ფესტივალის დღიურები - კომპოზიტორ სულხან ცინცაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

დღე I

სულხან ცინცაძე - 95

“აღდგომიდან ამაღლებამდე” - ფესტივალი, რომელიც წელს მე-15 საიუბილეო წელს აღნიშნავს, 6 ექტომბერს, 6 საათზე გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენით: “ნოტებად ქცეული გმირობა”. 7 საათზე კი დაიწყო სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომლის დასასრულსაც შეკრებილი მსმენელისთვის გაიმართა ვიდეოფილმის “სულხან ცინცაძე”  პრემიერა.


მიუხედავად ყველა შემზღუდველი ფაქტორისა, საკონცერტო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. კონცერტზე სულხან ცინცაძის შემოქმედებიდან რამდენიმე, ყველასათვის საყვარელი, ნაწარმოები შესრულდა, როგორებიცაა: 

  • საკვარტეტო მინიატურები: “ინდი მინდი”, “საცეკვაო”, “ცოლი გამიდიდგულდა”, “ციცინათელა”, “ჭიჭეტურა” - სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მიერ (გიორგი ხაინდრავა, ნიკა ბარათელი, ნოდარ ჟვანია, ოთარ ჩუბინიშვილი);

  • სიმებიანი კვარტეტი #5, I ნაწილი - საქართელოს კომპოზიტორთა კავშირის სიმებიანი კვარტეტის მიერ (ანა გალდავაძე, ბაქარ ღიბრაძე, სამველ პერიხანიანი და ევგენი ინჩაგოვი);

  • ჭრიჭინას სიმღერა კინოფილმიდან “ჭრიჭინა” - მარიკა მაჩიტიძისა (სოპრანო) და გიორგი შავერზაშვილის (ფ-ნო) მიერ.

  • რომანსი “შემოდგომის ნისლია” კინოფილმიდან “აბეზარა” - ანა ხარაიძისა (სოპრანო) და გიორგი შავერზაშვილის (ფ-ნო) მიერ.

ასევე საღამოზე შესრულდა ირაკლი ცინცაძის სონატა ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის - სანდრო გოგატიშვილისა (ჰობოი) და ვიქტორია ვაგნერ-სურმავას (ფ-ნო) მიერ, საფ-ნო კომპოზიცია გიო ცინცაძის ნაწარმოების მიხედვით გიორგი შავერზაშვილის მიერ და იმპროვიზაცია სულხან ცინცაძის თემაზე ჯაზ-სექსტეტ “Quintessence“-ის მიერ (ხელმძღანელი ბუკა კარტოზია).


გახსნითმა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მიუხედავად სიცივისა და პანდემიით გამოწვეული მრავალი შეზღუდვისა, მან საკმაოდ ბევრი მსმენელიც შეკრიბა. აკადემიურ კონცერტებს მონატრებულებსა და სულხან ცინცაძის შემოქმედების დამფასებლებს მორიგი არაჩვეულებრივი საღამო ებოძათ. კონცერტის დასასრულს ორგანიზატორებმა პრიზები - უძველესი ხელნაწერების ფოტო რეპროდუქციები და “ვეფხისტყაოსნის” ავალიშვილისეული ხელნაწერის ფოტოტიპური წიგნი გადასცეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ ნანა შარიქაძეს და საქართველოს სახალხო არტისტებს, სულხან ცინცაძის სახელობის სახლმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრებს ნოდარ ჟვანიასა და ოთარ ჩუბინიშვილს.


კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და კონსერვატორიის  სტუდენტური ბლოგის - “Opus 2-ის” სახელით ვულოცავთ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პირველი საფესტივალო დღის წარმატებით დასრულებას!





















Comments