(რეცენზია "ჯანი სკიკის" 29 და 31 მარტის დადგმებთან დაკავშირებით)
ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი
ანნა ნიკოლოზიშვილი
ერთმოქმედებიანი ოპერა “ჯანი სკიკი” ჯაკომო პუჩინის საოპერო ჟანრის ბოლო ნაწარმოებია. პუჩინის ჩანაფიქრის მიხედვით, კომიკური “ჯანი სკიკი” ტრიპტიქის წინა ორ ტრაგიკულ და ლირიკულ ოპერებს უპირისპირდება. იგი, პირველად, 1918 წელს მეტროპოლიტენ ოპერაში დაიდგა, რის შემდეგაც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2022 წლის მარტში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ერთი ოპერისგან ორმაგი სიამოვნება მივიღეთ. დადგმების განსხვავებულმა შემადგენლობამ მიბიძგა ორივე შესრულების შედარებისა და განხილვისკენ, რის შედეგადაც გთავაზობთ შემდეგ მოსაზრებებს.
ერთი და იმავე დადგმის აღწერისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს შემსრულებლის შემართების და მსმენელის განწყობისა და მოლოდინის ურთიერთზეგავლენა. ამ ორი მხარის ხასიათმა საოპერო სტუდიის ორივე დადგმის შედეგი და ეფექტურობა განაპირობა. 29 მარტს დიდი დარბაზი მუსიკას და სანახაობას მოწყურებული აუდიტორიით აივსო, რომელმაც კონცერტმაისტერი რატი გვალია უკვე სცენაზე ასვლისას დიდი აღფრთოვანებით მიიღო. ორი დღის შემდეგ, მსმენელთა რაოდენობამ, ერთი მხრივ, იკლო, ხოლო, მეორე მხრივ, მათ შორის პირველი დადგმის დამსწრეების რიცხვიც საკმაო იყო. შესაძლოა, რომ სწორედ ამან გამოიწვია მეორე დადგმის უფრო ნელი განვითარება.
“ჯანი სკიკი” ერთ-ერთია იმ ოპერებიდან, რომელიც პერსონაჟების სიმრავლით გამოირჩევა და სცენაზე მცირე შემადგენლობის წარმოდგენა იშვიათია. ასეთი ოპერა, მისი შედარებით მოკლე ხანგრძლივობითაც, სტუდენტური დადგმისთვის იდეალური აღმოჩნდა. სცენაზე სიმღერის საშუალება ზუსტად 20 ვოკალისტს მიეცა, ხოლო ორივე დადგმას საკუთარი კონცერმაისტერი ჰყავდა. პიანისტებმა, რატი გვალიამ და თინათინ ალავიძემ დიდი წვლილი შეიტანეს დადგმების ხასიათის და ტემპერამენტის შექმნაში და მსმენელს ორკესტრის დანაკლისი არ აგრძნობინეს. პერსონაჟების სიმრავლემ ხშირი საანსამბლო ნომერი განაპირობა. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, შემსრულებლების გუნდური მუშაობის შედეგები, რაც გულისხმობს, როგორც ვოკალისტთა დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, ისევე მათივე ურთიერთობას კონცერტმაისტერებთან. ამ თვალსაზრისით, პირველი დადგმის ცოცხალმა ოქტეტმა მეტი ერთიანობა გამოავლინა, ნათლად ჩანდა მათი ერთმანეთის მოსმენის უნარი და მოქმედების ბუნებრივი დენადობა.
ოპერის დაწყებისთანავე შეიქმნა ერთსულოვანი გროტესკული განწყობა. ჯოაკინო ფორცანოს ლიბრეტოსა და შემსრულებლების სამსახიობო თვისებების შეხამებით მსმენელს სინოფსისის უქონლობაც კი ხელს არ შეუშლიდა ისტორიის გაგებაში, ან კომიკური მომენტებით გახალისებაში. მომღერალთა მეორე ჯგუფმა, ნაკლები გუნდურობის ხარჯზე, უფრო დინჯისა და ინდივიდუალიზებულის შთაბეჭდილება დატოვა. მათი კონცერტმაისტერის თინათინ ალავიძის დამსახურებაა, რომ ვოკალისტების სიფრთხილის მიუხედავად, სპექტაკლი ზედმეტად გაწელილი არ აღმოჩნდა.
მეორე დადგმისგან განსხვავებით, პირველი ჯგუფის უარყოფით მხარეს მათი გადაჭარბებული ბგერა წარმოადგენდა, რომელიც გამართლებული იყო მოქმედების მხოლოდ ერთ მომენტში ზარის დარეკვამდე, საზოგადოების ჩხუბის და პანიკაში ჩავარდნის დროს. ძლიერი, მაგრამ უფრო რბილი ბგერის მოთხოვნილება ასევე იქმნებოდა ჯანი სკიკის და ლაურეტას დაპირისპირებისას ძიტასა და რინუჩოსთან.
ორივე დადგმის ანსამბლებში მონაწილეთა შორის თვალში საცემი იყო მარკოს და ჩესკას წყვილი ერეკლე გურგენიძის და სოფიო ძიძიგურის შესრულებით, რომელთა ენერგიულობა ოპერის ხასიათს ზუსტად ასახავდა. აღვნიშნავდი ვარდუი პოზოიანის მიერ ძიტას როლის შესრულებას, რომელიც პირველი დადგმისას დაბალ რეგისტრში ნამღერი მონაკვეთების სისუსტისა და თანხლების გადაფარვის მიუხედავად, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ვახსენებდი მეორე დადგმის ნელას შემსრულებელ მაკა დვალს, რომელმაც სამი ფლორენციელი ქალბატონის ტრიოში გამჭვირვალე და გაწონასწორებული ხმით განასახიერა თავისი პერსონაჟის პარტია.
ახლა კი განვიხილოთ ოპერის სამი მთავარი გმირი: ჯანი სკიკი და შეყვარებულთა წყვილი, ლაურეტა და რინუჩო.
ჯანი სკიკი, ანუ მე-13 საუკუნის იტალიელი რაინდის პროტოტიპზე დაფუძნებული დანტეს პერსონაჟი, დიდ დარბაზში, კურსდამთავრებულმა ლექსო კაპანაძემ და ბაკალავრიატის მესამე კურსელმა ვალერიან რობანიშვილმა შეასრულეს. სკიკის როლის თანმხლები კომიზმი ორივე ვოკალისტმა ეფექტურად გადმოგვცეს. შთამბეჭდაობით გამოვარჩევდი კაპანაძის მიერ შესრულებულ არიას “Ah, che zucconi! Si corre dal notaio” მისი ემოციური გაწონასწორებით, და ბუფონური ხასიათით. ვფიქრობ, რომ ჯანი სკიკის შემსრულებლებმა თავისი განათლებისა და გამოცდილების დონის შესაბამისი შესრულება წარმოგვიდგინეს. ლექსო კაპანაძისგან მოსალოდნელი თავდაჯერებულობა და თავისუფლება იგრძნობოდა, რასაც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ შესრულებებში ვალერიან რობანიშვილისგანაც ვიხილავთ. აქვე ვახსენებდი დიალოგის სცენას გარდაცვლილსა და მოხუც ექიმს შორის. ჯანი სიკიკის მიერ გარდაცვლილის ორივე განსახიერება თავისებური და გამამხნეველი იყო. ამავე სცენის მონაწილემ - ირაკლი აბაშიძემ მშვენივრად მოირგო ორი ურთიერთსაპირისპირო როლი: ექიმი სპინელოჩოს და ნოტარიუსის.
ჯანი სკიკის სასიძო რინუჩოს როლი ორივე დადგმის შემთხვევაში ბაკალავრიატის მეორეკურსელმა, ფალანდა ღვინჯილიამ შეასრულა. ტენორის ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, მან თავისი პარტია ძალიან კარგად იმღერა. მომენტებში, ზედმეტი ემოციურობის ხარჯზე, ნამღერს გადაჭარბებულად გადმოგვცემდა, თუმცა დანარჩენი ვოკალისტების ფონზე გაჟღერებული გამჭვირვალეობა და კარგი არტიკულაცია დადებით შეფასებას იმსახურებს.
სოპრანოების რეპერტუარში მუდმივად მყოფი ლაურეტას არია “O mio babbino caro” ოპერის ყველაზე ცნობილ და საყვარელ ნაწილს წარმოადგენს. მოკლე არია შემსრულებლისგან ახალგაზრდა გოგოს სინაზეს და სიფაქიზეს და, ამავდროულად, გააზრებულ, კონტროლის ქვეშ მყოფ შესრულებას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ მარიამ წიკლაურის და ნათია ივანიაშვილის შესრულების შეერთების შემთხვევაში მივიღებდით ეფექტურ და გაწონასწორებულ შედეგს. მარიამ წიკლაურმა არია თავდაჯერებულად და ძლიერი ემოციურობით შეასრულა. შესაძლოა, რომ სწორედ ამან გამოიწვია სირბილის და სიმშვიდის ნაკლებობა და ბგერის მცირედი უკონტროლობა. ნათია ივანიაშვილის ლირიზმმა კი მსმენელის სრული ყურადღება და დაკვირვება მოითხოვა. ლაურეტას ორივე შემსრულებელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არიის დასრულებისას დამსახურებული ტაშით დაჯილდოვდა.
გასათვალისწინებელია, რომ ორი, ღირსსახსოვარი საღამოს შემქმნელნი მათი პროფესიონალური შემოქმედების საწყის ეტაპზე იმყოფებიან. ასეთი სასარგებლო და საჭირო გამოსვლების განცდისას ჩნდება იმედი კონსერვატორიის ნიჭიერი მომღერლების სამომავლო წინსვლისა და განვითარებისა. ვსარგებლობ შემთხვევით და შევახსენებ მსმენელს, რომ სპექტაკლის დროს საუბარი, სატელეფონო ზარის განხორციელება, ტელეფონის ხმის არგათიშვა და დაგვიანება შემსრულებლისა თუ აუდიტორიის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. მადლობას ვუხდი საოპერო სტუდიის გუნდს სპექტაკლის დადგმისთვის, პაპუნა ღვაბერიძეს დირიჟორობისთვის, ნეიკო ნეიძეს შესაბამისი სასცენო დეკორაციისთვის და გიორგი გვეტაძეს საორკესტრო ზარის აჟღერებისთვის. ვოკალისტებს კი ვუსურვებ წარმატებას მათი კარიერის შემდეგ ეტაპზე!
Comments
Post a Comment