კ.ა.დებიუსის კამერულ-ინსტრუმენტული შემოქმედება

 მოხსენება მომზადებულია თბილისი
 სახელმწიფო კონსერვატორიის 
კონფერენციისათვის.  კომპოზიციისა და
 მუსიკოლოგიის ფაკულტეტი - მე-2 კურსი,
ხელმძღვანელი - პროფესორი
 მარინა ქავთარაძე

 
    XIX-XX საუკუნეთა მიჯნის მუსიკის შესწავლას თბილისის კონსერვატორიაში, მუსიკისმცოდნეებსა და კომპოზიტორებთან ერთი  სემესტრი ეთმობა. მცირე დროის გამო, ყურადღების  მიღმა რჩება ისეთი საინტერესო სფერო, როგორიცაა კამერულ-ინსტრუმენტული საანსამბლო მუსიკა. წარმოდგენილი მოხსენების მიზანი იყო ამ დანაკლისის შევსება, კონკრეტულად, კ.ა.დებიუსის შემოქმედების მაგალითზე.
    კლოდ აშილ დებიუსი (1862-1918) XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე კომპოზიტორია, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში. მისი შემოქმედება, იმ დროს არსებულ ყველა ჟანრს, მათ შორის კამერულ-ინსტრუმენტულსაც, შეეხო. ამ სფეროში შექმნილ ნაწარმოებთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ ხარისხი მაღალი და სიმპტომატურია, ახალი ტენდენციების ჩასახვის კუთხით.
    სანამ უშუალოდ კონკრეტულ თხზულებებს შევეხებოდეთ, გაგახსენებთ დებიუსის საკომპოზიტორო სტილის ზოგად თვისებებს, რომლებიც მოგვიანებით გამოგვადგება: ინტერესი მინიატურებისადმი; ტკბობა წამიერი, წარმავალი შთაბეჭდილებებით; არაფილოსოფიური თემატიკა; ინტერესი, სეპტაკორდებისა, ნონაკორდებისა და არატერციული წყობის აკორდებისადმი; ინტერესი, მოდალური, პენტატონური და ოქტატონური კილოებისადმი; მკვეთრად დაპირისპირებული დინამიკური ნიუანსების შეთავსება; საორკესტრო ქსოვილის კამერულობა; ტემბრთა ინდივიდუალიზაცია და უჩვეულო შემადგენლობების გამოყენება (კამერულ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებში) და შეთავსება (სიმფონიურ ნაწარმოებებში).
    ეს თვისებები განსაზღვრავს დებიუსი-იმპრესიონისტს და მისი მოწიფული პერიოდის შემოქმედებას წითელ ზოლად გასდევს.
    ამ ჟანრის ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს საფორტეპიანო ტრიო G-dur. ის დაწერილია 1880 წელს ფიეზოლეში, იტალიაში, ნადეჟდა ფონ მეკის რეზიდენციაში ცხოვრებისას, როდესაც ავტორი 18 წლისა იყო.
    ამ ტრიოზე, ისევე, როგორც კომპოზიტორის ბევრ ადრეულ ნაწარმოებზე ფიქრობდნენ, რომ დაკარგულია. 1982 წელს, დებიუსის მოსწავლის, მორის დუმესნილის ოჯახმა სახლში აღმოაჩინა ტრიოს ხელნაწერი. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რეკონსტრუქცია გაუკეთა ტრიოს და 1984 წელს გამოსცა. იმის მიუხედავად, რომ ნაწილი ნაწარმოებისა რეკონსტრუქციისას შეიქმნა, ძირითადი მასალა ავთენტურია. აღმოჩენილი წყარო მოიცავდა თხზულების პარტიტურის გვერდების უმრავლესობასა და ვიოლონჩელოს სრულ პარტიას.
    ტრიოს მოსმენისას აშკარაა, რომ ის შექმნა ნიჭიერმა დამწყებმა კომპოზიტორმა. მისი მუსიკალური ენა, მეტად ფრანკის, შუმანისა და სენ-სანსის (ეს უკანასკნელი ჩემი აზრით) გავლენას განიცდის.
    I ნაწილი სონატური Allegro-ს ფორმითაა დაწერილი. II ნაწილი შეგვიძლია მივამსგავსოთ შუმანისეულ სკერცოებს. III ნაწილი, მე პირადად, ყველაზე მეტად მაგონებს დებიუსი - იმპრესიონისტს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება ეს ნაწილი შეიქმნა აღდგენისას, თავიდან. IV  ნაწილში, გვხიბლავს საინტერესო ჰარმონიული ენა - იმდროისთვის თამამი ტონალური გეგმა (G-moll; As-dur; E-dur; Cis-moll; G-dur) და ნონაკორდების გამოყენების სიხშირე.
    დებიუსის პირველი გამოქვეყნებული საანსამბლო ნაწარმოებია ერთადერთი სიმებიანი კვარტეტი. ავტორი გეგმავდა ორი კვარტეტის შექმნას, თუმცა მთელი ძალები ერთისკენ მიმართა. დებიუსიმ ნაწარმოები ფრანკის კვარტეტის მოდელზე ააგო - საწყისი თემის, ბოლომდე, გამჭოლი განვითარებით. ამ თხზულებამ ისეთივე წარმატება მოუტანა ავტორს, როგორიც პრელუდიამ „ფავნის შესვენება ნაშუადღევს“.
    პრემიერის შემდეგ კომპოზიტორმა და კრიტიკოსმა გაი როპარტზმა ასე შეაფასა ნაწარმოები: „ძალიან საინტერესო კვარტეტი შექმნილია ახალგაზრდა რუსეთის ზეგავლენით. ნაწარმოებში ვხვდებით პოეტურ თემებსა და იშვიათ სონორიზმს. პირველი ორი ნაწილი გენიალურია“.
    კვარტეტის პრემიერის შემდეგ ავტორი წერს: „ამიერიდან, ნებისმიერი ხმოვანება შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი კომბინაციითა და თანმიმდევრობით, მუსიკის ერთიან უწყვეტ პროცესში“.
    „6 სონატა სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის, შექმნილი კლოდ აშილ დებიუსის, ფრანგი მუსიკოსის მიერ“ - ესაა დაუსრულებელი ციკლი, რომელზედაც ავტორი ბოლო წლებში (1915-1917) მუშაობდა.  მან მხოლოდ სამი „ნაწილის“ დასრულება შესძლო.  სათაური შეიცავს იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელიც მუდამ აღნიშნული იყო დებიუსი-კრიტიკოსის სტატიებში. ამის გამო მეგობრებმა კომპოზიტორს „კლოდ ფრანგი“ შეარქვეს.
    დებიუსის ერთ-ერთი მეგობრის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ კომპოზიტორისთვის, ამ ნაწარმოებების შექმნის იმპულსი სენ-სანსის თხზულების -  სეპტეტის საყვირით, მოსმენა გახდა. ნაწარმოებმა დებიუსიში კამერული მუსიკის სიყვარული გააღვიძა. ჩემი აზრით, სეპტეტი შეიცავს ბევრ ბაროკო-კლასიცისტურ თვისებას. დებიუსის ციკლშიც, ძველი ტრადიციების სიმრავლე, მგონია, სეპტეტიდან უნდა იღებდეს სათავეს.
    ყოველი სონატის სატიტულო ფურცელზე, ავტორის მითითებით, განთავსებულია XVIII საუკუნის სტილში შექმნილი სათაური. ავტორი ასევე უთითებს: „პირველია, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, შემდეგი იქნება ფლეიტის, ალტისა და არფისთვის“.
    ამ სონატებში ავტორი XVI-XVIII საუკუნეების, ძველი ფრანგი ოსტატების ხელოვნებას მიმართავს. ყოველი სონატა ბაროკოს მოდელითაა შთაგონებული, თუმცა მისი თანამედროვე  მუსიკალური ენითა დაწერილი, რაც დებიუსის აშკარა ნეობაროკო-ნეოკლასიცისტურ ტენდენციებზე მიუთითებს.
   ციკლის „პრელუდიაა“ - სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. დებიუსი მთელ ნაწარმოებს მონოთემატური სონატის ფორმით აგებს, რაც გენეტიკურად ფ.კუპერენისა და ჟ.ფ.რამოს მუსიკას უკავშირდება. თუკი I ნაწილი, იმპროვიზაცია და თავისებური ექსპოზიციაა, II ნაწილი - ეპიზოდი, ხოლო III ნაწილი რეპრიზაა. ნაწარმოებში აქტიურადაა გამოყენებული მოდალური, მთელტონიანი და პენტატონური კილოები.
ვიოლონჩელოს პარტიას, საკმაოდ გამომწვევია. საკრავის პარტიაში გამოყენებულია იმ დროს არსებული თითქმის ყველა რთული ტექნიკა: მარცხენა ხელის პიციკატო, ბუნებრივი და ხელოვნური ფლაჟოლეტები, სპიკატო და ფლაუტანდო.
    ციკლის მეორე „ნაწილი“ – სონატა ფლეიტის, ვიოლასა და არფისთვის. დებიუსის პირადი წერილებიდან ვიგებთ, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, შემადგენლობაში ვიოლას მაგიერ ჰობოი უნდა ყოფილიყო.
    ამ სონატაზე ავტორი ამბობდა: „არ ვიცი უნდა გაგვაცინოს თუ აგვატაროს. იქნებ ორივე?“. დებიუსი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ნაწარმოებს „იმპრესიონისტულს“ უწოდებდა  „იმბეცილად“ მოიხსენიებდა. ესეც დამატებით ცნობებს გვაძლევს ციკლის ავტორისეული გააზრების შესახებ. სონატის გამომცემელი წერს: „ეს ნაწარმოები ძველ, „ნოქტურნების“ შემქმნელ დებიუსის მახსენებს“.
    აღვნიშნავ, ერთ-ერთ საინტერესო მომენტს - I ნაწილში, საწყისს ტაქტებშივე ხდება 6 ძირითადი მოტივის ექსპონირება. შემდეგ, მთელი ნაწილის განმავლობაში, ისინი თავისუფალ ვარირებას განიცდიან და მოზაიკურ სტრუქტურით ლაგდებიან.
    შემდეგი „ნაწილია“ - სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის. ის კომპოზიტორის უკანასკნელი თხზულებაა. პრემიერაზე ავტორი ასრულებდა ფორტეპიანოს პარტიას და საბედისწეროდ, ეს აღმოჩნდა მისი ბოლო საჯარო გამოსვლა.
    ამ სონატაში ფორტეპიანო კი არ უკეთებს აკომპანიმენტს კი არ უკეთებს ინსტრუმენტალისტს, არამედ საკრავები პოლიფონიურ ფაქტურაში ერთმანეთს იმპულსს აძლევენ და „ეჯიბრებიან“.
    I ნაწილი ნოსტალგიით გაჯერებული მინიატურაა. II ნაწილი, ანუ ინტერმედია, მსუბუქი, ლამის იუმორისტული ხასიათის შემაკავშირებელია განაპირა ნაწილებისა. III ნაწილი - ვირტუოზული ფინალია, სადაც ვიოლინოს დიაპაზონი სრულიადაა ათვისებული.
    ავტორის ჩანაფიქრით, შემდეგი სონატები ამ შემადგენლობის უნდა ყოფილიყო: IV - ჰობოის, ვალტორნისა და კლავესინისთვის; V - საყვირის, კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის. VI სონატა უნდა ყოფილიყო გრანდიოზული ფინალი, თავისებური კონცერტი, სადაც სხვადასხვა საკრავები გაერთიანდებოდნენ და მათი ჟღერადობა აკომპანიმენტს გაუწევდა კონტრაბასს.
    გთავაზობთ ბოლო სონატის აკომპანიმენტ საკრავთა შემადგენლობას: თითო-თითო ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, არფა, ფორტეპიანო, კლავესინი, ვიოლინო, ვიოლა და ვიოლონჩელო.
    XX საუკუნის მუსიკაში გავრცელებული ტემბრთა ინდივიდუალიზაციის, განსხვავებული საკრავების ერთ ანსამბლად  გაერთიანების ტენდენცია, პირველად, ალბათ დებიუსის შემოქმედებაში მოხდა.
    შეჯამებულად რომ ვთქვათ ამ ბაროკოს მუსიკით შთაგონებული მაკროციკლის თვისებებზე, ესენია: სონატების სუიტური პრინციპით აგება (ნელი-ჩქარი-ნელი ან ჩქარი-ნელი-ჩქარი), ნაწილების (მეტნაკლები) ერთაფექტურობა და XVII-XVIII საუკუნეების ტრადიციით, ერთდროულად, ერთ თხზულებაში  6 ან 12 ციკლის გაერთიანება  (მაგალითად, კორელის, ჰენდელის 12 კონჩერტო გროსო).
     მინდა მოსაზრება გამოვთქვა: კარგად გვახსოვს, რომ ბაროკოს ეპოქაში აქტიურად გამოიყენებოდა აფექტების თეორია. მაგალითად, ამ თეორიის მიხედვით, „პასტორალური“ მუსიკა, კომპოზიტორები თითქმის ყოველთვის ფა მაჟორსა და ტრიოლურ მეტრში (3/8, 6/8, 9/8, 12/8) ქმნიდნენ. ეს პრინციპი, დებიუსიმ ფლეიტის, ვიოლასა და არფის სონატის I ნაწილში, პასტორალი რომ უწოდა, დაიცვა. მე მგონია, რომ ბაროკოს მუსიკით შთაგონებული დებიუსი მხოლოდ ერთ ნაწილში არ გაჰყვებოდა ასეთ ტრადიციას. მე არ მომეცა ამ კუთხით კვლევის საშუალება, მაგრამ საინტერესო იქნება ამ გზით ნაწარმოებებზე დაკვირვება და გაანალიზება.
    პიერ ბულეზი წერს: დებიუსიმ კამერული მუსიკა გაათავისუფლა „მკაცრი სტრუქტურების, გაყინული რიტორიკისა და შტამპური ესთეტიკისგან“.
მეორე უდიდესმა იმპრესიონისტმა ფრანგმა კომპოზიტორმა, მორის რაველმა, თავის ერთადერთი კვარტეტი დებიუსის მოდელზე შექმნა.
    XX საუკუნის II ნახევარში მოღვაწე ავსტრალიელმა კომპოზიტორმა ლილ ჩანმა შექმნა 3 სონატა, ზუსტად დებიუსის დაუმთავრებელი სონატების შემადგენლობით.
    როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ დებიუსის კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში შექმნილ თხზულებათა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია, მათი მხატვრული ხარისხი და ნოვატორობა კი ძალიან მაღალია. თუკი პიერ ბულეზის სიტყვებსაც მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით, რომ დებიუსი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ამ სფეროს განვითარებას ახალი გეზი მისცა. 
 
გამოყენებული ლიტერატურა
 
1.      https://web.archive.org/web/20080828023105/http://www.chambermusicwilliamsburg.org/claremontNotes.html
2.      https://www.nytimes.com/1984/09/30/arts/first-hearing-for-an-early-debussy-piano-trio.html
3.      https://www.earsense.org/chamber-music/Claude-Debussy-Piano-Trio-in-G-major/
4.      https://delosmusic.com/recording/debussy-chamber-music-complete/
5.      https://www.baerenreiter.com/en/focus/claude-debussy/chamber-music/
6.      https://www.youtube.com/watch?v=bw5zs8hLaME&list=PL8D7E40D3F40B1FCA&index=4
7.      https://www.sfsymphony.org/Data/Event-Data/Program-Notes/D/Debussy-Sonata-in-G-minor-for-Violin-and-Piano-(1)
8.      https://www.hollywoodbowl.com/musicdb/pieces/4593/violin-sonata-in-g-minor
9.      https://www.laphil.com/musicdb/pieces/4837/violin-sonata
10.  https://www.laphil.com/musicdb/pieces/5113/cello-sonata
11.  https://thelistenersclub.com/2019/08/28/debussys-cello-sonata-a-celebration-of-classical-form/
12.  https://www.laphil.com/musicdb/pieces/3401/sonata-for-flute-viola-and-harp
13.  https://www.hollywoodbowl.com/musicdb/pieces/3673/string-quartet-in-g-minor-op-10
14.  https://www.earsense.org/chamber-music/Claude-Debussy-String-Quartet-in-g-minor-Op-10/
15.  https://skemman.is/bitstream/1946/8474/1/Lokaritgerd.pdf
 

Comments