ავტორი: კომპოზიცია მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის,
მუსიკის ისტორიის მიმართულების
მე-4 კურსის სტუდენტი
მარიამ ჭეიშვილი
ხელმძღვანელი - პროფესორი, მარინა ქავთარაძე
(მოხსენება მომზადებულია
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-14 სამეცნიეროკონფერენციისთვის-18.05.2021)
პიესა ღალატის, ძარცვის, გლახაკების, ყაჩაღებისა და მეძავეების შესახებ, ერთი შეხედვით, არც ისე მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ სწორედ ეს პიესა იქცა ნამდვილ სენსაციად ჯერ მე-18 საუკუნის ლონდონში, ჯონ გეისა და ქრისტოფ პეპუშის „გლახაკთა ოპერის“, შემდეგ კი მე-20 საუკუნის გერმანიაში, ბერტოლდ ბრეჰტისა და კურტ ვაილის „სამგროშიანი ოპერის“ სახით. ამ “ოპერებისადმი” ინტერესი პრემიერებიდან საუკუნეების შემდგომაც არ განელებულა. საინტერესოა როგორ გადაიქცა მე-18 საუკუნის ლონდონური სიუჟეტი ბრეჰტისა და ვაილის თანამედროვე საზოგადოების მამხილებელ იარაღად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რა არის ის, რაც ბრეჰტ-ვაილისა და გეი-პეპუშის ამ ორ პიესას ორიგინალურ ქმნილებად აქცევს, რა მსგავსება-განსხვავებაა მათ შორის, რაში გამოიხატება მათი დროის გამოძახილი და რატომ უწოდეს ამ პიესებს ავტორებმა „ოპერა“?
თავდაპირველად დავიწყოთ ზოგადი კონცეფციით, რას ემსახურება თითოეული “ოპერა” და რისი თქმა სურდათ ამით ავტორებს. დავიწყოთ ჯონ გეისა და ქრისტოფ პეპუშის „გლახაკთა ოპერით“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების მანკიერების მხილება. როგორც ამას თავად გეიმ უწოდა, ტრაგი-კომი-პასტორალური-ფარსის სახით არის გადმოცემული მე-18 საუკუნის ლონდონის სახე, როცა ძარცვა, კორუფცია, მეძავეობა ლონდონის „ფსკერის“ სოციალური სიდუხჭირის გამოვლინების ჩვეული ფორმა და ცხოვრების წესად იყო ქცეული. „გეი ასახავს ლონდონს, როგორც "გიგანტურ ბედლამს", დანაშაულითა და დაავადებებით სავსეს.“ [1] რაც შეეხება ბრეჰტ-ვაილის „სამგროშიანი ოპერას“ აქ მხილების ობიექტი ბურჟუაზიული საზოგადოებაა, რომელიც კვებავს და დანაშაულებრივ სამყაროს თავისუფლად არსებობის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ორივე დრამატურგის, გეისა და ბრეჰტის ამ პიესებზე მუშაობის ეპოქებს შორის ბევრი საინტერესო დამთხვევაა. როგორც მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ინგლისი, ასევე პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანია მათი მწვავე სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებით, აქტუალური თემა იყო სატირული მწერლობისათვის. ამ მხრივ გეის ლონდონური „გიგანტური ბედლამი“ დიდად არ განსხვავდება ბრეჰტის ბერლინისაგან. ბრეჰტ-ვაილის „სამგროშიანი ოპერაც“ სოციალური სატირაა, რომელიც ილაშქრებს ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რომელიც პასიურ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საზოგადოების სულიერი სიღატაკისა და სოციალურად დაბალი ფენის დეჰუმანიზაციისათვის. [2] სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ფრაზა, ლაკონიურად რომ გამოხატავს პროლეტარულ მსოფლმხედველობას, არის: „მთავარი საჭმელია და შემდეგ კი სისპეტაკე“ [3]. ბრეჰტი არ ქმნის ნიღბებს, პირიქით, მისი ეპიკური თეატრი მიზნად სწორედ ნიღბის, ილუზიის თავიდან აცილებას ისახავს. ყველაფერი რაც შეიძლება ნათლად უნდა დაინახო, კრიტიკული დამოკიდებულებით. დრამატურგი “სამგროშიან ოპერაში” კულტურასა და რელიგიას, ზნეობასა და სოციალურ ვითარებას შორის კონფლიქტის პრობლემას მწვავედ აყენებს.
საინტერესოა რატომ უწოდა ორივე დრამატურგმა პიესას „ოპერა“? წარმოადგენენ თუ არა ისინი „ოპერებს“ ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით? ამ თემაზე საუბარი, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, რომ პიესების მიზანი მხოლოდ სოციალური სატირა არ გახლავთ. გეი-პეპუშის „გლახაკთა ოპერა“, ერთგვარი პროტესტი იყო იტალიელების მიერ ლონდონის საოპერო სცენის ექსპანსიის წინააღმდეგ. ინგლისში 1705 წელს, „არსიონედან“ დაწყებული, იტალიურმა ოპერამ, შეიძლება ითქვას შტურმით აიღო ლონდონის საოპერო სცენა, ინგლისელებისთვის ადგილი ფაქტოვრივად აღარ დარჩა. რაც შეეხება ბრეჰტ-ვაილის „სამგროშიან ოპერას“ არც აქ უნდა ვეძიოთ მხოლოდ ბურჟუაზიული საზოგადოების კრიტიკა. ერთ მხარეს არის ბრეჰტი, რომელიც თავისი თეატრალური პრინციპებით რომანტიკულ ოპერას უპირისპირდება. მეორე მხრივ, არც ვაილი იყო ტრადიციული ოპერისადმი კეთილგანწყობილი და თავის ჩანაწერებში ყოველთვის გამოხატავდა სურვილს შექმნილიყო ახალი ტიპის ოპერა, ახალი ესთეტიკით. ასე, რომ „სამგროშიანი ოპერა“ მიმართულია რომანტიკული ოპერის წინააღმდეგ და სპეციფიკურად პაროდირებს ვაგნერისეულ ოპერას [4]. აქედან გამომდინარე ორივე პიესის სახელწოდებაში სიტყვა „ოპერა“ შემთხვევითი წარმოშობის არ არის და აქ მათი სატირის ობიექტები უნდა დავინახოთ, ერთი მხრივ იტალიური, მეორე მხრივ რომანტიკული ოპერა.
გეისა და პეპუშის „გლახაკთა ოპერა“ ჟანრობრივად ინგლისურ ბალადურ ოპერას წამოადგენს, მკაფიოდ გამოკვეთილი პასტიჩიოს ნიშნებით. ესაა არსით მეორეული ჟანრი, რომლის დრმატურგია უკვე არსებული მუსიკალური მასალის ციტირების პრინციპით იგება, წარმოადგენს პირველადი სიუჟეტის გაგრძელებას ან მის ახალ ვერსიას. „გლახაკთა ოპერასთან“ მიმართებაში ეს საკითხი საინტერესოა „სხვისი“ ტექსტის გამოყენების თვალსაზრისით. მისი დრამატურგია უკვე არსებულ პოპულარულ საოპერო არიებსა და სიმღერებს ემყარება, აქ 69 მანამდე არსებული პოპულარული მელოდიას ვხვდებით, რომელიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ: 1) ძველი ხალხური მელოდიები; 2) მელოდიები, რომლის ავტორის ვინაობა ცნობილია და 3) მელოდიები, რომელთა ავტორების ვინაობა დაკარგულია. აღსანიშნავია, რომ ამ პოპულარული მელოდიების გამოყენებამ დიდწილად განაპიროპა პიესის პოპულარობა.
რაც შეეხება „სამგროშიან ოპერის“ ჟანრის საკითხს, იგი ზონგ-ოპერაა. ბრეჰტ-ვაილი გეი-პეპუშის „გლახაკთა ოპერიდან“ არა მხოლოდ სიუჟეტს სესხულობენ მოდელად, არამედ ჟანრულ მახასიათებლებსაც და „სამგროშიანი ოპერით“ ქმნიამ არსებითად ახალ ჟანრს „ზონგ-ოპერას“, რომლის წინამორბედიც ინგლისური ბალადური ოპერაა. თუ გეისა და პეპუსის „გლახაკთა ოპერაში“ გამოყენებული პოპულარული მელოდიები ბალადური ოპერის გამოძახილია და მათ მიერ უკვე არსებული სიმღერები და მელოდიებია დამუშავებული, ვაილი ამას სულ სხვა დონეზე წყვეტს, იგი იყენებს ბლუზის ჰარმონიებს, რეგტაიმებს, პოპულარული ცეკვის ტემპებს, როგორიცაა ბოსტონური (ნელი ვალსი), ტანგოს და ა.შ. ჯაზისა და ბლუზის ჰარმონიების გამოყენებაში მხოლოდ პოპულარული მუსიკის გამოძახილი არ უნდა ვეძებოთ, მას უფრო დიდი მნიშვნელობაც შეიძლება მივანიჭოთ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბრეჰტი საერთაშორისო სოციალური პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, ეს ფაქტი შეიძლება მივაწეროთ ამერიკელ შავკანიანებზე ზეწოლას და პოლიტიკურ განაცხადადაც შეიძლება გადაიქცეს. გარდა ამისა, პოპულარული მუსიკის გამოყენება, Zeitoper-დანაც მომდინარეობს.[4].
„გლახაკთა ოპერისაგან“
განსხვავებით, რომელიც როგორც აღვნიშნე ინგლისური ბალადური ოპერის დრამატურგიითაა შექმნილი,
„სამგროშიანი ოპერის“ დრამატურგია ბრეჰტისეული ეპიკური თეატრის პრინციპებს ემყარება
და აგებულია სალაპარაკო და სასიმღერო ფორმების თანმიმდევრობაზე. „სამგროშიანი ოპერის“ წარმატება დიდწილად სწორედ
ბრეჰტის ექსპერიმენტულ დრამატურგიულ მეთოდს მიეწერება. ეპიკური თეატრიდან მომდინარეობს
სასიმღერო ნომრების ე.წ. „ზონგების“ გამოყენებაც, რაც მოქმედების ნაკადის შეჩერებას,
„გაუცხოების ეფექტს“ ემსახურება. იმისათვის, რომ აუდიტორია მუდმივად „ფხიზლად“ იყოს
რეალურ სამყაროში და კრიტიკულად განწყობილი. ამას ემსახურება აგრეთვე სხვადასხვა დეკორაციები,
ბანერები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავენ სიმღერის შინაარსს და მოქმედებას.
აღსანიშნავია, რომ ამ „ოპერებში“ განსხვავებულია
კომპოზიტორის როლი. თუ გეი-პეპუშის თანამშრომლობა მხოლოდ რეპეტიციების დაწყების შემდგომ
შედგა და ნომრების დიდი ნაწილი თავად გეის მიერაა დამუშავებული და კომპოზიტორმა პუპუშმა
„გლახაკთა ოპერისთვის“ მხოლოდ უვერტიურა, ციფრირებული ბანი დაწერა რამდენიმე ნომრისათვის. რაც შეეხება კურტ ვაილს,
ბრეჰტის თანამოაზრესა და მის მუდმივ „თანამოკალმეს“, სულ სხვაგვარადაა საქმე, ვაილი-კომპოზიტორი
აქ მთელი სისავსით წარსდგა, მისი მუსიკა რეაგირებაა
მე-20 საუკუნეში მიმდინარე პროცესებსა და მუსიკალურ სფეროში არსებულ ტენდენციებზე.
კურტ
ვაილი ის კომპოზიტორია, რომელმაც “The Ballad of Mackie Messer“ დაწერა, ყველაზე პოპულარული
ნომერი „სამგროშიანი ოპერიდან“, რომელიც ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო. ვაილმა
მუსიკალურად სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ნაწარმოები შექმნა, სწორედ
მუსიკალურ ტექსტთან ორგანული სინთეზით მიიღწევა ის მიზნები, რასაც დრამატურგი და კომპოზიტორი
ისახავენ, პიესა საზოგადოების მამხილებელ იარაღად იქცევა.
ბრეჰტისა და გეის პიესების შედარებით
ანალიზს თუ მივყვებით, ადვილად შევამჩნევთ იმ აშკარა ცვლილებებს და განსხვავებებსაც,
რომლებიც თითოეულს უნიკალობას ანიჭებს. მოუხედავად იმისა, რომ ბრეჰტ-ვაილი „სამგროშიან
ოპერისთვის“ იღებს „გლახაკთა ოპერის“ სიუჟეტს, რა თქმა უნდა არასწორი იქნება თუ „სამგროშიან ოპერას“ გეისა და პეპუშის „ოპერის“
უბრალო ადაპტაციას და „რიმეიქს“ ვუწოდებთ, უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ
ბრეჰტისა და ვაილისათვის „გლახაკთა ოპერა“ ხდება შთაგონების წყარო და მოდელი, რომელიც
მათ თანადროულ რეალობასთან მიმართებაში აზრის გამოსახატად და მიზნის მისაღწევად გამოიყენეს.
აღსანიშნვია, რომ მიუხედავად სიუჟეტისა
და იმ მსგავსებისა, „გლახაკთა ოპერისა“ და „სამგროშიანი ოპერის“ პერსონაჟები ერთმანეთისაგან
განსხვავდება, ეს ბუნებრივიცაა რადგან ორივე პიესას განსხვავებული სამიზნე აქვს. განსხვავდება
მათი ხასიათის, პიროვნული თვისებები და ა.შ. საინტერესოა მაგალითად მთავარი პერსონაჟი
მეკი, რომელიც გეის მეკისგან განსხვავებით უფრო გროტესკული პერსონაჟია, რომელზეც თავად
ბრეჰტი მუთითებს, რომ „ყაჩაღი მეკი მსახიობის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც
ბურჟუაზიული ფენომენი“, აქ ბურჟუაზიული ღირებულებები მოქმედებს, როგორც ნიღაბი, რომელიც
მალავს მთელი კლასის დანაშაულებრივ საქმიანობას. ამ პერონაჟში სოციალურ-ისტორიული გარემოა ასახული. ასევე საინტერესოა
თაიგერ ბრაუნის პერსონაჟი, რომელიც გეისთან ლოკითის სახით ვხვდებით, მისგან გასხვავებით,
ბრაუნი მეკის დიდი ხნის მეგობარია. ისინი თავიანთი
სიმღერით ინდოეთში მსახურების შესხებ გვიყვებიან, აღწერენ საომარ მოქმედებებს და არმიის
ლაშქრობებს, რაც სატირულად წარმოგვიდგენს ბრიტანეთის მიერ სხვა ხალხთა ექსპანსიასა
და ექსპლუატაციას. თუ გეის კრიტიკა აქტუალურია, იმდენად რამდენადაც ეხება ლონდონის
გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, ბრეჰტის კრიტიკა საერთაშორისოა, რევოლუციური, რაც მოიცავს
სოციალურ არეულობათა უფრო ფართო სპექტრს. [5]
“ოპერებში” განსხვავებულია რიგი სცენებისა,
მაგალითად გეისა და პეპუშის „გლახაკთა ოპერაში“
მეკისა და პოლის ქორწილის სცენა არ გვაქვს და პერსონაჟბის საუბრისას შემდგარი
ფაქტის სახით მოგვეწოდება, რაც პიესაში ერთ-ერთ გარდამტეხ მნიშვნელობას ასრულებს ნაწარმოების
კვანძის შეკვრაში. რაც შეეხება „სამგროშიან ოპერას“, აქ ბრეჰტ-ვაილი ქორწინების ცერემონიის
ვრცელ სურათს გვაძლევენ, სადაც სატირულადაა წარმოდგენილი ბურჟუაზიული ღირებულებები და ქორწილი, როგორც მისი იდეალიზებული ბედნიერების სიმბოლო.
საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ ბრეჰტ-ვაილის
და გეი-პეპუშის ოპერები მათი თანამედროვე საზოგადოების მამხილებელია: “გლახაკთა ოპერა” ასახავს ლონდონის მანკიერ სახეს
და მიმართულია იტალიური ოპერის წინააღმდეგ
და მეორე მხრივ, 200 წლის შემდეგ შექმნილი “სამგროშიანი ოპერა” კი “ადამიანის
მდგომარეობის დაუცველობაზე”, საზოგადოების
არაჯანსაღ ატმოსფეროსა და ე.წ. „უიმედო თაობის“ განწყობაზე გვესაუბრება.
მსგავსება-განსხვავებების მიუხედავად
ეს ორი “ოპერა” დამოუკიდებელი, ორიგინალური ქმნილებაა, რომელიც პრემიერის დღიდან არ
კარგავს პოპულარობას.
_______________________________
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] Uwe Böker, Ines Detmers and
Anna-Christina Giovanopoulos - John gay’s the beggar’s opera 1728-2004
adaptations and re-writings - The
Beggar’s Opera, Commercial Imitation and Political Satire
[2] THE BEGGAR OPERA TRADITION MARTHA - DIAS SCHLEMM - PART
II - BERTOLD BRECHT AND HIS PROGENY – 1. Bertolt Brecht: The Threepenny
Opera– Tese apresentada ao
Departamento de Letras Estrangeiras Modernas da Universidade Federal do Paraná
para a obtenção do Grau de Mestre -
CURITIBA 1985
[3] მოქმ. მე-2; მეკი - „მეორე სამგროშიანი
ფინალი“ , გვ.74 - ბრეტოდ ბრეჰტი პიესები - თბილისი, “ხლეოვნება”, 1986 წ.
[4] THE BEGGAR OPERA TRADITION MARTHA - DIAS SCHLEMM - PART
II - BERTOLD BRECHT AND HIS PROGENY – 1. Bertolt Brecht: The Threepenny
Opera– Tese apresentada ao Departamento
de Letras Estrangeiras Modernas da Universidade Federal do Paraná para a
obtenção do Grau de Mestre - CURITIBA
1985
[5] TWO OPERAS FOR BEGGARS: A POLITICAL READING Author(s): RICHARD J.
SALMON Source: Theoria: A Journal of Social and Political Theory, No. 57
(October 1981), pp. 63-81 Published by: Berghahn Books in association with
the Faculty of Humanities, Development and Social Sciences, University of
KwaZulu-Natal, South Africa Stable URL: http://www.jstor.org/stable/41801680
[6] THE BEGGAR OPERA TRADITION MARTHA - DIAS SCHLEMM - PART
II - BERTOLD BRECHT AND HIS PROGENY – 1. Bertolt Brecht: The Threepenny
Opera– Tese apresentada ao
Departamento de Letras Estrangeiras Modernas da Universidade Federal do Paraná
para a obtenção do Grau de Mestre -
CURITIBA 1985
Comments
Post a Comment