ავტორი - მარიამ ჭეიშვილი
მოხსენება მომზადებულია თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა
სამეცნიერო საზოგადოების 2021 წლის
სტუდენტური კონფერენციისთვის. კომპოზიციისა
და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი - მე-4 კურსი.
მოხსენება მომზადებულია თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა
სამეცნიერო საზოგადოების 2021 წლის
სტუდენტური კონფერენციისთვის. კომპოზიციისა
და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი - მე-4 კურსი.
ხელმძღვანელი - პროფესორი მარინა ქავთარაძე
მოხსენებას ბლეზ პასკალის
სიტყვებით დავიწყებ: „არ არსებობს ახალი აზრები, არსებობს ჩვენთვის ცნობილი მოსაზრებების
გამოხატვის ახლებური გზები“, ოდიდგანვე ადამიანები სამყაროსგან „სესხულობდნენ“
უკვე არსებულს - „სამყარო ხომ უკვე ისეთი ძველია
და იმდენი შესანიშნავი
ადამიანი ცხოვრობდა და ფიქრობდა,
რომ ნაკლებად შეიძლება
ვიპოვოთ და გამოვთქვათ
ახალი“ წერდა შეიძლება
ვიპოვოთ და გამოვთქვათ
ახალი“ წერდა გოეთე.
უკვე არსებულის გამოყენების,
ნასესხობის მაგალითებს დიდი ხნის ისტორია აქვს
და მას უდიდესი ხელოვანების ნამუშევრებშიც ვხვდებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ
„სხვისი“ ტექსტის „სესხება“ და გამოყენება სრულიად არ მიანიშნებს შემოქმედის ნაკლებორიგინალურობასა,
ან შემოქმედებითი უნარის არქონაზე, შემოქმედებითობა ხომ არა მხოლოდ ახლის შექმნას,
არამედ არსებულის ახლებურად,
სხვა ხედვით გააზრებასაც გულისხმობს, ნასესხობა
უპირველეს ყოვლისა ლიტერატურული მოვლენაა, მაგრამ უაღრესად საინტერესოა - ნასესხობის
მოვლენა მუსიკაში, რის დადასტურებასაც წარმოადგენს
მთელი მსოფლიო მუსიკის ისტორია ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან დაწყებული. წინამდებარე მოხსენება სწორედ აღნიშნული პრობლემის განხილვის ცდას
წარმოადგენს გეისა და პეპუშის „გლახაკთა ოპერისა“ და ბრეჰტ-ვაილის „სამგროშიანი ოპერის“
მაგალითზე, სადაც ნასესხობა სიუჟეტურ და მუსიკალურ
დონეზე გვხვდება.
თავდაპირველად ვისაუბრებ
მუსიკალური ტექსტის ნასესხობაზე, კომპოზიტორები „სხვისი“ ტექსტის გამოყენების საკითხს
ყოველთვის სხვადასხვანაირად უდგებიან, ზოგ შემთხვევაში ორიგინალი ზუსტადაა ციტირებული,
ზოგჯერ კი სტილისტური სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში საინტერესოა გეისა
და პეპუშის „გლახაკთა ოპერა“, აქ ნასესხობის თემაზე მისი ჟანრიდან გამომდიანრე უნდა
ვისაუბროთ, სადაც მთავარი აქცენტი სწორედ „სხვისი“ ტექსტის გამოყენებაზე კეთდება.
„გლახაკთა ოპერა“, ჟანრის მხრივ, პასტიჩიოს ტიპის
ბალადურ ოპერას წარმოადგენს. ბალადური ოპერა ესაა ინგლისურენოვანი, პროზაული პიესა, მუსიკალური
ნომრებისა და სალაპარაკო დიალოგების მონაცვლეობით, რომელშიც სხვადასხვა წყაროდან აღებული პოპულარული მუსიკაა
გამოყენებული ხალხური და საოპერო მელოდიებით.
ესაა ჟანრი, რომელიც ყველაზე
დიდი პოპულარობით 1728-1750 წლებში სარგებლობდა
და რომელსაც საფუძველი სწორედ ჯონ გეისა და იოჰან ქრისტოფ პეპუშის „გლახაკთა ოპერამ“
ჩაუყარა (გავლენა მოახდინა ზიგშპილის ჟანრის
ფორმირებაზე გერმანია-ავსტირიაში).
რაც შეეხება პასტიჩიოს, ესაა „ჟანრი ან ტექნიკა ხელოვნებაში, მანამდე არსებული ნაწარმოებების სტილისტური
იმიტაცია. ასევე, ნაწარმოები, რომელიც აგებულია ფრაგმენტებზე სხვადასხვა წყაროებიდან“[1]. ტერმინი პასტიჩიო, თავდაპირველად
საოპერო ჟანრის აღმნიშვნელი იყო, იგი სათავეს მე-17 საუკუნის დასაწყისიდან იღებს[2] (pasticcio - გადატანითი
მნიშვნელობით - ნარევი) და წარმოადგენს არსით
მეორეულ ჟანრს, რომელიც ციტირების პრინციპით აიგება, ესაა პირველადი სიუჟეტის გაგრძელება
ან მისი ახალი ვერსია.“ თავისი არსით პასტიჩიო პოლისტილისტურ მოვლენას წარმოადგენს
და მას ახასიათებს: 1) სტილური სინთეზი ან
2) სტილური კონტრასტი.
გეისა და პეპუშის
მიერ „გლახაკთა ოპერაში“ გამოყენებულია 69, მანამდე არსებული, პოპულარული
მელოდია, რომლებიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ: 1) ძველი ხალხური მელოდიები;
2) მელოდიები, რომლის ავტორის ვინაობა
ცნობილია და 3) მელოდიები, რომელთა ავტორების ვინაობა დაკარგულია. მკვლევრის, კეროლინ ენფინსონის თქმით,
ესენია მელოდიები ოპერებიდან, პიესებიდან, შოტლანდიური, ფრანგული და იტალიური წარმოშობის,
ასევე, ძველი საცეკვაო მელოდიები. ასევე, პოლიტიკური
და რელიგიური მნიშვნელობის ლექსები და მელოდიები და ა.შ.
მუსიკალური ტექსტის ნასესხობის თვალსაზრისით საინტერესოა მაგალითად ელიზაბეტის პერიოდის ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული ბალადა „To old sir
Dimon the King”[3]
რომელსაც „გლახაკთა ოპერაში“ 62-ე ნომრად, „But Valour the stronger grows“ მეკის პარტიაში
შევხვდებით, თუ ნოტებს ჩავხედავთ და ერთმანეთს შევადარებთ დავინახავთ, რომ ეს არის
სტილური სინთეზის ტიპური ნიმუში, სადაც ორიგინალ მელოდიას პეპუში თავისი სტილის ფარგლებში
ამუშავებს, შეცვლილია ფორმა, კილოს მიხრილობა, გარდა ამისა გეი ახალ სიტყვიერ ტექსტს არგებს ამ
პოპულარულ ბალადას, რაც ორგანულად ერწყმის მელოდიას და ეს ყველაფერი არსებითად უცვლის
მას სახეს.
სტილისტური სინთეზის
ნუმუშს წარმოადგენს აგრეთვე ცნობილი არია პერსელის ოპერიდან „If Love's a sweet
Passion“, რომელისაც „გლახაკთა ოპერაში ლუსის სიმღერაში - „When young at the bar”
ვხვდებით (მესამე აქტი, 51-ე არია), სიტყვიერტი ტექსტი აქაც მთლიანად შევცლილია. აღსანიშნავია,
რომ ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ პერსელის მელოდიებს იყენებს. გარდა ამისა გეის გამოყენებული აქვს ჰენდელის მუსიკაც,
ესაა მარში „რინალდოდან“. გეიმ მელოდია ყაჩაღების გუნდში გამოიყენა (მე-2 აქტის N20); ბანდის წევრები ამზადებენ თავიანთ
იარაღს და სიმღერით მარშირებენ. მნიშვნელოვანი
ფაქტია ისიც რომ რეალურად მუსიკას აქ თავისი
ხასიათი და ჟანრული სტრუქტურა არ ეცვლება, „გლახაკთა ოპერაშიც“ და ორიგინალ ვერსიაშიც
მებრძოლი სულისკვეთებით აღსავსე მარშს წარმოადგენს. იცვლება ანტურაჟი და პერსონაჟები,
რომლებიც მას ასრულებენ თავის სტატუსიანად (რაინდები-ყაჩაღები). საინტერესოა აგრეთვე მარში „Lillibullero“, რომელიც პოპულარული 1688 წლის ინგლისის რევოლუციიდან გახდა და ყველასათვის ახლობელი და საყვარელი იყო.
„Lillibullero-ს“ „გლახაკთა ოპერაში მე-3 აქტში შევხვდებით, კერძოდ ესაა 44-ე ნომერი
- „The Modes of the Court so common are grown“. თუ ორიგინალ და გეისეულ სანოტო ტექსტს
ერთმანეთს შევადარებთ ადვილად დავინახავთ, რომ ეს ნომერი წარმოადგენს სტილისტური სინთეზის
ნიმუშს, გეი იღებს მელოდიას და ამუშავეს მას,
აქ შეცვლილია ტონალობა, ხასიათი, ანიჭებს სრულიად
ახალ ტექსტს.
„გლახაკთა ოპერიდან“
ყოველი მუსიკალური ნომერი გარკვეული „ნიშნის“ ფუნქციის მქონე იყო მსმენელისათვის. იტალიური
ოპერის „უცხო“ მელოდიებისაგან განსხვავებით, გეიმ ინგლისელ აუდიტორიას მისცა ის, რაც
მისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ახლობელი იყო.
რაც შეეხება სიუჟეტურ
ნასესხობას, როგორც მხატვრული იდეის მიგრაციას
სხვადასხვა სტილისა და ეპოქის ქმნილებებში - ’’ნასესხობა’’, მხატვრული აზროვნების
გლობალური პრობლემა მეტად გავრცელებული და
მიღებული მოვლენაა და ამ მოვლენას სხვადასხვაგვარი აღნიშვნაც აქვს -‘’მოხეტიალე
სიუჟეტთა თეორია’’, ’’მიგრაციული თეორია’’ და სხვა. სიუჟეტის ნასესხობა და ინტერპრეტაცია ძალიან ხშირი მოვლენაა და მრავალი
კომპოზიტორისა თუ დრამატურგის შემოქმედებაში ვხვდებით, მაგალითად შექსპირისეული სიუჟეტები მიმზიდველი
მრავალი ხელოვანისთვის გამხდარა.
სიუჟეტის ნასესხობის მაგალითია გეისა და პეპუშის „გლახაკთა
ოპერის“ პრემიერიდან ზუსტად 200 წლის შემდეგ შექმნილი, ბერტოლდ ბრეჰტისა და კურტ ვაილის
„სამგროშიანი ოპერა“. ამ საკითხთან მიმართებაში, ყოველთის დიდი მსჯელობის
საგანი იყო ბერტოლდ ბრეჰტი. ხშირად ჟღერდა
მოსაზრებები ბრეჰტის პლაგიატის შესახებ, იწერებოდა პამფლეტები, სტატიები,
რეცენზიები და ა.შ., რომელთა ავტორებიც საუბრობდნენ ბრეჰტის „დამხმარე“ როლზე და
მის პიესებს მხოლოდ ადაპტაციებად და „რიმეიქებად“ მოიხსენიებდნენ. მაგრამ ეს მოსაზრებები
რა თქმა უნდა საფუძველს მოკლებულია. არასწორი იქნება თუ „სამგროშიან ოპერას“ გეისა
და პეპუსის „გლახაკთა ოპერის“ უბრალო ადაპტაციას და „რიმეიქს“ ვუწოდებთ. უფრო
სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბრეჰტისა და ვაილისათვის „გლახაკთა ოპერა“
ხდება შთაგონების წყარო და მოდელი ბრეჰტისათვის, რომლითაც ბრეჰტმა და ვაილმა
თავისი დროის სათქმელი გამოხატეს. სიუჟეტის ნასესხობის ეს შემთხვევა ბევრად სცდება
უბრალო „რიმეიქის“ ფარგლებს. გეისა და პეპუშის „გლახაკთა ოპერის“ სიუჟეტი და
მხატვრული სახეები ბრეჰტ-ვაილის „სამგროშიან ოპერაში“ ახალ მიმართულებას იძენენ,
არისტოტელური დრამატული ფორმიდან ეპიკურ თეატრად გარდაიქმნება, რაც ბრეჰტის
დიდაქტიკური მიზნებიდან მომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „გლახაკთა ოპერის“ ნასესხობის და ახალ ნაწარმოებში ადაპტირების იდეა, კაპიტალიზმის პოლიტიკური კრიტიკის იარაღად და თეატრისადმი ავანგარდული მიდგომის გამოხატულებად იქცა. ამ
სიუჟეტით მიეცა მას საშუალება გაეძლიერებინა
სოციალური სატირა, პოლიტიკური მიზანსწრაფვა, ბრეჰტი აქ ფართოდ ასახავს
სინამდვილეს, გაძლიერებულია კრიტიკული საწყისი, რომელიც კაპიტალიზმისა და
ხელოვნებაში ნატურალიზმისა და „კულინარიზმის“ წინააღმდეგაა მიმართული, ეს
ყველაფერი კი „სამგროშიან ოპერაში“ ბრეჰტისეული „ეპიკური თეატრის“ პრინციპების
განვითარებისათვის შესანიშნავ ფონს ქმნიდა. ორივე დრამატურგის,
გეისა და ბრეჰტისდროინდელ ცხოვრებისეულ მოვლენებში, პიესებზე მუშაობის დროს, ბევრი
საინტერესო დამთხვევაა. როგორც მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ინგლისი, ასევე
პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის
გერმანია, ნაყოფიერი იყო სატირული მწერლობისათვის. განსაკუთრებით მსგავსება
შეგვიძლია დავინახოთ გეის ლონდონსა და ბრეჰტის ბერლინს შორის, აქაც სრული ქაოსი
სუფებდა და დიდად არ განსხვავდებოდა გეისა და პეპუშის დროინდელი ლონდონისაგან. „გლახაკთა
ოპერიდან“ მომდინარე ეს სიუჟეტი კიდევ უფრო მწვავე სოციალურ სატირად გადაიქცა და
მიზნად სოციალურ რეფორმას ისახავს, თუ გეი-პეპუში
თავს ესხმის არისტოკრატიულ კლასს და კორუმპირებულ სისტემას, ბრეჰტი
ბურჟუაზიის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც პასიურ როლს ასრულებს საზოგადოებრივ
ცხოვრებაში და იძლევა ღარიბი ადანიანების დეჰუმანიზაციის შესაძლებლობას.[4] ბრეჰტი არ ქმნის ნიღბებს, პირიქით,
მისი ეპიკური თეატრი მიზნად სწორედ თეატრის ნიღბის მოცილებას, ილუზიის თავიდან
აცილებას ისახავს. ყველაფერი რაც შეიძლება
ნათლად უნდა დაინახო, კრიტიკული დამოკიდებულებით. დრამატურგი კულტურისა და
რეგლიგიის, ზნეობასა და სოციალურ ვითარებას შორის კონფლიქტს მწვავე ფორმით
აყენებს.
მიუხედავად ერთი და იგივე
სიუჟეტისა, განსხვავებულია შემოქმედის ეროვნული ძირები, გამომსახველი საშუალებები,
აღქმის თავისებურებანი და რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ ორი სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა
ეროვნების დრამატურგისა და კომპოზიტორის მიერ ერთი და იგივე სიუჟეტზე შექმნილი პიესები
ერთმანეთისაგან განსხვავებულია, რადგან თითოეული „ოპერა“ მათი ავტორების თანამედროვე
სამყაროს ანარეკლია, ბრეჰტი „გლახაკთა ოპერის“ სიუჟეტისადმი მიმართვას შემდეგნაირად ასაბუთებს:
„ჩვენთვის, დღევანდელი ადამიანებისათვის, უცნობი არ არის
„გლახაკთა ოპერის“ სოციოლოგიური საფუძველი: ისე როგორც ორასი წლის წინ, დღესაც
არის ასეთი საზოგადოებრივი წყობილება, რომელშიც მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა
თავისებურად უწევს ანგარიშს მორალურ პრინციპებს. მაგრამ არსებითად ისინი
მორალურ
ნორმებს კი არ იცავენ, არამედ ამ მორალით ცხოვრობენ“[5]. აქედან გამომდინარე, ბრეჰტის ამ სიუჟეტისადმი მიმართვა შემთხვევითი
არ იყო.
ზოგადად, ხელოვნებისათვის დამახასიათებელია
ლოტმანის სიტვებით რომ ვთქვა „წარსული ეპოქების ტექსტების მუდმივი აქტუალიზაცია, რაც
ხდება გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებელად. შედეგად სახეზეა დიალოგი სხვადასხვა ტექსტს
შორის და აქტიურია დიალოგი დღეს არსებული კულტურისა სხვადასხვა ტექსტებს შორის რომლებიც
წარსულს განეკუთვნება[6]“. „ხელოვნების ისტორიაში ნაწარმოებები, რომლებიც მიეკუთვნებიან
წარსული კულტურის ეპოქებს, აქტიურად მონაწილეობენ მის განვითარებაში. ხელოვნების ნიმუში
შეიძლება „კვდებოდეს“ და კვლავ გაცოცხლდეს, მოძველდეს, მაგრამ გახდეს თანამედროვე და
გაკვალოს გზა მომავლისკენ“[7].
გეი-პეპუშის „გალახაკთა ოპერა“ და ბრეჰტ-ვაილის „სამგროშიანი ოპერა“
სწორედ სხვადასხვა დონეზე განხორციელებული ასეთი ნასესხობისა და ინტერტექსტუალობის შედეგია,
რასაც ამ „ოპერების“ ავტორების მიზნები და
მისკენ მიმავალი გზები განსაზღვრავს.
[1] მარინა ქავთარაძე - ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია (პასტიჩიოს პარადიგმები დროის კონტექსტში)- სამეცნიერო შრომების კრებული“მუსიკისმცოდნეობის საკითხები“, თბილისი 2015
[2] https://www.oxfordmusiconline.com/grovemusic/view/10.1093/gmo/9781561592630.001.0001/omo-9781561592630-e-5000007962
[3] https://blogs.bl.uk/music/2016/08/music-printing-in-england-1650-1700-and-the-british-library.html
[4] THE BEGGAR OPERA TRADITION MARTHA - DIAS SCHLEMM - PART II - BERTOLD BRECHT AND HIS PROGENY – 1. Bertolt Brecht: The Threepenny Opera– Tese apresentada ao Departamento de Letras Estrangeirasმ Modernas da Universidade Federal do Paraná para a obtenção do Grau de Mestre - CURITIBA 1985
[5] ზურაბ ჭარხალაშვილი - „ბერტოლტ ბრეჰტის „ეპიკური“ დრამა და თეატრი - გამომც. „ხელოვნება“ - თბილისი 1986 - გვ.157
[6] Лотман Ю.М. Текст в тексте // Труды по знаковым системам: Текст в тексте. Тарту, 1991. Вып. ХIV
[7] Лотман Ю.М. Текст в тексте // Труды по знаковым системам: Текст в тексте. Тарту, 1991. Вып. ХIV
Comments
Post a Comment