დღე III
გრძელდება მე-15, საიუბილეო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე"
კონცერტების სერია. დღეს, 8 ოქტომბერს, ჩატარდა ფესტივალის მე-3 კონცერტი, რომელიც მიეძღვნა კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის 70 წლის იუბილეს. კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები:- "ლირიკული ჩანახატი" (ფ.-ნო - გიორგი შავერზაშვილი);
- სონატა ალტისა და ფორტეპიანოსთვის (ალტი - გიორგი თაგაური; ფ.-ნო - გიორგი შავერზაშვილი);
- "გაზაფხული" ილია ჭავჭავაძის ლექსზე (სოლისტი - მარიამ შარაშენიძე; ფ.-ნო - გიორგი შავერზაშვილი);
- შექსპირის 47-ე სონეტი (სოლისტი - საბა ბიტარაშვილი; ფ.-ნო - გიორგი შავერზაშვილი);
- "ჯაზ-ხორუმი" ფირტეპიანოსთვის (ალექსანდრე ვასაძე);
- "ჩიტი", ილია ჭავჭავაძის ლექსზე (სოლისტი - მარიამ შარაშენიძე; ფ.-ნო - გიორგი შავერზაშვილი) ;
- "ოღონდ მინატრე", მორის ფოცხიშვილის ლექსზე (სოლისტი - გვანცა აბურჯანია; ფ.-ნო- გიორგი შავერზაშვილი);
- საფორტეპიანო კონცერტი #4, რომელიც სოლო ფორტეპიანოსა და ელექტრო პიანინოს თანხლებით სრულდება (ფ.-ნო - ელენე შავერზაშვილი; თანხლება - გიორგი შავერზაშვილი). “ბისზე” ელენე შავერზაშვილმა კიდევ ერთი საფორტეპიანო პიესა შეასრულა, გიორგი შავერზაშვილის ავტორობისა.
კონცერტის დასასრულს კომპოზიტორმა გამოხატა დიდი სიხარული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საკუთარ იუბილეზე წილად ხვდა ბედნიერება დაეკრა იმ ბაღში, რომელშიდაც წარსულში მისი ბაბუა, ვასილიც, ხშირად კონცერტირებდა და რომელიც ამჟამად, უკვე გია ყანჩელის სახელობისაა. გიორგი შავერზაშვილის მიერ საღამოს ბოლოს შესრულებული ორი კომპოზიციიდან ერთი სწორედ ბაბუას ხსოვნისადმი პატივის მიგებას, ხოლო მეორე - გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მსმენელს კიდევ ერთი, ქართული მუსიკით გაჯერებული, ლამაზი საღამო აჩუქა.
დღევანდელ კონცერტზეც, ტრადიციულად, ყველა მონაწილესა და ბატონ გიორგი შავერზაშვილს გადაეცათ პრიზები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან - ფილიმონ ქორიძის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები, ბატონ გიორგის ასევე გადაეცა უძვირფასესი, “ვეფხისტყაოსნის” ავალიშვილისეული ხელნაწერის ფოტოტიპური წიგნი და ეროვნული ბიბლიოთეკის, ფონდ “ქართული გალობისა” და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით გამოცემული, 1907 წლიდან მოყოლებული დავით შუღლიაშვილის მიერ გაციფრული სიმღერის “ჩვენ მშვიდობა”, 40 ვარიანტის კრებული.
კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და კონსერვატორიის სტუდენტური ბლოგის - "OPUS-2-ის” სახელით, ვულოცავთ ბ.-ნ გიორგის იუბილეს და ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს მორიგ წარმატებულ კონცერტს!
ქვემოთ შეგიძლიათ დაათვალიეროთ დღვანდელი ღონისძიების ფოტოები.
ხვალ კი, ისევ დაგიბრუნდებით ჩვენი რუბრიკით, უკვე ნატალია ქუთათელაძისა და გიორგი გიგაშვილის საკონცერტო საღამოს ანონსით(09.10. 19:00, გია ყანჩელის სახელობის ბაღი).
Comments
Post a Comment