სიცოცხლე 250 წლის ასაკში - „ბედისწერის კაკუნი" პოპ-კულტურის კარზე

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-4 კურსის სტუდენტი
ირინა დუმბაძე

მუსიკალურ ევროპაში ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები ვუნდერკინდ მოცარტზე, როდესაც ბონში, სასახლის კარის მუსიკოსის ოჯახში, 1770 წლის 16 დეკემბერს დაიბადა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
   „მიაქციეთ მას ყურადღება; ერთ დღესაც ის მთელს მსოფლიოს აალაპარაკებს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავად მოცარტი ბეთჰოვენის ნიჭს მისი იმპროვიზაციების მოსმენის შემდეგ.              მართალია მოცარტის მსგავსად  ვუნდერკინდი არ გამხდარა, მაგრამ მსოფლიო ბეთჰოვენმა ნამდვილად „აალაპარაკა“, თანაც არა მხოლოდ სიტყვიერად…
    მე-19 საუკუნის პირველი ათწლეულიც არ იყო ჯერ მიწურული.   ნაპოლეონის  ომების ფონზე  ალყაში მოქცეულ ვენაში, გენიოსი, რომლის ფიზიკური მდგომარეობაც დღითიდღე უარესდებოდა, სანოტო ფურცელზე ოთხბგერიან მოტივზე აგებულ მუსიკალურ თემას წერს და იქვე მიაწერს-  „ასე აკაკუნუბს ბედისწერა კარზე“. დარწმუნებული ვარ,  ბგერების დასახელების გარეშეც ნებისმიერმა მუსიკოსმა ეს მოტივი უკვე გაიმღერა.

  „ბედისწერის მოტივი V  სიმფონიიდან“ - V for Victory - ასე ამბობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.  იქნებ  სწორედ ამიტომ აღნიშნეს მორზეს ანბანში

ლათინური V ასო (როგორც „გამარჯვება“ – Victory, და რომაული ციფრი V) სწორედ ბეთჰოვენისეული მოტივის რიტმით.   

  

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე 250 წლის ეს  გენიოსი დღეს თავად უკაკუნებს კარზე არაერთი შემოქმედი-მუსიკოსის მუზას - მათ შორის პოპ-კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან პატივისცემისა თუ თაყვანისცემის ნიშნად, ხან კი ირონიულად რთავენ მისი კლასიკური ოპუსების თემებსა თუ ფრაგმენტებს საკუთარ სიმღერებსა და ინსტრუმენტულ პიესებში.

როკ-ენ-როლის მამად წოდებულ ჩაკ ბერის, მაგალითად, ბეთჰოვენი თავისი მუსიკით არა მხოლოდ მუზების კარზე, არამედ, როგორ აღმოჩნდა, ტვინზეც „უკაკუნებდა“. ცნობილი მუსიკალური ჟურნალის, Rolling Stone-ს თანახმად, ჩაკის ბიოგრაფი, ბრიუს პეგი ყვებოდა -  ჩაკის და, ლუსი ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა. ის იმდენად ხშირად და იმდენად დიდ დროს უთმობდა კლასიკური რეპერტუარის პიანინოზე აჟღერებას,  რომ თვითნასწავლ ძმას მისთვის საყვარელი ბუგი-ვუგისთვის დროს აღარ უტოვებდა. ერთ დღესაც ჩაკს, ალბათ, ნერვებმა უმტყუვნა და   თავისი ცნობილი ჰიტი - «Roll Over Beethoven» - შექმნა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს გადმოცემა სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიმღერა თავისი ტექსტით 50-იანი წლების როკ-ენ-როლის ერთგვარი ტრაფარეტი გახდა და მსოფლიოს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა: „როკ-ენ-როლი უახლესი და არსებულს შორის ყველაზე მაგარი მუსიკაა, რომელიც საბოლოოდ წაშლის ყველა სხვა მოძველებულ ჟღერადობას“. 1956 წელს შექმნილ ამ ჰიტში ჩაკი ელექტოგიტარით ხელში, ენერგიული რიტმების ფონზე, ახალგაზრდული სითავხედით „მოითხოვდა“ ბეთჰოვენისგან, რომ  რიმტ-ენ-ბლუზში „გაჩითულიყო“ და ამავდროულად მოუწოდებდა, რომ სიახლე სხვა კლასიკოსის, პეტრე ჩაიკოვსკისთვისაც შეეტყობინებინა. ჩაკის იდეით, ისინი ორივე უნდა „გადაბრუნებულიყვნენ“ საფლავში როდესაც გაიგებდნენ, რომ მათ საყვარელ კლასიკას სულ მალე  როკ-ენ-როლი ჩაანაცვლებს.

«Roll Over Beethoven» ძალიან სწრაფად იქცა ერთგვარ „როკ-სტანდარტად“, რომელსაც ჩაკის არაერთი მიმდევარი გაჰყვა. ამ ჰიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  ქავერ ვერსია  ჩაწერა The Beatles-მაც, 1963 წელს. თუმცა საყურადრებო და საინტერესოა ბრიტანული როკ ჯგუფის, Electric Light Orchestra (ELO)-ს ვერსიაც. 1973 წელს ამ „როკ-სტანდარტის“ ინტერპრეტაციაზე მუშაობისას ჯგუფმა სულაც არ გაითვალისწინა წინამორბედი ჩაკის მოწოდება. პირიქით, მათ სწორედ კლასიკურ მუსიკასთან სინთეზში შექმნეს 8 წუთიანი კომპოზიცია, რომლითაც ჩაკს და მის მიმდევრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ბედისწერის კაკუნის შესახებ.

განსხვავებული გარდატეხა განიცადა ოჯახურმა მუსიცირებამ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ისტორიაში. სანამ პოპკულტურის „რელიგიაში“ მოექცეოდა, იოკო ონოს კლასიკური ფორტეპიანოს დაუფლებაც მოუსწრია. ერთხელაც, 1969 წელს, როიალთან იჯდა და ბეთჰოვენის მთვარის სონატის I ნაწილს უკრავდა.
ჯონი იქვე სავარძელში იწვა და  უსმენდა.  შემდეგ კი  ჰკითხა: „შეგიძლია იგივე აკორდები დაუკრა, ოღონდ უკუსვლით?“... ბეთჰოვენის შებრუნებული  ვერსიის  მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებულმა ჯონ ლენონმა მას საკუთარი 
მელოდია მიუსადაგა და  ასე შექმნა ბრიტანული როკ ბენდის,  The Beatles-ის ერთ-ერთი შედევრი -  «Because» ალბომიდან «Abby Road». ჩანაწერში ის ჯორჯ მარტინის, ჯგუფის პროდიუსერის ელექტრო-კლავესინის თანხლებაზე დაფენილ ლენონის, მაკარტნისა და ჰარისონის ხმების დიდებულ ქორალად იქცა და სულაც არ არის აუცილებელი მისი უკუღმა აჟღერება, რომ ბეთჰოვენის მთვარის სონატის გავლენა შევიგრძნოთ.

თუკი ვინმეს პოპ-კულტურის სფეროში ნამდვილად მიუკაკუნა „ბეთჰოვენის ბედისწერის“ თემამ, ეს უეჭველად ამერიკელი მუსიკოსი,  კომპოზიტორი, პიანისტი და  პროდიუსერი, უოლტერ მერფია. მერფის პოპულარობა სწორედ მისმა ინსტრუმენტულმა კომპოზიციამ, დისკოს სტილში ადაპტირებულმა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიამ მოუტანა, რომელსაც მერფიმ სათაურადაც „ბეთჰოვენის მე-5“ შეურჩია. 1976 წელს ეს ტრეკი ჩარტების ლიდერი გახდა, 1977-ში კი ის ფილმის «Saturday Night Fever» საუნდტრეკად გამოიყენეს.
მერფის მუსიკალური ინტერესები თავიდანვე ისეთი როკ-მუსიკის სფეროში იყო კონცენტრირებული, რომელსაც კლასიკური მუსიკის ადაპტირებული ვერსიების
შექმნა ედო საფუძვლად. მაგალითად - «Apollo 100» კომპოზიციით «Joy», რომელიც იოჰან სებასტიან ბახის  «Jesu, Joy Of Man's Desiring»-ის მუსიკას ეფუძნება, ან «The Toys» კომპოზიციით «A Lovers Concerto», ასევე ბახის მოტივებზე. თავად მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარების იდეა 1976 წელს, სარეკლამო დისკო-სიმღერაზე მუშაობის დროს მოუვიდა და გადაწყვიტა, რომ „კლასიკური მუსიკის განახლების“ გზით წასულიყო, რასაც მისივე თქმით, უკვე აღარავინ აკეთებდა. სწორედ ასე გაჩნდა მისი «A Fifth of Beethoven» უკვე აღნიშნულ, ცნობილ, ბეთჰოვენის ოთხბგერიან  მოტივზე.

სანამ ჰარდ-როკის პიონერები გახდებოდნენ, Deep Purple-ის მუსიკოსები მათი „კლავიშნიკის“, ლეგენდარული ჯონ ლორდის დახმარებით, რომელსაც

კლასიკური მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდნენ როკისა და კლასიკური მუსიკის სინთეზის კუთხით. ამ ძიებების აპოგეად იქცა მათი „კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის“, რომელიც 1969 წლის სექტემბერში, Royal Albert Hall-ის სცენაზე ჩაატარეს სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად.

ერთი წლით ადრე, 1968 წელს, ჯგუფმა გამოსცა ალბომი «The Book Of Taliesyn». ეს არის  ფსიქოდელიური, პროგრესული და ჰარდ-როკისა და ჯონ ლორდის მიერ გადამუშავებული კლასიკური მუსიკის რამდენიმე ნიმუშის ორიგინალურ სინთეზზე აგებული ალბომი, რომლის ერთ-ერთი ტრეკია 12 წუთიანი, ორნაწილიანი კომპოზიცია «Exposition/We Can Work It Out». ტრეკის მეორე ნაწილი The Beatles-ის ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსიაა, ხოლო მისი „ექსპოზიცია“, ჯონ ლოდრის მიერ არანჟირებულ ბეთჰოვენის მე-7 სიფონიის II ნაწილისა და ჩაიკოვსკის უვერტიურა-ფანტაზიის „რომეო და ჯულიეტას“ ფრაგმენტებს წარმოადგენს.

«Piano Man»-ის სახელით ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს, მომღერალსა და კომპოზიტორს, ბილი ჯოელს, ტყუილად არ მიუღია ეს მეტსახელი. მის მიერ შექმნილ  იმავსახელიან ჰიტში  აირეკლება ბავშობაში, დედის დაჟინებული მოთხოვნით მიღებული მუსიკალური განათლება კლასიკური ფორტეპიანოს განხრით. სანამ მომღერალი გახდებოდა საარსებო მატერიალურ რესურსებს ბილი სწორედ ფორტეპიანოზე დაკვრით გამოიმუშავებდა.

კლასიკურ რეპერტუარს მომავალში,  თავის პროფესიულ მოღვაწეობაში                    
აღარ დაბრუნებია, მაგრამ მისი გავლენა აშკარად იგრძნობა ბილის კომპოზიციებში.  განსაკუთრებით ხელშესახებია ეს გავლენა ბილის სიმღერაში «This Night» 1983 წელს შექმნილი ალბომიდან «Innocent Man». ამ კომპოზიციის მისამღერი უშუალოდ ეფუძნება ბეთჰოვენის პათეტიკური, მე-8 სონატის II ნაწილის, Adagio cantabiles მელოდიასა და ჰარმონიას. ბილი ჯოელმა სონატის ჰარმონიული საფუძველი  როკ ინსტრუმენტების შესრულებით  ააჟღერა, მელოდია კი ვოკალის პარტიას დააკისრა.
სხვათა შორის, სხვა პოპ-არტისტებისაგან განსხვავებით, ბილიმ არ დაუკარგა დიდ გერმანელ კომპოზიტორს მისი დამსახურება და ალბომის აღწერაში ბეთჰოვენი თანაავტორადაც კი მიუთითა.

ფრიდრიხ შილერის ტექსტზე დაწერილი „სიხარულის ოდა“ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალიდან ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გახდა შთაგონების წყარო არაერთი კომპოზიტორისთვის. მომდევნო წლებში ის არაერთი პოლიტიკური მოველნის მუსიკალურ ფონად იქცა. 1972 წელს ეს მუსიკა ევროსაბჭოს, მოგვიანებით  - ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნად აირჩიეს. ჩილეში პინოჩეტის რეჟიმის წლებში „ოდას“აქტივისტები ასრულებდნენ  არასამთავრობო დემონსტრაციებზე. 1989 წელს ლეონარდ ბერსნტაინი დირიჟორობდა მე-9 სიმფონიას ახლად დანგრეული ბერლინის კედლის ადგილას, თანაც სიტყვა «Freude» შეცვალა სიტყვით «Freiheit» , რითაც „სიხარულის ოდა“ აქცია „თავისუფლების ოდად“.  „ოდამ“ გაიჟღერა ლუვრის წინ მოედანზე, ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის დასასრულს, 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ა.შ…

პოპ-კულტურაში ცნობილი „ოდის“ სრულიად აპოლიტიზირებულ ვერსიას შეგვიძლია შევხვდეთ არგენტინელი კომპოზიტორის, ვალდო დე ლოს რიოსის მიერ გადამუშავებულ სიმღერაში «Song of Joy», რომელიც ესპანელმა მომღერალმა, მიგელ რიოსმა შეასრულა.

კიდევ ერთი საინტერესო ნიმუშია ამერიკული ინდი-როკ ჯგუფის, «Bright Eyes» სიმღერა - «Road To Joy», რომელიც სრულიად განსხვავებულ კონტექსტში ათავსებს „ოდას“ და სიხარულის განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს.


დასასრულს, მოდით ისევ დასაწყისს დავუბრუდეთ.

1770 წელს ვენაში გენიოსი დაიბადა...

2020 წელი - მუსიკალური სამყარო მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის - შთაგონების უშრეტი წყაროს დაბადებიდან 250 წლის იუბილეს. კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა ია-ვარდებით ნამდვილად არ ყოფილა მოფენილი. ზემოთ აღნიშნულ მე-9 სიმფონიას „სიხარულის ოდით“ ფინალში  ბეთჰოვენი მუსიკოსისათვის ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი დიაგნოზით - სმენის სრული დაკარგვით წერდა.  ის შეეგუა სიყრუის  უკურნებელ სენს, მაგრამ ცნობილია, რომ ექიმებისაგან ამ  განაჩენის პირველად მოსმენის შემდეგ სიცოცხლე კინაღამ თვითმკვლელობით დაასრულა: „მხოლოდ ხელოვნებას უნდა ვუმადლოდე, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დავასრულე“.  ამავდროულად, მასვე ეკუთვნის სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ ასახავენ მის მებრძოლ სულს და მტკიცე ხასიათს: „როგორ მინდა ყელში ვწვდე ბედისწერას. ის ვერ შეძლებს ჩემს საბოლოოდ განადგურებას. რა საოცარია ათასი ცხოვრების გატარება!“

და მან ეს შეძლო! 250 წლის შემდეგაც შეინარჩუნა სიცოცხლე - თანაც როგორი! იმაზე გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე, ალბათ, თავად წარმოედგინა.

___________________

წყაროები:

https://www.allmusic.com/song/t3692254

https://www.rollingstone.com/music/lists/the-500-greatest-songs-of-all-time-20110407/chuck-berry-roll-over-beethoven-19691231

https://en.wikipedia.org/wiki/Symphony_No._5_(Beethoven)#Cover_versions_and_other_uses_in_popular_culture

https://www.belcanto.ru/s_beethoven_5.html

https://americansongwriter.com/todays-beatles-the-final-beatles-song-because/

http://www.beatlesebooks.com/because

https://www.stereogum.com/2058284/the-number-ones-walter-murphy-the-big-apple-bands-a-fifth-of-beethoven/columns/the-number-ones/

https://www.whosampled.com/sample/47126/Deep-Purple-ExpositionWe-Can-Work-It-Out-Ludwig-Van-Beethoven-Symphony-No.-7/

https://en.wikipedia.org/wiki/The_Book_of_Taliesyn

https://www.classicfm.com/composers/beethoven/billy-joel-beethoven-pathetique/

https://www.bbc.com/russian/features-55281843

 

 

 

 

 

Comments

Post a Comment