და იქმნა ნათელი . . .

ავტორი: მე-4 კურსელი მუსიკოლოგი
მარიამ ჭეიშვილი

დიდი პანდემიური სიბნელისა და სიჩუმის  შემდეგ, ქართული მუსიკალური კულტურაც ნელ-ნელა იწყებს გამოცოცხლებას.

 2 აპრილს,  ფონდ „თბილი-სის“ ინიციატივით, პირველი არხი-”სცენის”, თბილისის მერიისა და ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდაჭერით  ჩატარდა თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის
ფესტივალი „უვერტიურა“ .

ფესტივალში მონაწილეობდნენ დათო ევგენიძე, დათუნა ალადაშვილი, ირინე შერაზადაშვილი, სანდრო ნებიერიძე, გიორგი გიგაშვილი, ლიზა რამიშვილი, ცოტნე ზედგინიძე, თორნიკე მიზანდარი, კოკი მახარაძე, ნიკოლოზ შენგელია, გაგი სიხარულაშვილი, შმაგი სიხარულაშვილი,

  გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ტრიო „შავნაბადა“,  The Georgian Six, სიმებიან, დასარტყამ და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებლები, ინსტრუმენტული ანსამბლები, მცირე სიმფონიური ორკესტრი, რომლებმაც ლევან ჯაგაევის დირიჟორობით შეასრულეს კომპოზიტორების: დათო ევგენიძის, მიშა მდინარაძის, ნიკოლოზ შენგელიას, ზაზა მარჯანიშვილის, ნუკრი აბაშიძის, ცოტნე ზედგინიძის, სანდრო ნებიერიძის, არჩილ გიორგობიანის, ირაკლი არეშიძის, გაგი სიხარულაშვილის, კოკი მახარაძის, ლევან ქუქჩიშვილის, თორნიკე მიზანდარის და გოგა შავერზაშვილის ნაწარმოებები.

 როგორც ფესტივალის იდეის ავტორი, დათო ევგენიძე ამბობს „უვერტიურას“ დასახელება შემთხვევით არ შერჩეულა და მას სიმბოლური დატვირთვა აქვს.  „უვერტიურა“ მოიაზრება, როგორც ახალბედა, დამწყები კომპოზიტორებისა და შემსრულებლების შემოქმედებით კარიერის „შესავალი“, „დასაწყისი“.  ფესტივალმა მისცა მათ საშუალება ფართო აუდიტორიის წინაშე აეჟღერებინათ თავიანთი ნაწარმოებები, გაეცოცხლებინათ ისინი მაღალი დონის მუსიკოსების შესრულებით. ალბათ დამეთანხმებით, რომ კომპოზიტორისთვის საკუთარი ნაწარმოების ცოცხლად მოსმენა ყველაზე დიდი ბედნიერებაა და აუცილებლობა მათი  შემოქმედებითი  ზრდისთის.

 და იქმნა ნათელი!

რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ითქვას შემსრულებლების შესახებ.  ზოგადად, კომპოზიტორი - შემსრულებელი - მსმენელი, ეს ტრეადა ერთმანეთისგან განუყოფელი და ურთიერთგანპირობებულია. ნაწარმოების  სიცოცხლისუნარიანობას  დიდწილად სწორედ  შესრულება განაპირობებს, ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლამდე სწორად მიიტანო კომპოზიტორის ჩანაფიქრი, მითუმეტეს მაშინ, როცა პირველ შესრულებასთან გვაქვს საქმე, ხარისხიანმა შესრულებამ შესაძლოა მსმენელში სიმპათია პირველივე ტაქტების მოსმენისთანავე გამოიწვის ან პირიქით, სამუდამოდ  დაასამაროს. სასიხარულოა, რომ ეს ამოცანა კონცერტის შემსრულებლებმა, სხვადასხვა შემადგენლობის კამერულ-ინსტრუმენტულმა და კამერულ-ვოკალურმა ანსამბლებმა,  წარმატებით გადაჭრეს და  ხარისხიანი ინტერპრეტაციით შთაბეჭდილება მოახდინეს მსმენელზე. თითოეული ნაწარმოები, მიუხედავად მომზადებისთვის გამოყოფილი მცირე დროისა,  კარგად იყო  გააზრებული და მოწოდებული. ამით ძალიან დიდი სამსახური გაუწიეს მათ დამწყებ კომპოზიტორებს, რომელთა დიდ ნაწილს საკუთარი ნაწარმოების ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობა  უმეტესად არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპოზიტორმა საკუთარი ნაწარმოები თავად შეასრულა (ცოტნე ზედგინიძე, თორნიკე მიზანდარი, კოკი მახარაძე, სანდრო ნებიერიძე, დათო ევგენიძე, ნიკოლოზ შენგელია, გაგი სიხარულაშვილი)  კომპოზიტორი შემსრულებლის ამპლუაში - პირადად ჩემთვის, ყოველთვის ძალიან საინტერესო მოვლენაა. საინტერესოა ის, თუ როგორია მის მიერ მოწოდებული ნაწარმოების კონცეპცია, ბგერათწარმოქმნის თავისებურება, ფრაზირება, როგორ იაზრებს მას და როგორ გადმოსცემს  სათქმელს საკუთარი ინტერპრეტაციით. 

ფესტივალში მონაწილეობა დამწყებ კომპოზიტორებთან და შემსრულებლებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, გამოცდილი მუსიკოსებიც იღებდნენ, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს თავიანთი სახელი ჩვენს სინამდვილეში. მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა არა მარტო ახალ თხზულებებს, არამედ ბევრისთვის საყვარელ, კარგად ნაცნობ ნაწარმოებებსაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა ავტორთა მუსიკამ მრავალფეროვანი, სტილისტურადაც  მრავალფეროვანი პანორამა გადაგვიშალა, კომპოზიტორებმა შემოგვთვაზეს ტრადიციული და ავანგარდული, ტონალური და ატონალური, ექსპრესიული და  ნატიფი ლირიკით გამსჭვალული, ალეატორული და „ახალი ეკლექტიკით“ აღბეჭდილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებები. ჩემი აზრით, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების შემოქმედების ერთად მოსმენამ დაგვანახა, რომ ნიჭი და გამოცდილება სულაც არ არის ერთმანეთის განმაპირობებელი ფაქტორები, რომ მნიშვნელოვანი და მაღალმხატვრული ნაწარმოებების შექმნა ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს შეუძლია.

 მინდა ყურადღება კიდევ  ერთ ფაქტზე გავამახვილო.  ყოველთვის  მაწუხებდა ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრება, რომ ყველაფერი უცხო აუცილებლად საუცხოოა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანისაგან მსმენია ნიჰილისტური დამოკიდებულება ჩვენი თანადროული ქართული მუსიკის მისამართით, უსამართლო და არაჯანსაღი კრიტიკა ქართველი კომპოზიტორების, შემსრულებლების და ზოგადად, ქართული მუსიკის მიმართ.  ვფიქრობ, ეს ფესტივალი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ მოსაზრების უსაფუძვლობას და იმას, რომ რიგი საკითხები არასწორადაა გააზრებული. პრობლემაა არა ის, რომ ქართველი მუსიკოსები საკმარისად კარგები არ არინ ან არა ის, რომ არ აქვთ უნარი შექმნან მაღალი დონის ნაწარმოებები, არამედ ის, რომ მათი ნაწამრმოებების უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე რჩება,  მათთვის არ არის სცენა და შესაბამისად, ახალი ქართული მუსიკა ფაქტობრივად არ ისმის.

ზოგადად, რა აცოცხლებს მუსიკას? ამ კითხვაზე პასუხად შეიძლება ბევრი მოსაზრება მოვისმინოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი, ალბათ არის ის, რომ თუ მუსიკა არ ჟღერს, თაროზე შემოდებული ნაწარმოებების (ასეთი კი, არა ერთი ან ორი, არამედ უამრავია)  არსებობას მსმენელისთვის აზრი ეკარგება, შესაბამისად მუსიკის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია მის შესრულებაზე. შორს აღარ წავალ. ეს ყველაფერი, პანდემიურ ბნელეთთან ერთად დიდ და ჩუმ უფსკრულს ქმნიდა, მაგრამ საბედნიეროდ იქმნა ნათელი...

როგორც ვიცით,  საქართველოში რეგულარულად იმართება სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები, მათ შორის თანამედროვე მუსიკის ფესტივალი, თუმცა არც ერთ მათგანს ეს მისია - ახალგაზრდა თაობის  ქართული  მუსიკის (საკომპოზიტორო და საშემსრულებლოს) პრეზენტაცია, არ უტვირთია.   სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი ფესტივალი შეემატა ქართულ მუსიკალურ კულტურას, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ აქ აქცენტი მხოლოდ თანამედროვე ქართულ მუსიკაზე კეთდება,  ამ ფესტივალით კიდევ ერთხელ დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ხარისხიან აკადემიურ მუსიკას. და იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი  „უვერტიურა“ ამიერიდან რეგულარულად ჩატარდება და ქართული მუსიკის სასიკეთოდ ტრადიციულ მოვლენად იქცევა. დაე იყოს ნათელი!

ბოლოს კი, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის იდეის ავტორს, ორგანიზატორებს, მონაწილეებს, თითოეულ იმ ადამიანს ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ  დიდებულ საქმეში.



Comments

Post a Comment