რეცენზია - თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში

 რენცეზიის ავტორი: Eusebius 

          გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრული ორკესტრი უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს და ახალგაზრდა მუსიკოსებს კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ზოგადად ახალგაზრდული ორკესტრის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, აქამდე ამ ფუნქციას მხოლოდ კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი ითავსებდა და ახალგაზრდებს საკუთარი თავის წარმოჩენის არც ისე ბევრი საშუალება ჰქოდათ. აღსანიშნავია მათი საქმისადმი დამოკიდებულება, როგორი დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ყოველ გამოწვევას და წარმატებითაც ართმევენ თავს, ამის ნათელი მაგალითი იყო 2 მარტს, ჯანსუღ კახიძის მუსიკისა და კულტურის ცენტრში ჩატარებული კონცერტი, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი თავდადება და საქმის სიყვარული. აშკარად იყო გაუმჯობესებული საშემსრულებლო ტექნიკა, დროთა განმავლობაში ორკესტი პროფესიონალურად ჩამოყალიბებულ სახეს იღებს.

         კონცერტზე პირველ ნომრად, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შუბერტის მე-5 სიმფონია მოვისმინეთ და რომანტიზმშიც ვიმოგზაურეთ. აღსანიშნავია, რომ ეს კონცერტი ორკესტრისა და მაესტროს თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი იყო. ამ სიმფონიის ორკესტრობა ძალიან ნატიფი და მსუბუქია, როგორც მკვლევრები ამბობენ, ამ მხრივ მოცარტთან პირდაპირი პარალალების გავლება შეიძლება. სიმფონიის პირველი ნაწილი, რომელიც იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც ტრადიციული ნელი შესავლი არ გვაქვს და შუბერტი გვაძლევს მოკლე შესავალს, რომელსაც ე.წ. მუსიკალურ “ფარდას” უწოდებენ, რითაც იხსნება მთელი სიმფონია. ახალგაზრდული ორკესტრის შესრულებისას ეს დეტალები, თითოეული თემა და მათი ხასიათი, თითოეული საკრავისა და საკრავთა ჯგუფის ადგილი და ფუნქცია კარგად იყო გააზრებული და გადმოცემული.

რაც შეეხება მე-2 ნაწილს, რომელიც ნელა მიედინება - ნაწილებს შორის მოცულობით ყველაზე დიდი და კონტრასტულია მის წინამდებარე და მომდევნო ნაწილებთან, მაგრამ შესრულებისას ეს კონტრასტი,  განსაკუთრებით კი მე-2 და მე-3 ნაწილების მიჯნაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა, რაც, ვფიქრობ, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად გამოწვეული იყო ნაწილის ბოლოს შედარებით უხეშად გაჟღერებული ვალტორნების დაღმავალი სვლით, მთელი საორკესტრო პარტიის pp-ს ნაცვლად f-ზე, ძლიერად  შესრულების ფონზე, რაც ამ აზრისა და მე-2 ნაწილის პათოსის  დამაბოლოებლად არ აღიქმებოდა. ალბათ, აქედანვე მომდინარეობდა მენუეტის (g moll) დრამატული და მძიმედ შესრულება, მაგრამ trio-დან უკვე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. 

შუბერტის რომანტიზმიდან, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გადმოვინაცვლეთ და მოვისმინეთ  არუთუნიანის კონცერტი საყვირისა და ორკესტრისათვის (As dur), რომელიც გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრთან  ერთად, ახალგაზრდა მუსიკოსმა - ელმირა აივაზიანმა (საყვირი), მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შეასრულა. შესრულებისას აშკარად იგრნძნობოდა სოლისტის, როგორც პროფესიონალი მუსიკოსის პოტენციალი და შესაძლებლობები. განსაკუთრებით საყურადღებო და გამორჩეული იყო ერთნაწილიანი კონცერტის პირველი ნელი სექცია, სადაც საყვირის ენერგიული და ვირტუოზული მელოდიური ნახაზი დელიკატურითა და მელანქოლიურით იცვლება, სრულიად ახლებურ იერსახეს იძენს, რაც საკრავის ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არც ისე მარტივი შესასრულებელია, მაგრამ სოლისტმა თავი არაჩვეულებრივად გაართვა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალიან გამომსახველი და ზუსტი ფრაზირება, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა მთლიანად ნაწარმოებს. მაგრამ, თუ შუბერტის მე-5 სიმფონიის შესრულებისას ორკესტრი ერთ ორგანიზმად აღიქმებოდა, ამას ვერ ვიტყვით არუთუანიანის კონცერტის შესრულების შემთხვევაზე. ხშირად, განსაკუთრებით კი საორკესტრო tutti-ს ეპიზოდებში დასარტყამი და ლითონის ჩასაბერი საკრავების ჯგუფების მიერ შესრულებული პასაჟები ოდნავ უხეშად მომეჩვენა, თუმცა ნაწარმოების მთლიანი ხასიათიდან გამომდინარე ცუდად არ აღიქმებოდა.

რაც შეეხება ბოლო ნაწარმოებს, რომელიც კონცერტზე შესრულდა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცარტის “ფიგაროს ქორწინების” უვერტიურა იყო, მომეჩვენა, რომ ზოგიერთი ფრაზა ცოტათი ბუნდოვანი  იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ ნაწარმოებმა საღამოს დამაბოლოებელი და დასკვნითი ფუნქცია  შეასრულა.

გარკვეული ნიუანსების მიუხედავად ვთვლი, რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, თითოეული ნაწარმოები მსმენელამდე წარმატებით მოიტანეს და გვამოგზაურეს რომანტიზმიდან მე-20 საუკუნემდე და უკან, კლასიციზმში. ვულოცავ გია ყანჩელის სახეობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს, მის თითოეულ წევს და ვუსურვებ მათ წარმატებებს.

სიყვარულით,
Eusebius

Comments