კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკა

 ავტორი: ნინა ცაცანაშვილი

 უხსოვარი დროიდან კომპოზიტორები თავიანთ შემოქმედებაში მიმართავდნენ ეპოქის ჟღერადი ფონდის პოპულარულ მელოდიებს, ხალხურ სიმღერებს, საცეკვაო მუსიკას. აღსანიშნავია, რომ აღორძინების ეპოქაში კომპოზიტორის უნარი შეეთავსებინა რამდენიმე მანამდე არსებული მელოდია ერთ ნაწარმოებში, ითვლებოდა კონტრაპუნქტული ტექნიკის ფლობის უმაღლეს ოსტატობად. სწორედ ამიტომ, აღორძინების ეპოქაში, პრაქტიკულად, ყველა საკომპოზიციო ტექნიკა წარმოადგენდა წერას მოცემული პირველწყაროს - cantus prius factus (ადრე შექმნილი ჰანგი) - ის მიხედვით. სწორედ ასეთი ტექნიკით იწერებოდა კვოდლიბეტი.

კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები პირველად აღწერილია გერმანელი მუსიკის თეორეტიკოსის, კომპოზიტორისა და ორგანისტის – მ. პრეტორიუსის ნაშრომში - „მუსიკის მოწყობა III“ („Syntagma MusicÜh III“) [Lampl, 1957] [1].

          ხსენებულ ნაშრომში მ. პრეტორიუსი გვაწვდის ცნობებს კვოდლიბეტის შესახებ. იგი თვლის, რომ „Messanza”, „Mistichanza” არის იგივე კვოდლიბეტი, რომელებშიც გამოყენებულია
სახალისო განწყობილების მელოდიები, ამოღებული ადრე შექმნილი მადრიგალებიდან, მოტეტებიდან და ხალხური სიმღერებიდან. გარდა ამისა, მ. პრეტორიუსი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გამოიყოს სამი სახის კვოდლიბეტი:

1.ზოგიერთ კვოდლიბეტში ვერტიკალში გაერთიანებულია სხვადასხვა სიმღერის ტექსტი. ასე მაგალითად, ამ სახის ერთ–ერთი კვოდლიბეტის პირველ ხმაში მოცემულია „მიგვიღე უფალო“ („Erhalt uns, Herr“), მეორეში „ო, ღმერთო მაღალო“ („Ach Gott vom Himmel“), მესამეში „მამა ზეციერო“ („Vater unser im Himmelreich“), მეოთხეში „გვწამს“ („Wir gleuben“) და მეხუთე ხმაში „ადამის დაცემით“ („Durch Adams Fall“). თითოეული ტექსტი წარმოდგენილია დასრულებული სახით. ნაწარმოების ავტორი ანონიმურია.

2.კვოდლიბეტის მეორე კატეგორიაში მიმდევრულად არის მოცემული სხვადასხვა
სიმღერის
ტექსტი. ასეთია ნ. ზანგიუსის კვოდლიბეტი.

3.მესამე სახის კვოდლიბეტს ახასიათებს ის, რომ დაუსრულებელ სიმღერაში შესაძლოა შეიჭრას ტექსტი სხვა სიმღერიდან. ამ ტიპის კვოდლიბეტის მაგალითია იტალიელი კომპოზიტორის ა. სტრიჯოს ექვსხმიანი Messanza – „Nasce la pena mia“.

ნათელია, რომ მ. პრეტორიუსი ძირითადად პოეტურ ტექსტზე ამახვილებს ყურადღებას. მკვლევარი აღწერს თუ როგორ იყენებდნენ მას კომპოზიტორები. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მ. პრეტორიუსი სხვადასხვა სახის კვოდლიბეტს პოეტური ტექსტის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე განასხვავებს.

თანამედროვე მკვლევრები ამახვილებენ რა ყურადღებას გამოყენებული სიმღერების ინტონაციურ მხარეზე, კვოდლიბეტის შედგენის სამ ძირითად კომპოზიციურ ხერხს გამოყოფენ:

·სიმულტანური -  ვერტიკალური კვოდლიბეტი, ერთდროულად ჟღერს სხვადახვა მელოდია.

·კონსეკუტიური - ჰორიზონტალური კვოდლიბეტი, როდესაც თანმიმდევრულად ჟღერს რამოდენიმე სიმღერა ან მისი ნაწყვეტი.

·დიაგონალური კვოდლიბეტი, როდესაც გაერთიანებულია პირველი ორი ხერხი.

ამ სამი ძირითადი ხერხის გარდა, ძალზედ იშვიათად, მაგრამ ნაწარმოებებში გვხვდება მისი შედგენის კიდევ ერთი  სინთეზური ვარიანტი.          

კვოდლიბეტის პირველი ხერხის დროს, ვერტიკალში რამდენიმე დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სიმღერის დაკავშირება უფრო ხშირად რიტმულად, იშვიათად კი ინტონაციურად - მელოდიის ვარირების გზით ხდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ოთხხმიან ნაწარმოებში არის ორი სიმღერის სინთეზიდანარჩენ ხმებში მოცემულია სიმღერებიდან  ერთ-ერთის ტექსტი. გარეგნულად ასეთი კომპოზიცია მოგვაგონებდა XIII საუკუნის ძველ ფრანგულ მოტეტს, რომელშიც ხმები დამოუკიდებლად, საკუთარ ტექსტზე ვითარდებოდნენ. მაგრამ, მოტეტისგან გასხვავებით, სადაც წამყვანი ხმა იყო „ტენორი“ და „მოტეტუსი“, კვოდლიბეტში ყველა ხმა ექვემდებარებოდა ზედა ხმას – დისკანტს. ცხადია, რომ პირვლი ხერხის დროს იქმნებოდა განსხვავებულმელოდიური ფაქტურა.

კვოდლიბეტის შექმნის მეორე ხერხია სიმღერების შეერთება ჰორიზონტალში. ამ დროს, პირველი სიმღერის საბოლოო ფრაზა უერთდებოდა მეორე სიმღერის საწყის ფრაზას,ეორე შემდეგს და .. სიმღერების შეკრებას არ ჰქონდა რეგლამენტი. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ რომელიმე ხმაში ხდებოდა სხვადასხვა ხალხური მელოდიის ციტირება, კვოდლიბეტის ფაქტურა მაინც იყო პოლიფნიური, ვინაიდან, დანარჩენ ხმებში კომპოზიტორი უსადაგებდა თავისივე შედგენილ მელოდიებს.

და ბოლოს, განვსაზღვრავთ დიაგონალური კვოდლიბეტის შექმნის ტექნიკას. ამ შემთხვევაში, სიმღერები კვლავ ვერტიკალში ერთიანდებოდნენ. თუმცა, ციტატების შესვლებს შორის იყო დროითი ინტერვალი. შედეგად, მიიღებოდა დიაგონალური გაერთიანება. ცხადია, ამ ხერხით დაწერილ კვოდლიბეტსაც ახასიათებდა განსხვავებულმელოდიური პოლიფონიური ფაქტურა.

როგორც აღვნიშნეთ, კვოდლიბეტის შედგენის სამი ძირითადი ხერხის გარდა, არსებობდა კიდევ ერთი სინთეზური ვარიანტი. ამ დროს სიმღერის ფრაზები მონაცვლეობდნენ სხვადასხვა ხმებში და, შედეგად, ციტატების მოძრაობა მიდიოდამიხვეულ-მოხვეულიგზით. ამ ტიპის კვოდლიბეტს მიეკუთვნება ის უკიდურესი შემთხვევა, როდესაც მელოდიისაკინძვახდება არა ერთ, არამედ მუსიკალური კომპოზიციის ყველა ხმაში. ამ შემთხვევაში კვოდლიბეტის შედგენის ყველა ხერხი ერთად არის წარმოედგენილი – ე.ი ციტატები გაერთიანებულია როგორც ვერტიკალში, ისე ჰორიზონტალში და დიაგონალში (სტატიის ბოლოს იხილეთ დანართი 1).

კვოდლიბეტში გამოყენებული სხვადასხვა სირთულის მუსიკალური ხერხების თვალსაზრისით, მკვლევრები განასხვავებენ ამ ტექნიკით დაწერილი ნაწარმოებების მარტივ, საშუალო და რთულ მოდელებს.

კვოდლიბეტის მარტივი მოდელი იქმნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპოზიტორს გამოყენებული ჰქონდა კვოდლიბეტის შექმნის ჰორიზონტალური მეთოდი. ყველა ხმაში მოცემული იყო ერთიდაიგივე ტექსტი. ამ შემთხვევაში, ციტირებული სიმღერის მელოდიის ხმაში მოცემულ ტექსტს, მომღერლები კომპოზიტორის მიერ შეთხზულ ქვედა ხმებშიც, ვერტიკალში, იმეორებდნენ. ასეთი სახის კვოდლიბეტებს საფუძვლად უდევს აკორდული ფაქტურა, ან მარტივი იმიტაცია. შესაბამისად, ამ ტიპის კვოდლიბეტის შესრულება შეეძლო იმასაც, ვინც განსაკუთრებული მუსიკალური შესაძლებლობებით არ გამოირჩეოდა.

საშუალო სირთულის კვოდლიბეტების მოდელისთვის დამახასიათებელი იყო პოლიტექსტურობა. აქ კომპოზიტორები იყენებდნენ კვოდლიბეტის შედგენის ვერტიკალურ ხერხს. ცხადია, რომ ეს მეთოდი კომპოზიტორისგან კონტრაპუნქტის კარგ ცოდნას მოითხოვდა. ამ ტიპის კვოდლიბეტში ხშირად გვხვდება კანონური განვითარება, სტრეტა, იმიტაცია და ასევე, სხვა რთული პოლიფონიური ტექნიკა. იქმნება განსხვავებულმელოდიური პოლიფონიური ფაქტურა. როგორც წესი, ამ მეთოდით დაწერილ ნაწარმოებს ასრულებდნენ პროფესიონალი მუსიკოსები.

რთული მოდელების კვოდლიბეტს საფუძვლად ედო ოსტინატური განვითარების პრინციპი. შედგენის ეს ფორმა უდიდეს ოსტატობას მოითხოვდა, რადგან ერთდროულად იყო ციტირებული რამდენიმე სიმღერა, ქორალი ან სხვა. მოცემული იყო სხვადასხვა ენაზე შექმნილი ტექსტი. აქედან გამომდინარე, ამ მოდელით დაწერილ კვოდლიბეტს ახასიათებდა რთული პოლიფონიური განვითარება. მისთვის კუპლეტური ფორმის გარდა, დამახასიათებელი იყო სოპრანო ოსტინატური ტიპის ვარიანტული განვითარებაც. ოსტინატური ვარიაციების გამოყენების დროს, პოლიფონიური ფაქტურა უფრო ხშირად წარმოიქმნება უცვლელად განმეორებადი მელოდიის ფონზე, კონტრაპუნქტის ჩართვით, იშვიათად კი მთავარი მელოდიის იმიტაციური განმეორებით (სტატიის ბოლოს იხილეთ დანართი 2).

აღსანიშნავია, რომ პინციპში, კვოდლიბეტისათვის დამახასიათებელი საკომპოზიტორო ტექნიკა არ გამოირჩევა ორიგინალურობით, რადგანაც მას აქვს ბევრი საერთო ნიშანი აღორძინების ეპოქაში ჩამოყალიბებულ სხვა ტექნიკებთან.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკის კავშირი კანტუს ფირმუსსა და კანტუს პრიუს ფაქტუსთან.

კანტუს ფირმუსის (ლათ. შეუცვლელი, მყარი ჰანგი) პოლიფონიური ტექნიკა ჩაისახა XIII საუკუნის დასაწყისში და გავრცელებული იყო XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ხშირად ტერმინ კანტუს ფირმუსს ცვლიან კანტუს პრიუს ფაქტუსზე.  ამ ორ ტერმინს შორის განსხვავება მდგომერეობს შემდეგში: როგორც წესი, კანტუს ფირმუსში გამოიყენებოდა გრიგორისეული ქორალის მელოდია, რომელიც ტენორის პარტიაში იყო მოცემული. კანტუს პრიუს ფაქტუსის ტექნიკაში კი - ნასესხები ჰანგი საერო ხასიათის იყო.

ტერმინი cantus prius factus (ადრე შექმნილი ჰანგი) - გაჩნდა XIII საუკუნის IV ანონიმურ ტრაქტატში. ამის შესახებ პირველი ცნობები მოიძიება XIX ს - ის ფრანკო-ფლამანდიელი მუსიკისმცოდნე შარლ ედმონ ანრი დე კუსმაკერის გამოკვლევაში  „წერილობითი მუსიკის ახალი სერია“ („Scriptorum de Musica nova series“). ნაშრომში  ავტორი იკვლევს კანტუს პრიუს ფაქტუსის ტექნიკას და აღნიშნავს, რომ მას საფუძვლად უდევს ნასესხები ჰანგი, რომელიც წინასწარ იყო შექმნილი, „გაკეთებული“ და გამოყენებული საერო სიმღერებში [Евдокимова, Симакова, 1982] [2].

ამ ორ ტექნიკასა და კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკას შორის კავშირი გამოვლინდება შემდეგში: თითოეული მათგანი იქმნებოდა წინასწარ შექმნილი ან „გაკეთებული“ პოპულარული მელოდიის საფუძველზე. თუმცა, დავძენთ იმასაც, რომ კანტუს პრიუს ფაქტუსი უფრო ახლოსაა კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკასთან ვიდრე კანტუს ფირმუსი, რადგანაც ორივე მათგანს საფუძვლად ედო საერო ხასიათის მელოდია.

უნდა გამოვყოთ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც: კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკა კონკრეტულად კვოდლიბეტის ჟანრისთვისაა დამახასიათებელი. ხოლო კანტუს ფირმუსი და კანტუს პრიუს ფაქტუსი იყო მხოლოდ საკომპოზიტორო ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებსა და ფორმებში.

კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკას კავშირი აქვს XIII საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებულ ფრანგული მოტეტთან “ente” („ნამყენი“), რომელშიც ტენორი არა ქორალურ, არამედ საერო მელოდიაზე აიგებოდა. ოსტინატური გამეორების ნაცვლად (ტენორში) სხვა სახის გამეორებები ყალიბდა, რომლებიც  ნაკარნახევი იყო სასიმღერო მელოდიითა და ტექსტით. არს ანტიკას პრიოდში, ფრანგული მოტეტი შეიძლება პირველი უნივერსალური ჟანრი ყოფილიყო, რომელშიც გაერთიანებული იყო საეკლესიო და საერო მუსიკა. ფრანგული მოტეტი ცნობილია, როგორც სხვადასხვა ერისა და სხვადასხვა ენაზე მოცემული მელოდიების კონტრაპუნქტი. ამ ჟანრს ახასიათებს პოლიმელოდიური ფაქტურა. უნდა აღინიშნოს, რომ კანტუს ფირმუსის ტექნიკა მოტეტში ხშირად გამოიყენებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, XIII საუკუნის ფრანგულ მოტეტსა და კვოდლიბეტის ტექნიკას შორის შეიმჩნევა კავშირი, კერძოდ: ორივე ჟანრში არის კანტუს ფირმუსის ტექნკის ზეგავლენა. ეს გულისხმობს იმას, რომ მათი შექმნის დროს მიმართავდნენ წინასწარ შედგენილ ან „გაკეთებულ“ მელოდიას. როგორც ფრანგულ მოტეტში, ისე კვოდლიბეტშიც გვხვდებოდა რამოდენიმე ენის გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ჟანრს შორის არის განსხვავებაც. ფრანგულ მოტეტში წამყვანი მაკოორდინირებელი იყო ტენორი, კვოდლიბეტში კი დისკანტი - ზედა ხმა. განსხვავების მიუხედავად, მსგავსებები გვაძლევენ უფლებას ვივარაუდოთ, რომ ფრანგული მოტეტის ჟანრის გავლენით წარმოიშვა კვოდლიბეტი, რადგანაც ორივეში მასალის მოტეტური განვითარების პრინციპია დაცული.

კვოდლიბეტთან მიმართებით, უნდა აღვნიშნოთ მესა პარაფრაზი და მესა პაროდია. მესა პარაფრაზი აიგებოდა ერთხმიან კანტუს ფირმუსზე. ეს წინასწარი მელოდია იყო ქორალი ან საერო სიმღერა. მესა პაროდიაში კი გამოყენებული იყო მრავალხმიანი პირველწყარო: შანსონი, მოტეტი და მადრიგალი. ნასესხები მასალა შესაძლოა ყოფილიყო როგორც საკუთარი, ისე სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან.

თვალნათელია ურთიერთკავშირი კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკასა და მესის ამ ორ სახეობას შორის. ყველა მათგანს საფუძვლად უდევს წინასწარ შედგენილი მელოდია.

შევაჯამებთ კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკისათვის დამახასიათებელ ნიშანთვისებებს და აღვნიშნავთ, რომ არსებობს სამი სახის კვოდლიბეტი: სიმულტანური (ვერტიკალური), კონსეკუტიური (ჰორიზონტალური) და დიაგონალური. თუმცა, შეგვხვდა რამოდენიმე ნიმუში, რომელიც ითვალისწინებს სიმღერების ფრაგმენტების „აკინძვას“. რაც შეეხება ამ ჟანრისათვის დამახასიათებელ მუსიკალურ ქსოვილს, ძირითად შემთხვევაში თავს იჩენს განსხვავებულმელოდიური ფაქტურა.

გამოკვლევის შედეგად დავადგინეთ ისიც, რომ კვოდლიბეტის საკომპოზიტორო ტექნიკა მომზადების გარეშე არ ჩამოყალიბებულა. მას მსგავსება აქვს კანტუს ფირმუსსა და კანტუს პრიუს ფაქტუსთან, XIII საუკუნის ფრანგულ მოტეტთან, მესა პარაფრაზთან, ასევე მესა პაროდიასთან.







[1] Lampl H (1957). A Translation of Syntagma MusicÜh III By Michael Pretorius. A Dissertation Presented to the Faculty of The School of Music University of Southern California In Partial Fulfillment of the Requirements for the Degree Doctor of Musical Arts Major in Performance Practices (Conducting).

 

[2] ცნობები მუსიკისმცოდნე კუსმაკერის გამოკვლევების შესახებ მოვიძიეთ იუ. ევდოკიმოვასა და ნ. სიმაკოვას წიგნში „რენესანსის მუსიკა: cantus prius factus და მასთან მუშაობა“.

Comments