"აღდგომიდან ამაღლებამდე"

 

მე-15 საიუბილეო ფესტივალი, “აღდგომიდან ამაღლემაბმდე” იწყება.


ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ცნობილი მომღერალი - იანო ალიბეგაშვილი და გამოჩენილი პიანისტი - ალექსანდრე კორსანტია გახლავთ.

ისინი ორგანიზატორებთან ერთად 2006 წლიდან მოყოლებული, წელს უკვე მეთხუთმეტედ სთავაზობენ ქართველ მსმენელს აკადემიური მუსიკის საუკეთესო საღამოებს. ტრადიციულად, ფესტივალი აღდგომის ბრწინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და  ამაღლების დღესასწაულზე სრულდება. თუმცა წელს, საყოველთაო პანდემიის გამო, შეიცვალა ფესტივალის ჩატარების თარიღი და 2020 წელს განსხვავებულ დროს, 6-დან 11-ოქტომბრის ჩათვლით, გია ყანჩელის სახელობის ბაღში (არტოს ბაღი), რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ქართველი ხელოვანები მიიღებენ. “აღდგომიდან  ამაღლებამდე”  6 ოქტომბერს გაიხსნება  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტით - “ნოტებად ქცეული გმირობა”, რომელიც ეძღვნება ფილიმონ ქორიძეს, ვასილ კარბელაშვილს, ექვთიმე კერესელიძესა და სხვათა უნიკალურ ჩანაწერებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სულხან ცინცაძის (6 ოქტომბერი), ანზორ ერქომაიშვილის (“ნაცნობი-უცნობი ანზორ ერქომაიშვილი” - 7 ოქტომბერი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი), გიორგი შავერზაშვილისა ( 8 ოქტომბრერი) და ოთარ ტატიშილისადმი (10 ოქტომბერი) მიძღვნილი საიუბილეო საღამოები. Გარდა ამისა, 9 ოქტომბერს ფესტივალი უმასპინძლებს ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს - ნატალია ქუთათელაძესა და ესპანეთის, ქალაქ ვიგოს   პიანისტთა საერთაშორისო კონსურსის ლაურეატს გიგა გიგაშვილს.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 11 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას  იანო ალიბეგაშვილი (სოპრანო), სალომე მოდებაძე (ფორტეპიანო) და თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი მიიღებენ.

“OPUS 2”-ის მკითხველს  შესაძლებლობა ექნება ფესტივალს თვალი ადევნოს ჩენი ბლოგის მეშვეობით, რომელზედაც შემოგთავაზებთ “ფესტივალის დღიურებს”.

საფესტივალო პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის Facebook გვერდზე

 

 









Comments