„როგორ გავხდეთ მუსიკის კრიტიკოსი“ გუშინ და დღეს ... (სტუდენტური პროექტი)

ავტორი: ელენე ელიოზიშვილი 

(კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის  

ფაკულტეტი; III კურსი) 

ხელმძღვანელი: ეკატერინე ბუჩუკური

 პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორთან, ქ-ნ დოდო (ლიდია) გოგუასთან, რომლის ცხოვრების უმეტესი ნაწილი მის მშობლიურ კონსერვატორიას  და არჩეული პროფესიის ერთგულ  სამსახურს უკავშირდება.           

 

 ნაწილი II

ვარიაციები კრიტიკის თემაზე

ინტერვიუ №1

 

·                    დავიწყოთ ასე, როგორ დაუკავშირდა თქვენი პროფესიული გზა ხელოვნებას, მუსიკას, კერძოდ კი მუსიკისმცოდნეობას? 

 

   დავამთავრე ,,ნიჭიერთა ათწლედი’’, ვუკრავდი არფაზე, არც თუ ცუდად. თუმცა მოხდა ისე, რომ ჩემი მუსიკალური ლიტერატურის  პედაგოგის,  ქ-ნ აზა ქავთარაძის რჩევით ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე  და  ეს გადაწყვეტილება არ მინანია არასდროს.

ჩემმა სტუდენტობამ ძალიან სწრაფად ჩაიარა, რადაგან პირდაპირ მეორე კურსზე ჩავირიცხე, შემდეგ იყო ასპირანტურა... გატაცებული ვიყავი ისტორიული მუსიკისმცოდნეობით და წარჩინებით ვსწავლობდი, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრების პირველივე დღეებიდან, თითქოს,   თავიდან შევუდექი  სწავლას. ვფიქრობ, ასე უნდა მოიქცეს ყველა, თუ უნდა, მოიპოვოს საკუთარი ადგილი თავის პროფესიაში.

პედაგოგიურმა მუშაობამ ძალიან ბევრი რამ შემძინასწავლება, ჩემი აზრით, ორმხრივი პროცესია - შენ ასწავლი, ამავე დროს შენც სწავლობ, მათ შორის შენი მოწაფეებისგანაც. მოსწავლეს არასდროს უნდა შეხედო, როგორც არმცოდნეს, ის ყოველთვის გაგრძნობინებს, როდესაც რაღაცას „ისე“ არ აკეთებ, ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მოწაფეების (იცინის).

 

·                    თქვენ ისეთ რთულ და, ამავდროულად, ქართული მუსიკისათვის იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდში მოგიწიათ მუსიკისმცოდნეობის ასპარეზზე გამოსვლა, როგორი ატმოსფერო სუფევდა მაშინ?

 

-                     დღეს მოვისმინე ძალიან საინტერესო ვიდეოკონფერენცია ჩემი კონსერვატორიელი კოლეგების მონაწილეობით, რომელიც ეხებოდა ტოტალიტარული რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის უარყოფით გავლენას საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაზე. საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, თუმცა უმართებულო იქნებოდა მთელი რიგი  დადებითი, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენების უარყოფაც, რომლებიც, განსაკუთრებით 60-იანი წლების შემდეგ, მოყვა პოლიტიკური ამინდის სასიკეთო ცვლილებებით წარმოქმნილი შინაგანი განათვისუფლების მაცოცხლებელ გრძნობას, რაც დაგვირგვინდა შემოქმედებითი ენერგიის მძლავრი აფეთქებით ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და, ბუნებრივია, მუსიკალურ ხელოვნებაშიც (მხედველობაში მაქვს საკომპოზიტორო შემოქმედებაც, საშემსრულებლო ხელოვნებაც და საგანმანათლებლო სისტემაც). მუსიკა იმ წლებში ფართოდ მოთხოვნადი ხელოვნების სფერო გახდა. საქართველოს მთელი მასშტაბით მოქმედებდა მრავალკონტინგენტიანი უამრავი მუსიკალური სკოლა-სასწავლებელი, ამიტომ მუდამ სავსე იყო საკონცერტო დარბაზებიც, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ოპერა და, რაც მთავარია, ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ეს იყო ნამდვილი ,,ოქროს ხანა’’ ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან, 90-იანი წლების ჩათვლით, ყოველი წელი აღინიშნებოდა რაღაც მნიშველოვანი მიღწევებით ქართულ საკომპოზიტორო შემოქმედებაშიც. ამასთან, უთუოდ  საგულისხმოა ისიც, რომ მუსიკას როგორც ინტონაციური ხელოვნებას, განსაკუთრებით ინსტრუმენტულს, თავისი სპეციფიკური სამეტყველო ენის გამო, უფრო ძლიერი იმუნიტეტი გააჩნია მხატვრული შემოქმედების სხვა დარგებთან შედარებით.  ვთვლი, რომ ამ მხრივ ნამდვილად გამიღიმა ბედმა, რომ იმ პერიოდში ვცხოვრობდი, მოვესწარი ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულებს და უმრავლესობას ჩვენი გამოჩენილი კომპოზიტორებისა ძალიან კარგად ვიცნობდი.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ უდავო ისტორიული პოზიტივის გამო, ცალმხრივად და ერთმნიშვნელოვნად არაფრის განხილვა არ შეიძლება - მე წინააღმდეგი ვარ ამის.

 

·                    ოგორ თვლით, მუსიკიმცოდნეობა და მუსიკის კრიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელი სფეროებია?

 

-                     რაც ჩემი თავი მახსოვს, მუსიკისმცოდნეებს ყოველთის ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩვენთან არ იყო კრიტიკა. ჩემი დამოკიდებულება კრიტკისადმი საკმაოდ რთული და პროფესიული თვალსაზრისით მრავალმხრივ დამაფიქრებელია.  გააჩნია, თუ რა კუთხით შეხედავ მას. შეიძლება იყო მუსიკის კრიტიკოსი, გამოდიოდე ცალკეული შემსრულებლების, საკომპოზიტორო შემოქმედებაში მიმდინარე პროცესების, ან ცალკეული კომპოზიტორების შემოქმედების  და ნაწარმოების შეფასებით, გააჩნია, რაზეა საუბარი. დღეს ითქვა (იგულისხმება ვიდეოკონფერენცია), იმის შესახებ, რომ არაპროფესიონალებიც ძალიან კარგად წერდნენ მუსიკაზეო - მე ვეთანხმები ამ შეხედულებას. მათ შორის, საქართველოშიც, ჩვენ გვქონდა ამის მაგალითები, როდესაც არამუსიკოსები შესანიშნავად ერკვეოდნენ პროფესიულ მუსიკაში, დაწყებული ილია ზურაბიშვილიდან, რომელმაც პირველმა დაწერა ზ. ფალიაშვილის შემოქმედების შესახებ და უნდა გითხრათ, რომ მის ნააზრევს შემდგომში, პრაქტიკულად ვერცერთი მკვლევარი ვერ გაექცა. მაგრამ უაღრესად საყურადღებოა, რომ ილია ზურაბიშვილი იყო ფართოდ განათლებული, ღრმად მოაზროვნე და მდიდარი მუსიკალური ინტუიციის მქონე პიროვნება.   ისე რომ, კრიტიკა ბუნებრივ გემოვნებასთან, მხატვრულ ინტუიციასთან ერთად, ყველა შემთხვევაში მოითხოვს პროფესიულ ჩვევებსაც.  გარდა ამისა, კრიტიკა ამ პროფესიისათვის სავალდებულო სხვა თვისებებთან ერთად, გულისხმობს შეფასების ორი ძირითადი კომპონენტის ჰარმონიულ ურთიერთკავშირს - სუბიექტურს, რომელიც გულისხმობს პირად ინტელექტსა და გემოვნებაზე დამყარებულ შეფასების კრიტერიუმს და, მეორე მხრივ ობიექტურს. ასე მაგალითად: ჩემთვის იმპრესიონიზმი თავისი ესთეტიკით უფრო ახლობელი და მიმზიდველია, ვიდრე ექსპრესიონიზმი, თუმცა, განა, ობიექტურად მართებულია ამ მიმართულების მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის უარყოფა? 

 

·                    ბერნარდ შოუ ამბობს, რომ მუსიკის კრიტიკოსისათვის აუცილებელია 3 თვისება: დახვეწილი მუსიკალური გემოვნება, ლიტერატურული ნიჭი და წერის გამოცდილება - თქვენ რაიმეს თუ დაამატებდით ან იქნებ, განავრცობდით ამ აზრს?

  

-                     ვფიქრობ, კრიტიკოსს უნდა გააჩნდეს განსახილველი მოვლენის მიმართ, მისი მომავლის პერსპექტივაში აღქმის და სათანადო შეფასების უნარიც, რადგან, არაიშვიათად, განსაკუთრებით ნიჭიერი, მაძიებელი ხელოვანი საგრძნობლად უსწრებს თავის დროს და ამით, ბუნებრივია, ართულებს თავისი შემოქმედებითი მისწრაფებების აღქმასა და გააზრებას.

       კრიტიკას, ჩემი აზრით ზნეობრივი ასპექტიც გააჩნია. იგი მოვლენის უმძაფრესი მიუღებლობის  პირობებშიც არ უნდა იყოს ,,მომაკვდინებელი”. პირიქით, მკაცრ, უკომპრომისო, მაგრამ შინაგანად   ტაქტიან და კეთილგანწყობილ  კრიტიკას არაერთხელ გამოუღია  ნაყოფიერი შედეგი. დამეთანხმებით, უთუოდ, რომ  კრიტიკის სწორედ ასეთ დამოკიდებულებას უნდა ვუმადლოდეთ გენიალური ,,შადრევნის სცენის” არსებობისას მუსორგსკის ოპერაში ,,ბორის გოდუნოვი”. 

  

·                    როგორ ფიქრობთ, დღეს კრიტიკის სფერო აღმავლობის გზას ადგას?

-                     არამგონია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური კრიტიკა ამჟამად,  საერთოდ არც არსებობს და არც არის დიდად მოთხოვნადი. უწინარეს ყოვლისა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ აკადემიური კლასიკური მუსიკა ყოველთვის იყო, არის და, ალბათ, მომავალშიც დარჩება ელიტარულ ხელოვნებად, რომლის აუდიტორია, თანამედროვე, მე ვიტყოდი, ზედმეტად პოლიტიზებულ და მატერიალური პრობლემებით დამძიმებული საზოგადოებრივი ცხოვრების, მუსიკალურ-საგანმანათლებლო დაწესებულებების კონტინგენტის შესამჩნევი კლების პირობებში თანდათან ვიწროვდება.  შესაბამისად ნაკლებად აქტუალური ხდება მუსიკისმცოდნეობა ზოგადად და კერძოდ, პროფესიული კრიტიკაც. მით უფრო, რომ აღარ გვაქვს ჟურნალი, რომელიც სამწუხაროდ, ისედაც მხოლოდ პროფესიულ წრეში ვრცელდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, დღევანდელი მუსიკისმცოდნეობის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ერთი მხრივ, შემოუნახოს ისტორიას  ქართულ მუსიკაში მიმდინარე პროცესები და მეორე მხრივ, გააქტიუროს თავისი საგანმანათლებლო ფუნქცია, როგორც პროფესიული კადრების ისე, ზოგადად, კლასიკური მუსიკის მოყვარულთა წრის გაფართოებისთვის, რაც საზოგადოებრივი ცნობიერების გაჯანსაღების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მესახება.  

 

-                     კიდევ უფრო კონკრეტულად, ქართულ მუსიკალურ კრიტიკაზე და საერთოდ, კულტურის მდგომარეობაზე რას იტყვით? რა მოხდა ბოლო რამდენიმე ათწლეულში, რამ გამოიწვია სტაგნაცია - უკუსვლა?

 

    -   ძალიან რთული და დამაფიქრებელი შეკითხვაა, რომელზეც არც კი მაქვს ერთმნიშვნელოვანი დამაჯერებელი პასუხი. ზოგადად, იმდენად, რამდენადაც მუსიკისმცოდნეობის ფუნქციაა ისტორიული და მიმდინარე პროცესების შესწავლა, მეცნიერული ანალიზი, რომელიც, ბუნებრივია, შეფასებით ასპექტსაც შეიცავს, იგი მთლიანადაა დამოკიდებული საკუთრივ ხელოვნების ამ სფეროში არსებულ  მდგომარეობაზე, ვფიქრობ, რომ კრიტიკა მუსიკისმცოდნეობის განსაკუთრებით მგრძნობიარე დარგია ამ თვალსაზრისით.

 

·                    თქვენი აზრით, გლობალიზაცია, მსოფლიო წინსვლა და ტექნოლოგიური პროგრესი უწყობს თუ არა ხელს მუსიკის კრიტიკის, პროფესიული მუსიკის განვითარებას?

 

-                     საქმის სასიკეთოდ ყველა საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი, მით უფრო პანდემიის პირობებში.  თუმცა უდავოა, რომ ასეთი ,,ონლაინ’’ ურთიერთობა გარკვეულწილად მაინც აზიანებს სასწავლო პროცესს, რადგან პირდაპირი, უშუალო კონტაქტი აუდიტორიასთან გაცილებით უფრო შედეგიანია. თავის დროზე, როდესაც ლექციებს ვკითხულობდი, ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი პოზიცია შემერჩია სტუდენტების წინაშე, რომ ყველა მათგანი დამენახა და მეგრძნო მათი რეაქცია ლექციის მიმართ. ცხადია, თუ მსმენელს არ ესმის შენი, გულგრილია და ინდეფერენტული, მყისვე უნდა შეცვალო ტონი და გამოძებნო გზა დარღვეული კონტაქტის აღსადგენად. გარდა ამისა, აუდიტორიაზე გარკვეული აღმზრდელობითი გავლენა შეუძლია მოახდინოს პედაგოგის ქცევის, მეტყველებისა და, თვით ჩაცმულობის სტილმაც. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი  პედაგოგებისგან მემკვიდრეობით მიღებული მრავალმხრივ საყურადღებო და მაგალითისმიმცემი ეს ტრადიცია გადამეცა ჩემი სტუდენტებისთვისაც.

მეორე მხრივ, ციფრული ტექნოლოგიის მიმართ მაქვს ჩემი, სუბიექტური, კრიტიკული, თუმცა შესაძლებელია სადავო, დამოკიდებულება, რადგან ვფიქრობ, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოპოვების პროცესის გაადვილება, გარკვეულწილად მაინც აზარმაცებს გონებას. გარდა ამისა, წიგნიდან მიღებული ინფორმაცია ჩემთვის გაცილებით უფრო აღქმადია, ვიდრე მონიტორიდან. მონიტორში თითქოს ცალკე აბზაცებს ვხედავ, წიგნში კი მთელ გვერდს. შესაბამისად, მთავრის ფიქსირებაც უფრო მიადვილდება. ამიტომ წიგნი ჩემთვის მაინც სულ სხვაა... ასევე, მუშაობის პროცესში ჩემთვის უფრო კომფორტულია ქაღალდზე და კომპიუტერზე წერის კომბინაცია. ასე რომ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც, უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს მისი გონივრულად გამოყენება...

 

·                    რა ახალ გამოწვევებს ხედავთ  თანამედროვე რეალობაში მუსიკის კრიტიკოსისათვის?

 

-                     ვფიქრობ, და ეს  ბევრჯერ მითქვამს ჩემი სტუდენტებისავთის, რომ ჩვენი იდეოლოგიურად გახლეჩილი, გაუცხოებული და ერთგვარად დეჰუმანიზირებული საზოგადოებრივი ყოფის პირობებში, როდესაც საგრძნობლად შესუსტდა ინტერესი სულიერი, ინტელექტუალური ცხოვრების მიმართ, დევალვაცია განიცადა ტრადიციულმა მორალურ-ეთიკურმა ღირებულებებმა, ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მუსიკალური ხელოვნებაც და, შესაბამისად, კრიტიკაც. გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების დაცვასა და განვითარებაში ვხედავ, რაშიც გადამწყვეტი როლი ახალგაზრდობამ უნდა შეასრულოს.  

    რაც შეეხება მუსიკალური შემოქმედების სფეროს, ცხადია, დღესაც გვყავს კომპოზიტორთა ძალიან ნიჭიერი, მაძიებელი თაობა, რომლის შემოქმედებითი მიღწევები ,,რეზონირებს” ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, თუმცა, იმდენად რამდენადაც სინამდვილის მოვლენების ტრანსფორმირება ინტონაციურ ენაში უაღრესად რთული, დროში ხანგრძლივად განფენილი პროცესია, თანამედროვე ქართული აკადემიური მუსიკის აღქმა ისტორიულ პერსპექტივაში ჯერ კიდევ მოითხოვს დროით დისტანციას.

 

·                    და ბოლოს, რას უსურვებდით დამწყებ მუსიკისმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, როგორ მივუდგეთ საქმეს, იქნებ, პირადი  გამოცდილება  გაგვიზიაროთ?

 

-                     ახალგაზრდებს ვურჩევდი დაიგროვონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, არა მარტო საკუთრივ მუსიკის, არამედ ზოგადი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგებში, რადგან მუსიკისმცოდნეობა, როგორც ხელოვნებათმცოდნეობის ერთი კონკრეტული დარგი, არ შეიძლება  იყოს იზოლირებული კულტურული ყოფის სხვა სფეროებისგან; მუდმივად იზრუნონ თავისი ზეპირი მეტყველებისა და წერის კულტურის სრულყოფაზე; მაქსიმალურად ისარგებლონ არა მარტო სასწავლო კურსით გათვალისწინებული გაკვეთილებით, არამედ სტუდენტთა სამცნიერო საზოგადოების მუშაობის მრავალფეროვანი ფორმებით - სტუდენტური კვლევების საჯარო განხილვების, დისკუსიების და პროფესიული ურთიერთობის სხვა ფორმების სახით, რაც საბოლოო ჯამში, მყარ საფუძველს შეუქმნით დამოუკიდებელი და წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის. 



 

 

Comments