არსებობს თუ არა აპოლიტიკური ხელოვნება?

ავტორი: საშემსრულებლო ფაკულტეტის
მე-4 კურსის სტუდენტი, პიანისტი
ქეთი ალექსიშვილი

        
    ხელოვნება ასახავს რეალობას და რეალობა ზემოქმედებს ხელოვნებაზე. პოლიტიკა, ისევე როგორც ხელოვნება, რეალობის უდიდესი ნაწილია და მას ვერ „დააიგნორებს“.  ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხელოვნება უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას, რომ არტისტები არ უნდა გამოთქვამდნენ თავიანთ პოზიციებს, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მათ ჰუმანურობაზე თვალის დახუჭვისკენ მოუწოდებენ. ნებისმიერი ომის, ადამინთა უფლებების დარღვევის, ძალადობისა და მკვლელობისგან გამიჯვნა არაადამიანურია ყველასთვის და ამ მხრივ არც ხელოვანები წარმოადგენენ გამონაკლისს.

        პროტესტის მრავალი ისეთი სახე არსებობს, რომელსაც დიდი ძალა გააჩნია და შესაბამისი შედეგებიც მოაქვს, ამ მხრივ ხელოვნებასაც არანაკლები გავლენა აქვს, რისი უგულვებელყოფაც არ ღირს. ამის დასტურია ის, რომ ნაცისტებს იმდენად ეშინოდათ ხელოვნების ზეგავლენის, რომ შემოიღეს „დეგენერატიული ხელოვნების“ ტერმინი და წვავდნენ და ანადგურებდნენ უდიდესი რაოდენობის ნამუშევრებს. პაბლო პიკასოს „გერნიკა“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხელოვნება ცალკე კუნძულად არ არსებობს მთელი სამყაროსგან. ქალაქ გერნიკის დაბომბვა აშკარა პოლიტიკური მოვლენა იყო და მასზე დუმილი მისთვის შეუძლებელი იყო.
           
    დღესდღეობით გასათვალისწინებელია პრიორიტეტები ყველაფერთან მიმართებით.  თუ ადამიანი არის კარგი ხელოვანი, მაგრამ  აგრესიული პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნია და მათ პროპაგანდასაც ეწევა, როგორიც არის,  მაგალითად, პუტინის მოკავშირე, რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი, მისი მოღვაწეობის ხელშეწყობა და „პოლიტიკის გამიჯვნა“ არაადამიანურია. დღევანდელი ვითარების გამო ის უკვე ჩახსნეს მსოფლიოს არა ერთი საშემსრულებლო სივრციდან, თუმცა ამის მიზეზი მანამდეც არსებობდა. ამ ადამინმა ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის  და სირიაში ასადისთვის. ასევე ერთ-ერთ მაგალითად, ხელოვანთა მიერ პროტესტის გამოხატვისა, შეიძლება მოვიყვანოთ ხატია ბუნიათიშვილის უარი პარიზში, ბასტილიის დღისადმი კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე, ისევ და ისევ, გერგიევის გამო.  ამით მან ანახა მსოფლიოს, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად რიგზე არ იყო და ამისათვის ყურადღება უნდა მიექციათ.
            არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელოვანები მათი პროტესტის გამო და არ უნდა მოვუწოდოთ გაჩუმებისაკენ, რადგან ისინი არანაკლებ მნიშვმნელოვანნი არიან თავიანთი საქმით და რეალობას სხვა ადამიანებთან ერთად ქმნიან.

Comments

Post a Comment