ძმები მონტანები და მათდამი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო (კონფერენცია და წინასაშობაო კონცერტი)

ავტორი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
საშემსრულებლო ფაკულტეტის (საფორტეპიანო
მიმართულების) II კურსის სტუდენტი,
 თამარ ჩიკვაიძე

პიეტრო მონტანი დაიბადა 1895 წელს კორნო ჯოვინეში (იტალია), მუსიკოსების ოჯახში. მას ჰყავდა სამი ძმა, რომლებიც ასევე მუსიკოსები იყვნენ: პასკუალე, ჯუზეპე და ორესტე. მათმა მამამ დიდი როლი ითამაშა ძმების მუსიკით დაინტერესებაში.

მოკლე ინფორმაცია ძმების შესახებ

    პასკუალე (1885-1971) მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიაში საფორტეპიანო მიმართულებით სწავლობდა. ასევე ეუფლებოდა  ორგანზე დაკვრას ბოლონიის მუსიკალურ ლიცეუმში, ხოლო კომპოზიციას - პესაროს ლიცეუმში. 1918-1921 წლებში ხელმძღვანელობდა გენუის ჯუზეპე ვერდის სახელობის მუსიკალურ ინსტიტუტს, შემდეგ კი საფორტეპიანო მიმართულების პედაგოგი და ამავე ქალაქის  პაგანინის სახელობის  ლიცეუმის დირექტორი გახდა. 

ჯუზეპე (1888-1964)  ბოლონიის მუსიკალურ ლიცეუმში სწავლობდა. ის იყო ორგანისტი და სკოლა Cantorum-ის დირექტორი ვიჯევანოში.

რაც შეეხება ორესტეს (1900-1971), ლოდში თავის ძმასთან, პასკუალესთან ერთად განათლების მიღების შემდეგ ის   საგუნდო სიმღერის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გახდა.

    პიეტრო მონტანი მუსიკის შესწავლას მამისა და ძმის, პასკუალეს ხელმძღვანელობით შეუდგა. მილანის კონსერვატორიაში . ფრაზის კლასში ეუფლებოდა კომპოზიციას, ამასთან ერთად ადგილობრივ უნივერსიტეტშიც იღებდა განათლებას. სწავლა ძალიან ახალგაზრდამ დაამთავრა და მაშინვე შეუდგა ბრწყინვალე საკონცერტო მოღვაწეობას, რამაც გზა გაუკვალა მთავარი დარბაზებისაკენ, როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 1920 წელს გახდა საფორტეპიანო კათედრის ხელმძღვანელი ფლორენციაშიქერუბინის სახელობის კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგიური საქმიანობა 12 წელს გაგრძელდა, 1932 წლიდან კი მილანის კონსერვატორიაში გადაინაცვლა, სადაც მისი საფორტეპიანო კათედრაზე მოღვაწეობა თითქმის 40 წლის განმავლობაში, 1965 წლამდე გაგრძელდა. პედაგოგობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას დაახლოებით 1939 წლამდე. 1945-1946 წლებში  მუშაობდა ფლორენციის რადიოს მუსიკალურ განყოფილებაში, რომლის ფარგლებშიც ათობით სიმფონიური და კამერული კონცერტი ჩაატარა. მიჰყავდა რადიო გადაცემები, აქვეყნებდა მუსიკალურ-კრიტიკულ წერილებს საფორტეპიანო ინტერპრეტაციების შესახებ. II მსოფლიო ომის შემდეგ მან  მჭიდრო და დაუღალავი თანამშრომლობა დაიწყო გამომცემლობა Ricordi-სთან. 

1951-1957 წლებში ის ხელმძღვანელობდა Ricordiana-ს, ყოველთვიურ ჟურნალს მუსიკალური ცხოვრების შესახებ. მისი ბევრი ნაშრომი (ფსევდონიმით Phantasius) მიეძღვნა მუსიკალური პედაგოგიკის მნიშვნელობას, რომელიც შემსუბუქებულია კრიტიკული ინტელექტუალიზმით. 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ბოლონიის ფილარმონიის აკადემიის პრეზიდენტი იყო.

მრავალმხრივი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე მან  მრავალი ჯილდო მოიპოვა არტისტული საქმიანობისთვის: 1922 წელს, მას, როგორც კომპოზიტორს,  მიენიჭა Zanella-ს პრემია,  Poemetto campestre-სთვის (საფორტეპიანო ნაწარმოები), პალერმოს სიმფონიური კონცერტების  ასოციაციის პრიზი იუმორისტული სუიტისათვის (1924 წ.), ბ. კრისტოფორის პრიზი საფორტეპიანო სახასიათო ეტიუდებისთვის - Studi caratteristici (1931 წ.). ასევე, მიიღო პრესტიჟული ჯილდოები: მედალი კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, Antico Fattore-ს პრიზი  ფლორენციის Georgofili აკადემიისგან და ა. შ.

პიეტრო 1967 წელს, მილანში  გარდაიცვალა.

იგი გრძნობდა ინსტრუმენტული ნაწარმოებების დაწერისა და გამოცემის საჭიროებას. ავანგარდისა და ნეოკლასიციზმის ტენდენციებისგან გაუცხოებულმა  მიზანმიმართულად აირჩია  ანაქრონისტულ განზომილებაში გადასულიყო, ცდილობდა პირდაპირ დაკავშირებოდა XIX საუკუნის დიდ საფორტეპიანო სკოლას. მისი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა პიანისტებისთვის შეექმნა ნაწარმოებები, რომლებიც  მათ ტექნიკური სიძნელეების დაძლევაში დაეხმარებოდა. 

       ძმები მონტანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - კონცერტი 

    2021 წლის 19 დეკემბერს ორი ძმის, პასკუალესა და ორესტე მონტანების გარდაცვალებიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა სადღესასწაულო საღამო: პროფ. გუიდო სკანოს კონფერენცია და წინასაშობაო კონცერტი. ღონისძიება ჩატარდა ძმების დაბადების ადგილას, კორნო ჯოვინეში (ლომბარდიაში, ლოდის პროვინციაში), ევროპის დარბაზში (Sala Europa). კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი (ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, რომლებიც იტალიაში   Erasmus+ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან) და იტალიელი შემსრულებლები (ქ. პარმის არიგო ბოიტოს სახ. კონსერვატორიის სტუდენტები) - მომღერალი: მაკა დვალი, პიანისტები: თამარ ჩიკვაიძე, ვახტანგ ზაალიშვილი,  ემანუელე მარია სკაკი, პიეტრო კონკორეჯი და ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი, წარმატებული პიანისტი, პროფ. გუიდო სკანო. მან 2014 წელს მონტანის სახელის უკვდავსაყოფად დააარსა მონტანის პრემია, კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტებისათვის. 

კონცერტზე შესრულდა შემდეგი ნაწარმოებები:

  ორესტე მონტანი - Scherzino. შემსრულებელი: ემანუელე სკაკი

პიეტრო მონტანი - two studies. შემსრულებელი: პიეტრო კონკორეჯი

პიეტრო მონტანი - L’arca di Noè (საფორტეპიანო პიესების კრებული) N1 - Capriccio del cucù (გუგულის ახირება);

         პიეტრო მონტანი. Burlesca. შემსრულებელი: თამარ ჩიკვაიძე

პიეტრო მონტანი - L’arca di Noè, N2 - In morte di una lucciola (ციცინათელას სიკვდილზე);

         პიეტრო მონტანი - პრელუდია N3 (წიგნიდან: 24 პრელუდია);

        პიეტრო მონტანი - რომანსი. შემსრულებელი: ვახტანგ ზაალიშვილი

პიეტრო მონტანი - L’arca di Noe, N3 – Quel rosignuol che si soave piagne (ის ბულბული, რომელსაც ტკბილად სტკივა). შემსრულებელი: პროფ. გუიდო სკანო

პიეტრო მონტანი - Allora (ნაწარმოები ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის). შემსრულებლები: მაკა დვალი და ვახტანგ ზაალიშვილი

საღამოზე ძირითადი პროგრამის გარდა გაჟღერდა ქართული ჰანგებიც. კონცერტის დასასრულს მომღერალ მაკა დვალსა და პიანისტ თამარ ჩიკვაიძეს  (აკომპანემენტი) ერგოთ პატივი იტალიელი მსმენელისათვის შეესრულებინათ კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას ნაწარმოები: „შეგვიშვი მებაღევ...“, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

აუდიტორიის რეაქციიდან და ჩვენი, მონაწილეების ემოციებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კონცერტი საკმაოდ დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოდგა. იმ ფაქტმა, რომ კოვიდ სიტუაციის მიუხედავად მაინც მოხერხდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება და აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტს მოწყურებულებმა შევძელით ამ სურვილის ასრულება, გაგვიმძაფრა ემოციები და მადლიერების შეგრძნება როგორც პარმის, ისე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ.

ღონისძიებით დაინტერესდნენ ადგილობრივი გაზეთებიც (“Il Cittadino”, “Il Giorno”, “La Libertà”) და ძმები მონტანებისათვის მიძღვნილ კონცერტს არაერთი სტატია მიუძღვნეს.


  




Comments