ფესტივალის დღიურები - დასკვნითი საღამო

დღე VI

მე-15 საიუბილეო ფესტივალი, “აღდგომიდან ამაღლებამდე” 11 ოქტომბერს დასრულდა და დასკვნითი საღმოს შეჯამების დროც დადგა! 

კონცერტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმით რომ, დაიხურა ფესტივალი და მასში მონაწილეობა მიიღო ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან იანო ალიბეგაშვილი (თანხლება - სალომე მოდებაძე) ასევე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, არამედ იმითაც, რომ ერთ საღამოს ორი პრემიერა შედგა:

  1. ჯოაკინო როსინის კანტატა “La morte Di Didone”;

  2. ნუნუ გაბუნიას “ავე მარია” (ორგანიზატორების განმარტებით აღსანიშნავია, რომ პრემიერად იმიტომ ითვლება, რადგან ნაწარმოები მაესტრო იანო ალიბეგაშვილის მიერ პირველად შესრულდა). 

გარდა ამისა, მსენელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა “Kyrie Eleison” ქეთევან ქართველიშვილისა და თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკთედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის (ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი) შესრულებით. იმავე გუნდისა და გამოჩენილი სოპრანოს, იანო ალიბეგაშვილის მიერ ასევე შესრულდა ჯ. ვერდის “ბედის ძალა” და კონცერტის დასასრულს პატრიარქის “ავე მარია” (თანხლება სალომე მოდებაძისა).


ფესტივალის “კადანსად” ტრადიციულად პარტნიორებმა მონაწილეები სხვადასხვა პრიზით დაასჩუქრეს. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან ფესტივალის მეორე პარტნიორს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, და კერძოდ, ნინო გედენიძეს, გადაეცა მე-12 საუკუნის მშვილდოსნის ასტროლოგიური ტრაქტატის ფოტორეპროდუქცია. ფესტივალის ორგანიზატორს ირინა სახამბერიძეს გადაეცა თამარ მეფის დაკვეთით შესრულებული სახარების მონაკვეთის ფოტორეპროდუქცია, ხოლო მთავარ ოგანიზატორს - მანანა ხვედელიძეს კი, სამეფო ვეფხისტყაოსნის ორი გვერდის ფოტორეპროდუქცია. იანო ალიბეგაშვილს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან, საჩუქრად გადაეცა ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შესრულებული “მუსიკის მექის” - იტალიის გამოსახულება, ხოლო ალექსანდრე კორსანტიას, მისი არყოფნის მიუხედავად — ევროპის გამოსახულების რეპროდუქცია. ეროვნული ბიბლიოთეკისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლობასა და აბსოლუტურად ყველა მონაწილეს გადაეცათ ქართული ფოლკლორული სიმღერის “ჩვენ მშვიდობას” 40 ვარიანტის წიგნად შეკრული ვერსიები.


კონსერვატორიის სტუდენტთა სამოცენიერო საზოგადოებისა და სტუდენტური ბლოგის “Opus 2-ის” სახელით ვულოცავთ ფესტივალის მონაწილეებს, ორგანოზატორებსა და დამფუძნებლებს შესანიშნავი გალა-კონცერტის ჩატარებასა და ზოგადად, წარმატებული ფესტივალის ფანტასტიკურ დასასრულს!


დასკვნისათვის გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, თვქენთვის, რუბრიკაზე “ფესტივალის დღიურები” მუშაობდნენ კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, ფესტივალის მოხალისეები, ბლოგ Opus 2-ის დამფუძნებლები, რედაქტორები და ბლოგერები, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრები და თავმჯდომარე: ირინა დუმბაძე (მუსიკის ისტორია,  IV კურსი), ელენე ელიოზიშვილი (მუსიკის თეორია, II კურსი) და მარიამ ჭეიშვილი (მუსიკის ისტორია, IV კურსი).


დიდ მადლობას გიხდით, მათ, ვინც ერთგულად ადევნებდით თვალ-ყურს სტუდენტთა აქტიურ შრომასა და ჩართულობას პროექტში, და იყავით თქვენი კოლეგების შემოქმედებითა და საერთოდ, კლასიკური მუსიკით დაინტერესებულთა რიგებში! 


გპირდებით, მომავალ მსგავს და უფრო მეტ პროექტში ჩართულობას, ჩვენი გამოცდილებისა და თქვენი ინფორმირებულობისათვის!


        პატივისცემით,

        OPUS 2! 


გალა-კონცერტის ფოტომასალა იხილეთ აქ:



















Comments