ნანატრი კონცერტი

რეცენზიის ავტორი:
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-2 კურსის სტუდენტი
ირაკლი არეშიძე

 გაუმარჯოს სიყვარულს!
იმ სიყვარულს მუსიკისადმი და ერთმანეთისადმი, რომელმაც გვაჩუქა 2021 წლის 13 მარტის, სტუდენტური ორკესტრის კონცერტი. ვერაფრით
 ვმალავ აღტაცებას!

 Covid-19-მა ბევრი თავსატეხი გაუჩინა მსოფლიოს, მათ შორის კულტურის სფეროს.  გამონაკლისი არც ჩვენი მშობლიური კონსერვატორია ყოფილა. აი, 1 წელზე მეტი გადის, რაც ონლაინ მიმდინარეობს სწავლება. ზოგიერთი თავიდანვე შეეგუა ამ ამბავს, ზოგს მეტად გაუჭირდა, ზოგს ნაკლებად. თუმცა ორი აზრი არაა, რომ ცოცხლად ურთიერთობა გვირჩევნია! იყვნენ სტუდენტები, რომელთა ონლაინ დისკომფორტს ემატებოდა საკრავის, ინტერნეტის, გარემოს არ ქონა. და მაინც, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრ ჩვენს (და არამარტო ჩვენს) სტუდენტს მოემატა მოტივაცია. ბევრმა თეორიული საგნების ფასიც გაიგო, ბევრიც უფრო ჩაუღრმავდა თავის სპეციალობას. ვისწავლეთ იმის დაფასებაც, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო მანამდე და  რასაც  არ ვაფასებდით.

 მოტივაციამ, სიყვარულმა და საქმისადამი ერთგულებამ, ერთი წლის მანძილზე დააგროვა ის დიდი და ძლიერი ენერგეტიკული მასა, რომელიც  მიემართება ჩვენი საკონცერტო ცხოვრების აღდგენისაკენ.  ეს უდაოდ იგრძნობა  კონცერტის ორგანიზატორების საქმიანობაში,  მსმენელ-გულშემატკივრების დამოკიდებულებაში (თუნდაც, კომენტარების სახით) და უპირველესად, ინსტრუმენტალისტებისა და დირიჟორის შესრულებაში.  აშკარად ჩანდა ნამუშევარი და კიდევ ის ენერგეტიკული  მუხტი, რომელმაც კონცერტი ასე მიმზიდველი გახადა  და  ჩანაწერის რამდენიმეჯერ მოსმენის სურვილი  გამიჩინა.

ჩვენმა მეგობრებმა რთულ პირობებში იმუშავეს. პარტიების ცალ-ცალკე ჩაბარება, 7 ჯგუფური და 4 ერთობლივი მეცადინეობა, ეს ის საქმიანობაა, რომელიც თითოეული მონაწილის დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს და წინ უსწრებდა კონცერტს. პირველ ეტაპზე, ცალ-ცალკე და ჯგუფურად პარტიებს ტუტორები იბარებდნენ: დავით ჯიშკარიანი (ასოცირებული პროფესორი); თამარ ბულია (ასოცირებული პროფესორი); ირაკლი ევსტაფიშვილი (ასისტენტ პროფესორი); ლევან ჯაგაევი (მოწვეული მასწავლებელი) და მათთან ერთად „სადარაჯოზე“ იყვნენ   თეონა ბუაძე (საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი) და ლია ნაცვლიშვილი (ორკესტრის მენეჯერი). ბოლოს, 4 გაერთიანებული რეპეტიციის ფარგლებში, პროგრამა, კონსერვატორიის პროფესორმა და ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა - ზაზა აზმაიფარაშვილმა გადაიბარა და  შესანიშნავად შეკრა. აუცილებლად აღსანიშნია მოწვეული შემსრულებლებიც: „ნიჭიერთა ათწლედის“ ორი ვიოლონჩელისტი - გიორგი ნადარეიშვილი და გიორგი გურგენიძე; კონსერვატორიის ყოფილი სტუდენტი, ასევე ვიოლონჩელისტი - თორნიკე გეწაძე და მოწვეული პედაგოგი, კონტრაბასისტი - მიხეილ ქართველიშვილი.

კონცერტი კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულების 100 (სინამდვილეში კი 101) წლისთავს ეძღვნებოდა. სამწუხაროდ, რეალური თარიღის აღნიშვნა ვერ მოხდა წინა სემესტრში  ლოქდაუნის გამო, ზუსტად 1 დღე დააკლდა ორკესტრს, რათა კონცერტი ჩაეტარებინა. ვფიქრობ, კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის არსებობის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის (მათ შორის, 1978 წელს მოპოვებული გამარჯვება კარაიანის კონკურსზე,  2003 წელს ბონის ბეთჰოვენის საერთაშორისო ფესტივალში წარმატებით მონაწილეობა), ეს კონცერტი ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, ვინაიდან ასე შეუპოვრად საკონცერტო პროექტის განხორციელების გზაზე არსებული წინააღმდეგობები მას დიდი ხანია, შეიძლება არც არასდროს გადაულახავს.

კონცერტის პროგრამა 2 სიმბოლური ნაწარმოებისგან შესდგებოდა: 1. რიჰარდ ვაგნერი – სიმფონიური პოემა „ზიგფრიდის იდილია“ კამერული ორკესტრისათვის, WWV 103; 2. იან სიბელიუსი – „Valse Triste“ („სევდიანი ვალსი“) მუსიკიდან ა. იარნეფელტის დრამისთვის „კუოლემა“(სიკვდილი), თხზ.44.

    ვაგნერმა პოემა მიეძღვნა მეუღლეს, კოზიმას, შვილის, ზიგფრიდის დაბადების აღსანიშნად. ეს აკადემიური მუსიკის „დაბადების დღის სიმღერა“ (“Happy birthday”), არაჩვეულებრივი არჩევანი იყო, საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულების მისალოცად. ი. სიბელიუსის „სევდიანი ვალსი“, ვფიქრობ, სიმბოლურად შეესატყვისება შემსრულებლებისა და მსმენელის შინაგან მდგომარეობას. კონცერტის მოსმენა ჩვენში ბადებს ნოსტალგიას, სიხარულს, აღტაცებას, სევდას, ყველა იმ გრძნობას, რომლითაც გაჯერებულია ცალკეული ეპიზოდები „ვალსისა“. პროგრამის ეფექტურობას, გარდა სიმბოლურობისა, ხელს უწყობს ორკესტრის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაკეთებული არჩევანი და ემოციური  აპლიტუდა, რაც აუცილებელი იყო კონცერტის წარმატებისთვის.

ვფიქრობ, იმ ადამიანისთვის, რომელიც რეცენზიას წერს, ლოზუნგი უნდა იყოს- „მოყვარეს პირში უძრახე“; ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იდეალური შესრულება შესაძლოა სულაც არ იყო, იყო მცირე პრობლემური მომენტებიც, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ, დადებითი ემოციები მძალავს,  ამასთანავე ვერ ვმალავ ჩემს სიმპათიას სიმებიან-ხემიანთა ჯგუფისადმი.

საბოლოო ჯამში ეს იყო ემოციებით დატვირთული, არაჩვეულებრივი კონცერტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ კონცერტს მეგობრებო! დაე თქვენი საქმის სიყვარული ნუ მოგეშალოთ! გავიმეორებ, ამ სიყვარულმა გვაჩუქა ეს კონცერტი და ეს სიყვარული შეგვახვედრებს მალე!

 


 

 

 

Comments

Post a Comment