მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მე-2 მსოფლიო ომის
დროს მიმდინარე მოვლენები. მაშინ, როდესაც გერმანიაში ძალაუფლება ხელში ნაცისტურმა
მოძრაობამ აიღო, მუსიკა და მისი „მიმდევრები“
დიდი წნეხის ქვეშ მოექცნენ. 1933 წლიდან, Reichsmusikkammer მოქმედებდა ნებისმიერი
კულტურული მოღვაწის წინააღმდეგ. მუსიკაზე რომ ვისაუბროთ, ხელს უწყობდა მხოლოდ იმას,
რაც ნაცისტურ იდეალებთან შესაბამისობაში მოდიოდა, მთავარი მიზანი „კარგი გერმანული
მუსიკის“ პოპულარიზაცია იყო. კონკრეტულად,
ბეთჰოვენის, ვაგნერის, ბახის, მოცარტის, ჰაიდნის, ბრამსის, ბრუკნერის და სხვა
მსგავსი - იყო გერმანიის მსოფლიო უზენაესობის კულტურული ლეგიტიმაცია, მათი შემოქმედება
გერმანული ღირსებებისა და კულტურული იდენტობის განსადიდებლად იდეოლოგიურად ხელახლა
იქნა ინტერპრეტირებული. ამის პარალელურად,
იკრძალებოდა „დეგენერაციული“ მუსიკა - აიკრძალა
მალერი, მენდელსონი, შონბერგი, ჰინდემიტი, სტრავისნკი, აიკრძალა პოლიტიკურად დისიდენტი
კომპოზიტორები.
კიდევ
რემდენიმე მაგალითის მოყვანაც შეიძლება, რომელიც ამ თემასთან მიმართებით მახსენდება.
არ შეიძლება არ გაგვახსენდეს „La Marseillaise“, საფრანგეთის რევოლუციონერების ჰიმნი (რომელიც
შემდეგ საფრანგეთის ჰიმნად იქცა), ამ სიმღერით
რევოლუციური საფრანგეთის მიერ „ბოჰემიისა და უნგრეთის“ მეფისადმი ომის გამოცხადების
შემდეგ, პარიზში შევიდა მარსელის მოხალისეთა ბატალიონი. შეიძლება ვინმემ აქაც დასვას
დღეს ძალიან პოპულარული კითხვა - „რა ამღერებდათ?“. უამრავ მაგალითს შორის ასევე მახსენდება
შოპენის რევოლუციური ეტიუდი N12 (დო მინორი, თხზ. 10), როგორც ამბობენ, ეს იყო პატრიოტული
რეაქცია რუსეთის მიერ ვარშავის აღებაზე.
ამ მხრივ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სხვა
ჟანრებსა და მიმდინარეობებზეც, მაგალითად სოციოლოგიურ და კულტურულ კვლევებში პოპულარული
მუსიკისა და მუსიკოსების აღმნიშვნელად სუბკულტურის ან კონტრკულტურის ცნება გამოიყენებოდა.
თავის მხრივ, პოპკულტურა მოიაზრებოდა, როგორც დოუმორჩილებელი, პროტესტის გამომხატველი,
წინააღმდეგობრივი ჯგუფი. ზოგისთვის, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოპმუსიკა ყოველთვის
გასართობი ან თავის შესაქცევი ფუნქციის მატარებელი არ არის. დღესდღეობით ამ საკითხს
არაერთი კვლევა ეძღვნება. რამდენიმე წლის წინ პოლიტიკურ მეცნიერებათა კონფერენციაზე
წარმოდგენილი იყო მოხსენებები ბობ დილანის შესახებ. არსებობს სხვადასხვა მტკიცებულება
პოპკულტურის პოლიტიკური მეცნიერების რიგებში ინტეგრაციის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ,
როცა საქმე სოციალური მოძრაობებისა და იდენტობის პოლიტიკის შესწავლასთანაა დაკავშირებული.
იქმნებოდა სიმღერები, რომელებიც სამოქალაქო
უფლებების, სიტყვის თავისუფლების, ბირთვული
ბომბების, ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციების “საუნდტრეკად” იყო ქცეული. ასევე,
არსებობს პერფორმანსები, რომლებიც უშუალოდ
და კონკრეტულად ეხება სხვადასხვა საკითხს, მაგალითად 1971 წელს გამართული ჯორჯ
ჰარისონისა და რავი შანკარის კონცერტი ბანგლადეშისათვის; 1985 წელს გამართული საკონცერტო მარათონი Live
Aid; 1988 წელს უემბლის სტადიონზე გამართული ანტიაპარტეიდის, ე.წ. თავისუფლების ფესტივალი,
რომელიც ნელსონ მანდელას 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, აღსანიშნავია, რომ შტატებში, სამაუწყებლო
კომპანია Fox-მა კონცერტის პოლიტიკური აქცენტები დიდი ცენზურის ქვეშ მოაქცია. 2000
წელს სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ავსტრალიური როკბენდი, Midnight Oil, მილიონობით ადამიანის
წინაშე გამოვიდა, მაისურებზე წარწერით „ბოდიში“,
რაც მიზანმიმართული „თავდასხმა“ იყო ავსტრალიის მთავრობაზე, რომელმაც უარი განაცხადა
აბორიგენული ხალხისთვის ბოდიშის მოხდაზე. სხვა
მაგალითებს შორის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პოლ მაკ-კარტნის "pipes of peace" (1983), the Rolling Stones-ის "Gimme shelter", აქვე შეგვიძლია დავასახელოთ ასევე ბობ
დილანის "Masters of war", რომელიც თავისი შინაარისით
დღევანდელ რეალობაშიც რელევეანტურია და ა.შ.
ან „ამათ რა ამღერებდათ?“
დიდება გმირებს! "[1]
[1] ციტატა მოყვანილია 5 მარტს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართული,
ასოც.პროფ. ნანი სანაძის კლასის კონცერტზე წარმოთქმული შესავალი სიტყვიდან, რომლის
ავტორიც მუსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ირინა დუმბაძეა.
აღნიშნული კონცერტი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
Comments
Post a Comment