ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი,
მე-2 კურსელი კომპოზიტორი
ირაკლი არეშიძე
მკითხველს, ალბათ, მოეხსენება ჩვენი ბლოგისა და მისი სახელწოდების წარმოშობის შესახებ. ის გასული საუკუნის 90-იან წლებში დაარსებული OPUS 1-ის იდეების გამგრძელებელია.
OPUS 2 - ამ ორიგინალურმა და ბევრისმთქმელმა სახელწოდებამ გამახსენა ჩემი ერთ-ერთი „აღმოჩენა-დამთხვევა“. ადრე ვყოყმანობდი, მაგრამ ახლა აუცილებლად მიმაჩნია, ამ მინიატურის დაწერა, ვინაიდან, უკვე საკმაო ხანია იგი ტრიალებს ჩემს გონებაში. ე.წ. „აღმოჩენა“ ეხება Opus 1-ისა და Opus 2-ის ურთიერთმიმართებას ისეთი კომპოზიტორების შემოქმედების მაგალითზე, როგორებიც არიან: ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი და ბრამსი.
ბეთჰოვენის I Opus – 3 საფორტეპიანო ტრიოა. ის საინტერესოა მკვლევრებისთვის. სამივე არაჩვეულებრივი ნაწარმოები ჰაიდნისა და მოცარტის ზეგავლენითაა შექმნილი, რაც ცხადია, ნაკლად არ უნდა ჩავუთვალოთ ახალგაზრდა კომპოზიტორს, ვინაიდან ზეგავლენის მომენტი, გარდაუვალია შემოქმედების ადრეულ ეტაპზე. II Opus – 3 საფორტეპიანო სონატაა, ასევე გენიოსი კოლეგების ზეგავლენით შექმნილი. მაშ, რა იპყრობს ჩემს ყურადღებას? მოსმენისას, რა თქმა უნდა, ვიცი რომ ორივე თხზულება ბეთჰოვენს ეკუთვნის, მაგრამ ზუსტად საფორტეპიანო სონატებში (ანუ II Opus-ში) მესმის, იმ ბეთჰოვენის ინტონაციები, ჰარმონია და დამუშავების პრინციპები, რომელიც შემდეგ ბევრ ჩვენთვის ნაცნობ შედევრს შექმნის. ასევე დამთხვევაა, რომ მეორე ოპუსში თავმოყრილია საფორტეპიანო სონატები - ანუ კომპოზიტორის შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ჟანრი.
ცხადია, როცა ოპუსთა დანომვრის ქრონოლოგიას ვეხებით, ის არა დაწერის არამედ გამოცემის თარიღს ემთხვევა. ყოველ შემთხვევაში, ეს დაცულია მოყვანილი კომპოზიტორების შემთხვევაში. კიდევ ერთს დავამატებ, ჩემს წარმოდგენაში, Opus 1 კომპოზიტორის ერთგვარი პირველი ნაბიჯებია მუსიკალურ სამყაროში, ვინაიდან პროფესია მოიაზრებს ამას. „პირველი ნაბიჯი“, ის აუცილებელი პრაქტიკაა, რასაც ემყარება „მეორე ნაბიჯი“ - საიდანაც, ხშირად, იწყება კომპოზიტორის ნამდვილი იდეების დეკლარირება. გენიოსებს, ხშირად მეტი „პრაქტიკა“ აღარ სჭირდებათ.
მსგავსი მოვლენა გვხვდება შოპენთანაც. I Opus - ვირტუოზული რონდოა ფორტეპიანოსთვის, რომელიც შექმნილია იმდროინდელი სალონური სტილით. II Opus - ვარიაციები მოცარტის „Là ci darem la mano“-ს თემაზე. შუმანის მოსაზრებით (ვკითხულობთ კლარა ვიკისადმი მიწერილ წერილში) ამ ორ ნაწარმოებს 2 წელი და 11 ნაწარმოები აშორებს, ამ 13-ს შორის კი საუკეთესო ეს ორია. აღსანიშნია, რომ ამავე წერილში, ავტორი რონდოს „ძალიან ლამაზს, პიკანტურსა და მოშელესეულს“ უწოდებს. რაც შეეხება II Opus-ს, ზუსტად მისი მოსმენის შემდეგ თქვა შუმანმა შოპენზე: „ქუდები მოიხადეთ ბატონებო, თქვენს წინაშე გენიოსია!“. მეც, მოკრძალებულად ვეთანხმები შუმანს და დავძენ, რომ უფრო მეტად ისევ ამ მეორე ნაწარმოებში მესმის ის მელოდისტი და გულღია შოპენი, რომელმაც შემდგომში მრავალი თაობა მოხიბლა პრელუდიებით, ნოქტიურნებით, ეტიუდებით, სონატებით, ფანტაზიებითა და კიდევ მრავალი ქმნილებით.
ამ ტრადიციის გაგრძელების ხაზი, ჩვენ შეგვიძლია შუმანისვე მაგალითზე ვნახოთ. მისი I თხზულებაა აბეგის ვარიაციები, სალონური ნაწარმოები, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ვარიაციაში კომპოზიტორის მკაფიო ინდივიდუალობა ვლინდება (ყურადღებას უფრო ვამახვილებ ფაქტურაზე), მაინც ისევ მეორე თხზულებაში (“პეპლები” - „Papilons”) უფრო აღმოვაჩენ შუმანის სტილისტურ ნიშნებს, რომელშიც გარდა ფაქტურისა, ინტონაციებისა და ჰარმონიის სფეროს ვგულისხმობ.
ბოლოს ვისაუბრებ, ბეთჰოვენის უდიდესი თაყვანისმცელზე იოჰანეს ბრამსზე. ჩემი მოსაზრებით, I სონატა (Opus 1) ისეთივე ბეთჰოვენის XXXIII სონატაა, როგორც ხალხმა, რომ უწოდა X სიმფონია, მის I სიმფონიას. ამ სონატას, როგორც მის მთლიან შემოქმედებას, წითელ ზოლად გასდევს კლასიცისტური მუსიკის პრინციპები. აი, მეორეზე სონატაზე, რომლიც Opus 2-ია, იგივეს ვერ ვიტყვი. აქაც, რა თქმა უნდა, შეინიშნება სიახლოვე I სონატასთან, მაგრამ მეორეში მე ვხვდები, რომელი ეპოქის შვილია ბრამსი. მე აქ, მკაფიოდ ვხედავ იმ ბრამსს, ვინც მოგვიანებით ქმნის საფორტეპიანო კონცერტებს, რაფსოდიებს, ინტერმეცოებსა და ვარიაციებს.
რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებში მკითხველი შეიძლება დამეთანხმოს, ან არ დამეთანხმოს, საერთოდაც, ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან ხელოვნურადაც მოგვეჩვენოს, ამიტომაც ვუწოდებ „დამთხვევას“. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ, ბოლო-ბოლო რატომ გავამხილე ეს „აღმოჩენა“?
Opus 1, 90-იანების საქართველოში სახელოვნებო სფეროს სტუდენტების მაღალი შემოქმედებითი აქტივობის მიმანიშნებელი იყო. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იქამდეც ტარდებოდა კონსერვატორიაში სტუდენტური კონფერენციები და შემდეგშიც Opus 1-სა და 2-ს შორის პერიოდში. Opus 1-ის სახით სტუდენტებმა სცადეს, სწავლის დროსვე „დამოუკიდებლობის მოპოვება“ და თუმცა საკმაო ხანს გასტანა ამან, ეს არ იყო ის ფორმა, რომელიც იმ ვითარებაში და იმ ქვეყანაში დიდხანს იცოცხლებდა.
Opus 2-ით ჩვენ, სტუდენტებმა, ბოლო დროის თითქმის დაუსწრებელი სტუდენტური კონფერენციების გამოცდილებით, მოვძებნეთ დღევანდელი დღისთვის, ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული რეალობისთვის შესაბამისი თვიმყოფადი სტილი. თუნდაც რად ღირს ის, რომ საშიშროება აღარ იქნება, Opus-ის დახურვის, ვინაიდან ესაა ონლაინ საქმიანობა და არ სჭირდება არანაირი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა ხალხში, მოხდება იმ თანამედროვე, მინიმალური, საინტერესო და საჭირო ცნობების მუსიკოსებისთვის თუ არა მუსიკოსებისთვის მიწოდება, რაც სულიერებას და მორალს უფრო აამაღლებს. ისეთივე გრძელ „ცხოვრებას“ და წარმატებას ვუსურვებ, Opus 2-ს, როგორიც ზემოთხსენებულ კომპოზიტორებს ჰქონდათ. დაე, სხვა ჟანრებშიც და ფორმებშიც შექმნილიყოს ოპუსები სტუდენტთა მიერ, თანაც ისეთი, რომ საუკუნოდ გაეძლოს.
მართლა გასაოცარი თაობა მოდიხართ, ყურადღებით ვეცნობი თქვენს სტატიებს, თამამებიც, ნიჭიერიც და რაც მთავარია, თქვენი გულწრფელობისთვის მადლობა
ReplyDeleteყოჩაღ, ირაკლი, უამრავ წარმატებას გისურვებ!
ReplyDelete