დიდი კომპოზიტორი პატარა რონკოლიდან

ავტორი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
საშემსრულებლო ფაკულტეტის (საფორტეპიანო
მიმართულების) II კურსის სტუდენტი,
 თამარ ჩიკვაიძე

იტალიაში ყოფნის დროს ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინ იმ ადგილების დათვალიერებამ, სადაც ვერდი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს ერთდღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა მოგვიწყო ქ. პარმის არიგო ბოიტოს სახ. კონსერვატორიის პროფესორმა გუიდო სკანომ, რომელიც სტუდენტებს გაგვიძღვა ულამაზესი ადგილებისაკენ და ამავდროულად ჯუზეპე ვერდის, ამ უდიდესი და იტალიელებისთვის

განსაკუთრებით საამაყო კომპოზიტორის შესახებ, ბევრი რამ გვიამბო. მსურს შეძლებისდაგვარად გაგიზიაროთ მიღებული შთაბეჭდილებები.

    10 კმ2 ფართობზე განლაგებულია მაესტრო ჯუზეპე ვერდის სამი სახლი: რონკოლეში, სადაც ის დაიბადა, ბუსეტოში, სადაც დაეუფლა შესრულების ხელოვნებას მისი მეცენატის, ანტონიო ბარეცის წყალობით და სანტ-აგატაში (პიაჩენცის პროვინციაში), სადაც ის ზრდასრულ ასაკში ცხოვრობდა საყვარელ ადამიანთან, ჯუზეპინა სტრეპონისთან ერთად.

ვერდი დაიბადა და იზრდებოდა პატარა სოფელ რონკოლეში, პარმის პროვინციაში, სადაც მოვინახულეთ მისი ოჯახის სახლი. აქვეა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც ვერდი ეზიარა ორღანზე დაკვრის ხელოვნებას პიეტრო ბაისტროკის ხელმძღვანელობით. 


ბუსეტოში, პარმის პროვინციაში, ბარეცის მუზეუმის ისტორიულ დარბაზში პირველად შესრულდა სტუდენტი ვერდის, შემდგომ კი უკვე ახალგაზრდა მაესტროს პირველი ნაწარმოებები. თავად კომპოზიტორის მიერ. დღეს ვერდის სახლ-მუზეუმის მონახულება აღგვაფრთოვანებს ვერდის სამახსოვრო ნივთებით, წერილებით, პორტრეტებით, დოკუმენტებითა და პლაკატებით.

ვერდის ღირსშესანიშნავი თეატრი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, ცხადყოფს, რომ ბუსეტო ყოველთვის დიდი კულტურული, მათ შორის მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქი იყო. იმ ფაქტს, რომ მუსიკის მიმართ ბუსეტოში განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს, ცხადყოფს ქუჩების სახელები - ამ პატარა ქალაქის ყველა ქუჩას სხვადასხვა პერიოდის გამოჩენილი კომპოზიტორის სახელი ჰქვია.


ბუსეტოში რესტორან Baratta Salsamenteria Storica-ში მოგვეცა საშუალება დაგვეგემოვნებინა იქაური კერძები, მათ შორის, უგემრიელესი პროშუტოები: კულატელო დი ზიბელო, პანჩეტა, სტროლგინო, პარმული პროშუტო, სალიამი ფელინო, კულაჩა და სხვ. ყველის სახეობებიდან გამორჩეულია გორგონძოლა (ლომბარდიიდან) და პარმეზანი (ემილია-რომანიიდან). ასევე შესაძლებელია ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება ტრადიციულ თასებში. ტკბილეულიდან გავრცელებული და გამორჩეულია შოკოლადის „სალიამი“. აღსანიშნავია რესტორნის ინტერიერი, რომელიც კარგად გამოხატავს აქაური ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კომპოზიტორისადმი: აქ ყველაფერი ვერდის მოგვაგონებს. რესტორანში არის პიანინო, ვერდის სურათები, პოსტერები... რესტორნის გამორჩეულ იერსახეს ამდიდრებს და ფონად თან სდევს ვერდის მუსიკა.





აქვეა სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა სუვენირი ვერდის უკავშირდება. ამგვარ თბილ და სასიამოვნო გარემოში თითქოს იმ ჯადოსნური სამყაროს თანაზიარნი ვხდებით, რომელშიც კომპოზიტორი დღესაც ცოცხლობს.

ხელოვნების მოყვარულებსა და გურმანებს ბუსეტოში ჩასვლა, კომპოზიტორის ცხოვრების უკეთ შეცნობის გარდა, აძლევს საშუალებას, მოინახულონ პარმეზანის ყველის ქარხანა (Parmigiano Reggiano).

ასევე გვქონდა ბედნიერება მოგვენახულებინა „ვილა ვერდი“ სოფელ სანტ-აგატაში - სახლი, სადაც ცხოვრობდნენ ვერდი და მისი მეორე მეუღლე, ჯუზეპინა. სწორედ აქ გარდაიცვალა დიდი კომპოზიტორი.

სახლის წინ არის ულამაზესი ბაღი. სახლ-მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ მოინახულონ კომპოზიტორის საძინებელი, მაგიდა, სადაც წერდა ნაწარმოებებს, ფორტეპიანო, რომელზეც უკრავდა. ასევე საინტერესოა საბილიარდო, სადაც მაესტრო მასპინძლობდა თავის სტუმრებს, და სასადილო ოთახი, საიდანაც მაესტრო ბაღში ყურებით ტკბებოდა. აქვე ინახება უძველესი ეტლები, რომლებიც ვერდის ჰქონდა. როგორც ამბობენ, კომპოზიტორი დილით ძალიან ადრე იღვიძებდა და ეტლით მიდიოდა მამულის შესამოწმებლად. და რაც დანამდვილებით ვიცით, მას გაგიჟებამდე უყვარდა თავისი მამული!

აღსანიშნავია დიდებული კომპოზიტორის საქველმოქმედო საქმიანობაც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 1888 წელს საავადმყოფოს აშენება და აღჭურვა  ვილანოვა სულ-არდაში (ქალაქი პიაჩენცის პროვინციაში, რომელიც ესაზღვრება ვერდის მამულის მინდვრებს), რომელიც ასევე მოვინახულეთ.

და ბოლოს, სტატიას ვერდის ამ სიტყვებით დავასრულებ: „მე ვარ და ყოველთვის ვიქნები გლეხი კაცი რონკოლიდან.“

Comments