და ჟანასთვის;
·         რომელმაც დაიჯერა ჟანას ღალატი და ამბობს, რომ ის უნდა მოკვდეს!
    ამგვარი დრამატურგიული ხაზი ჟანასა და ხალხს შორის ნაწარმოებს რელიეფურობას, მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს მატებს. აქვე არ შეიძლება, არ ვისაუბროთ მოსამართლეებზე, რომლებიც ალეგორიულ პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი: ეპისკოპოსი, როგორც კოშონი ანუ ღორი, სასამართლოს მდივანი-ვირი, ნაფიცი მსაჯულები-ცხვრის ფარა. ამგვარმა პაროდიულმა დრამატურგიულმა პლანმა განაპირობა ონეგერის მიერ ოსტატური კარიკატურული მუსიკალური დახასიათება. მთლიანობაში ლიბრეტოს ტექსტი აბსოლუტურად შეესაბამება ნაწარმოების მუსიკალურ განხორციელებას, რასაც, როგორც ზემოთ ვთქვით, კრიტიკოსები ყველაზე მეტად აღნიშნავდნენ. „ჟანა დ’არკით’ ონეგერმა პირველად გამოავლინა მისტიციზმი და რელიგიური მნიშვნელობა, რომლებმაც კომპოზიტორის შემდგომი ქმნილებების განუყოფელ ნაწილად იქცა.
  ნაწარმოები 11 ნაწილად, სცენადაა დაყოფილი. თითოეულ მათგანს გააჩნია ქვესათაურები, რომლებიც სრულყოფილად გადმოგვცემენ მათ (ამ სცენების) არსს: I სცენა-ზეციური ხმები, II-წიგნი, III-მიწის ხმები, IV-მხეცების ხელში ჩავარდნილი ჟანა, V-ჟანა სამარცხვინო სვეტთან, VI-მეფენი, ანუ ბანქოს თამაში, VII-კატერინა და მარგარიტა, VIII-მეფე მიემართება რეიმსში, IX-ჟანას ხმალი, X-ტრიმაზო და XI-ალმოდებული ჟანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწარმოები ოპერა-ორატორიის ტიპური ნიმუშია, რომელიც შერწყმულია მელოდრამასთან და კინომუსიკასთანაც კი, სადაც ერთად გვხვდება როგორც დიდების, ისე ბავშვების გუნდი, მომღერლები და სალაპარაკო როლები და გაჯერებულია თეატრალიზაციის უჩვეულო ელემენტებით. მუსიკალური ტონი ერთდროულად ლირიკულის, დრამატულის და ეპიკურის ხასიათს ატარებს. ეპიკური საწყისი ძირითადად გვხვდება დასაწყისსა და ფინალში, ხოლო დანარჩენ სცენებში უფრო მეტად ჭარბობს ლირიკულობა და დრამატულობა.
  ახლა ვისაუბროთ „ჟანა დ’არკის“ მუსიკალურ ენაზე, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით: ონეგერი ერთმანეთში ურევს სხვადასხვა სტილს, კერძოდ: იყენებს გრიგორისეული ქორალის ტიპურ ფსალმოდიებს და იუბილაციებს, საგუნდო პოლიფონიის სხვადასხვა ფორმებს, რეალურ ხალხურ თემებს (X სცენა -„ტრიმაზო“, რომელიც ჟანას ბავშვობასთან ასოცირდება, რეალურად ტრიმაზო საბავშვო სიმღერაა) და კომპოზიტორის მიერ შექმნილ სტილიზაციებს. ასევე იყენებს პაროდიას საოპერო არიოზულ სტილზე. ამ უკანასკნელის მხრივ გამოირჩევა IV სცენა -„მხეცების ხელში ჩავარდნილი ჟანა“, სადაც მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები კარიკატურულ პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი. ამ სცენაში თვალშისაცემია ერთი მომენტი: როცა ჟანა ამბობს „არას“, ვირი, ანუ სასამართლოს მდივანი, იწერს „დიახ!“. ვფიქრობ, ამით ხაზს უსვამენ მოსამართლეების მოტივაციას, ჟანას დასწამონ ერეტიკოსობა, კუდიანობა და ღალატი და დააჯეროს ხალხი, რომ ჟანა დამნაშავეა და სიკვდილს იმსახურებს! ამ ნაწარმოებში ასევე ვხვდებით როგორც ატონალობას, ისე 1920-იანი წლების ჯაზურ რიტმებს, ასე რომ ვთქვათ, სამხედრო ფანფარებითა და ჰოლივუდისმაგვარი მოძრავი მელოდიკით, გამჭვირვალე დიატონიკა კი ერწყმის რთულ ბგერით კომპლექსებს, ხშირად პოლიტონალურს. ყველაფერი ეს კი, მთლიანობაში, ერთიან მუსიკალურ ენად გარდაიქმნება.
  „ჟანა დ’არკის“ 11 სცენა შემდეგნაირადაა დაჯგუფებული: პროლოგი და ფინალი ქმნიან ეპიკურ ჩარჩოს. პროლოგში ხშირად მეორდება ფრაზა: „მთელი საფრანგეთი იყო უფორმო და ცარიელი. ქვეყანა სიბნელით იყო მოცული“, რაც მიანიშნებს ფრანგების მაშინდელ მძიმე ხვედრზე. ჟანას წარმოგვიდგენენ ჯერ როგორც „გოგოს“, შემდეგ კი როგორც „ქალწულს“. პირველი ორი სცენა ექსპოზიციას წარმოადგენს, მომდევნო ოთხი სცენა - ჟანასთან დაპირისპირებულ ძალებს, მეშვიდე და მერვე სცენები - ჟანას გმირობას აღწერს, ხოლო მეცხრე და მეათე სცენები - ჟანას მოტივაციას წარმოგვიდგენენ მორალურად და ფსიქოლოგიურად. მეექვსე სცენა, „მეფენი, ანუ ბანქოს თამაში“, მე პირადად, რატომღაც მაგონებს სახელმწიფოებს შორის მიწების გადაცემას, ანდა სულაც, მოლაპარაკებებს. აღსანიშნავია რა, რომ მერვე სცენაში, „მეფე მიემართება რეიმსში“, აღწერილია სამხრეთის და ჩრდილოეთის გაერთიანება და გადმოცემულია საზეიმო განწყობა, რაც ნათელი ძალების კულმინაციას წარმოადგენს, ხოლო ბორიტი ძალების კულმინაცია უკავშირდება სასამართლოს. ნაწარმოების მოსმენისას ყურში მხვდება გუნდის მონოლოგი, რომელიც რამდენჯერმე, სცენებს შორის პერიოდულად მეორდება: „ერეტიკოსი! კუდიანი! განდგომილი! ჟანა ცოდვილია! ის უნდა მოკვდეს!“, აქ წარმოჩენილია ხალხი, როგორც ბრბო, რომელსაც სჯერა ტყუილის და იმის, რომ ჟანა სიკვდილის ღირსია! არ შეიძლება, არ გამოვყოთ მეათე სცენა - „ტრიმაზო“, რომელიც ნაწარმოების თავისებურ, „ჩუმ“ კულმინაციას, წარმოადგენს. აქ თავად ჟანა მღერის ამ ხალხურ სიმღერას, რასაც შემდგომში მოყვება გრანდიოზული ფინალი, სადაც მთავრდება 19 წლის ჟანას ცხოვრება.
  ოპერა-ორატორიაში ჟანას სახე მრავალი მუსიკალური თემითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ძაღლის ყმუილის თემა, რომელიც გამოხატავს ტანჯვასა და ფიზიკურ ტკივილს და გაისმის პირველ სცენაში, „ზეციურ ხმებში“, სიკვდილის თემა, ბუნების თემა, რომელსაც ასრულებს ფლეიტის სოლო და ბულბულის გალობასაც კი აგონებს ადამიანს, ასევე „ტრიმაზოს“ თემა და ა.შ. აღვნიშნავდი ბავშვების გუნდის როლს: მეშვიდე და მეათე სცენებში ზუსტადაა გადმოცემული მათი მუსიკალური ინტონაციები, რაც მე ძალიან მაგონებს ანგელოზის ხმებს! ეს ყველაფერი ერთგვარი თემა-სიმბოლოებია, რომელიც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად უფრო მძაფრი და სრულყოფილი ხდება და ამთლიანებს ამ გრანდიოზულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ქსოვილს.

დასკვნა
  ამრიგად, არტურ ონეგერი XX საუკუნის დასავლური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა მუსიკალურ-სცენურ ჟანრებთან მიმართებაში, რაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მის ოპერა-ორატორიაში „ჟანა დ’არკი კოცონზე“, სადაც მუსიკა მრავლისმომცველია და გამორჩევა გრანდიოზულობით, მისტიციზმითა და ეკლექტურობით. ასევე მრავლისმომცველია მისი დრამატურგია, სადაც გამოყენებულია თეატრალიზაციის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა პაროდია, ალეგორია... ამ ნაწარმოებში მუსიკა და ტექსტი იდეალურად შეესაბამება ერთმანეთს, რაც არაერთხელ აღინიშნა და მოსმენის პირველივე წამებიდან ხვდება ყურში ადამიანს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნაწარმოებში პირველად არის გამოყენებული ადრეული ელექტრონული ინსტრუმენტი - მარტენოს ტალღები, რისი წყალობითაც ისმის ელექტრონული ბგერები და შესაძლოა, ტანში ჟრუანტელმაც დაგიაროთ, ხოლო ნაწარმოების რეტროსპექტულმა დრამატურგიულმა პრინციპმა კინემატოგრაფიაში დაამკვიდრა „კადრების“ ზედდების, წაფენის ხერხი, რაც ასევე გამოყენებულია თვითონ ოპერა-ორატორიაში. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ოპერა-ორატორიით „ჟანა დ’არკი კოცონზე“ არტურ ონეგერმა წაუშლელი კვალი დატოვა როგორც თავის შემოქმედებაში, ისევე მთლიანად XX საუკუნის მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში.


___ 

ბიბლიოგრაფია:
·         ბოლაშვილი, ქეთევან. 2011. „ფრანგული „ექვსეული“ და არტურ ონეგერი“, წიგნიდან XX საუკუნის მსოფლიო ისტორია, ლექციები - ქეთევან ბოლაშვილი, 145-171. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
·         Green, Jonathan D., Oertel, David W. 2020. „Jeanne d’Arc au bûcher“ from Choral-Orchestral Repertoire: A Conductors Guide, Omnibus Edition,- by Jonathan D. Green and David W. Oertel, 435-436. London, The Rowman and Littlefield Publishing Group, Inc.- https://books.google.ge/books?id=BXe7DwAAQBAJ&pg=PA434&lpg=PA434&dq=honegger+je+suis+compositeur+english&source=bl&ots=-8koAuEDQ9&sig=ACfU3U2waeOB80_M-2-fbevvl_IDHy6yOQ&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwj4lsylhInpAhXFoVwKHVElCeUQ6AEwAXoECAgQAQ#v=onepage&q=honegger%20je%20suis%20compositeur%20english&f=false
·         MEDICI.TV / MUSEEC – FRANCE 2015, Publishing ©1938, „Jeanne d’Arc au bûcher“ by Honegger, Arthur Oscar & Claudel, Paul Louis Charles. Authorized by Francis Salabert Ed. S.A. to Universal Music Publishing S.L. eclassical. Accessed April 28, 2020.- https://www.eclassical.com/shop/17115/art66/4948466-a51742-3760014197093.pdf
·         Niteowlneils. n.d. “Jeanne d'Arc au bûcher”. Wikipedia. Accessed April 28, 2020. - https://en.wikipedia.org/wiki/Jeanne_d%27Arc_au_bûcher
·         Predota, Georg. n.d. “The Maid of Orléans, Arthur Honegger: Jeanne d’Arc au bûcher”, Interlude. Accessed April 28, 2020.- https://interlude.hk/maid-orleans-arthur-honegger-jeanne-darc-au-bucher/
·         The Editors of Encyclopaedia Britannica. n.d. “Arthur Honegger”. Encyclopaedia Britannica. Accessed April 28, 2020. - https://www.britannica.com/biography/Arthur-Honegger


Comments