დაგვიანებული რეცენზია

ავტორი:  მუსიკისმცოდნეობის სამაგისტრო
პროგრამის, მუსიკის თეორიის მიმართულების
მე-2 კურსის სტუდენტი
მარიამ ფერიაშვილი 

    2021 წლის 8 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. „კომპოზიციის თეორიის“ სასწავლო კურსის შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა კომპოზიტორებისა და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ანსამბლის, „თმის“ ერთობლივი ნამუშევარი ვიხილეთ. პროექტს ხელმძღვანელობდა ასოც. პროფესორი ეკა ჭაბაშვილი.

კონცერტი ძალიან  საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა - პროგრამაში იყო სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, როგორც სოლო ფორტეპიანოს, (სანდრო გეგეჭკორი - Emptiness; ლაშა ხარხელაური - საფორტეპიანო ეტიუდი No. 3), აგრეთვე შერეული შემადგენლობებისთვის (გიორგი კობერიძე - კვარტეტი კლარნეტს + სინუს ტონის, ვიოლინოს, ალტისა და ჭუნირისთვის; ბარბარე ქავთარაძე - Forgotten Shadows მეცო-სოპრანოს, ვიოლინოს, ბას-გიტარისა და ფორტეპიანოსთვის; გინტარე ვალიონიტესი - Song of the Sirens ფლეიტის, ვალტორნის, ჩელოსა და ფირისათვის (შვიდი სოპრანო); ლიკუნა ჯგერენაია - Betrayal სამი ხმის, ფორტეპიანოსა და ფირისთვის; თამუნა ქიზიყურაშვილი - F1=F2 ქალთა და მამაკაცთა ხმების, ალტის, ჩელოს, ფაგოტის, ორი ფორტეპიანოსა და გაჯეტებისათვის;). 

საყურადღებოა ისიც, რომ სასწავლო კურსის და პროექტის ფარგლებში, კომპოზიტორებთან ერთად მუსიკის ტექნოლოგებიც გაეცნენ კომპოზიციის საფუძვლებს და მიღებული ცოდნით შექმნეს ნაწარმოებები. კონცერტის ტექნიკური ორგანიზებაც მთლიანად სტუდენტების - გიორგი კობერიძის, მარია ლისენკოს, ნიკო მჭედლიშვილისა და თეკლა წვერიკმაზაშვილის ორგანიზებული იყო .  რაც შეეხება ამ ყველაფრის „გამცოცხლებელ“ და „მსმენელამდე მიმტან“ ანსამბლ „თმას“, ის 2014 წლიდან ფუნქციონირებს კონსერვატორიაში, აერთიანებს 70-მდე მუსიკოსს და ემსახურება თანამედროვე მუსიკის პოპულარიზებას. 

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი - პიანისტი და მუსიკათმცოდნე ნინო ჟვანია აღნიშნავს, თავდაპირველად ანსამბლი ძირითადად საზღვარგარეთელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებდა, თუმცა მოგვიანებით უპირველეს მიზნად ქართველი კომპოზიტორების პოპულარიზება დაისახეს, რაც მათ რეპერტუარზეც აისახა.  ანსამბლი „თმა“ პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად ახალბედა კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც ასრულებს, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რადგან, მიუხედავად არაერთი კომპიუტერული პროგრამისა, რომლის საშუალებითაც კომპოზიტორები აჟღერებენ თავიანთ ნაწარმოებებს, ცოცხალ შესრულებას სხვა ღირებული დატვირთვა აქვს და ეს ანსამბლიც ჩვენს ახალბედა კომპოზიტორებს ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ცოცხლად მოისმინონ თავიანთი კომპოზიციები.

მოგეხსენებათ, ანსამბლი „თმა“ აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტებთან და არც ეს პროექტია გამონაკლისი, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული შემოქმედებითი პროექტი გარკვეულწილად განსხვავებული აღმოჩნდა. ანსამბლის ხელმძღვანელმა - ნინო ჟვანიამ - ინტერვიუს დროს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო სტუდენტების დამოუკიდებლობა. კომპოზიტორები და შემსრულებლები დამოუკიდებლად თანამშრომლობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს რჩევებს და მოსაზრებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალბედა კომპოზიტორებისთვის, ასევე შემსრულებლებისთვის.

მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს კომპოზიტორის ჩანაფიქრი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მუსიკაში კომპოზიტორები ცდილობენ ინტერპრეტაციის რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მიანიჭონ მსმენელს და შემსრულებელს, დამეთანხმებით, მაინც ძალზე საინტერესოა მათი ჩანაფიქრისა თუ ნაწარმოების შექმნის ისტორიის გაგება.  ამ მხრივ ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს ლაშა ხარხელაურის „საფორტეპიანო ეტიუდი N3“, რომელსაც ავტორის შენიშვნით „ძალიან გაცვეთილი, სტანდარტული, უინტერესო, არაფრისმთქმელი სახელი აქვს,“ რომლის ერთადერთი მიზანიც მსმენელისათვის ინტერპრეტაციის თავისუფლების მაქსიმალური ხარისხის მინიჭება იყო.

ძალიან საინტერესოა კიდევ ერთ ახალგაზრდა კომპოზიტორის - ბარბარე ქავთარაძის  ინტერვიუც, რომელიც თავის საავტორო ნაწარმოებზე გვესაუბრა.

ბარბარე ქავთარაძე:  ჩემს მუსიკალურ ნაწარმოებს ჰქვია “Forgotten Shadows”. ნაწარმოები დაწერილია: ბასგიტარისთვის, ვიოლინოსთვის, ფორტეპიანოსა და ხმისთვის (მეცო სოპრანო). მისი შექმნის იდეა, ამ წლის სექტემბრის დასაწყისში მომივიდა. ემოციურად მეტად ქაოტურ განცდებში ვიყავი, გაელვებასავით მოვიდა ნაწარმოების მთავარი მუსიკალური თემა Bassline-ის (ბასგიტარის პარტიის) სახით. სულ 4 ტაქტი დავწერე და გადავდე. 1 თვის შემდეგ დავუბრუნდი და მისი დამუშავება დავიწყე. ნაწარმოების წერისას ჩემს ინსტინქტს მივენდე და ინსტრუმენტებს შორის გამართული დიალოგით ემოციური სიმყიფისა და ამავდროულად სიძლიერის წარმოჩენა ვცადე. “Forgotten Shadows” დაახლოებით 3-4 დღეში დაიწერა. რაც შეეხება ტექსტს - ინგლისურადაა დაწერილი. მე თვითონ გატაცებული ვარ პოეზიით და ხშირად ვაკეთებ ჩანაწერებს. მათ შორის იყო ამ სიმღერის ლირიკაც. ნაწარმოები მეტად სევდიანი და ტრაგიკულია, თუმცა დასასრულს ჰორიზონტზე მზე მაინც ელვარებს; თავზარდაცემული ლირიკული გმირი „მფრინავი ჩიტების ჩრდილებსა და საკუთარი სულის პოვნაზე ოცნებობს, დახმარებას ითხოვს“, მაგრამ ვერ ამჩნევს, რომ მიზეზი „ყაყაჩოს მინდორზე აღმართული სახლისა“ არის „შიში“. ნაწარმოების დასასრულს კი ის თავის თავში ძალას პოულობს და აცნობიერებს, რომ „საზოგადოებისაგან მოხვეული ტყუილების“ ჩასახშობად საკმარისზე მეტი ცრემლი დაღვარა და მზადაა იზრუნოს ჭრილობების მოშუშებაზე და საკუთარ თავში სიმამაცის მოპოვებით შიშს პირისპირ შეეგებოს. თუ ის ერთ დროს, თავისსავე ცხოვრებაში მე-10 ხარისხოვან როლს თამაშობდა, შინაგანი ხმის მოსმენით, პირველ ნაბიჯს დგამს საკუთარ სამყაროში მთავარი როლის მოსარგებად.

ალბათ ყველა პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსს ერთხელ მაინც უნატრია კონკრეტულ კომპოზიტორთან გასაუბრება ან მისი შესრულების მოსმენა. ეს პროექტი ამ მხრივაც გამორჩეული და საინტერესოა, რადგან კომპოზიტორებსა და შემსრულებლებთან ერთად, მსმენელსაც მოგვეცა საშუალება გვესარგებლა იმ „პრივილეგიით“ რასაც კომპოზიტორის/შემსრულებლის თანამედროვეობა გვანიჭებს და უშუალოდ გვეხილა მათი შესრულება.  კონცერტზე რამდენიმე კომპოზიტორმა თავადვე შეასრულა საკუთარი ნაწარმოები, რაც არამარტო მსმენელისათვის, არამედ მათთვისაც მეტად ამაღელვებელი პროცესია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად კომპოზიტორებიც, ამის გაგებაში კი ახალგაზრდა შემოქმედი ლაშა ხარხელაური დაგვეხმარება, რომელსაც ვთხოვე შემსრულებლის პოზიციიდან ესაუბრა კონცერტის შესახებ.

ლაშა ხარხელაური: მოგეხსენებათ, ჩემი ნაწარმოები თავადვე შევასრულე, შესაბამისად არ მიმიღია როგორც კომპოზიტორის - შემსრულებელთან ურთიერთობის გამოცდილება, თუმცა საკუთარი ნაწარმოების შესრულებასაც ბევრი სირთულე ახლავს თან. ამ დროს ორმაგად შიშვლდები ყველას წინაშე, ორმაგად გულწრფელი უნდა იყო, გიწევს, მოიშორო შენი ყველანაირი არასაკუთრივობა, მისცე ნება სხვებს, აფათურონ ხელები შენს სულში, რაც ნამდვილად არ არის მარტივი.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მთლიანი კონცერტის ატმოსფერო, რაც იგრძნობოდა როგორც დარბაზიდან, ისე სცენიდან.

მე ასევე მივიღე მონაწილეობა თანუ ქიზიყურაშვილის არაჩვეულებრივი ნაწარმოების შესრულებაში. ძალიან მომეწონა მისი იდეა და ვფიქრობ, ყველა შემსრულებელი დიდი ენთუზიაზმით ვიყავით ჩართული იმ აურის შექმნაში, რაც სურდა კომპოზიტორს და ჩვენც გვსიამოვნებდა ეს პროცესი.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ნაწარმოების ცოცხლად შესრულება ძალიან დიდ გამოცდილებას მატებს კომპოზიტორს და ეხმარება პროფესიულ ზრდაში. ეს პროექტიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მონაწილისათვის. პროექტის მთავარ მონაპოვრად ის სტუდენტური ერთიანობა მიმაჩნია, რომელიც მათ გამოიჩინეს თანამშრომლობისას. კონცერტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა საკითხი (კომპოზიციების შექმნა, შესრულება, ჩაწერა...) სტუდენტური ძალებით მოგვარდა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს პროექტის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი - ეკა ჭაბაშვილი. ქ-ნ ეკას და ნინო ჟვანიას დამსახურებით შესაძლებელი გახდა ისეთი გუნდის შეკვრა, რომელმაც ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს, გადალახა პანდემიით გამოწვეული სირთულეები, წარმატებით წარსდგა მსმენელის წინაშე და საპასუხო ოვაციებიც დაიმსახურა.  ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ახალბედა კომპოზიტორების, არამედ ზოგადად ახალგაზრდა მუსიკოსებისთვისაც, რადგან ასეთი პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვნად ეხმარება მათ პროფესიულ ზრდაში. ვისურვებდი ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში მრავლად ყოფილიყოს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიებები.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ქ-ნ ეკა ჭაბაშვილს და ნინო ჟვანიას ასეთი შესაძლებლობისათვის და შემოქმედებითი პროექტის ყველა მონაწილეს, რომელთაც დიდი დახმარება გამიწიეს სტატიაზე მუშაობისას!

 


Comments