(კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტი, III კურსი)
ხელმძღვანელი: ეკატერინე ბუჩუკური
ნაწილი
I
პრობლემურ
საკითხზე მსჯელობას, უპირველეს ყოვლისა, დავიწყებდი საუბრით მუსიკის ჟურნალისტიკისა
და მუსიკის კრიტიკის ცნებებზე, როგორც ერთამანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფ, მრავალწახნაგოვან
და მრავალდისციპლინურ სფეროებზე. მუსიკის ჟურნალისტიკა/მუსიკის კრიტიკოსის საქმიანობა
ეს არის განსაკუთრებული ფორმა მუსიკალურ-ლიტერატურული მოღვაწეობისა, რომელიც წარმოადგენს
გამოყენებითი მუსიკისმცოდნეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს მიმართულებას.
როგორც
ყველა და ყველაფერი, მუსიკალურმა კრიტიკამაც დროის პრიზმაში განიცადა რიგი სერიოზული
ცვლილებებისა, ანუ განიცადა ევოლუცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევოლუცია ყოველთვის
არ გულისხმობს უკეთესობისკენ სვლას, თუმცა
დღეს მეცნიერულ სფეროებში რთულად თუ ვიპოვით ისეთ დარგს, რომელიც სწორხაზოვნად უკეთესობისკენ
განვითარდა, ან პირიქით, მხოლოდ დეგრადირდა.
გამომდინარე
იქიდან, თუ როგორ მრავალმხრივობას, მრავალფეროვნებასა და ფართო სპექტრის უნარებს ითხოვს
მუსიკის კრიტიკა შემოქმედისგან - კრიტიკოსისგან, აქ გარკვეულწილად დეგრადაცია და გარკვეულწილად
წინსვლა, მით უმეტეს, არ უნდა იყოს გასაკვირი.
ჯორჯ
ბერნარდ შოუ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში საუბრობდა, თუ როგორი უნდა იყოს მუსიკის
კრიტიკოსი, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მუსიკის მცოდნე მუსიკის კრიტიკოსად[1],
საუბრობს, რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ სფეროს, რა მანკიერებები ახასიათებთ ფსევდო-კრიტიკოსებს.
გასაკვირი არა, თუმცა საწყენია, რომ დღეს, 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან რიგი პრობლემებისა
ისევ აქტუალურია - უპირველესად, ალბათ, ფსევდოკრიტიკოსებისა,
რომლებიც თითქოს, ბევრს ამბობენ, არადა, დიდად არც არაფერს, მთელი საუბარი რამდენიმე
წინადადებაშია მოქცეული და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზანს ემსახურება. ან სხვა ტიპის
კრიტიკოსები, რომლებიც ამა თუ იმ საგანს/მოვლენას/ნაწარმოებს ზედაპირულ ანალიზს, ერთგვარ
მიმოხილვას უკეთებენ შეფასების გარეშე - არ დაგვავიწყდეს, რომ კრიტიკა ლიტერატურული
ჟანრია, რომელიც გარკვეული ესთეტიკური პრინციპების დაცვას მოითხოვს. ერთ-ერთი უდიდესი
პრობლემა თანამედროვე კრიტიკაში სწორედ ამ ესთეტიკური და მეტიც, ეთიკური პრინციპების
რღვევა ან კარგვაა.
სანამ უშუალოდ პრობლემებზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ,
თუ რას გულისხმობს საკუთარ თავში მუსიკალური კრიტიკა. ეს არ არის შექება, ეს არ არის
შეურაცხყოფა, არ არის ნაწარმოების თეორიული ანალიზი, არ არის მხოლოდ მსოფლმხედველობრივი,
ისტორიული რაკურსით განხილული საკითხი. კრიტიკული ნაშრომი საკუთარ თავში გულისხმობს
უპირველეს ყოვლისა მუსიკის (ხელოვნების) პროპაგანდას, ამ სიტყვის კარგი გაგებით, მსჯელობის
გამჭვივრალობასა და სიცხადეს, ობიექტურობას, თუმცა, სუბიექტური ჩანართები, თუნდაც კონცეფციის
გამძაფრებისთვის ან უბრალოდ საკუთარი აზრის მოზომილად, მკითხველისთვის „თავზე მოხვევის“
გარეშე დაფიქსირებისთვის - მისასალმებელია. ეს ზოგადად, ახლა კი, გავიხსენოთ, მუსიკის
კრიტიკოსისათვის აუცილებელ რომელ სამ ძირითად უნარს ახსენებს ბერნარდ შოუ: დახვეწილი
მუსიკალური გემოვნება, ლიტერატურული ნიჭი და გამოცდილება.
სიმართლეს
რომ გავუსწოროთ თვალი, დღევანდელ რეალობაში მუსიკალურმა კრიტიკამ, როგორც მოღვაწეობის
სფერომ დაკარგა აქტუალურობა, თუნდაც იმ უმარტივესი მიზეზით, რომელსაც შოუც ახსენებს
- ეკონომიკური (მატერიალური) სარგებლიანობის თვალსაზრისით. გადმოვიდეთ ქართულ, ჩვენთვის
ყველასთვის ნაცნობ რეალობაში, რამდენად ბევრია ისეთი ჟურნალ-გაზეთის რედაქცია, თუ ტელეარხი,
რომელიც ფიქრობს საზოგადოების სულიერ განვითარებაზე,
დაიქირავებს ზემოჩამოთვლილი სამი აუცილებელი უნარის მქონე პირს, იზრუნებს ასეთ ქმედითუნარიან პიროვნებაზე, მთელს ღამეს გაათენებინებს მას, ტვინის ყველა „უჯრასა“
და „ნათურას“ აამუშავებინებს, რათა მან დადოს ღირებული პროდუქტი და შესაბამისადაც დაჯილდოვებს...
21-ე საუკუნის კიდევ ერთი ახალი მოთხოვნადი მხარე, რომელიც ჩემი აზრით, არასდროს ისეთი
პრობლემური არ იყო, როგორც ახლა, არადა, ყველა
სფეროს წარმომადგენელს ეხება, მათ შორის ჟურნალისტს, მით უმეტეს ხელოვნების სფეროს
წარმომადგენელს - ესაა მისი ვიზუალი, სუაბრისა და ქცევის მანერა... მგონი, ამ ყველა
თვისების გამაერთიანებელი პიროვნების აღმოჩენა თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენება, არა?
ამიტომ, როდესაც გვესმის „საქართველოში კრიტიკა მოკვდა“ ან „არ არსებობს“, ეს არ არის
საფუძველსმოკლებული განაცხადი...
კრიტიკის
კვდომას და ნაწარმოების, კონცერტისა თუ შემსრულებლის კრიტიკის არარსებობას და მხოლოდ
კულუარულ წრეში „მომეწონა“/“არ მომეწონა“ შეფასებით შემოფარგვლას, მხოლოდ სახელმწიფოს
ეკონომიკურ მდგომარეობას და/ან „ზემდგომთა“ უინტერესობას ვერ დავაბრალებთ. დავუბრუნდეთ
ისევ შოუს კრიტიკოსისთვის აუცილებელი თვისებების ტრიადას. დახვეწილი მუსიკალური გემოვნება
დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ისმენს ადამიანი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან ან
საერთოდ ისმენს თუ არა რამეს, რა არის მისი ჰობი, როგორ ხდება მისი ინტერესების გაღვივება,
რამდენად საფუძვლიან კვლევას ეჩვევა ადამიანი თუ უბრალოდ ზედაპირულ აღქმას სჯერდება,
როგორია მისი გარემოცვა, ფსიქოლოგიური ფონი, მსოფლმხედველობა. ის, რასაც მუსიკალური
კრიტიკის წინსვლად მივიჩნევ დღეს, არის სიტყვის თავისუფლება, უფრო სწორად მუსიკისა
და სიტყვის თავისუფლება. დღევანდელმა სტილთა მრავალფეროვნების ხანამ მოიტანა რეალობა,
რომ მაგალითად როკკონცერტის განხილვა, შეფასება, ისეთივე აქტუალურია (უცხოურ რეალობაში),
როგორც ადრეულ ხანებში პროფესიული მუსიკის განხილვა იყო. გარდა ამისა, შეიძლება კრიტიკოსის
პროფესიამ უკანა პლანზე დაიწია, სამაგიეროდ კომპიუტერულმა სამყარომ სხვა უზარმაზარი
ჭიშკარი გააღო ინტერნეტსივრცეში, დღეს მუსიკა გასცდა სანოტო სისტემასა და ქაღალდს და
შესაბამისად კრიტიკაც გასცდა საგაზეთო პატარა პერიოდულ რუბრიკებს და მისმა არეალის
გაფართოებამ ნამდვილად გაუხსნა გზა, მოდით, ასე ვთქვათ, მელომან კრიტიკოსებს, რომელთა
შეფასება ხშირად არცთუ უყურადღებოდ დასატოვებელია.
ლიტერატურულ
ნიჭსა და გამოცდილებას გავაერთიანებდი, რადგანაც ნიჭს აუცილებლად სჭირდება განვითარება,
წვრთნა, ვარჯიში და ყოველივე ეს ქმნის გამოცდილებას, უფრო სწორად კი მიიღწევა გამოცდილებით.
ნუ ვიფიქრებთ ისე, თითქოს, უბრალოდ წერაა საკმარისი, არა. უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა
კრიტიკოსთა უარყოფით მხარედ, რომელზეც, ჩემი აზრით, მუდმივად უნდა მიდიოდეს მუშაობა
სკოლის ასაკიდან, არის ლექსიკური მარაგის „დამწიფება“, ალბათ, აქვეა სახსენებელი ენის
სახასიათო სიტყვათწყობის, მართლწერის საკითხები, რომლებიც თითქოს, ყველა პრობლემას
შორის ყველაზე ელემენტარული და საწყისია, თუმცა, მაშინვე თვალშისაცემია თუკი ამ კომპონენტებში
ხარვეზებია, თანაც, ისინი არამხოლოდ კრიტიკოსთა სუსტი წერტილებია... ლიტერატურული ნიჭი
არ გულისხმობს მხოლოდ ენის კარგად ცოდნას, აქვეა გასათვალისწინებელი მწერლის ცხოვრებისეული
გამოცდილება, მისი უნარი ფანტაზიისა და პარალელების გავლებისა, რამდენად შეუძლია მკითხველისთვის
სასიამოვნო თუნდაც რამდენიმე წამის ჩუქება, რამდენად რაციონალურია ტექსტი და იმავდროულად
საინტერესო, რამდენად დენადია და იმავდროულად დეტალებზე ორიენტირებული, რამდენად ლაკონიურია,
თუმცა ყოვლისმომცველი, რამდენად კრიტიკულია, თუმცა პოზიტიურზე ორიენტირებული, რამდენად
პროფესიულად გამართულია, მაგრამ არა მომაბეზრებელი და ა.შ. ასეთი მზაობა არ არის იოლად
მისაღწევი და ამავდროულად, დაუფასებელია და „უმადურია“, ერთი აუწონავი სიტყვა და ავტორი
სამუდამოდ იქცევა უსიამოვნო იარლიყის მსხვერპლად - დღეს კი ადამიანი ისწრაფვის ცხოვრების
გაიოლებისკენ, რა საჭიროა თავის ზედმეტად შეწუხება, ან ზედმეტი პრობლემები?! - ეს,
რა თქმა უნდა, ხუმრობით.
არ
შეიძლება, არ შევეხოთ ფაქტორს, რომელიც დღეს ასე „ხელისშემშლელია“ ყველა სფეროსთვის
- ეს არის პანდემია. დიახ, პანდემიამ ისედაც მწირი რაოდენობის ღონისძიებები, მით უმეტეს
საქართველოში, ლამის 0-მდე დაიყვანა, მაგრამ ამ რეალობამ მსოფლიოს საუკეთესო დარბაზების,
შემსრულებლების, იშვიათი მუსიკის კარი გააღო, თუმცა რამდენად იყო თუნდაც ჩვენი - სტუდენტების
- მომავალი კრიტიკოსების აღქმა ასეთი ორომტრიალისთვის მზად, ვერ გეტყვით... როგორც
იტყვიან, ყველა მონეტას აქვს ორი მხარე. ახლა მცირე „ლღობის პერიოდს“ განვიცდით და
იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ჩვეულ, ან მეტიც, გაუმჯობესებულ რეალობას დავუბრუნდებით.
ამრიგად,
მუსიკის კრიტიკოსს ახლაც, როგორც უწინ, ბევრი პრობლემა უდგას წინ, ზოგი მარად აქტუალურია,
ზოგი ემატება, ზოგიც ახლა იკვალავს გზას... საბოლოოდ, მინდა, აღვნიშნო, რომ
შემოქმედებითი მისწრაფება, თავისი პირვანდელი სახით, მთავრდება იქ, სადაც იწყება ფიქრი
მხოლოდ სარგებელზე, იქ, სადაც ხელოვნება პრაგმატულ ფორმას იღებს, ზედმეტია საუბარი
მაღალ მატერიებსა ან თუნდაც ესთეტიკურ სიამოვნებაზე. თუმცა, არავინ იცის ხვალ რა იქნება,
ფაქტი კი ისაა, რომ ჯანსაღი კრიტიკა რთულია, აუცილებელი, მოთხოვნადი და ამდენად გასაცოცხლებელი.
[1] შოუ, ბ. - „როგორ გავხდეთ მუსიკის კრიტიკოსი“ – (“Scottish
musical monthly”,დეკემბერი, 1894) - წიგნიდან „ბერნარდ
შოუ მუსიკის შესახებ“ - მოსკოვი, „აგრაფი“, 2000 წ., გვ. 48-54).
ბრავო
ReplyDelete