Frauenliebe und Leben

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი,
კომპოზიტორი სანდრო წიქორიძე

    1840 წელს რობერტ შუმანისა და კლარა ვიკის ქორწინებას წინ აღუდგა ფრიდრიხ ვიკი (შუმანის მასწავლებელი და კლარას მამა). წინააღმდეგობებისა და ვნებათა ღელვის მიუხედავად, კომპოზიტორმა თავის სიყვარულზე, კლარაზე იქორწინა და ქორწილიდან რამდენიმე თვეში დაწერა ერთ-ერთი გამორჩეული ვოკალური ციკლი “Frauenliebe und Leben” (“ქალის სიყვარული და ცხოვრება”), რომელიც, ცხადია, აღწერს ქალის სიყვარულსა და ცხოვრებას.

ტექსტი დაწერილია მე-19 საუკუნის პოეტისა და ბოტანიკოსის, ადელბერტ ფონ შამისოს მიერ და ქალის პერსპექტივიდან აღწერს ცხოვრების სირთულეებსა და სიყვარულის თავისებურებებს. შუმანი არ ყოფილა პირველი კომპოზიტორი, რომელმაც ამ პოეტურ კრებულზე

ვოკალური ციკლი დაწერა (თუმცა მანამდე მათ ციკლის ნაცვლად სიმღერათა კრებულს უწოდებდნენ), არამედ მისი წინამორბედები იყვნენ ლოევე და ლახნერი. დღეს შამისოს ლექსები კრიტიკის ობიექტია, რადგან ლექსებში ქალი გვეხატება ისეთ პროტაგონისტად, რომელსაც, სიყვარულის გარდა, არაფერი გააჩნია.  მისი ინტერესები შეზღუდულია და შემოიფარგლება მხოლოდ საყვარელი კაცის არსებობით, რაც ლოგიკურია იმ დროინდელი ესთეთიკის გათვალისწინებით, მაგრამ დღეს, როცა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის სურათი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რა თქმა უნდა, თანამედროვეთა გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, ოქსფორიდის პროფესორი, ელისა გურალნიკი თავის სტატიაში “Ah Clara, I Am Not Worthy of Your Love': Rereading Frauenliebe Und Leben”, შუმანის ვოკალური ციკლის შესახებ წერს: “დიდებული მუსიკა, სულელური სიტყვები” (Elissa S. Guralnick, 2006). ჟურნალმა “Guardian”-მა კი 2021 წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა სტატია, სახელად: Why would any self-respecting woman perform Schuman’s Fraunliebe und Leben”.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რობერტ შუმანმა ქორწილიდან რამდენიმე თვეში დაწერა “ქალის სიყვარული და ცხოვრება”, რომელიც ერთგვარი ირონიული წინასწარმეტყველებაა კლარას, როგორც ქალის, მომავლისა, რადგან უნიჭიერესი კომპოზიტორისა და შემსრულებლის ცხოვრება შემოიფარგლა (საბედნიეროდ, მხოლოდ გარკვეული დროით) ცოლისა და დედის სტატუსით. მას მოუწია რვა შვილის გაზრდა, რასაც მისი ქმრის მენტალური დაავადებები უფრო ართულებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ეჭვგარეშეა, რომ შუმანის მუსიკა გენიალურია და, როგორც სოპრანო, კაროლინ სამპსონი ამბობს, ასეთი პასიური პერსონაჟებიც შეგვიძლია ინტერპრეტაციის დახმარებით მეტად გავაცოცხლოთ (Carolyn Sampson, 2021).

1840 წელი შუმანის შემოქმედებაში ცნობილია, როგორც “სიმღერების წელი”, რადგან თუ ის მანამდე საფორტეპიანო მუსიკაზე ორიენტირდებოდა, ამ წელს კომპოზიტორი წერს 140-მდე სიმღერას.

“ქალის სიყვარული და ცხოვრება” მოიცავს რვა სიმღერას. ისტორია ლინეარულად ვითარდება და მთხრობელი პირველ პირში გვიყვება თავის განცდებს ქმრის გაცნობის პირველი დღიდან დაქვრივებამდე. შამისოს ტექსტი, მართალია, ცხრა ლექსისგან შედგება, თუმცა შუმანი ბოლო ლექსზე (რომელიც მთავარი გმირის შვილიშვილის მონათხრობია) სიმღერას არ წერს.

შუმანის ვოკალური შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ტექსტის მნიშნელობის ხაზგასმა; ამ მხრივ, გამონაკლისი არც “ქალის სიყვარული და ცხოვრებაა”. ყველა სიმღერის მუსიკალური ქსოვილი ტექსტს ზედმიწევნით გამოხატავს. თითქოს შეყვარებული კომპოზიტორი თავის მტკივნეულ გამოცდილებას იყენებდა, რათა შეყვარებული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა მუსიკით გადმოეცა. 

პირველ სიმღერაში “Seit ich ihn gesehen(მისი პირველად დანახვის შემდეგ), მომღერალი გვიყვება, რომ საყვარელი კაცის დანახვის შემდეგ ვეღარაფერს ამჩნევს, თითქოს დაბრმავდა და, მის გარდა, ყველაფერი შავად ეხატება. შუმანის სიმღერა ტექსტს მეოცნებე ხასიათის მუსიკით უსვამს ხაზს. მეორე სიმღერაში კი ( “ის ყველაზე განსაკუთრებულია”) პროტაგონისტი უფრო აჟიტირებულია; უფრო ცოცხალი და ასპირაციულია მუსიკალური ქსოვილიც.  შემდეგ კი მუსიკა ხაზს უსვამს შიშებსა და ეჭვებს, რომელიც შეყვარებულ ქალს არ ასვენებს. ის ამბობს, რომ ვერ იჯერებს და ვერ ხვდება, როგორ შეუყვარდა სასურველ მამაკაცს.  საგულისხმოა, რომ კომპოზიტორის ყურადღება ტექსტის მნიშნელობის მიმართ მესამე სიმღერაში ყველაზე მეტად იჩენს თავს, რადგან მინორიდან მაჟორში გადახრა ზუსტად მაშინ ხდება, როცა ტექსტიც ნათელ და მეოცნებე ხასიათს იღებს. მეოთხე სიმღერა ქორწილის აღწერაა და მუსიკაც საქორწილო ცერემონიალს მოგვაგონებს.  “Helft mir, ihr Schwestern” (“დამეხმარე, დაო”),  “Süsser Freund, du blickest” (“ძვირასო მეგობარო, შენ მიცქერ”) და “An meinem Herzen, an meiner Brust” (“ჩემი გული”)   შეყვარებული ქალი თავის  ბედნიერებასა და იდეალურ ყოფიერებაზე გვიყვება, მუსიკაც ძირითადად მაჟორული, ხან მელანქოლიური და მგძრნობიარე, ხან კი ეგზალტირებულია. ბოლო სიმღერა “Nun hast du mir den ersten Schmerz getan” (“ახლა პირველად მომაყენე ტკივილი”) ძალიან ტრაგიკულია, რადგან მთავარი პერსონაჟის ქმარი კვდება. მომღერალი სასოწარკვეთილი მღერის საყვარელი ადამიანის დაკარგვისგან გამოწველ ტკივილზე, თუმცა საინტერესოა, რომ შუმანი ბოლოს პირველ სიმღერას ვოკალის პარტიის გარეშე იმეორებს, თითქოს ამ ისტორიას, როგორც სასიამოვნო გამოცდილებას ისე აჯამებს და ვოკალურ ციკლს სევდიანად, მაგრამ ამავდროულად ოპტიმისტურად ამთავრებს. 

“ქალის სიყვარული და ცხოვრება” დღემდე რჩება განხილვის საგანი მუსიკოლოგებისა და ხელოვნებათმცოდნეებისთვის, რადგან ტექსტი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კონტროვერსულს ხდის ამ ნაწარმოებს. თუმცა მუსიკის მიმართ კრიტიკა სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან იშვიათად თუ შეგხვდება, რადგან კომპოზიტორის ტექნიკა, ჰარმონიული ენა და ფორმაქმნადობის ოსტატობა მოწოდების სიმაღლეზეა. გასაკვირი არაა, რომ ეს ვოკალური ციკლი ძალიან ბევრ უდიდეს მომღერალს აქვს ჩაწერილი და კონცერტზე შესრულებული, მაგალითად: ედით მატისი, ჯანეტ ბეიკერი ( დანიელ ბარენბოინის თანხლებით), და ელისაბეტ შვარცკოფი.

 
___________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Guralnick, E. S. (2006). “Ah Clara, I am Not Worthy of Your Love”: Rereading “Frauenliebe und Leben”, the Poetry and the Music. Music & Letters, 87(4), 580–605. http://www.jstor.org/stable/4140310
  2. Carolyn Sampson “Why Would Any Self-Respecting Woman Perform Schumann’s Fraunliebe und Leben”, Guardian 13.04.2021. https://www.theguardian.com/music/2021/apr/13/carolyn-sampson-joseph-middleton-clara-robert-schumann-frauenliebe-und-leben

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments