რეცენზია - ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკი“ კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე (I დადგმა)

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი
ელენე ელიოზიშვილი

    თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე, 29 მარტს საოპერო სტუდიამ წარმოგვიდგინა ჯაკომო პუჩინის ერთმოქმედებიანი ოპერის „ჯანი სკიკის“ პრემიერა (ლიბრეტოს ავტორი - ჯოვაკინო ფორცანო).

„ჯანი სკიკი“ კომპოზიტორის ცნობილი ერთმოქმედებიანი, „ტრიპტიხის“ ოპერებიდან მესამეა (პირველი - „მოსასხამი“, მეორე - „და ანჟელიკა“). ცნობილია, რომ სამს შორის ყველაზე დიდი წარმატება და პოპულარულობა სწორედ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“, მერვე წრეში თაღლითობისთვის გამომწყვდეულ „ჯანი სკიკის“ ისტორიაზე დაფუძნებულს ხვდა წილად.

„ჯანი სკიკის“ პრემიერა ობიექტურად ძალიან დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

პირველ რიგში, ასმაგად დასაფასებელია ეს მოვლენა, რადგან ჯაკომო პუჩინის მუსიკას ზოგადად და კონკრეტულად „ჯანი სკიკის“ ქართული აუდიტორია, რბილად რომ ვთქვათ, მიჩვეული არ არის და ოპერის კომიკურ-გროტესკული ხასიათი და დიდებული მუსიკა სიამოვნება იყო მაყურებელთა თვალის, ყურისა და სულისთვისაც (აღსანიშანვია, რომ  პირველად, 1998 . თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიჯანი სკიკის“ დამდგემელი რეჟისორი სწორედ ლელა გვარიშვილი გახლდათ, ხოლო დამდგმელი დირიჟორი - ჯანსუღ კახიძე).

სპექტაკლის დასაწყისისთანავე ჩვენი, მაყურებლების, ყურადღება მიიპყრო ახალმა, მდიდრულმა, თვალისმომჭრელმა, პირველწყაროში ასახული მოქმედების დროსთან (XIII საუკუნე) შედარებით გათანამედროვებულმა დეკორაციებმა და კოსტიუმებმა (დამდგმელი მხატვარი - ნეიკო ნეიძე), რომლებმაც დადგმას მეტი ხატოვნება და ეფექტი შესძინეს. ოპერის ლიბრეტოს თანამხად, სცენაზე აუცილებლად უნდა ჩანდეს ფლორენციის პალაცო ვეკიოზე აღმართული არნოლფოს კოშკი (არქიტექტორი არნოლფო დი კამბიო), რომელიც ოპერაში მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესი ძალის სიმბოლოდ უნდა წარმოჩენილიყო. საოპერო სტუდიის დადგმაში სცენას ორი ტილო ამშვენებდა, დანტე ალიგიერის პორტრეტი და „ბაბილონის გოდოლი“. ორივე სურათი საინტერესო და ღრმაშინაარსობრივი იდეის მატარებელია - ერთი როგორც მინიშნება ისტორიის პირველწყაროზე (არსებობს ლეგენდა, რომ ჯანი სკიკი რეალური თაღლითი იყო, ისტორია რეალურ ამბავს ეფუძნება და დანტე ძალიან კარგად იცნობდა ჯანის, სწორედ აქედან „მოხვდა“ იგი „ღვთაებრივ კომედიაში“...) და მეორე, როგორც ადამიანთა ცოდვილობისა და ქედმაღლობის საზღაურის სიმბოლო.

უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით აღვნიშნავდი, მთელი დასის საოცარ სამსახიობო მზაობასა და სრულ ჩართულობას პროცესში. ყველამ განსხვავებული და თავისებური გმირი საკუთარი ინდივიდუალური ხედვით გამსჭვალა და შედეგად ბუნებრივად ჰარმონიული, რეალისტურ-გროტესკული და ქმედითი სურათი დაგვიხატა.

თავად ოპერა საინტერესო დრამატურგიისა და აგებულების მქონეა, რაც მის ისედაც „მინიატურულობას“ კიდევ უფრო მეტ სისხარტეს, სიმთელის შთაბეჭდილებას მატებს. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ლირიკული და გროტესკული საწყისი, რეჩიტაციული და მელოდიური ინტონირების ეპიზოდები, საანსამბლო და სოლო ნომრები. შეიძლება ითქვას, ოპერა ანსამბლებისა და ოთხი ძირითადი გმირის (ჯანი სკიკი, ძიტა, ლაურეტა და რინუჩო) სოლო პარტიების მონაცვლეობასა და კონტრასტზეა აგებული. ოპერის ლირიკულ ხაზს (რინუჩო - ფალანდა ღვინჯილია და ლაურეტა - მარიამ წიკლაური) აშკარად სჯობნიდა გროტესკულ-ირონიული საწყისიც, ზოგჯერ ზედმეტად უტრირებულიც, თუმცა, თავის მხრივ, ერთგვარი ეშხის მიმნიჭებელიც. არაჩვეულებრივი მხატვრული სახეების შექმნის მხრივ ცალკე აღვნიშნავდი ორ პერსონაჟს: ძიტასა (ვარდუი პოზოიანი) და ჩესკას (სოფიო ძიძიგური), რომლებიც თუნდაც სახასიათო ჟესტიკულაციებითა თუ მიმიკებით მუდამ იზიდავდნენ ჩვენს ყურადღებას. ამდენად, დავამატებდი, რომ სამსახიობო ნიჭი მათ მისცემს საშუალებას თავისუფლად შეასრულონ, როგორც კომიკური, ისე დრამატული როლებიც.

რაც შეეხება მთავარ გმირს, აქ, უნდა ითქვას, რომ ჩემი მოკრძალებული, თუმცა მაინც, დარწმუნებული აზრით, ჩვენ საქმე გვაქვს უკვე ჩამოყალიბებულ მომღერალსა და მსახიობთან (ლექსო კაპანაძე), რომელმაც არაჩვეულებრივად შეიგრძნო გმირის არსი და თავისი ხმის მოქნილი ფლობის საშუალებით, უბადლოდ გადმოსცა გმირის ლირიკული, დრამატული და სარკასტულ-ირონიული მხარეც. სპექტაკლის დასასრულს „ჯანი სკიკიმ“ საზოგადოებას მოგვმართა ქართულად, არ დავზარებოდით მას, როგორც სასიამოვნო განწყობის შემქმნელს, აპლოდისმენტებზე, და მართლაც, ვფიქრობ, აპლოდისმენტები და ოვაციები შესრულების სათანადო იყო.

ლირიკული სფეროს წარმომადგენლებმა: ლაურეტამ და რინუჩომ ნატიფი, გულწრფელი, ახალგაზრდული სიმსუბუქითა და „ეშმაკური მოქნილობით“ სავსე სასიყვარულო გრძნობები დაგვიხატეს. ოპერის, ალბათ, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად, ყველაზე ცნობილი არიის: „O Mio Babbino Caro-ს“ შესრულების პასუხისმგებლობა ერგო მარიამ წიკლაურს, რომელმაც შეიძლება ითქვას, საკმაოდ ღირსეულად გაართვა მას თავი.

არ შეიძლება ცალკე აღნიშვნის გარეშე დავტოვოთ სპექტაკლის კონცერტმაისტერი - რატი გვალია, რომელმაც ჯერ კიდევ წარმოდგენის დასაწყისში და უკვე დასასრულსაც ყველაზე მეტი ოვაცია და აპლოდისმენტები მიიღო, და აბსოლუტურად დამსახურებულადაც. მან არაჩვეულებრივი საშემსრულებლო ხარისხითა და საკონცერტმაისტერო ალღოთი დიდი როლი შეასრულა სპექტაკლის წარმატებაში. მისმა თანხლებამ საერთოდ არ გამოიწვია საორკესტრო ჟღერადობის დანაკლისი ან კამერულობის შეგრძნება, პირიქით, ვფიქრობ, ოპერის მუხტისა და ტონუსის გაღვივებასა და შენარჩუნებაში მას მიუძღვის უნიშვნელოვანესი წვლილი, რა თქმა უნდა, დირიჟორთან - პაპუნა ღვაბერიძესთან ერთად. სწორედ დირიჟორისა და რეჟისორის - ლელა გვარიშვილის არაჩვეულებრივი ტანდემის გარეშე, დღეს ჩვენ სცენაზე მსგავს ფოიერვერკს ვერ ვიხილავდით.

ჩემი ჯერ კიდევ მცირე გამოცდილების მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ მრავალ ნანახ სპექტაკლს შორის, ვფიქრობ, კონკრეტული დადგმა ყველა მაყურებლის მეხსიერებაში აღიბეჭდება ერთ-ერთ საუკეთესო და სასიამოვნო მოგონებად, თუმცა მგონია, რომ ასეთი წარმატება უნდა იქცეს არა მოგონებად, არამედ აუდიტორიის ხშირ „ბედნიერების ელექსირად“. მქუხარე აპლოდისმენტები და მაყურებელთა ღიმილიანი სახეები სწორედ ამ შედეგის საწინდარი უნდა იყოს.

დასასრულს, ვულოცავ მთელს კოლექტივს არაჩვეულებრივ პრემიერას და ვუსურვებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიას წარმატებას ახალ წამოწყებებსა და სამომავლო პრემიერებზე, რომლითაც იმედი გვაქვს, ჩვენი სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები დღევანდელის მსგავსი, შესაშური, საქმის ერთგულებითა და სიყვარულით გაგვანებივრებენ. 

 

29.03.2022

ელენე ელიოზიშვილი

Comments