ავტორი: კომპოზიცია-მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის
მე-3 კურსის სტუდენტი
ირაკლი არეშიძე
რევაზ ლაღიძე ხელოვანია, რომელსაც ცხოვრებაშივე
აფასებდნენ თანამედროვეები. მისი შემოქმედება დღემდე პოპულარულია და, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, არ არსებობს ქართველი, განურჩევლად
პროფესიისა და ასაკისა, ვისაც მისი სიმღერები და კინომუსიკა არ უყვარს. "საჭიდაო"
და "რონდო-ტოკატა", ხომ ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებია! მისი რომანსი
"მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი" თუ სხვადასხვა ნომერი ოპერიდან "ლელა"
გულში წვდება მსმენელს და აჯადოვებს.
თანამედროვეები ასე ახასიათებდნენ - კეთილშობილი, მოკრძალებული, ესთეტი... ჩვენ
მასზე წარსულ დროში ვსაუბრობთ, მაგრამ, ეს მგონი,
პირობითია. ის ცოცხლობს თავისი შემოქმედების მეშვეობით. რევაზ ლაღიძე - ეს იდეაა განსხეულებული
მუსიკალურ ნაწარმოებებში. მაშ ასე, უნდა ვთქვათ, "რევაზ ლაღიძე" კეთილშობილი,
უშუალო და სილამაზის მოყვარულია, ყველა დროში! ეს ღირსებები, ამ პიროვნებისთვის, არ
ყოფილა ხელოვნურად გაკეთებული "ნიღაბი".
ასე რომ ყოფილიყო, "თვისებები" არ გადაინაცვლებდნენ
ფიზიკურიდან არაფიზიკურ - მუსიკის "განზომილებაში".
ოპერა "ლელა" ერთ-ერთი "მორიგი", ოღონდ უფრო ფართო მასშტაბის, მარგალიტია
ლაღიძის შემოქმედებიდან. დიდ მუსიკისმცოდნეს, გივი ორჯონიკიძეს უბრძანებია: "სცენაზე ამეტყველებული სიმღერააო".
რა დასანანია, რომ ასეთი ნაწარმოები უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა აღარ დადგმულა
ჩვენს საოპერო სცენაზე...
ვფიქრობ, ამის არასრული "კომპენსაციაა"
ოპერის კლავირის ქართულენოვანი გამოცემა, თუმცა დაგვიანებული. პრეზენტაცია, 40-ზე
მეტი წლის შემდეგ, 2021 წლის 19 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში,
16:00 საათზე გაიმართა.
2016 წელს, ოპერის თეატრში ამოქმედდა პროექტი,
რომლის ფარგლებში უკვე გამოიცა ზ.ფალიშვილის "აბესალომ და ეთერი",
"დაისი" (ელექტრონული ვერსია); ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე"
და ოთარ თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება". ვგონებ, რომ კიდევ რამდენიმე
ღირებული ქართული ოპერის გამოცემის შემდეგ, ჯერი ქართულ ბალეტებზეც დადგება (იმედია,
არც თანამედროვე კომპოზიტორების ღირებული სასცენო ნიმუშები დარჩება უყურადღებოდ!).
პრეზენტაციას ოპერისა და ბალეტის თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე უძღვებოდა. მან დიდი მადლიერებით მოიხსენია
ყველა ის ადამიანი, რომელთაც იმუშავეს და ხელი შეუწყვეს ამ კლავირის გამოცემას: დირიჟორები
- ზაზა აზმაიფარაშვილი (მთავარი რედაქტორი), რევაზ ტაკიძე (რედაქტორი), კლავირის ელექტრონული
ვერსიის შემქმნელი - ლევან გოცირიძე, ლიბრეტოს რედაქტორი - მუსიკოლოგი მაია სიგუა,
მთარგმნელი - თამარ ჯაფარიძე, დიზაინის ავტორი ბესიკ დანელია, პროექტის ხელმძღვანელი
ქეთევან ნოზაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფინანსური
მხარდაჭერისა და ინიციატივისთვის.
პრეზენტაციაზე „ლელას“ უმშვენირესი არია:
„ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“, შემოგვთავაზა ვოკალისტმა ხათუნა ჭოხონელიძემ. წამყვანმა
გვამცნო, რომ ამ თხზულებას ოპერის საახალწლო გალა-კონცერტზე მუდამ,
როგორც ოპერის „ჰიმნს“, ბოლო ნომრად ასრულებენ. არადა, რა კურიოზულია, ასეთი ნიჭის
პატრონის - რევაზ ლაღიძის მდიდარი შემოქმედებიდან შეირჩა მაინცდამაინც ის ნაწარმოები,
რომელიც მისი არაა. დიახ, მისი ორიგინალი ვერსია კომპოზიტორ გიორგი ჩუბინიშვილს ეკუთვნის
(ქალბატონმა ლელა ლაღიძემ ეს ყველას შეგვახსენა პრეზენტაციაზე). მაგრამ ისიც სათქმელია,
რომ არავინ იცის, გვეცოდინებოდა თუ არა ეს სიმღერა რევაზ ლაღიძეს რომ არ გამოეყენებინა.
ლაღიძისეულმა შტრიხებმა ეს სიმღერა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
შემდეგ,
ბადრი მაისურაძემ სიტყვა მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელს, კლავირის წინასიტყვაობის
ავტორს, გადასცა. ქალბატონმა მანანამ ისაუბრა კლავირის გამოცემის მნიშვნელობაზე და
ოპერაში ისეთი სტრუქტურის, შეიძლება ითქვას, სარედაქციო კოლეგიის დაარსებაზე, რომელმაც
გამოსცა ხსენებული 5 ოპერა. მოუწოდა რა კოლეგიას, არ შეენელებინა თავისი აქტიური მოღვაწეობა.
გამომსვლელები
დიდი მადლიერებით მოიხსენიებდნენ ამ პროექტის მოთავეს ლიკა კოპალეიშვილს.
ერთი
კი გაუგებარია ჩემთვის. ამხელა რატომ გამოვიდა კლავირი? რატომაა სანოტო სისტემებს
შორის ამხელა ადგილი? ისეთ ადგილებში, სადაც აშკარად შეიძლებოდა მაგალითად ოთხი ტაქტის
დატევა, ორი ტაქტია განთავსებული. თვალისთვისაც არაა ლამაზი და თან მოუხერხებელია
ინსტრუმენტზე განსათავსებლად.
კიდევ
ერთი გაუგებარი მომენტი: ოპერა იწყება საორკესტრო შესავლით და კლავირშიც შესავლითაა
მოხსენიებული. შემდეგ ეპიზოდს კი "დასაწყისი"
ეწოდება. როგორ? არ შეიძლებოდა სხვა სახელწოდების მოფიქრება?
პრეზენტაციის
დასასრულს, ბატონებმა რევაზ ტაკიძემ და ელდარ გეწაძემაც ისაუბრეს. გაიხსენეს რევაზ
ლაღიძესთან დაკავშირებულ საინტერესო ამბები, რასაც გულისყურით ვუსმენდით დარბაზში
მყოფნი.
ბოლოს,
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რევაზ ლაღიძე დიდი კომპოზიტორია. გავიხსენებ ისტორიას,
რომელიც მუსიკისმცოდნემ, ქალბატონმა ლია სეხნიაშვილმა მიამბო (სხვათა შორის, მისი
წყალობით მოვხვდი პრეზენტაციაზე): ერთხელ, მოსკოვში ქართული მუსიკის დეკადაზე შესრულდა ლაღიძის
„საჭიდაო“. ბუნებრივია, მაყურებელმა მაღალი შეფასება მისცა ნაწარმოებს. მსჯელობაში
მონაწილე, ერთ-ერთმა ქართველმა კომპოზიტორმა, სინანული გამოთქვა, რომ „საჭიდაოს“ ავტორს
დრო
არ უნდა გაეცდინა
ნადირობასა და თევზაობში, უფრო მეტ ასეთ ნაწარმოებს შექმნიდაო. ამის საპასუხოდ, დიმიტრი
შოსტაკოვიჩს ასეთი შეფასება გამოუთქვამს, ასეთი ნაწარმოების დასაწერად, მეც არ ვიტყოდი
უარს თევზაობასა და ნადირობაზეო. სწორედ, ბუნება ასაზრდოებდა ლაღიძეს. აქედან იღებდა
ყველა იმპულსს. ეს აწერინებდა ასეთ მშვენიერ მუსიკას. მე მწამს, რომ იქამდე, სანამ
კაცობრიობა არსებობს, ეს „გულწრფელი“ მუსიკა მუდამ იქნება. ხოდა, შესაბამისად მოვუფრთხილდეთ!
20
დეკემბერი, 2021
Comments
Post a Comment