რევაზ ლაღიძე და კინომუსიკა: ინტერვიუ ლელა ლაღიძესთან

ავტორი: მაგისტრატურის მე-2 კურსის,
მუსიკის ისტორიის მიმართულების სტუდენტი
ნინი ჯაფარიძე

- ყველა კომპოზიტორს კინომუსიკის წერისადმი თავისი დამოკიდებულება აქვს. ბევრი მათგანისთვის (მაგალითად - სულხან ცინცაძისთვის) ეს ე.წ. შემოქმედებით საექსპერიმენტო ლაბორატორიას წარმოადგენს. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბატონ რეზოს?

- კინომუსიკა თავისთავად ისეთი სფეროა, სადაც ხორციელდება ნიჭის წრთობა, გამოცდილების მიღება. ეს დრამატურგიულად აზროვნების უნარს ზრდის, რადგან შემომქმედს უწევს ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება: გმირების ხასიათში შეღწევა, ფილმის ატმოსფეროს შექმნა და ა.შ... ეს ყოველივე დიდ გამოცდილებას იძლევა და უკვე საექსპერიმენტო მოღვაწეობას გულისხმობს, რაც ნებისნიერ კომპოზიტორს წაადგება. მახსენდება ალფრედ შნიტკეს ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ კინომუსიკაზე მუშაობას დაკარგულ დროდ მიიჩნევს. მას თითქმის იძულებით უწევდა ფილმებისთვის ეწერა ფინანსური შემოსავლის გამო. ამ დროს ეს „დაკარგული დრო“ მსმენელისთვის დიდი საჩუქარი აღმოჩნდა, რადგან გამოაჩინა კომპოზიტორის მრავალმხრივი შესაძლებლობები.
რეზოს შემთხვევაში ეს იყო ჟანრის უკეთ გაცნობის საშუალება, ასევე, სიმფონიურ სფეროში ღრმად ჩაწვდომის შესაძლებლობა. ეს იმის მიუხედავად, რომ სასიმღერო მუსიკალური ქსოვილი დომინირებდა, მით უმეტეს იმ დროის კინოში (არა მხოლოდ რეზოსთან). სინამდვილეში კინომუსიკა სიმფონიური ჟანრის ღრმა ცოდნას მოითხოვს და სწორედ ეს გამოცდილება იყო უმთავრესი დადებითი მოვლენა.

- როგორ მიმდინარეობდა კინომუსიკის წერის პროცესი, გმირების ხასიათების მუსიკალური ძიება?

- მახსოვს, რომ ამ მიზნით საგანგებო შეკრება იმართებოდა ხოლმე ან ჩვენთან, ან შემოქმედებითი გუნდის რომლიმე წევრის სახლში, ან - კინოსტუდიაში. ამას ერქვა ე.წ. „ხუდ.სავეტი“.
სხდებოდნენ რეჟოსორი, სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე...
პირველ ეტაპზე დაუმონტაჟებელ გადაღებულ მასალას უყურებდნენ ხოლმე და ერთად წყვეტდნენ, სად რა არის საჭირო.
რეჟისორი ლანა ღოღობერიძე („ერთი ცის ქვეშ“) იხსენებს, რომ რეზომ რამდენჯერმე დაატრიალებინა გარკვეული სცენები და სახის გამომეტყველება სრულიად შეეცვალა. იგი სერიოზული და ჩაფიქრებული გახდა, როგორსაც მას იშვიათად ნახავდა კაცი. მაშინ ლანამ თქვა, ვგრძნობდიო, რომ იმ მომენტში მასში გარკვეული სახით მუსიკალური თემის ჩანასახი გაჩნდა. ასე დაიწერა მთავარი თემა.

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც მუსიკა კინოსთვის ბოლო მომენტში შეცვლილა, ან სხვა ფილმში „გადაინაცვლა“?

- სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება... იცით, იმდენი ხანია გასული და ისეთი პატარა ვიყავი, რომ სამწუხაროდ ასეთი დეტალები მეხსიერებაში სრული სახით არ დამრჩა. მე-თვითონ მაქვს მასთან უამრავი საკითხი, რაც კითხვის ნიშნად დარჩა, და ახლა რეზო რომ იყოს ჩემ გვერდით, წარმომიდგენია, რამდენ პასუხს მივიღებდი..! მაგრამ ახალგაზრდა რომ ხარ, გგონია, რომ მშობელი მუდმივად იქნება შენ გვერდით და ნებისმიერ დროს შეგეძლება დასვა კითხვა და მიიღო პასუხი... სამწუხაროდ, ასე არ ხდება...

- ესწრებოდა თუ არა გადაღებებს თავად?

- ყოველთვის არა. მაგრამ „შეწყვეტილი სიმღერის“ გადაღების დროს 3 თვე იყო ბრატისლავაში, სადაც მიმდინარეობა გდაღებები და მუშაობის პროცესში უშუალო
მონაწილეობას იღებდა. თვითონ რეზოს ძალიან აღელვებდა ის ეპიზოდი, სადაც მთავარ გმირს სასიკვდილოდ ჭრიან, სიმღერა წყდება და პაუზის შემდეგ მას ვაჟთა გუნდი აგრძელებს ნელ ტემპში. ეს იდეა თვითონ მოიფიქრა. ამ ფილმის  სლოვაკელ რეჟისორს დაუბარებია, რომ მოვკვდებიო, ლაღიძის მუსიკით გამასვენეთო. ასეც მოხდა: ნიკოლოზ სანიშვილს წერილი მოუვიდა ფილმის დირექტორისგან, რომ იმ სლოვაკელი რეჟისორის დაკრძალვაზე „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“ ჟღერდა... აი ასეთი დიდი ძალა აქვს მუსიკას.

- რას ანიჭებს რეზო ლაღიძის მუსიკა ქართულ ფილმებს? რა მნიშვნელობა აქვს მას?

- ზოგადად, მუსიკას უზარმაზარი ძალა აქვს. შიეძლება ორი ადამიანი უბრალოდ იჯდეს და ისეთი მუსიკა ჟღერდეს, რომ მათი ფიქრები, ვნებები, ნებისმიერი სულისკვეთება თვალნათლივ ზედაპირზე ამოიყვანოს. სწორედ ეს არის მუსიკის დანიშნულება. ზოგი კომპოზიტორი ხშირად საპირისპირო, კონტრაპუნქტულ მუსიკას გამოიყენებს, მაგრამ რეზოსთან ძირითადად შემდეგნაირად ხდება: მისი მუსიკა გმირების ემოციებს აღრმავებს და ეხმარება მათი ხასიათების გახსნაში. იგი ნათელს ხდის მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თავისთავად რეზოს მუსიკა ძალიან ემოციურია და ეს ქმნის ფილმების ატმოსფეროს. ხომ ვითომ ხანდახან უბრალოდ ფონია, მაგრამ ის ფონი ისეთი მრავლისმეტყველია, რომ ადამიანის მთელ ისტორიას ჰყვება. ეს ფენომენი, ცხადია, ამ ფილმების ღირებულებას უფრო მაღალ დონეზე სწევს. აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ რეზოს, არამედ არაერთ ქართველ კომპოზიტორს, ვისი წყალობითაც ფილმები შემორჩა კულტურულ მეხსიერებაში.
მინდა გამოვყო ფილმი „ყვავილი თოვლზე“. თვითონ რეზო მაინც და მაინც არ გიჟდებოდა მუსიკაზე, ხუმრობით ამბობდა „აპერეტაჩნი“ მუსიკა დავწერეო, საკმაოდ კრიტიკულ იყო საკუთარი თავის მიმართ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჟანრი - მიუზიკლი - ჩვენთან მანამდე, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ფილმი დატვირთულია მუსიკალური ნომრებით (ორკესტრი, გუნდი, სოლო ნომრები...) ამ მიმართულებით, მიმაჩნია, რომ ახალი სიტყვა ითქვა. ერთმა მუსიკოსმა მითხრა, მამა-თქვენი ქართული კინომუსიკის ჟანრში ნოვატორი არისო და მაგალითად „ყვავილი თოვლზე“ მოიხმო. დავფიქრდი და, მგონი, მართლაც ასეა. 

- როგორ აირიდა თავიდან ბატონმა რეზომ იდეოლოგიური წნეხი?

- სინამდვილეში, ვერც მან აირიდა ბოლომდე. როგორც მაგალითი, მახსენდება მისი
დაწერილი სიმღერა „გვიხმობს სამშობლო“. მაშინ რეზო და პეტრე გრუზინსკი (ტექსტის ავტორი) დაიბარეს და სთხოვეს, რომ გადაეკეთებინათ „გვიხმობს პარტია-ზე“, რაგდან, მათი თქმით, „პარტია“ შესანიშნავად ესადაგებოდა ტექსტს. პეტრემ მიუგო, რომ მას ლექსი სამშობლოზე აქვს დაწერილი და არა პარტიაზე, ამიტომ ეს სიტყვა კარგად არ ჟღერს. მათ კი უპასუხეს: „თქვენთვის თუ არ ჟღერს, ჩვენთვის ზედგამოწერილია“. ამის შემდეგ ეს სიმღერა ათწლეულობით ჟღერდა როგორც „გვიხმობს პარტია“, სანამ კომუნისტური პარტია არ დაიშალა.
იგივე მოხდა კომპოზიციაზე „ჰიმნი დედა ენას“. იქ არის სიტყვები „ვოი, დედა ენა“. გენერალური რეპეტიციის დროს რეზოს შენიშვნა მისცეს, რატომ არის გოდების მქონე შინაარსის ტექსტი ჰიმნში. ცხადია, ჩვენთვის გასაგებია რატომაც - დედა ენას სულ ემუქრებოდა გადაშენება, განადგურება... მაგრამ კრიტიკამ მისი მისამართით მაინც გაიჟღერა. ასე რომ დაზღვევის მეთოდს ზოგჯერ რეზოც მიმართავდა და როგორც შეეძლო, ზოგ შემთხვევაში ლავირებდა.

- რატომ ჰგონიათ ლაღიძის ზოგი სიმღერა ხალხური?
რა არის ამის ამოსავალი წერტილი?

- აქ ბევრი მომენტია. ჯერ ერთი, რეზოს ბავშვობიდან შესისხორცებული ჰქონდა ხალხური სიმღერა და იცოდა მთელი საქართველოს ფოლკლორი, მუდმივად ედო მაგიდაზე ხალხური პოეზიის კრებული. ამიტომ ამ შრეებში წვდომა არ უჭირდა. ბევრი სიმღერა შექმნილი აქვს ხალხურ ლექსებზე, რაც გამოუცდელი მსმენელისთვის ცოტა დამაბნეველია.
რაც შეეხება მუსიკას, მისი ნიჭის ფესვები „ნაკვები“ იყო ქართული ჰარმონიით, ინტონაციით, ამიტომ ეს ბუნებრივად ხდებოდა.
სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია მოხდა ერთ-ერთ სიმღერასთან დაკავშირებით. კერძოდ - „ტყე შეუნახე შვილებსა“. ამ სიმღერის ტექსტი გაზეთში იყო გამოქვეყნებული როგორც ხალხური, და პირველ გამოცემაშიც ასე წერია: „ხალხური“. ხოლო შემდეგ გამოჩნდნენ გარდაცვლილი ვასო აფციაურის ოჯახის წევრები და აღმოჩნდა, რომ ტექსტის ავტორობა მას ეკუთვნის.
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ბევრ ადამიანს მამაჩემის ზოგი სიმღერა ხალხური ჰგონია, ეს მართლაც ასეა. არაერთ გაოცებულ ლოტბარს უთქვამს, საიდან იცისო ამ ადამიანმა ზეპირად მთელი ქვეყნის ყველა კუთხის ფოლკლორიო!..

-  ამის მიუხედავად მისი ინდივიდუალური სტილი ერთ-ერთი ყველაზე ადვილი საცნობია ქართველ კომპოზიტორთა შორის. როგორ უყურებდა კომპოზიტორი კომპილაციის იდეას კინომუსიკაში?

- ნამდვილად ასეა. ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ როდესაც მოისმინეს „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები“, იმწუთასვე რეზო ამოიცნეს. ხოლო საინტერესო ისაა, რომ ეს მელოდია სინამდვილეში გიორგი ჩუბინიშვილის არის. ახლა გიამბობთ, რა მოხდა:
როდესაც მიშა ჭიაურელი იღებდა ფილმს „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, რეზოს უთხრა, ეს მელოდია უნდა ჩავსვათო. თუმცა ავტორის შესახებ არაფერი უთქვამს, და მიაწოდა როგორც ქალაქური ფოლკლორის ნიმუში. ამიტომ პარტიტურაში ჩაწერილია როგორც „ქალაქური რომანსი“. არც რეზომ იცოდა და არც ფილმშია მითითებული ჩუბინიშვილის გვარი. ამის შესახებ რეზომ მოგვიანებით შეიტყო და თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. ამ შესანიშნავ რომანსში რეზომ თავისი ხელწერისთვის დამახსიათბელი შტრიხები შეიტანა, ფინალი დაამატა და გააორკესტრა, რამაც გავლენა იქონია მსმენელის შთაბეჭდილებაზე, თოთქოს მთლიანი სიმღერა მისია. დღეს, ცხადია, გიორგი ჩუბინიშვილის ავტორობის შესახებ ყველასთვის ცნობილია.

- როგორი იყო ანდრია ბალანჩივაძის დამოკიდებულება მისი მოსწავლის კინომუსიკაში აქტიური მოღვაწეობის მიმართ?

- რეზომ კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა სიმფონიური პოემით „დემეტრე
თავდადებული“, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც კომისიის წევრები და, ზოგადად, მუსიკოსები, ბალანჩივაძეც ფიქრობდა, რომ რეზო ამ გზით გააგრძელებდა მოღვაწეობას და სიმფონიურ ხაზს გაჰყვებოდა. თუმცა რეზოს მუსაიკალური აზროვნების ქვაკუთხედი მაინც სიმღერა აღმოჩნდა და მისკენ გადაიხარა. ამის გამო ბატონი ანდრია ხშირად საყვედურობდა. მას გული სწყდებოდა, რომ რეზომ თითქოს „უღალატა“.
ხოლო მოგვიანებით, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ რეზო ოპერაზე მუშაობს! შედეგმა მოლოდინი გაამართლა.

- თქვენი აზრით რამდენად მოქმედებს ლაღიძის კინომუსიკა (და ზოგადად მუსიკა) ქართველი ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე და გენეტიკური კოდის გამყარებაზე?

- უპირველეს-ყოვლისა რეზოს მუსიკა არ არის ვიწრო ეთნიკური ნიშანთვისებების მქონე - ის ზოგადსაკაცობრიო ბუნებისაა, ამიტომ მისი ათვისება ყველას შეუძლია. მისი მუსიკა ასწავლის სიკეთეს, ადამიანის სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს. თითქოს სიყვარული თავისთავად ამოდის ამ ჰანგებიდან. თვითონაც ასეთი იყო - სიყვარულის მაძიებელი და სიკეთის მკეთებელი ადამიანი, მზრუნველი, მოალერსე, ჰუმანური... სწორედ პიროვნული თვისებები აირეკლება მის მუსიკაში და შესაბამისად, სხვა ადამიანებისაც ეხმარება პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. ეს ბევრ თაობას წაადგა და ეხება არა მარტო რეზოს, არამედ სხვა დიდ კომპოზიტორებსაც. არ შეიძლება ბავშვი ასეთ მუსიკაზე გაიზარდოს და ეს უკვალოდ გაქრეს. ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
რეზოს მუსიკას მოაქვს ეროვნული ენერგია, ტემპერამენტი, კაცთმოყვარეობა, სითბო... ვფიქრობ, ახალგაზრდა მსმენელისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების გარდა, ეს მუსიკა უბრალოდ სასარგებლოა.




Comments