2020 ანუ COVID-მა რა ჰქმნა

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-4 კურსის სტუდენტი
მარიამ ჭეიშვილი

    ჩვენ, ადამიანებს, ძალიან გვიყვარს  სიმბოლური რიცხვები, ზოგს სჯერა რომ თუ სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუხდება. ზოგი ისტორიულ თარღს უბრალოდ  საკუთარი დღიურის ფურცელზე წარწერით აღნიშნავს, ზოგი უფრო მასშტაბურად
უდგება ამ საკითხს. სიმბოლიკით ჩვენი ამ გატაცებიდან გამომდინარე  2020-ს დიდი იმედებით ველოდით, ზოგი  ამის მოლოდინით „საუკეთესო წელსაც“ კი უწოდებდა.

ჯერ კიდევ ათწლეულების წინ  მეცნიერებმა, ხელოვანებმა, პოლიტიკოსებმა და ა.შ. გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები იმის შესახებ

თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო 2020 წელი. უამრავი მოსაზრების ამოკითხვა შეიძლება ამის შესახებ, მაგალითად მათემატიკოსმა და მეცნიერმა, დონალდ ჯორჯ ბრენანმა, ჯერ კიდევ 1968 წელს დაწერა : „ჩემთვის სიურპრიზი არ იქნება თუ ჩემს 92-ე დაბადების დღეზე ანტიგრავიტაციული მანქანით შევძლებ გასეირნებას“. 1996  წელს ჰემიშ მაკრეიმ წიგნიც კი მიუძღვნა - „The World in 2020: Power, Culture and Prosperity“.

ზოგი ვარაუდობდა და თითქმის დარწმუნებულებიც იყო, რომ 2020 წლისთვის ადამიანი მარსზე დადგამდა ფეხს. სხვათა შორის  მარსისთვის მსოფლიო უკვე არჩევდა  კიდეც ხილ-ბოსტნეულს, მარცვლეულს და  დედამიწის სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ქართველებიც. „ვაშინგტონ პოსტმა“ სტატიაც კი დაწერა სათაურით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? მეცნიერები საქართველოდან სრულყოფილ მარსიანურ ყურძენზე ნადირობენ“. მოკლედ, მარსზე ვაზის გაშენებასაც კი არ გამოვრიცხავდით „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?“

        2020-ში გეგმები ცოტა შეგვეცვალა.

სინამდვილეში როგორ დაიწყო გასული წელი? პირადად მე 2020 „ოფლაინ“ კონცერტებითა და სპექტაკლებით დავიწყე, ხალხით გადაჭედილი დარბაზებით, ახლა უკვე სანუკვარ ოცნებაში რომ ვინატრებთ -  კონცერტს მსმენელით, დისტანციისა და პირბადეების გარეშე.

თურმე, სწორედ ამ დროს, ჩინეთიდან  ახალი კორონა ვირუსი, COVID 19 გვესალმებოდა და სამყაროსათვის თავის გაცნობას აპირებდა, აპირებდა და მოახერხა კიდეც. სანაქებო და სანატრელი „ოცი ოცი“ „კოვიდის წლად“  გადაიქცა და კოვიდის ერას დაუდო სათავე.  გაისმა შემაძრწუნებელი სიტყვები, რომელიც მთელი ვირთხის წლის განმავლობაში დაგვებედა და მისი გაგონებასას ყველა ხელოვანს განსაკუთრებით უსიამოვნო განცდა გაგვიჩინა:  „გაუქმებულია“; This Event Has Been CANCELED”

სხვა რა გზა იყო, დავრჩით სახლში.  ჯერ 1-2 კვირა. მერე  კიდევ 1-2 კვირა. კიდევ და კიდევ 1-2 კვირა და ასე ვართ დღემდე...

სახლში დარჩენა და ვირუსისგან თავდაცვა კარგია, მაგრამ განათლების საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს. ასე გამალებით სწორედ აქ შემოიჭრა ჩვენს


ყოფაში სიტყვა „ონლაინ“, „ონლაინ სწავლება“, რაც დღემდე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება. ამ მხრივ, ყველაზე უფრო მტკივნეულია მუსიკალური განათლების საკითხი, განსაკუთრებით საშემსრულებლო სპეციალობით -  სრულფასოვანი გაკვეთილი სანატრელი გახდა. ერთია, როცა საქმე ზოგად განათლებას ეხება და ქართულს, ისტორიას ან სხვა თეორიულ საგნებს ვსწავლობთ ონლაინ, მეორე, როდესაც საქმე ეხება მუსიკის ონლაინ სწავლებას.  მუსიკის ონლაინ გაკვეთილები რა შედეგსაც იძლევა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.

თუ 2020 წელი კონცერტებითა და გადაჭედილი დარბაზებით დავიწყეთ, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში  სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რაც ხელოვნების კვდომას წინასწარმეტყველებდა, გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოგვეძებნა და ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა „ონლაინ კონცერტი“, „ონლაინ სპექტაკლი“ და ა.შ.

 პირველად რაც ვნახე, აბსოლუტური გაურკვევლობა და პირადად ჩემთვის დიდი ტრამვაც კი იყო, თითქოს ერთ დიდ კოშმარში გამეღვიძა, ეს იყო: ორკესტრი Zoom-ში, ორკესტრანტები ცალ-ცალკე „ფანჯრებში“, დირიჟორისთვის კი ადგილი ცენტრში იყო მიჩენილი.

რას ვიზამთ, ადამიანი ყველაფერს ეგუება, უფრო სწორად, უწევს შეგუება.

ზუმის ფაჯრებიდან უკეთეს გამოსავალს მივადექით, რომელიც თავისი არსით ნონსენსია -  ონლაინ კონცერტები და სპექტაკლები მსმენელისა და მაყურებლის  გარეშე  ცარიელ დარბაზებში  -  „კონცერტი“ ხომ საჯარო შესრულებას გულისხმობს.
შეიძლება ითქვას, ხელოვნური სუნთქვით ვაცოცხლებთ მუსიკას,  გადაჭედილი დარბაზებიდან აქამდე მოვედით:

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და კორონა წასვლას არ აპირებდა, უფრო მეტიც, მთელი მსოფლიო შემოიარა. როგორც ჩანს კარგი გემოვნებაც ჰქონია და იტალიაში საკმაოდ დიდი დრო დაჰყო, მთელი არსებით შეიცნო იტალია და იტალიელი ხალხი.  გაიგო თუ არა ჩვენი სტუმართმოყვარეობის შესახებ, საქართველოსაც ესტუმრა, თავიდან ცოტა გაუჭირდა ჩვენთან დაახლოვება, წასვლასაც კი აპირებდა მაგრამ უეცრად ძალიან შევუყვარდით.

 ამასობაში 2020-ც  დასრულდა, კორონა ვირუსმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ყოველთვის შეგვიძლია ვიპოვოთ გზა, შესაძლოა არც თუ საუკეთესო, მაგრამ მაინც გზა. . . . როგორც აღმოჩნდა, ეს გზა შეიძლება ონლაინაც იყოს, facebook live-ების, Zoom-ისა და Google Meet-ის გავლით. ახლა გვირაბის ბოლოს სინათლის სხივიც ჩანს -  ვირთხის წელი  დასრულდა!  ფუტუროლოგებს და ასტროლოგებს თუ ვენდობით, პოზიტიურ პროგნოზს გვპირდებიან ახალ წელს.

მომავლის იმედით, ბედნიერ  2021-ს გისურვებთ მეგობრებო! 😊

Comments

  1. პოზიტიური და იმედიანი პოსტია <3 მინდა ვენდო ფუტუროლოგებს და ასტროლოგებს)))

    ReplyDelete

Post a Comment