რეცენზიის ავტორი: კომპოზიციისა და
მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის
სტუდენტი ირაკლი არეშიძე
ვირუსი არ გვეყოფოდა, ახლა ადამიანების
სახით, რეჟიმთანაც გვიწევს ომი. რიტორიკული შეკითხვის დასმას, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი,
არ ვაპირებ. ამჯერად ეს ჩემი მიზანი არაა. უფრო მაინტერესებს, რას ვშვებით ახლა? ცხადია,
ვიბრძვით (სხვადასხვაგვარად, თუნდაც პროტესტის გამოხატვით). ამისთვის, ფიზიკურის გარდა, სულიერ-მორალური ძლიერებაც
არ უნდა დავკარგოთ. სულდაფლეთილი და მორალურად გატეხილი ადამიანი, "აქილევსის
ქუსლიც" რომ არ ჰქონდეს, დამარცხდება. ამ დროს კულტურის, როგორც სფეროს, იდეის მნიშვნელობა (ზოგის და გასაოცად) გაათკეცებულია.
ისაა სულიერი საზრდო ისევ ადამიანების მეცადინეობით გასასტიკებული სამყაროს ადამიანებისთვის (თუკი მოისურვებენ). მსგავსს და ჯერჯერობით, უარეს პერიოდში შეიქმნა ორი შედევრი
- დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეშვიდე, "ლენინგრადულად" წოდებული სიმფონია და
ოლივიე მესიანის კვარტეტი "ჟამის დასასრულზე". მგონი, ამ ფაქტის მოყვანის
შემდეგ, სიტყვები აღარაა საჭირო.
აი, ასეთ დროს, საბედნიეროდ, ტარდება საფორტეპიანო
კათედრის მიერ ორგანიზებული სერია სამ კონცერტად, სადაც სრულდება, არც მეტი, არც ნაკლები,
იოზეფ ჰაიდნისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საფორტეპიანო (საკლავირო) სონატები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ერთი წლით ადრე იყო შედგენილი, მიმაჩნია სიმბოლურ
დამთხვევად. ვინც იცის ამ კომპოზიტორთა და ზოგადად, იმ დროის - განმანათლებლობის პერიოდის
ესთეტიკა, დამეთანხმება, რომ ამ ნაწარმოებებისგან მიღებული იმპულსები ძალიან მნიშვნელოვანი
და დროული იქნება. ცოტაოდენი ჟანრზეც - კლასიციზმის ეპოქაში
კომპოზიტორებმა იმემკვიდრეს ბაროკოს მდიდარი გამოცდილება. კერძოდ, კრისტალიზება განიცადა
"სონატის" იდეამ (სხვა მრავალ მოვლენასთან ერთად) და ჩამოყალიბდა მოვლენა,
დღეს რომ "სონატურ-სიმფონიურ ციკლს" ვუწოდებთ. მოგვიანებით უამრავ შემადგენლობას
"მოერგო" და ერთ-ერთი ზუსტად კლავირი - ფორტეპიანო აღმოჩნდა. წლევანდელი
თემატიკა წინა სასწავლო წელს ჩატარებული საკონცერტო სერიის "რომანტიზმის ეპოქის
სონატების" გამოძახილად მიმაჩნია. თუკი წინა წელს ამ ჟანრში შექმნილი ზოგი კარგი
და ზოგიც ენიალური ქმნილება მოვისმინეთ, წელს ამავე ჟანრის სათავეებს ვუბრუნდებით,
შესაბამისად, ჰაიდნისა და მოცარტის შემოქმედებაში.
გადავხედოთ პროგრამას:
• ი.ჰაიდნი
- სონატა ლა მაჟორი, Hob.XVI:30 - ირაკლი გოგიბერიძე (ბაკ.Iკ.) - პროფ. ლ.სანიკიძის
კლასი
• ვ.ა.მოცარტი
- სონატა No.1, C-dur - ბარბარე თათარაიძე (ბაკ.Iკ.) - პროფ. ლ.სანიკიძის კლასი
• ი.ჰაიდნი
- სონატა რე მაჟორი, Hob.XVI:24 - ნატალი მამუკაშვილი (ბაკ.Iკ.) - ასოც. პროფ. მ.გოცირიძის
კლასი
• ი.ჰაიდნი
- სონატა დო მაჟორი, Hob.XVI:50 - თამარ სურმავა (ბაკ.IIკ.) - ასოც. პროფ. მ.გოცირიძის
კლასი
• ი.ჰაიდნი
- სონატა დო მინორი, Hob.XVI:20 - ლიზი კაკაბაძე (ბაკ.IIIკ.) - ასოც. პროფ. მ.გოცირიძის
კლასი
• ი.ჰაიდნი
- სონატა მი ბემოლ მაჟორი, Hob.XVI:28 - ცისანა კიკაბიძე (ბაკ.IIIკ.) - ასოც. პროფ.
ალ.გარბერის კლასი
• ი.ჰაიდნი
- სონატა დო მაჟორი, Hob.XVI:48 - არშია ყორბანი (მაგ.IIკ.) - ასოც. პროფ. მ.გოცირიძის
კლასი
• ი.ჰაიდნი
- სონატა მი ბემოლ მაჟორი, Hob.XVI:49 - სოფიო ოდიშარია (დოქტორანტურა) - პროფ. მ.დოიჯაშვილის
კლასი
პროგრამის უბრალო გადახედვაც ცხადყოფს ჰაიდნის
სონატებზე აშკარა ორიენტაციას. ეს გვაფიქრებინებს, რომ შემდეგი კონცერტებზე მეტი დრო
მოცარტის სონატებს დაეთმობა (არ გამოტოვოთ!!!).
უკლებლივ ყველა მონაწილე "აკადემიური"
შესრულებისკენ ისწრაფვოდა, მაგრამ, ბუნებრივად, ყველას თავის ღირსება და ნაკლი აქვს.
მათგან ზოგი გვხიბლავდა აკორდის გადაწყვეტისა (!) თუ პაუზისადმი დამოკიდებულებით და
ციკლის "ჩქარი" და "ნელი" ნაწილებიც, ყველასთვის თანაბრად ახლობელი
არ იყო.
განსხვავებული ელფერი შესძინა ჰაიდნის სონატას
არშია ყორბანმა, რომელიც პაუზით აღნიშნულ მონაკვეთში წინა აკორდს ცოტახნით პედლით
აკავებდა. საერთოდ არ მომეჩვენა გამაღიზიანებლად,
პირიქით, მეტიც, თითქოს ამ „ხერხით“ შემსრულებელი ძველი ინსტრუმენტის ჟღერადობას აღწევდა.
ამ კომპოზიტორების მუსიკალური ენისთვის
დამახასიათებელ ერთ-ერთი ასპექტზე - მელიზმებზე
მინდა შევჩერდე. იქნება ეს ტრელი თუ მორდენტი, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია მათ.
რიგ შემთხვევებში ისინი ქმნიან ხასიათის. ხანდახან, რომელიმე ნოტის ხაზგასმულად წამომწევნი
არიან. კონცერტის თითქმის (!) ყველა შესრულებაში კი ხერხიდან გამომდინარე ნოტები ისმოდა
უფრო მკვეთრად. მეორეს მხრივ ამას დარბაზის აკუსტიკასაც ვაბრალებ. განა არ შეიძლება
რაიმე სამუშაოები ჩატარდეს? განა როგორ გვესმის იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ
სად ვჯდებით და რამდენად სავსეა დარბაზი?
ერთ კურიოზსაც მოვიყვან - კონცერტის განმავლობაში,
მარჯვენა, გვერდითა შესასვლელი კარიც ჩვენი სტუდენტების სრულფასოვანი მსმენელი იყო. გაღება-გამოღებით,
ჭრაჭუნით გამოხატავდა თავის აღტაცებას.
ბოლოს, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი,
რომ ყველაზე შთამბეჭდავი შესრულება - ლიზი კაკაბაძეს ეკუთვნოდა. ისევ და ისევ იმ თვისებამ
მომნუსხა, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ შემსრულებელში (ზოგადად, ადამიანში) - გულწრფელობამ.
აქედან გამომდინარე დო მინორული სონატის - ლირიკული, ოდნავ ტრაგიკული სახის შუქ-ჩრდილები
ამ შემსრულებელმა ისეთი ნატიფი ბგერით მოხაზა, რომ ძნელი იყო ერთ ადგილზე ჯდომა (განსაკუთრებით,
პირველ ნაწილში).
უღრმესი მადლობა და წარმატებები სტუდენტებსა
და მათ პედაგოგებს!
გაგრძელება
იქნება...
Comments
Post a Comment