უბრალოდ, ნოდარ მამისაშვილი

ავტორი: კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის
მე-3 კურსის სტუდენტი
ირაკლი არეშიძე 


რამდენი ხანია ვფიქრობ, როგორ დავიწყო და ვერა და ვერ მოვიფიქრე. აბა ასე ვცდი:

საბჭოთა საქართველოში, იყო ერთი ვინმე, ვინც მუსიკოსებსა და არამუსიკოსებს უახლესი, საზღვარგარეთული ინფორმაციებით ასაზრდოებდა... არა!

ასე? კომპოზიტორი, მეცნიერი, მოაზროვნე... არა!

მოდი ასე იყოს და მორჩა: საქართველოს ჰყავდა ნოდარ მამისაშვილი! აი, ასე კარგია. და მოიცა, რატომ ჰყავდა? ჰყავს! შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ის ყოველივე, რასაც ნოდარ მამისაშვილი წარმოადგენდა, აქაა. ნაწარმოებები, შრომები, აღზრდილი სტუდენტები - მთელი სკოლა ჩამოაყალიბა. სანამ ისინი იქნებიან, იქამდე გვეყოლება ნოდარ მამისაშვილი.

დღეს გავაცილეთ ბოლო გზაზე... ახლა გული გვწყდება ნამდვილად, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეტ მუსიკას ვეღარ დაწერს ან ვეღარ გვესაუბრება. არა, მგონი ამიტომ არა. უფრო იმიტომ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასეთ.

იცით, ერთხელ შევხვდი მხოლოდ. მისმა ყოფილმა სტუდენტმა, ლელა მაქარაშვილმა მიმიყვანა მასთან და გამაცნო. პირველ კურსზე ვიყავი. ახალი შედგმული მაქვს ფეხი მუსიკის სამყაროში (იქამდე მუსიკალურშიც არ მესწავლა) და უცებ  მთელი ოთხი საათი გვესაუბრა. ბოლოს მითხრა, თუკი მოისურვებ, კიდევ მოდიო, ვილაპარაკოთ , მე კი ყველაფერს გეტყვი რაც ვიციო. მომერიდა, მოვიცადე და ერთ თვეში პანდემიაც დაიწყო. გითხრათ მესმოდა ყველაფერი რაზეც საუბრობდათქო, მოგატყუებთ. მეათედიც ვერ გავიგე, უბრალოდ აღფრთოვანებით ვუსმენდი. ვერც იმას გეტყვით, მაშინვე მივხვდი, რომ ის ძაალიან დიდი ფიგურაათქო. უბრალოდ ინტუიციურად მენიშნა, რომ ეს „ვიღაც“ ძალიან საინტერესოა.

აი, ძლივს, მოვედი გონზე და უკვე ვფიქრობდი, გავა პანდემიაც და უნდა ვნახო. აუცილებლად უნდა ვესაუბრო. უნდა მოვუყვე, როგორი გაბრუებული გამოვედი მისგან, პირველად რომ ვნახე... ვეღარ!

ერთ მომენტში გავბრაზდი, კაცო, მე კარგი ვერ გავაკეთე ვერაფერი, ვინც ჩემზე უფროსია იმან რატომ არ გააკეთა რამეთქო? არადა, ვინც იცოდა მისი ფასი, რაც შეეძლო აკეთებდა და ვინც არა.... რა უნდა მოჰკითხო! და მერე, გამახსენდა, რომ მეც შემეძლო რაღაც და არ თუ ვერ გავაკეთე... სტუდენტური გაერთიანება ანხორციელებს პროექტს, რომლის მიხედვით, სხვადასხვა აუდიტორიებში „გამოსაცოცხლებლად“, სხვადასხვა ქართველი მუსიკოსის პორტრეტი დაიკიდება. აღმოჩნდა, რომ მე „ვხელმძღვანელობდი“ ამ პროექტს. ზაფხულში, კონსერვატორიის რექტორთან, ნანა შარიქაძესთან გავიარეთ კონსულტაცია და მან დაჟინებით მოითხოვა, რომ ნოდარ მამისაშვილის პორტრეტიც უნდა ყოფილიყო რომელიმე აუდიტორიაში. ვერა და ვერ ვაღირსეთ ამ პროექტის პრაქტიკული ნაწილის დაწყება და....

უფრო მალე რომ გაგვეკეთებინა....

ეჰ...

ესეც მორალი: არასდროს გადადო ის საქმე, რაც დღეს შეგიძლია გააკეთო.

ვფიქრობდი და რატომაა, რომ ვერ ვაფასებთ იქამდე, სანამ სხვებმა არ დააფასეს? აქ გავჩერდები. უბრალოდ ფაქტია, აზრი აღარ აქვს მაგაზე ფიქრს. უბრალოდ ყველამ ჯობია აღარ დავუშვათ იგივე შეცდომა და თუ ხელშეწყობა არ შეგვიძლია, ხელი არ შევუშალოთ მაინც… არ აქვს მნიშვნელობა ვის.

ფეისბუქში რამდენი წერილი დაიწერა ნოდარ მამისაშვილის მისამართით. ამ წერილებს შორის აღმოვაჩინე გადაცემა „მუსიკოლოგოსის“ (ნინო ჟვანიასა და არჩილ გიორგობიანის ავტორობით) ერთ-ერთი სერია - „დაუმორჩილებელი მუსიკოსი“ ნოდარ მამისაშვილზე. გამახსენდა ქალბატონ რუსუდან წურწუმიას სტატია: ანდრია ბალანჩივაძე - თავისუფლება ჩაკეტილ სივრცეში. მამისაშვილიც ხომ მისი მოსწავლე იყო? მასწავლებლის მსგავსად თავისუფალი იყო. ახლა კი უსაზღვრო თავის-უფლებაში გადაეშვა.

 

ნახვამდის და ბოდიში!

 

13.01.2022

14:09 – 14:36

 

 

Comments