მაცხოვრის სახე-სიმბოლოები იოანე დამასკელის ქრისტეშობის კანონის ქართულ თარგმანებში

ავტორი - ეკატერინე ყაზარაშვილი 
მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების
 
2021 წლის სტუდენტური კონფერეციისათვის.
 
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, საეკლესიო მუსიკოლოგია, დოქტორანტი.
ხელმძღვანელი - მოწვეული პროფესორი ია ღადუა



ჰიმნოგრაფია სინკრეტული ჟანრია, რომელსაც ნათლად გამოხატული საღვთისმეტყველო/სამოძღვრო და ესთეტიკური დანიშნულება აქვს - ამაშივე შედის მუსიკალური ხორცშესხმაც. ის აერთიანებს ეგზეგეტიკის, პოლემიკის და ჰომილეტიკის ასპექტებს. ჰიმნოგრაფს შეუძლია ნებისმიერი იპოდიგმური თუ პარადიგმული მონაცემის გამოყენებით შეარჩიოს სიმბოლო-ალეგორია, მხატვრული ხერხი, ასოციაცია და სახეთა პარალელიზმი, რათა საკუთარი განწყობა, ემოცია მიიტანოს მსმენელამდე, თუმცა ამ სიმბოლოების მიღმა უზარმაზარი ინფორმაცია განიჭვრიტება, რომელიც ლიტურგიკული ცნობიერების მქონე შემოქმედსა და აღმქმელს მოითხოვს(ღადუა; 2009:140).
ბიზანტიელ ჰიმნოგრაფთა უდიდეს პოეტურ შემოქმედებას ქართულ ხელნაწერებზე დაყრდნობით ვეცნობით. ქართველი მთარგმნელების შემოქმედებითი პრინციპები IX-XI საუკუნეში მოღვაწე დახელოვნებული ჰიმნოგრაფებისა და მთარგმნელების ნათარგმნ და ორიგინალურ ქართულ ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში იჩენს თავს. მოხსენებაში წარმოდგენილი კვლევა ეყრდნობა იამბიკური კანონის ორ ტექსტს. აქედან პირველი ტექსტი მიეკუთვნება X საუკუნეს და აღებულია მიქაელ მოდრეკილის ნევმირებული იადგრიდან (S-425), ხოლო მეორე ტექსტი კანონისააკროსტიხულია და წარმოადგენს XI საუკუნის მოღვაწის, გიორგი ათონელის თარგმანს. ვაჟა გვახარიას მიერ გამოცემული მიქაელ მოდრეკილის იადგარში არსებული ქრისტეშობის ტექსტის დამოწმებისას ვუთითებთ, როგორც `იადგრიდან~; რაც შეეხება გიორგი მთაწმინდელის ტექსტს, კვლევისთვის გამოვიყენეთ ორი სხვადასხვა წყარო. ძირითად ტექსტად გამოყენებულია ქრისტეშობის კანონის გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი, რომელიც აღებულია ივ. ლოლაშვილის გამოკვლევიდან: გიორგი მთაწმინდელი - გალობანი თავედნი შობისათ უფლისა (ლოლაშვილი; 1982:6-17). მეორე წყაროს ტექსტად კი გამოყენებულია საგალობელი სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემიდან ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (ყუბანეიშვილი, 1946:353-355).

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება იოანე დამასკელის აკროსტიხულ-იამბიკური კანონის ორ ქართულ თარგმანში არსებული სახე-სიმბოლოები და ტექსტის გაფორმების მხატვრული ხერხები, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ავტორები. ქრისტეშობის კანონის ვერბალური ტექსტების დეტალური შესწავლისას ნათელი ხდება რომ ტექსტი გაჯერებულიაMმაცხოვრისა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი მეტაფორებით, შედარებებით, მიმართვის სხვადასხვა ფორმებით, ბინარული ოპოზიციის მაგალითებით, არაერთ ტაეპში არის გადმოცული პოლემიკა.

ქრისტეშობის სადღესასწაულო კანონში, ისევე როგორც უფლისადმი მიმართულ სხვა ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში, ყველაზე უხვად გვხვდება მაცხოვრისა და სამების დოგმატთან დაკავშირებული ეპითეტები, მეტაფორები, სახე-სიმბოლოები. განდიდებულია როგორც წმინდა სამება, ისე მისი ცალკეული ჰიპოსტასიმამა, ძე და სულიწმინდა. სამების დოგმატი გხვდება როგორც შეერთებულად, ისე განყოფილად. ქრისტეშობისადმი მიძღვნილი სადიდებელ ჰიმნებში ყველაზე მეტად გვხვდება ქრისტეს შემდეგი ეპითეტები და სახე-სიმბოლოები: ქრისტე, ღმერთი, მაცხოვარი, მამა, ემმანუელი, მრავალმოწყალე, კაცთმოყვარე, დამბადებელი, დაუსაბამო, სახიერი, მხოლოდ-შობილი, მამა მოწყალემოწყალე ღმერთი. ყოველი მათგანის საფუძველი, რა თქმა უნდა, ბიბლიური სწავლებიდანაა. სამების დოგმატთან დაკავშირებული ეპითეტები შეერთებული სახით გვხვდება ამგვარად: წინასაუკუნეთა მამისაგან შობილი ძე მხოლოჲ, ძემაღლისა, ღმერთი ღვთისაგან პირველ შობილი ზეცას, თანა მფლობელი მამისა და სულისა.

მოხსენების ფარგლებში რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ სახე-სიმბოლოებს შევეხებით და განვმარტავთ. ასეთებია: ორითა ბუნებითა ღმერთი და კაცი, მიმართვის ფორმა თესლო აბრამეანო, უჟამო ჟამი, დაუსაბამო, მიმართებითი ნაცვალსახელი რომელი/რომელიც/რომელმან; ღვთის სიტყვა ან ღმერთი სიტყვა, ცა და ქვეყანა, ნათელი ქრისტესი, მზე სიმართლისა, ადამის წყევა.

ქრისტეშობის ჰიმნოგრაფიული კანონის მთელი ტექსტი, განსაკუთრებით კი V და IX გალობის ძლისპირ-დასდებლის ტექსტები, ნათლად მიგვითითებს იმას, რომ საუფლო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონები შექმნიდან დღემდე აღმზრდელობით-მოძღვრებითი მნიშვნელობის მატარებელია. ჰიმნოგრაფიული ტექსტები, განსაკუთრებით კი საცისკრო კანონები, მრევლში ყოველთვის საღვთო დოგმატის განმტკიცებას ემსახურებოდა. ამასთანავე, მხატვრული ფორმით გადმოცემულ ტექსტებში, ერთი მხრივ, ნაჩვენებია ის პროცესი, რომელიც სხვადასხვა დროს წარმოშობილ და გავრცელებულ  მწვალებლობებს უკავშირდებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, სახეთა პარალელიზმის მეშვეობით მოცემულია პასუხი მწვალებელთა წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს და გვიმტკიცებს აზრს ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებაში.

V გალობის III და IV დასდებლებში ჰიმნოგრაფის მიერ ხაზგასმულია მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანესი დოგმატი: ქრისტეს ორბუნებოვნება - ღვთაებრივი და ადამიანური, რაზეც დგას დიოფიზიტების სწავლება მაცხოვრის ბუნებათა შესახებ.

V ოდის III დასდებელი

სახიერებით მოავლინა ძეჲ სი,

მხოლოდ შობილი მამამან მწყვლელმან ხორცთა

შემოსად უსძლოსაგან დედისა და იშვა

მხოლოორითა ბუნებითა ღმერთი    

და კაცი, კაცთა ცხოვრებისათვის. 

კერძოდ, ფრაზაში ორითა ბუნებითა ღმერთი და კაცი (იადგრიდან; V ოდის III დასდებელი) და შეურევნელად შეიერთა კაცებადა იშვა მხოლოორითა ბუნებითა (იადგრიდან, V ოდის ღვთისმშობლისანი) ირიბად არის გადმოცემული პოლემიკა მონოფიზიტების წინააღმდეგ. აგრეთვე ჩამოთვლილია მაცხოვრის ყველა ის თვისება, რომელიც მას, როგორც ღმერთს და კაცსა ახასიათებს: სახიერება, იგი არის განხორციელებული ძე; კაცთა ცხოვრებისათვის იშვა მხოლოორითა ბუნებითა ღმერთი და კაცი. ქრისტეს ორი ბუნებისა და ამქვეყნიური შობის არსი და მიზანი არის სასუფეველში შესვლა - რათა წარმიძღვენ გზასა მშვიდობისასა, შესლვად სასუფეველსა, რომელი აღმითქვუ ჩვენ (იადგრიდან, V ოდის ძლისპირი). I დასდებელში ვხვდებით ასეთ ფრაზას: და აღირი იგი მძლავრებისაშემუსრა და ჩვენ მოკვდავნი ესე განმაცხოველნა, რაც განიმარტება შემდეგნაირად: ეშმაკს ჰყავდა კაცობრიობა დამორჩილებული და ქრისტეს მოვლინებით მოხდა ყველა მართალი სულის გამოხსნა და გათავისუფლება. ამ შემთხვევაში საგალობელმა იტვირთა მოძღვრებითი ფუნქცია.

პოლემიკას ვხვდებით აგრეთვე კანონის დასასრულს IX გალობის III დასდებელში.

დადუმედ ენამზაკუვარი მწვალებელთა

და დაიყვან დღეს პირი ნისტორ უღმრთოსა,

რამეთუ ღმერთი არს მარიამის შობილი

და ჭეშმარიტად ღვთის მშობელ არს უბიწოჲ,

მშობელი მისი რომელსა ჩვენ ვადიდებთ.

ჰიმნოგრაფი მკითხველს / მსმენელს V საუკუნეში წარმოშობილ ნესტორის მწვალებლობას ახსენებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის უბიწო ქალწული, რომლისაგანაც განხორციელდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დასდებლის პირველი ორი ტაეპი კი შეგვახსენებს, რომ ყოველივე ამის უარმყოფელნი და მწვალებელნი დადუმებულ არიან. ჰიმნოგრაფია ამ შემთხვევაში ეგზეგეტიკურ დატვირთვას იძენს და პოეტურ ტექსტებში, განსაკუთრებით სახეთა პარალელიზმისა და დაპირისპირებისას, შეიმჩნევა ეს ასპექტი. VI ოდის დასდებელში გამოყენებულია მხატვრული ხერხი.. ბინარული ოპოზიცია[1]  - წყევის სამოსელი (ნათლის სამოსლის ანტონიმი) და ის მჩუარი, რომლითაც ახალშობილი მაცხოვარია შეხვეული.

VI ოდის III დასდებელი (იადგრიდან)

დაუსაბამოდაებადა ხორცითა

და უხილავი კაცთა შორის დაუტევნელი

დატევნულ იქმნა ქუაბსა ბეთლემისასა

შეხუეული მჩურითა რა განმძარცვოს, წყევისა სამოსელი.

სამოთხეში პირველცოდვის შემდეგ ადამსა და ევას განეძარცვა მადლი, ანუ სამოსელი პირველი და შეიმოსეს წყევის სამოსელი. სამოსელი პირველი არის მადლისა და ნათლის სამოსელი, რომელიც დაპირისპირებულია წყევის სამოსელთან. და ეს წყევა განქარდა ქრისტეს შობით. წყევის სამოსელთან (ანუ, ტყავის სამოსელთან) დაპირისპირებულია მჩური, რომლითაც შემოსილია ახალშობილი მაცხოვარი.

კანონის ტექსტში ხშირად გვხვდება ისეთი ტაეპები, რომლებშიც მაცხოვარისადმი ვედრება გადმოცემულია მრავალფეროვანი მიმართვის ფორმებით, როგორებიცაა: ღმერთი ხარ მშვიდობისა, წმიდა ხარ შენ, უფალო; ვითარცა ღმერთ-ხარ, მეუფედ ცათად აღგიარეს შენ იესო სახიერო, ყოვლად ძლიერო იესო, უწინარეს საუკუნეთა შობილო ღმერთო,  ბუნებათა და ნივთთა  შემცვალებელო, სიტყვაი ღმრთისა მამისა თანასწორო, მხოლოდ შობილო ქრისტე ღვთისა სიტყუაო, თესლო აბრამეანო.

საღვთისმეტყველო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ძველი აღთქმა არის სიმბოლური გააზრება ღვთის განკაცებისა, კაცობრიობის მოსამზადებელი პერიოდი მაცხოვრის მისაღებად, რაც ძირითადად წინასწარმეტყველთა მიერ იქნა განცხადებული. ბიბლიური სახეების წარმოჩენისას ჰიმნოგრაფები სწორედ მამათავრებსა და წინასწარმეტყველებს მიმართავენ. მაგალითად, ისეთი მიმართვის ფორმა, როგორიცაა თესლო აბრამეანო, ჰიმნოგრაფი შეგვახსენებს იესოს გენეოლოგიას და სახეთა პარალელიზმის მეშვეობით გადავყავართ ძველი და ახალი აღთქმის სწავლებაში. მათეს სახარების I თავში ქრისტეს შესახებ მახარებელი გვამცნობს: წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი (მთ. 1; 1). ამით მახარებელმა იუდეველებს აუწყა, რომ სწორედ იმ მესიაზე _ ქრისტეზე გელაპარაკებით, რომელსაც თქვენ მოელით, როგორც დავითის ძესო. ამავე დროს, მათე მახარებელი, ჩამოთვლის რა უფლის _ იესო ქრისტეს _ წინაპრებს, გვაუწყებს: აბრაჰამ შვა ისაკ, ისაკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი (მთ. 1; 2).

აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ _ კონკრეტულ პიროვნებებს ჰიმნოგრაფები პირდაპირ მიმართავენ, ხოლო ფაქტებს, რომელთა სიმბოლური აზრიც წინასწარმეტყველებაა, მხოლოდ ალუზიურად ასახავენ, რადგანაც დრო და ამ დროში განფენილი მოვლენები ჰიმნოგრაფიისათვის უჟამო ჟამია და ეს ჟანრული სპეციფიკა მისი ერთ-ერთი თვისობრივად განმასხვავებელი ნიშანია (ღადუა; 2009:14).

მაცხოვრის ამქვეყნიური შობა უჟამო ჟამში მოექცა. მეტაფორები - დაუსაბამობა და უჟამობა ხშირად არის გამოყენებული ქრისტეშობის საგალობლებში: ტაძარი სიწმინდის ექმენ მხოლოდ-შობილსა სიტყუასა ღმრთისასა დაუსაბამოსა (კანონი გიორგისა, III ოდის II დასდებელი), იშვა რა ბეთლემს სიტყვადაუსაბამო (კანონი გიორგისა, VI ოდის II დასდებელი) დაუსაბამოღმერთი ხორციელ-ქმნული წიაღთა თვისთა მხსნელი დაბადებულთა (იადგრიდან, III ოდა, ღვთისმშობლისა); დაუსაბამო დაებადა ხორცითა და უხილავი კაცთა შორის დაუტევნელი, დატევნულ იქმნა ქუაბსა ბეთლემისასა (იადგრიდან, VI ოდის III დასდებელი).

ქრისტეშობის კანონის ტექსტში გვხვდება მიმართებითი ნაცვალსახელი რომელი/რომელიც/რომელმანის ყოველთვის უფლის მეტაფორაა, როგორც ჰიმნოგრაფიულ, ისე საერო თხზულებებში. ქრისტეშობის იამბიკურ კანონში მისი გამოყენების სულ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, ყურადღებას იმსახურებს იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ XI-XII საუკუნის ქართულ საერო ლიტერატურასა და სასულიერო პოეზიას, სადაც ქრისტესადმი მიმართვის ამ ფორმით იწყებოდა თხზულებები, ასევე უკვდავი პოემავეფხისტყაოსანი და მეფე დავით აღმაშენებლის - სინანულის კანონი.

რაც შეეხება უშუალოდ ქრისტეშობის კანონს, აქ რომელმან სხვადასხვა ფორმით გვხვდება. გიორგი მთაწმინდელის ქრისტეშობის იამბიკური კანონის თარგმანში რომელი/რომელმან გვხვდება შედარებით მწირი რაოდენობით: და წარმიძღვა ჩვენ ზეცად, ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ, აგრეთვე რომელმან-იგი თვისნი ქმნილნი იხსნა, იშვა რაჩვენთის ბეთლემს; მიქაელ მოდრეკილის იადგარში იამბიკურ კანონში გვხვდება უფრო მრავალსახეობრივად: ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ; რომელსა ჩვენ დღეს გალობით უგალობდეთ, რომელი პირველ მზისა შობილ არს ზეცას; რომელ უსხეულოჩვენთვის განკაცნა; უგალობენ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რომელმან მიხსნნა კერპთა მონებისაგან. 

მაცხოვრის მეტაფორათაგან ღვთის სიტყვა- ყველაზე უხვად იყენებენ ჰიმნოგრაფები. მეტაფორის - ღმერთი-სიტყვა - საფუძველს სახარება წარმოადგენს. იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვარს ღვთის სიტყვას უწოდებს: პირველითგან იყო სიტყუადა სიტყუაიგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაიგი(ინ. 1;1). სიტყვა ღვთის მარადიული მყოფობის გამომხატველია და დაუსაბამოა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იოანე მახარებლის სახარებიდან იღებს დასაბამს. მაცხოვრის ეპითეტი - სიტყვა გიორგი მთაწმინდელის ქრისტეშობის კანონში: ჩრდილო მაღნართათ მო-რაჲ-ხვედ შენ მაცხოვარ ერისა ამის სიტყვა დამბადებელი; იშვა რა ბეთლემს სიტყვაი დაუსაბამო; ბუნებათა და ნივთთა შემცვალებელო სიტყვაო ღმრთისა მამისა თანასწორო. ეპითეტი სიტყვა - მიქაელ მოდრეკილის იადგარში არსებული ქრისტეშობის კანონიდან: საშოით წმიდისა სიტყუაღმერთი გამოჩნდა მსგავსად მაყუალისა; სასწაულითა იხსნა ერი თვისი უფალმან და ზღვა მღელვარე სიტყვით განახმო პირველ, დამბადებელი.

ქრისტეშობის კანონის ტექსტში ერთ კონტექსტში ხშირად არის გამოყენებული ცა და ქვეყანა, რითაც ავტორი გამოხატავს შობის დღესასწაულის საიდუმლო დიდებულებასცასა და ქვეყანაში ალეგორიულად შეიძლება მოვიაზროთ ღმერთი და ადამიანი, რომელთა კავშირიც სწორედ მაცხოვრის შობით აღდგა: „განცხოველდეს მეორედ შობითა დღეს უბიწოსაგან და ცანი და ქვეყანა“ (იადგრიდან, IX გალობის II დასდებელი), ერთბამად გაქებს ცა და ქვეყანაჲ“ (გიორგის კანონი, V გალობის III დასდებელი), შევ რა მპყრობელი ცათა და ქვეყანისა, ერთ სამწყსო იქმნეს ანგელოზნი და კაცნი (გიორგის კანონი, IX გალობის ძლისპირი, I დასდებელი); სიტყვებში: ცა[2], ცათანი, ცანი იგულისხმება ბიბლიური სამყარო (წყალთა გამყოფი), სადაც ღმერთმა დაასახლა მზე, მთვარე და ვარსკვლავები... ღმერთი მყარის (სამყაროს) შექმნით საფუძველს უყრის დროსა და სივრცეს, ხოლო უფალი თვითონ მეტაფიზიკურ (უხილავ, არამატერიალურ) ცაზე (. . ცათა ცაზე) იმყოფება (მოსია. 1997:8).

ქრისტეს ნათელთან დაკავშირებული არაერთი ეპითეტი გვხვდება ქრისტეშობის კანონში, რასაც საერთო კონტექსტის გამო ერთად ვაჯგუფებთ და განვიხილავთ. ეს სახეებია: ნათელი საღმრთო, ნათელი და ცხოვრება, საღმრთო ნათელი, ნათელი უზესთაესი. მაცხოვრის მიმართ გავრცელებული ეპითეტი ნათელი ახალ აღთქმაში ასეთი სახით გვხვდება: მე ვარ ნათელი სოფლისა. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ“ (ინ. 8;12). მართლმადიდებლობის სიმბოლოშიმრწამსში ვკითხულობთ _ ნათელი ნათლისაგან, სადაც ნათელი მიემართება როგორც ქრისტეს, ისე მამა ღმერთს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ნათლის სიმბოლიკა ჰიმნოგრაფიული სახისმეტყველების ერთ-ერთი წამყვანი ფორმაა, რომელიც უხვად დასტურდება როგორც ქართულ ორიგინალურ, ისე ნათარგმნ ტექსტებშიც. როგორც ბუნებაში ცისკარს მზის გამობრწყინება მოჰყვება, ასევე ცოდვით დაცემული კაცობრიობისათვის მაცხოვრის შობა შეიქნა ცისკრად საღმრთო ნათლის გამობრწყინებისა. წმიდა მამები ქრისტეს აღწერენ, როგორც თვალთშეუდგამ ნათელს.

იესო ქრისტეს ეპითეტი - ნათელი, საღვთისმსახურო ციკლის - მწუხრისა და ცისკრის არაერთ საგალობელში გვხვდება. მწუხრის საგალობელში ნათელო მხიარულო პირდაპირ ამ სიტყვებით იწყება მიმართვა ღვთისადმი. მწუხრის საგალობელში აწ განუტევე დასასრულს ვხვდებით შემდეგ სიტყვებს ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა, და დიდებად ერისა, ისრაელისა. აგრეთვე ცისკრის ერთ-ერთი დიდი საგალობელი დიდება მაღალიანი სრულდება შემდეგი სიტყვებით და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

ქრისტეშობის კანონის ორივე ვერსიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება მაცხოვრის შედარება მზესთან - პირველ მზისა შობილ არს ზეცას (იადგრიდან, I ოდის II დასდებელი); საინტერესოა ის, რომ ესაია წინასწარმეტყველისადმი მიწოდებული ნაკვერცხალი მზედ სიმართლისა- იწოდა სასულიერო მწერლობაში. ამიტომაც არის ის ქრისტეს სიმბოლიკა: ნაკუერცხალი, რომელი ესაიას ეჩუენა მზედ სიმართლისად, ქალწულისაგან გამოჩნდა (ნევმირებული სძლისპირნი; 1982:207). მზე სიმართლისა, რომელიც უფრო ხშირად ფიგურირებს შობის საგალობლებში. ქრისტეს შობის დღესასწაულად 25 დეკემბრის დაწესება უკავშირდება მზის დაბადებას ანუ დღის მომატებას, რომელსაც ადგილი აქვს 21 დეკემბრის, ზამთრის მზებუდობის (.. მაქსიმალური ღამის, 21 დეკემბრის) შემდეგ. ძველი აღთქმის საღმრთო წერილში ნახსენები სიმართლის მზე ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ქრისტეს მოსწავებადაა მიჩნეული (კოჭლამაზაშვილი; 2000:8). ქრისტეს ეპითეტი მზე სიმართლისა აგრეთვე გვხვდება შობის დღესასწაულის ტროპარში[3]: მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა, ამიტომ ბუნებრივია რომ ეს თემა ადგილს დაიკავებდა ქრისტეშობის კანონშიც. თუმცა, როგორც ჩანს მას ისეთივე დიდ ყურადღებას არ უთმობს ჰიმნოგრაფი, როგორიც ეპითეტ ნათელს. მზე ჩანაცვლებულია ქრისტეს ნათლით.

ზოგადად ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში გვხვდება კონკრეტული და მისტიკური დრო. მოვლენები ძირითადად ვითარდება აწმყო დროში. მოვლენათა დინამიკაში განვითარება ჰაგიოგრაფიისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ჰიმნოგრაფიაში ესა თუ ის მოვლენა სტატიკურად არის გადმოცემული

VI ძლისპირში ასახულია ორივე დრო სტატიკური და მისტიკური.

VI ოდა (ღაღადყავსა) სძლისპირი (იადგრიდან)

შთახდა იონა სიღრმესასა მას ზღვისასა,

და ღაღადებდა ღვთისა მიმართ ვედრებით,

აღმომიყვანენ დანთქმისაგან უფალო,

ხოლო მე ქრისტე შენდა მომართ ვღაღადებ,

უგულებელსყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლე.

მისტიკური არის იონა წინასწარმეტყველის დრო და კონკრეტული კი დღევანდელი - აწმყო დრო. მისტიკურ დროში არის ძველი და ახალი აღთქმის სახეები და სახელები, რომელიც მოცემულია იონა წინასწარმეტყველისა და ქრისტეს სახით. კონკრეტულ დროში გადმოცემულია მლოცველის სახემე პირის ნაცვალსახელით, რომელიც ქრისტეს ცოდვათა მიტევებას შეჰღაღადებს. კონკრეტული და მისტიკური სივრცე ერთდება ღმერთთან. კანონის VI გალობა ღაღადყავსა ეყრდნობა იონა წინასწარმეტყველის გადმოცემას. აქ არის ერთი საინტერესო შედარება გაკეთებული, თუკი ვეშაპის მუცელში დანთქმული იონა ღმერთს ევედრება გადარჩენას, ახალი ადამიანი ქრისტეს ევედრება ცოდვათა უგულებელყოფას და მიტევებას, ახალი აღთქმის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ცოდვათა მიტევებასინანული და არა ფიზიკური გადარჩენა.

ქრისტეშობისადმი მიძღვნილ ჰიმნოგრაფიულ კანონში გვხვდება სახეთა პარალელიზმის შემდეგი წყვილი: ადამის წყევის მაცხოვრის შობით განქარვება - ადამის წყევა შეიცვალა კურთხევად“... აღნიშნულის ნათელი მაგალითია IX გალობის I დასდებელის ტექსტი.

IX ოდა, ადიდებდითსა

I დასდებელი

დიდებულება შენი ღმრთისა დედაო,

ამაღლდა ზეშთა ბუნებისა საზღვართა

შევ რა მპყრობელი ცათა და ქვეყანისა

ერთ სამწყსო იქმნეს ანგელოზნი და კაცნი

ადამის წყევა შეიცვალა კურთხევად.

ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში ადამისა და ევას შეცოდებით დაირღვა ჰარმონია, რის გამოც პირველი ადამიანები გამოძევებულ იქნენ სამოთხიდან: და განადა ადამ და დაამკდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა (შეს..3; 24). მხოლოდ ქრისტეს შობის შემდეგ გაიხსნა სასუფევლის დახშული კარი ადამიანისათვის. ადამ განხრწნილი ცთომილი მტერისათა, ნათესავითურთ აღადგინე მაცხოვარ (გიორგის კანონიდან, IV ოდა, II დასდებელი). ეს თემატიკა შობის საგალობლებში მკვეთრადაა აქცენტირებული. სწორედ უფლის შობით დასრულდა მტერობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ევას მიერ ქმნილი პირველცოდვა განქარდა, ადამი კვლავ შეიმოსა უფლის მადლით და ურჩებით ქვედაცემული მაცხოვრის შობით ზეამაღლდა. ადამის ცოდვით დაცემასთან ერთად დაეცა მთელი ქმნილი სამყარო და გაწყდა კავშირი ღმერთსა და მის ქმნილებას შორის. თუმცა, არ მოსპობილა საღვთო განზრახვა და ის აღსრულდა, როდესაც უფალი იშვა და ჯვარზე ევნო. ეს საიდუმლო კი თვალსაჩინოდ აისახა ჰიმნოგრაფიაში, ანუ საეკლესიო საგალობლებში, სადაც ყველაზე მეტადაა თავმოყრილი ლიტურგიკული მასალა (ღადუა; 2009:149).

ქრისტეშობის კანონის სახისმეტყველებითი ანალიზი მრავალ სახე-სიმბოლოს, ალეგორიასა თუ მეტაფორას მოიცავს. ჩვენს წინ იშლება ძველი და ახალი აღთქმის წმინდა მამათა სახეები და სახელები. ბიბლიური პერსონაჟებისა და სიუჟეტების დამოწმებით იკინძება ჰიმნოგრაფიული კანონის ყველა ტაეპი, სტროფი და ოდა. ამ ტექსტების საფუძვლიანი შესწავლა, სახე-სიმბოლოების გამოვლენა, ამოხსნა და დაკავშირება ახალი აღთქმის ჰიმნოგრაფიულ ტექსტთან, ძველსა და ახალ აღთქმაში მოგზაურობას, სხვადასხვა ჰიმნოგრაფიულ ტექსტებთან თუ წმინდა მამათა სწავლებასთან უშუალო კავშირს გულისხმობს. ქრისტეშობის საცისკრო კანონის სახისმეტყველებითი ანალიზით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საგალობელი არის მრავალშრიანი და მრავაპლანიანი შემოქმედების ნაყოფი.


დამოწმებული ლიტერატურა:

1.         ახალი აღთქუმა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. თბილისი 2005. საქართველოს საპატრიარქო. გამომცემლობა ალილო

2.         კოჭლამაზაშვილი . (2000). ქრისტეს შობა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი (ლიტერატურული). თბილისი

3.         ლოლაშვილი, ივანე. (1982). ათონურ ქართულ ხელნაწერთა სიახლენი. პარაკლიტონის შესავალი. მეცნიერება, თბილისი

4.         მიქაელ მოდრეკილი. (1978). ჰიმნები, I. ტექსტი გადმოწერა დედნიდან და გამოსცა ვაჟა გვახარიამ, თბილისი

5.         მოსია, . (1997). ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ძეგლების მეტაფორა-სიმბოლიკის ზოგიერთი საკითხი. ზუგდიდი

6.         ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია I. (1946). შედგენილი სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

7.         ღადუა, ია. (2009 წელი). `ქართული ჰიმნოგრაფიის წყაროები~, დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი

 



[1] ბინარული - ორი ნაწილისგან შემდგარი, ორმაგი, ორფა. სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში ენციკლოპედია: [შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა] თბილისი.

[2] ცა არის როგორც მაცხოვრის, ისე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეპითეტი. მაგალითად, როგორც არის თამარ მეფის საგალობელში ცასა ცათასა.

[3] ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

Comments