ფესტივალის დღიურები - ოთარ ტატიშვილი 65

          დღე V

ოთარ ტატიშილი - 65

გრძელდება კონცერტები ფესტივალის - “აღდგომიდან ამაღლებამდე” - ფარგლებში.
დღეს, გია ყანჩელის სახელობის ბაღში გაიმართა კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამო — “შორი ბავშვობა მეძახის თითქოს”.

საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი იყო - კომპოზიტორის შემოქმედებიდან როგორც ვოკალური, ისე ინსტრუმენტული ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტის მსვლელობისას მსმენელმა სცენაზე ოთარ ტატიშვილიც იხილა, მან შეასრულა ორი პიესა საფორტეპიანო ციკლიდან
“უკანასკნელი რომანტიკოსი”: “ფარვანა” და “ბლუზი”.

გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდა:

  • “Ave maria” - მზია ჭილაძისა (სოპრანო) და ვიქტორია ვაგნერ-სურმავას (ფ.ნო) მიერ;

  • საფორტეპიანო პიესა “მოგზაურობა მუსიკის სამყაროში” - ასლან ჩიქოვანის მიერ;

  • “Adagio” ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის - ნანუკა გოლიაძისა (ფლეიტა) და დეა აბაკელიას (ფ.ნო) მიერ;

  • 3 რომანსი ვოკალური ციკლიდან “შემოდგომის დღე” გალაკტიონის ლექსებზე: “ქარი ქრის”, “ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან”, და “ჩამავალი მზე” - ასრულებდნენ მზია ჭილაძე (სოპრანო) და ვიქტორია ვაგნერ-სურმავა (ფ.ნო);

  • 3 პიესა საფორტეპიანო ციკლიდან “ეთნომანია”: “მთიელის სევდა”,”წირვა” და “მტრის მოლოდინში”. ასრულებდა ვიქტორია ვაგნერ-სურმავა;

“გეძახი” სიმღერა ბაჩო კვირტიასა და კომპოზიტორის ლექსებზე, შესრულდა მარიკო ებრალიძისა (ვოკალი) და ოთარ ტატიშვილის მიერ;
  • რომანსი ნანა ცინცაძის ლექსზე: “სიყვარულის აღსარება” ავტორის ლექსებზე “ნუ დამელოდები” და “მე თქვენ გელოდებოდით” (რუსულ ენაზე);

  • “სიმღერა ჩემი ფრთებია” - კომპოზიტორის ლექსზე, ასრულებდნენ მარიკო ებრალიძე და ოთარ ტატიშვილი.

კონცერტის დასასრულს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობისაგან ბატონ ოთარ ტატიშვილს გადაეცა იოანე ოქროპირის XIII-XIV სს-ების “ჟამის წირვის” ხელნაწერის ფოტორეპროდუქცია და ასევე, მე-12 საუკუნის გელათის ოთხთავის მიხედვით მომზადებული უნიკალური გამოცემა - “წმიდაი ოთხთავი”. ყველა მონაწილეს ეროვნული ბიბლიოთეკისაგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები, რომლებშიც ქართული ფოლკლორული სიმღერის “ჩვენ მშვიდობა”-ს 40 ვერსიაა წარმოდგენილი.

კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და კონსერვატორიის სტუდენტური ბლოგის “OPUS 2-ის” სახელით ვულოცავთ ბატონ ოთარს იუბილეს, ასევე ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს  კიდევ ერთი საფესტივალო საღამოს წარმატებით დასრულებას!

დაგიბრუნდებით ხვალ, გია ყანჩელის სახ. ბაღში ჩატარებული გალა-კონცერტის ამბებით, რომელზედაც წარდგებიან იანო ალიბეგაშვილი, სალომე მოდებაძე და თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი (სამხ. Ხელმძღვანელი და დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი). კონცერტზე შედგება როსინის კანტატის - “La Morte di Didone-ს” პრემიერა (დას. 19:00).

იხილეთ დღევანდელი დღის ფოტომასალა:


















Comments