ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი
ელენე ელიოზიშვილი
ოთხშაბათს, 24 ნოემბერს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე საოპერო სტუდიამ წარმოგვიდგინა ფრაგმენტები
ვ. ა. მოცარტის ოპერიდან „დონ ჯოვანი“.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ აფიშაზე სიტყვის „ნაწყვეტები“
ხილვამ ცოტათი შემაცბუნა და დადებითად ვერ აღვიქვი, არადა, აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად...
რეჟისორულმა გადაწყვეტილებამ (რეჟისორი: ლელა გვარიშვილი), ალბათ, პანდემიის რეგულაციიდან
გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა. ოპერა, რომელიც თითქმის სამ
საათს გრძელდება, მოკლე შინაარსის, საკვანძო სცენებისა და თითქოს, თანამედროვე, ჩქარ
ცხოვრებისეულ ტემპს აყოლილი სახით საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენა.
მინიმალისტურად გადაწყვეტილმა სასცენო დეკორაციებმა, რომელიც
სულ რამდენიმე საგანს: ფარდას, კვარცხლბეკსა და მცირე დასადგამებს მოიცავდა, კამერული/სალონური
სახე შესძინა დადგმას. ამასთანავე გრანდიოზული საორკესტრო თანხლების არარსებობამ,
რასკავირველია, დატოვა თავისი დანაკლისის შეგრძნება, თუმცა, ისევ და ისევ, კამერულ
გადააზრებას გაუსვა ხაზი, რაც არც ისე ცუდ ექსპერიმენტად მეჩვენა. აქვე აღვნიშნავ,
რომ გასაოცარი იყო კონცერტმაისტერის - ნინო ლეშკაშელის მიერ შესრულებული, დამეთანხმებით,
უზარმაზარი სამუშაოს შედეგი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი საქმის შესრულებით იყო მოტივირებული,
არამედ აშკარაა ძალიან დიდ, ოსტატურ მხარდაჭერას უწევდა სოლისტებს. რასაკვირველია,
ემოციურობა ყოველთვის იწვევს შემსრულებელთან მცირედ სტაბილურობის რღვევას, სპექტაკლის
დასაწყისში მაგალითად ბალანსი სოლისტებსა და აკომპანიმენტს შორის ნაკლები იყო, თუმცა
ამ პრობლემურ შემთხვევებს და იშვიათად, მაგრამ მაინც, მცირე რიტმულ აცდენებს სოლისტებსა
და კონცერტმაისტერს შორის უმალ, მცირე ჟესტებით, უმკლავდებოდა დირიჟორი ბ-ნი გოგი
ჭიჭინაძე, ის ნამდვილად წარმოადგენდა დღევანდელი საღამოს შემსრულებლებისთვის ერთგვარ
„სტაბილურობის გარანტსა“ და საყრდენს.
მოცარტის ამ გრანდიოზული და „უხუნველი" ოპერის სიუჟეტის
აღწერას აქ, ახლა არ დავიწყებ, თუმცა უნდა აღვნიშნო დადგმის ერთგვარი პორტრეტული ხასიათი.
ალბათ, ნაწარმოების აუცილებელი „შეკუმშვისას“ დამდგმელი ჯგუფისათვის სწორედ ეს იყო
მთავარი მიზანი, ყველა ძირითად პერსონაჟს წარმოეჩინა საკუთარი სახე (ღრმა შიდა გასვლების
გარეშე), შეკრულიყო კონფლიქტი, კონფლიქტს მიეღწია კულმინაციამდე და საბოლოოდ კვანძი
გახსნილიყო. უცნაურია, მაგრამ ერთი სასაცილო შედარება მომივიდა თავში სპექტაკლის ყურებისას,
თითქოს ერთი დიდი ოპერა „გადახვევის ეფექტით იყო დამუშავებული“ და დროის უქონლობისა
და დაჩქარებული ტემპის გამო, „ვიღაც“ წამდაუწუმ გვიხვევდა ჩანაწერს. კიდევ ერთხელ
გავმეორდები, ასეთი „გადახვევის ეფექტი“ საკმაოდ
შთამბეჭდავი მეჩვენა, როგორც „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო“, თუმცა დამენანა, ალბათ,
ყველასთვის საყვარელი სცენების: ლეპორელოს არია „Madamina, il catologo e
questo“, დონ ჯოვანის არია შამპანურით... - ამ „გადახვევის ეფექტს“ რომ შეეწირა. ფაქტობრივად
ოპერა დარჩა „სავიზიტო ბარათის“ გარეშე. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულად მინდა,
აღვნიშნო სპექტაკლში მონაწილე, მამაკაცთა როლების შემსრულებლები, რომლებმაც სპექტაკლის
ბოლოს დამსახურებულად მიიღეს განსაკუთრებული, მქუხარე აპლოდისმენტები, ესენი იყვნენ:
დონ ოტავიო - შოთა
ქუტიძე (ბაკ. IVკ), მაზეტო - სპარტაკ შარიქაძე (ბაკ. IIკ.), დონ ჯოვანი - გურამ მარგველაშვილი
(ბაკ. IVკ.) და ლეპორელო - ირაკლი ფხალაძე (ბაკ.IIIკ.). არ იფიქროთ, რომ გამომრჩა
კომანდორი, ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვმელოვანესი გმირია და ცალკე აპლოდისმენტები მისი
როლის შემსრულებელს - თემურ იაგორაშვილს (ბაკ. IIIკ.) მცირე სასცენო იაღლიშის ოსტატურად უგულვებელყოფისთვის,
მეჩვენა, რომ დანარჩენ გმირთა პორტრეტულობის ფონზე კომანდორის სახე ძალზედ ეპიზოდური
იყო (კომანდორის დამთრგუნველი ლაიტმოტივის ნაკლებობაც იგრძნობოდა მუსიკალურ თანხლებაში,
რამაც შეიძლება ითქვას, drama giocoso-ს დრამატულობა გააბათილა), მიზეზებზე მსჯელობას
არ დავიწყებ, შეიძლება მხატვრული ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო. მაგრამ, ამავდროულად,
ჩემ მიერ თავდაპირველად ნახსენები ოთხი სტუდენტი, თითოეული განსაკუთრებულ აღნიშვნას
იმსახურებს, მათი საოცარი თავდაჯერებულობისა და სასიმღერო თუ სამსახიობო ტალანტის, რბილი, ხავერდოვანი თუ მსუყე ხმების ფლობისა
და მათი თავისუფლად გამოყენების მხრივ. ერთს აღვნიშნავ, რომ სალაპარაკო ეპიზოდებში,
რომლებიც გათამაშებული იყო ქართულ ენაზე და მოულოდნელობისგან ჩემში ცოტაოდენი გაკვირვება
გამოიწვია, თუმცა ესეც სიანტერესო იყო, შესამჩნევი იყო წინადადებების ბოლო სიტყვების
„ჩაყლაპვა“, რასაც აუცილებლად მივაქცევდი სამომავლოდ ყურადღებას.
დონ ჯოვანის როლის შემსრულებელს დიდი მადლობა მშვენიერი გმირის
დახატვისათვის, რომელიც უფრო მეტად ლირიკული მეჩვენა, ვიდრე ქარიზმატული და ბრუტალური
დონ ჯოვანი, თუმცა თავისებური სახე, რომელიც გ. მარგველაშვილმა დაგვიხატა ნამდვილად
იკვეთება დონ ჯოვანის მრავალფეროვან ფსიქოტიპში და შესაბამისად ასეთი ინტერპრეტაციაც
არსებობის ღირსია. დონ ოტავიოსა და მაზეტოს გმირების ასე თავდაჯერებულად, სახოვნად
თამაშმა პირდაპირ ვიტყვი, სასიამოვნოდ გამაოცა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ გმირებს
დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი ხოლმე, ახლა კი ნამდვილად, დონ ოტავიომ და მაზეტომ განსაკუთრებულად
მიიქციეს ჩემი ყურადღება. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა დონ ოტავიომ თავისი მედიდურობითა
და ამბიციურობით და მაზეტომ თავისი სიტლანქით, მოუქნელობით, სტუდენტებმა ამ გმირების სახოვნად ასახვა
არა მხოლოდ მუსიკალური მასალის მაღალი დონის შესრულებით შეძლეს, არამედ საინტერესო
და მნიშვნელოვანი ჟესტებითა და მოძრაობებით - მოკლედ, ბრავო! აი, რაც შეეხება ლეპორელოს
(აქ კიდევ უფრო ძლიერად უნდა ისმოდეს ტაში!), შეიძლება სუბიექტური ვარ, რადგან ლეპორელოს
გმირის შემსრულებელს თავად ვიცნობ და ნამდვილად ერთ-ერთი მიზეზი დადგმის ყურებისა,
სურვილი იყო, მომესმინა და მენახა ირაკლი ფხალაძე ლეპორელოს როლში, დავრწმუნებულიყავი,
რომ ამას საოცრად სახასიათოდ შეძლებდა. ნამდვილად არ გამიცრუვდა იმედები, ამ ბუფონადისათვის
დამახასიათებელი გმირის ასახვა, ჩემი აზრით, ბრწყინვალედ შეძლო შემსრულებელმა, გულიანად აცინა მაყურებლები
იტალიურთან შეზავებული ქართული იუმორით
შეფერილი სცენებით. ლეპორელოს პარტია
ნამდვილად „მისია“ და „Madamina“-ს არიის ნაკლებობას ამიტომ კიდევ უფრო მეტად განვიცდი,
ვფიქრობ, აპოგეა იქნებოდა დღევანდელი საღამოსი!
რაც
შეეხება ქალბატონების როლების შემსრულებლებს ცოტა მეტ სილაღესა და ბუნებრივობას ვუსურვებდი,
თუმცა სახეები ძალიან კარგად იყო მორგებული მსახიობ-მომღერლებზე, განსაკუთრებით სპექტკლის დასაწყისში, დონა
ანნას (თამთა ენდელაძე, ბაკ. IVკ.) თამაშში ოდნავი შებოჭილობა ვიგრძენი, მქრქალი
მომეჩვენა პიანოზე სამღერი ეპიზოდები და ზედმეტად მჭექარედ ისმოდა ფორტე-ეპიზოდები.
დონა ელვირას (თამარ ცირეკიძე, ბაკ. IVკ.) შემოსვლა, თავისი არსით ძალიან ეფექტური
იყო, თუნდაც წითელი მოსასხამისა და წითელი ვარდის არსებობით მის ჩაცმულობაში, აქვე
აღვნიშნავ მხატვრის - ნეიკო ნეიძის ძალიან კარგ ნამუშევარს, ნამდვილად სახასიათო კოსტიუმების
შექმნისთვის. მუსიკალურად შთამბეჭდავი იყო დონა ელვირას დუეტიც დონ ჯოვანისთან, მაგრამ
აქაც, თითქოს, მეტ თავდაჯერებულობას მოველოდი და უფრო მეტ ესპანურ ქარიზმატულობას,
ასე სახასიათოს დონა ელვირას გმირისათვის. და მაინც უპირობო „პირველობას“ განსაკუთრებული
სამსახიობო თუ მუსიკალური ნიჭით, ვოკალური ტექნიკისა და ხმის ფლობით ცერლინას როლის
შემსრულებელს - მარიამ გაგლოშვილს (ბაკ. IVკ.) მივანიჭებდი. მან ძალიან სახოვნად დაგვიხატა
კეკლუცი, ეშმაკი, ოდნავ ქარაფშუტა, თუმცა სიყვარულის გრძობას აყოლილი ცერლინას სახე...
თვალშისაცემი იყო მისი „გატაცება“ თავისი როლით, ის არ თამაშობდა, ის ნამდვილად იყო ცერლინა, ბუნებრივად კეკლუცობდა, არშიყობდა, ბუნებრივად
ცბებოდა კიდეც და ფანტასტიკურად თავისუფლად იყენებდა საკუთარ ვოკალურ შესაძლებლობლებს,
თითქოს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საუბრობდა სიმღერით. ცალკე გამოვყოფდი ცერლინასა
და მაზეტოს დუეტის ულამაზეს სცენას, რომელშიდაც გარდა გენიალური მუსიკის აჟღერებისა,
მართლაც რეალურად და ძალიან ბუნებრივად გაითამაშეს მსახიობებმა დაძაბული სიტუაციიდან
კონფლიქტის „საცეკვაო“ განმუხტვამდე სვლა.
საბოლოო ჯამში, საოპერო სტუდიის დადგმამ ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება
დატოვა, ვფიქრობ, თუნდაც ასეთი შემოკლებული ვერსიებით საოპერო სპექტაკლების ხშირი
დადგმა, არამხოლოდ მსმენელებისთვის იქნება საინტერესო და სასიამოვნო, არამედ მსახიობ-მომღერალთა
საშემსრულებლო პროფესიოანლიზმის დახვეწასა და მეტი სილაღისა და თავდაჯერებულობის შეძენასაც
შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებით, ცოცხალ შესრულებას მოწყურებული მსმენელებისა და
სტუდენტებისთვის (ხაზს ვუსვამ - სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ისე არავის არ სჭირდება
მუსიკის ცოცხლად მოსმენა დღეს, როგორც ჩვენ...) „სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის“ ტოლფასი
იყო დღევანდელი საღამო, თუნდაც კამერულ ვარიანტში და თუნდაც სულ ერთი საათით. ეს დაამოწმა
ხანგრძლივმა აპლოდისმენტებმა, რომელიც ეკუთვნით არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მათ
უკან მდგომ, დიდი სამუშაოს მეთაურებს: კონცერტმაისტერს, დირიჟორს, რეჟისორს, მხატვარსა
და საოპერო სტუდიის მენეჯერს - ირინა რამიშვილს, ასევე, რასაკვირველია, სტუდენტების
პედაგოგებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს ამ შედეგის მისაღებად.
მადლობას ვუხდი დამსწრე საზოგადოების სახელით საოპერო სტუდიას,
ვულოცავ წარმატებული სპექტაკლს და ვუსურვებ
მას წარმატებებს მომავალშიც!
Comments
Post a Comment