მოგესალმებით, მეგობრებო!
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტიურად უბრუნდება თავის საქმიანობას სტუდენტური ბლოგიც.
როგორც მოგეხსენებათ, ყოველი სასწავლო წლის პირველი სემესტრი, კერძოდ კი, პირველი რამდენიმე კვირა - ცხრილის, აუდიტორიების, ლექტორების გაცნობის ეიფორიასთან ასოცირდება. კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე ახალჩაბარებულ სტუდენტთა
უმეტესობა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ სწორედ ამ პროცესში, პირველივე კურსზე, თვალშისაცემია ჩვენს ცხრილში, სამშაბათი დღის გრაფაში ჩაწერილი იდუმალი ინიციალები - ს.ს.ს.რას ნიშნავს ს.ს.ს.? რა საგანია ასეთი? რა ისწავლება?...
ჩვენ, მუსიკოლოგებს კი გვაქვს იმის ბედნიერება, რომ პირველსავე სამშაბათს გავერკვეთ ვითარებაში, მაგრამ არსებობს კონსერვატორიაში სტუდენტების კატეგორია, რომლებმაც ან საერთოდ არაფერი იციან ს.ს.ს.-ს არსებობის შესახებ, ან ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობენ მასზე.
მაშ ასე - გამარჯობა, ჩვენ ვართ ს.ს.ს. და 2020/2021 სასწავლო წლის პირველ პუბლიკაციად გვსურს შემოგთავაზოთ მოკლე ინფორმაცია ჩვენ შესახებ.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებობს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება (ს.ს.ს.), რომელიც შეიქმნა 1948 წელს, როგორც სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. მის მუშაობაში ძირითადად კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული, თუმცა სტუდენტი-შემსრულებლებიც ხშირად იღებენ აქტიურ მონაწილეობას.
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მიზნად ისახავს სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოებას, დამოუკიდებელი აზროვნების, დისკუსიის კულტურის ჩამოყალიბებას.
მუშაობის ძირითადი ფორმებია:
სტუდენტთა სამეცნიერო მოხსენებების წაკითხვა და განხილვა სხდომებზე;
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა;
სტუდენტ-კომპოზიტორთა ნაწარმოებების მოსმენა-განხილვა;
ახალი აუდიო და ვიდეოჩანაწერების მოსმენა სტუდენტთა კომენტარებით;
სტუდენტური ძალებით კონცერტების მოწყობა, რომლებშიც მონაწილეობენ სტუდენტი-შემსრულებლებიც;
სხვადასხვა ხელოვანთან - კომპოზიტორებთან, მწერლებთან, მხატვარებთან და ა.შ. შეხვედრები;
დისკუსიები პროფესიულ და კულტურის სფეროში აქტუალურ თემებზე;
- სხვა სახის შემოქმედებითი მუშაობა (მაგალითად, კონსერვატორიის სტუდენტების ნახატების ან სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ა.შ.).
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ჰყავს ხელმძღვანელი - მუსიკის ისტორიისა და თეორიის კათედრების ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქ.-ნი ქეთევან ბოლაშვილი, რომელიც შეიმუშავებს მომავალ სამოქმედო სტრატეგიას, ადგენს შეხვედრების თემატიკას, და თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოების მუშაობას წარმართავს. თავმჯდომარის არჩევნები ყოველწლიურად ტარდება, 2020/2021 სასწავლო წელს, საზოგადოების წევრების გადაწყვეტილებით, თავმჯდომარედ შეირჩა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ირინა დუმბაძე.
გასული სასწავლო წელი ს.ს.ს.-ს წევრების მიერ ინიცირებული სიახლეების დამსახურებით განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა და ერთგვარი „აღორძინების“ პერიოდი გამოდგა ჩვენთვის. მაგალითად, ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე, თქვენთვის უკვე ნაცნობი სტუდენტური ბლოგი - "ოპუს 2" - სწორედ გასულ სემესტრში შეიქმნა, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრების ინიციატივით. ბლოგი ნებისმიერ კონსერვატორიელს აძლევს საშუალებას, რომ გამოაქვეყნოს საინტერესო პუბლიკაციები - სტატიები, მოხსენებები, რეცენზიები, შთაბეჭდილებები, ვიდეოები, ყველაფერი ის, რაც გსურთ, რომ გაგვიზიაროთ. ამიტომ, იაქტიურეთ და სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ გამოსაქვეყნებელი მასალა შემდეგ მისამართზე - საკონტაქტო ინფორმაცია .
კიდევ ერთი წარმატება წლის ბოლოს ჩატარებული სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია იყო, რომელიც არსებული რთული ვითარების, covid-19 პანდემიის მიუხედავად, როგორც მონაწილეების, ისე დამსწრეების რაოდენობით ბევრად აღემატებოდა გასული წლების კონფერენციებს (იხილეთ მონაწილე სტუდენტების მოხსენებები).
ასევე, დიდი სიხარულით გვინდა, გაცნობოთ კიდევ ერთი სიახლე - სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გვერდი ახლა უკვე Facebook -ის სივრცეშიცაა. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენ დავგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, გავაზიარებთ საჯარო სხდომების ფოტო და ვიდეო მასალას, ასე რომ, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად ჩაერთოს განხილვასა და დისკუსიაში.
გვერდის შექმნამ დაგვაყენა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისთვის ლოგოს შექმნის აუცილებლობის წინაშეც და 1948 წლის შემდეგ პირველად, ს.ს.ს.-ს უკვე აქვს საკუთარი ლოგო!
სამომავლოდაც ბევრი სურვილი და გეგმა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ გაიზრდება ინტერესი ამ საზოგადოების საქმიანობის მიმართ. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, მისი თითოეული წევრი, დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც მხარს უჭერთ ჩვენს წამოწყებებს და გვაძლევთ სტიმულს, რომ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ.
უფრო დიდი მხარდაჭერისთვის კი, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალ-ყური მომდევნო სიახლეებს.
პატივისცემით -
ბლოგისა და გვერდის სამუშაო ჯგუფი:
ირინა დუმბაძე - მუსიკოლოგია, ბაკალავრიატის IV კურსი; - ს.ს.ს. თავმჯდომარე, "OPUS 2“-ის შექმნის ინიციატორი, რედაქტორი, ადმინისტრატორი, ბლოგერი.
ს.ს.ს.-ს Facebook გვერდის შექმნის ინიციატორი და ადმინისტრატორი;
მარიამ ჭეიშვილი - მუსიკოლოგია, ბაკალავრიატის IV კურსი; - „OPUS 2“-ის შექმნის ინიციატორი, შემქმნელი, რედაქტორი, ადმინისტრატორი, ბლოგერი.
ს.ს.ს.-ს Facebook გვერდის შექმნის ინციატორი და ადმინისტრატორი, ბლოგისა და გვერდის დიზაინერი და ლოგოების ავტორი.
ელენე ელიოზიშვილი - მუსიკოლოგია, ბაკალავრიატის II კურსი; - „OPUS 2“-ის რედაქტორი და ბლოგერი.
ს.ს.ს.-ს Facebook გვერდის ადმინისტრატორი;
Comments
Post a Comment