გვახსოვდეს ისინი...

 

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

17 მარტი. ამ მნიშვნელოვან დღეს დაიბადა ქართული მუსიკის ორი თვალსაჩინო ფიგურა - ანტონ წულუკიძე და სულხან ნასიძე, რომელთაგან პირველს - 101, უკანასკნელს კი - 95 წელი შეუსრულდებოდა. რახან გიზიარებთ, ესეიგი მიზეზიც მაქვს. მაშ,რით მომხიბლა მათმა ხელოვნებამ? გულწრფელობით, რასაც ძალიან ვაფასებ, ამიტომ მინდა ჩემს თანატოლ კოლეგებსაც გავაგონო მათი სახელები. წინამდებარე წერილის მიზანია ამ მოღვაწეთა შემოქმედების, შესაბამისად, სახელების პოპულარიზება ახალგაზრდა მუსიკოსების თაობაში, რისთვისაც სტუდენტური ბლოგი, ვფიქრობ, დამეხმარება.
დღესდღეობით, სულხან ნასიძეს ჩემი თაობის მუსიკოსები, მეტნაკლებად, ანტონ წულუკიძეს კი ძალიან ცოტა თუ იცნობს. არადა, ჩვენ, გარდაცვლილ კოლეგებს, უნდა ვუმადლოდეთ, რადგან მათ, შთამბეჭდავ „თანამებრძოლებთან“ - მუსიკოს+კოლეგებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმგვარი მუსიკალური კულტურის შექმნაში, მემკვიდრეობით რომ მივიღეთ. ჯერ მოკლედ მოგითხრობთ მათზე, წერილის მეორე ნახევარში კი სასიამოვნო სიურპრიზიც გელით.

სულხან ნასიძის შემოქმედება, ბოლო დროს, კიდევ მეტად ფასდება, როგორც მის სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განა ნასიძის მუსიკის სიღრმისა და მაღალი ხარისხის მაჩვენებლი არაა, ნიდერლანდელი მუსიკოსი რომ დაინტერესდა მისი შემოქმედებით და იმდენად შეიყვარა, Youtube-ს პლატფორმაზე, პერსონალურად კომპოზიტორის მუსიკისთვის არხი რომ შექმნა? (ბმული იხილეთ აქ) დასაფასებელია, ამ პიროვნებამ სულხან ცინცაძის შემოქმედებაც რომ შეაფასა და არც მისთვის განკუთვნილი არხისთვის დაიშურა ძალისხმევა (ბმული იხილეთ აქ). სულხან ნასიძის მუსიკის აღმოჩენის პროცესი, გედის ჭუკობიდან ზრდასრულობამდე ფორმირებას მაგონებს. გედიც დაბადებიდან შინაგანად ლამაზი, მორიდებულია იმდენად, რომ ცდილობს ძალით არავის ჩაეჩრას თვალში. აი, რაღაც დროის შემდეგ კი მისი მშვენიერება ყველას დასანახად ჩანს და შემდეგ თვალსაც ვეღარ აცილებენ. ნასიძე, უდაოდ, ჩვენი მუსიკის ერთ-ერთი საგანძურია. მან ქართულ საკრავიერ მუსიკას (კერძოდ, სიმფონიისა და კონცერტის ჟანრს, კამერულ ანსამბლურ სფეროს) ახალი სიცოცხლე შთაბერა. ენამოსწრებული, პრინციპული, ჯანსაღად და კრიტიკულად მოაზროვნე, აი, ამგვარად ახასიათებდნენ მისი თანამედროვენი, დიდი თუ პატარა: იოსებ კეჭაყმაძე - „რომ არ ყოფილიყო სულხანი, ქართულ მუსიკაში, და არა მარტო ქართულში, რაოდენ დიდი სიცარიელე დარჩებოდა!“; გია ყანჩელი - „იგი წერდა შესანიშნავ მუსიკას და იყო არაჩვეულებრივად წესიერი, პატიოსანი, სუფთა ყველაფერში - შემოქმედებით დაწყებული, ყოველდღიური წვრილმანებით დამთავრებული...“; ბიძინა კვერნაძე - „მისი მუსიკა ძალიან ჰგავს მას, მასსავით მთლიანი და ხარისხოვანია. მის მუსიკას ახასიათებს შესანიშნავი დრამატურგიული აზროვნება, სიღრმე და დინამიურობა... ლოგიკურიცაა და ორიგინალურიც, და, საერთოდ, ნამდვილი ღირებულებისაა“[1]. ორი აზრი არაა, მისნაირი სიმფონისტი ჩვენ ჯერ არ გვყავს და ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც მის მუსიკას მოისმენს.

ახლა, (სამწუხაროდ) ნაკლებად ცნობილ, ანტონ წულუკიძეზე ვისაუბროთ. ზაქარია ფალიაშვილზე, ევგენი მიქელაძეზე, შალვა მშველიძეზე, თეატრსა და ფეხბურთზე შეყვარებულ ამ მუსიკისმცოდნეს (კიდევ უფრო ზუსტი იქნება, დიდ კულტუროლოგს), სიყვარულითა და პატივისცემით ტატოს, ტატულის ეძახდნენ. ოჯახიც ფრიად საინტერესო, რომ ჰყავდა? მამა, გრიგოლ წულუკიძე - საქართველოში სამთო მეცნიერებების ფუძემდებელი იყო, ხოლო დედა, ნინო წუწუნავა - ამ ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი. ფორტეპიანოს ანასტასია ვირსალაძესთან, მუსიკის ისტორიას კი ვლადიმერ დონაძესთან ეუფლებოდა.  ორივე პედაგოგი ქართულ რეალობაში თავიანთი სფეროს ფუძემდებლად გვევლინებიან - შესაბამისად, წარმოსადგენია, თუ რა საინტერესო სამყაროში ვითარდებოდა ყმაწვილობიდანვე ჩვენი გმირი. გარდა არაჩვეულებრივი პედაგოგებისა, მისი მეგობარი იყო იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი ხელოვანი. ჯერ მარტო კომპოზიტორები რომ ჩამოვთვალოთ ეს კმარა: ოთარ თაქთაქიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, სულხან ცინცაძე, სულხან ნასიძე... ნამდვილი ჟამთააღმწერელი იყო. ამაში მას ხელს უწყობდა ფანტასტიკური, მეტიც! ფენომენალური მეხსიერება. დასტურად ამისა: ზეპირად შეეძლო ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“; „დაისის“; მშველიძის „ზვიადაურის“; „ამბავი ტარიელისა“; „დიდოსტატის მარჯვენას“; თაქთაქიშვილის „მინდიას“; „მთვარის მოტაცების“ კლავირის შესრულება. ჩემი  ერთ-ერთი პედაგოგისგან გადმოცემითაც ვიცი: როცა ქუთაისში „ლატავრას“ აღდგენა გადაწყვიტეს, ანტონ წულუკიძეს დაუკავშირდნენ დასახმარებლად, ვინაიდან მას ძველი დადგმა ზეპირად ახსოვდა (მათ შორის რეჟისორული ინტერპრეტაცია). იყო მოწოდებით კრიტიკოსი, რომელსაც არამარტო ნაწარმოების, არამედ შესრულების შეფასებაც შეეძლო (რაც ბევრს არ ძალუძს). ყველაფრის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ცხოვრება არ ყოფილა ვარდმოფენილი. ტოტალიტარულმა რეჟიმმა მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ეს ტრავმა მას ქრონიკული დაავადების სახით მთელი ცხოვრება თან გაჰყვა. ყველაფრის მიუხედავად, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებაში, თავდადებული, აქტიური პედაგოგიური, სამეცნიერო და პუბლიცისტური საქმიანობით.

მოკლედ კი ვეცადე, ამ ღირსეული პიროვნებების წარმოჩენა, მაგრამ ის არ ვიცი, რამდენად გამომივიდა. გულწრფელად ვამბობ, უბედნიერესი ვიქნები, თუ ბლოგის მკითხველი (განსაკუთრებით, თანატოლი!) ოდნავ მაინც დაინტერესდა და დაიხსომებს მათ სახელს, თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში ამოუტივტივდეს მათი სახელები და მათ შემოქმედებას გაეცნოს. ახლა სიურპრიზის დროცაა: შარშან (როცა ეს ბლოგი უნდა გამოქვეყნებულიყო) დავუკავშირდი ჩვენი მთავარი გმირების ქალიშვილებს. ვთხოვე, ესაუბრათ არა მათ მშობლებზე, (რაც უფრო მოსალოდნელი და ლოგიკური იქნებოდა) არამედ მამის კოლეგაზე. მხოლოდ ახლაღა ქვეყნდება ეს წერილები...

თამარ წულუკიძე:

პატარობიდან ვიცოდი, რომ 17 მარტი - მამაჩემის დაბადების დღე იყო. როცა უკვე კითხვა დავიწყე, საქართველოს კომპოზიტორთა  ცნობარის ფურცვლისას აღმოვაჩინე, რომ 17 მარტი სულხან ნასიძის დაბადების დღეც ყოფილა. ჯერ კიდევ მაშინ რაღაც უცნაური ახლობლური გრძნობა გამიჩნდა  ადამიანის  მიმართ, მხოლოდ შორიდან რომ ვიცნობდი, როგორც განსაკუთრებით საინტერესო და პატივსაცემ პიროვნებას.

ისევ ბავშვობიდან მახსენდება - მოსკოვში, კომპოზიტორთა ყრილობაზე ოჯახით  ვახლდით მამაჩემს - მუსიკისმცოდნე ანტონ წულუკიძეს და დავესწარით ს. ნასიძის „ფიროსმანის“ პრემიერას, მოწმე გავხდი ამ ნაწარმოების ტრიუმფალური მიღების...

ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, როდესაც გავხდი თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლე; ახალი ნაცნობები, მეგობრები, მათი ოჯახები... აქედან იწყება ჩემი მეგობრობა სულხან ნასიძის ქალიშვილთან - თამრიკოსთან და ნასიძეების ოჯახთან. ეს ოჯახი ცალკე თემაა: ძია სულხანი თავის ღირსებით, ხიბლით, იუმორით... მისი მეუღლე - დეიდა ლალი სურგულაძე - გამორჩეული გარეგნობით, ასევე ღირსების, კეთლშობილების, სათნოების განსახიერება... მუდამ სინათლის მატარებელი ვანიკო .. ყველაზე უმცროსი თამრიკო - თვალშისაცემი გარეგნობით, ენაკვიმატი, სითბოსა და სიყვარულის მფრქვეველი ... და ეს ადამიანები ერთად ქმნიდნენ იმგვარ ბიოველს, რაც მათ სახლს, პავლოვის 20-ში რაღაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენდა...

ჩემთვის ძია სულხანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო მაშინ, როდესაც მუშაობა დავიწყე კომპოზიტორთა კავშირის გაზეთ „მუსიკაში“. კავშირის თავმჯდომარე სულხან ნასიძე გახლდათ და საბედნიეროდ, იმ პერიოდში ინტენსიური ურთიერთობა მიწევდა მასთან. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმება, რომ ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივი შეხვედრას მისი მონაწილეობა არაჩვეულებრივს ხდიდა.  ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ურთიერთობაში შევიცანი მისი პიროვნების ის შტრიხები, რაც სხვებისგან მსმენია. შევსწრებივარ მისი პირდაპირობის და შეუვალობის გამოვლენას, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არსებობენ ადამიანები, ერთეულები,  რომლებიც არ გადაუხვევენ სიმართლის, ობიექტურობის გზიდან.

ბატონ სულხანზე, ჩემთვის ახლა უკვე ძია სულხანზე საუბარი თან ადვილია და თან ძნელიც, მისი პიროვნებიდან გამომდინარე. რთულია, რამდენადაც არაერთმნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ, ადვილი - რამდენადაც უშუალო, პირდაპირი, მკაფიო აზრების მქონე იყო.  ვინც მას იცნობდა, დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. არავის ამძიმებდა თავის ღირსებებით, ანუ თავს არ იწონებდა არც ინტელექტუალურობით, არც ღრმადეროვნულობით, არც ზეთანამედროვეობით, თუმცა ეს ყველაფერი ისედაც იგრძნობოდა და იგულისხმებოდა...

ნასიძის მუსიკის ერთმა შემსრულებელმა მითხრა: საზღვარგარეთ  კომპოზიტორის სიცოცხლეში ყოველთვის ინტერესით ისმენდნენ და იღებდნენ მის  მუსიკას, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ძლიერ შთაბეჭდილება ახდენს, რაც ახლა ხდება მისი ნაწარმოებების შესრულების შემდეგ, ეს ადრე არ ხდებოდაო...

ნასიძის ნაწარმოებები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ პირველივე მოსმენისთანავე, მაგრამ, მართლაც, რაც დროს გადის, უფრო მკაფიო, ნათელი ხდება ის სამყარო, რომელსაც ის თავისი ქმნილებებით ამჟღავნებდა.

მისი ნაწარმოებები გვაძლევენ საშუალებას გავარღვიოთ ეს რეალობა და მივუახლოვდეთ იმ ღირებულებებს, რომლითაც საზრდოობდა სულხან ნასიძე და რასაც ის ურთიერთობაში არასდროს ხაზს არ უსვამდა.

თამარ ნასიძე:

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს, გვაქვს გულში ადამიანის ხსოვნა, რომლის სახელის ხსენებაც, იწვევს კეთილ ღიმილს და დაუცხრომელი სიყვარულის, პატივისცემის, მოგონებების აფორიაქებას. ჩემთვის, ასეთი პიროვნებების მცირე რიგს მიეკუთვნება ანტონ წულუკიძე, ძია ანტონი. არ მინდა და ალბათ, არც გამომივა მისი გახსენება ოფიციალური ტონით. არ მინდა ახლა, ძია ანტონის შრომების  და ქართულ ხელოვნებაში მის მნიშვნელობაზე და ადგილზე საუბარი, თუმცა 100 წლის საიუბილეო თარიღი, მოითხოვს უფრო მასშტაბურ კვლევას. ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ამას, მუსიკალური ხელოვნების დამსახურებული მეცნიერები, მე მინდა, დღეს, მისი 100 წლის თავზე, გავიხსენო ჩემი ძია ანტონი.

ბედნიერი ვარ, რომ პირველ მუსიკალურ სასწავლებელში, თამრიკო წულუკიძესთან ერთად  ჩავაბარე. გაცნობისთანავე დავმეგობრდით და დღემდე მოგვაქვს ცხოვრების გზაზე ეს ურთიერთობა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად რჩება, წულუკიძეებთან პირველი სტუმრობა ქიაჩელის ქუჩაზე. ზღურბლიდანვე, ერთ ნაბიჯში აღმოვჩნდი ქართული თეატრის, მსოფლიო ლიტერატურის, მუსიკის და მეცნიერების დიად და სახელოვან სამყაროში. თითქოს, დროის მანქანა ამუშავდა და გადამისროლა ,,ცისფერ ყანწელების“, ქართული თეატრის ფუძეში მდგომების დიდ მოღვაწეთა ეპოქაში. ვერცხლის ხანის გიგანტი პოეტები და მწერლები, ქართული აკადემიური მეცნიერებების ფუძემდებლები... თავბრუ დამეხვა. ერთდროულად ყველა გამორჩეული პიროვნება მიყურებდა ფოტოებიდან და ჩანდა, რომ სილამაზის გამო არ ჰკიდია მათი პორტრეტები, არამედ ამ ოჯახში ბევრი ხშირი სტუმარი იყო და ზოგი  წევრიცა და შემქმნელიც. მათი ღირსეული შთამომავლები, ძია ანტონი და დეიდა ნინო, შეჩვეულები პირველად მოსული ადამიანის დაბნეულობას, ღიმილით მელოდებოდნენ, როდის შევამჩნევდი მათ არსებობას.

ძია ანტონმა, უმძიმესი ცხოვრება განვლო. ბედმა არაერთხელ გადაუჭიმა მათრახი ზურგზე. არ მოჰკლებია არც ციხე, გადასახლება და დევნა. მის მაგალითზე მივხვდი, როგორ ახერხებდნენ სტალინურ ,,საკეპ მანქანა,, გამოვლილები, შეენარჩუნებინათ სულში სანთელი, არ დაეკარგათ კეთილშობილება და დიდბუნოვნობა, ელემენტარულად დარჩენილიყვნენ ადამიანებად და არ გაბოროტებულიყვნენ.

ძია ანტონი უმძიმეს უსამართლობას, ტანჯვას უმკლავდებოდა ერთადერთი უზარმაზარი სიყვარულის გამო, რომელსაც სამშობლო ერქვა. დღეს რამდენადაც სახე იცვალა და გაცვეთილი გახდა ეს ცნება, ძია ანტონისათვის სიცოცხლეზე ტკბილი იყო და ასე იყვნენ მისი თაობის სხვა გმირებიც. სიმართლე - რომელიც აძლიერებდა და არ ტეხდა. სამშობლოს სიყვარული - რომელიც სულში სანთელს უგიზგიზებდა.

ჩემი ძია ანტონი, მგზნებარედ ემოციური იყო ყველაფერი ქართულის მიმართ. მიუხედავად მისი უსაზღვრო სიკეთისა, რაც შეეხებოდა პროფესიულად ქართული მუსიკის შესწავლას, სტუდენტებთან მომთხოვნი და მკაცრი იყო.  მე ბედმა გამიღიმა, ძია ანტონის სტუდენტი რომ გავხდი. ადამიანის ესეთი გარდაქმნა, იშვიათად მინახავს. ლექციის დაწყებისთანავე, ძია ანტონი გარდაისახებოდა ემოციურ, არტისტულ მთხრობელად. ამ დროს, მას გულწრფელად უყვარდა კონკრეტულად ის კომპოზიტორი, მისი შემოქმედებით, რომელზედაც მიჰყავდა ლექცია. თავად, ბევრ ქართველ კლასიკოს კომპოზიტორს პირადად იცნობდა და ზოგიერთთან მეგობრობდა კიდეც. ამიტომ გაათასმაგებულად  უფრო საინტერესო ხდებოდა მისი სმენა. პიროვნული წახნაგები თუ რომელიმე ნაწარმოების შექმნის ისტორია, უნიკალური ინფორმაციის სახეს იღებდა, რადგანაც თვითმხილველი იყო თავად. ძია ანტონი, ძალიან პრინციპული, უკომპრომისო და მომთხოვნი იყო თუ საქმე ეხებოდა პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას. მაღალმორალური და შეუპოვარი ამ საკითხებში, არ დაიხევდა უკან, ვინც არ უნდა ყოფილიყო.

ძია ანტონის ენამახვილობაზე და იუმორზე, ლეგენდები დადიოდა. მისი იუმორი, ენამოსწრებულად ასახული ფაქტი ან კონკრეტული ადამიანის ორაზროვანი ქმედების ამსახველი იყო, ამიტომ ბევრი არაგულწრფელი თუ არასასიამოვნო ადამიანისთვის, შემორტყმული მათრახივით იყო.

ჩემი ძია ანტონი, უსაყვარლესი ადამიანია, რომლის ბავშვივით გულში ჩახუტება და მოფერება მოგინდებოდა. ჩემთვის, წასული დროის, უკანასკნელი რაინდია, რომელიც ბედის ბორბალმა დაუნდობლად ატრიალა, თუმცა ბევრი კარგიც არგუნა. თვითონ კი დარჩა დიდბუნოვანი და კეთილშობილი. ყველასთვის მაგალითი გულწრფელი პატრიოტიზმის და მაღალზნეობრივი მოქალაქეობის. მადლობელო ვარ განგების, რომ ასეთ პიროვნებას შემახვედრა და მაზიარა მის სამყაროს.

ჩემი საყვარელი ძია ანტონი.



 





გვახსოვდეს ისინი!

[1] ციტატები მოყვანილია რუსუდან ქუთათელაძის სტატიიდან „სულხან ნასიძე - 90“. ჟურნალი „მუსიკა“ No. 1 (30) 2017.

Comments