რეცენზიის ავტორი: მუსიკოლოგიის
სამაგისტრო
პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი,
მუსიკოლოგი ირინა დუმბაძე
2022 წლის 31 მარტს თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენამ საოპერო სტუდიის მიერ დადგმულ საპრემიერო სპექტაკლს, პუჩინის ოპერას - „ჯანი სკიკის“ უმასპინძლა, ეს
საოპერო სტუდიის სცენაზე საპრემიერო სპექტაკლის რიგით მეორე წარმოდგენა იყო. დადგმაში
მონაწილეობდნენ აკადემიური ვოკალის მიმართულების სტუდენტები - ვალერიან რობინაშვილი
(ბაკ.IIIკ), ნათია ივანიაშვილი (მაგ. IIკ.), ვარდუი პოზოიანი (მაგ. IIკ.), ფალანდა
ღვინჯილია (ბაკ. IVკ.), მაკა დვალი (მაგ. IIკ.), გორდა გაბუნია (ბაკ. IVკ.), ტიგრან
გრიგორიანი (ბაკ. IIკ.), ერეკლე გურგენიძე (მაგ. Iკ.), მარიამ ყიფშიძე (ბაკ. IIკ.),
ნიკო ჭელიძე (ბაკ. IIკ.), თამაზ სახელაშვილი (ბაკ. Iკ.), ასევე კონსერვატორიის კურსდამთავრებული ირაკლი აბაშიძე, სემინარიის
III კლასის მოსწავლე სანდრო ჭიჭინაძე და საოპერო სტუდიის სოლისტი გოჩა დათუსანი.
დამდგმელი დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე;
დამდგმელი რეჟისორი - ლელა გვარიშვილი; დამდგმელი მხატვარი - ნეიკო ნეიძე; კონცერტმაისტერი
- თინათინ ალავიძე; საორკესტრო ზარი - გიორგი გვეტაძე; საოპერო სტუდიის მენეჯერი
- ირინა რამიშვილი;
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დადგმამ დიდი
წარმატებით ჩაიარა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად
იყო განპირობებული როგორც მთელი სადამდგმო ჯგუფის, ასევე სპექტაკლში მონაწილეების
ჩართულობით, საქმისადმი სიყვარულით და პუჩინის
ოპერის მუსიკალურ-დრამატურგიული თავისებურებების, კომპოზიტორის საოპერო სტილის სწორად
გააზრებით.
„ჯანი სკიკი“ პუჩინის საოპერო „ტრიპტიხის“
დამაბოლოებელი, ერთმოქმედებიანი კომიკური
ოპერაა, რომელიც მან ლიბრეტისტ ჯოვაკინო ფორცანოსთან ერთად 1917-1918 წლებში დაწერა. ოპერის სიუჟეტი ეფუძნება დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი
კომედიის“ ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც, როგორც ითვლება, რეალური ისტორიული პერსონაჟების
- ჯანი სკიკისა და ბუოზო დონატოს ისტორიაა მოთხრობილი. მოქმედება 1299 წელს, ფლორენციაში მიმდინარეობს. მდიდარი ბუოზო კვდება და ანდერძის თანახმად, მთელ
ქონებას მონასტერს უტოვებს, რაც მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის აღშფოთებას და უკმაყოფილებას
იწვევს, ისინი ქონების ხელში ჩასაგდებ გზებს ეძებენ. ერთ-ერთი ოჯახის წევრი, რინუჩო,
სთავაზობს დანარჩენებს, რომ დასახმარებლად ჯანი სკიკის მიმართონ. ჯანი, თავის მხრივ,
გამჭრიახობას მიმართავს. ბუოზოს გარდაცვალების ამბავი ჯერ არ გავრცელებულა, ეს არც
მისმა ექიმმა იცის, რომელიც ამბის დასამალად გარდაცვლილთან არ მიუშვეს, ამიტომ ჯანი ნოტარიუსს მოიწვევს და თავად მოირგებს მომაკვდავი
დონატოს როლს ანდერძის შეცვლის მიზნით. ის ქონებას თანაბრად უნაწილებს ოჯახის წევრებს,
მაგრამ როდესაც საქმე ყველაზე ძვირადღირებულ ნაწილზე გადადის, ყველაფერს ბუოზოს საუკეთესო
მეგობარს - ჯანი სკიკის „გადასცემს“. ოჯახი კვლავ აღშფოთებულია, მაგრამ ახლა ვეღარაფერს
შეცვლიან, რადგან ანდერძი ოფიციალურად დადასტურებულია. გამდიდრებული ჯანი სკიკი კი
ხელს უწყობს შეყვარებული წყვილის - თავისი ქალიშვილი ლაურეტასა და
რინუჩოს უზრუნველ მომავალს.
ოპერა ბუფას შინაარსიდან გამომდინარე,
„ჯანი სკიკის“ მოქმედება ძალიან დინამიკური და ქმედითია. სცენაზე ოპერის პირველივე
წუთებიდან იუმორისტული ატმოსფერო იქმნება, რომელიც კომედია დელ’არტეს ხასიათში ბოლომდე
მიყვება წარმოდგენას. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლის დადგმაშიც ეს ხასიათი
ძალიან კარგად იყო ნაჩვენები და ბოლომდე შენარჩუნებული. ოპერის არც ერთ ეპიზოდში და
სცენის არც ერთ პლანზე მთელი წარმოდგენის
განმავლობაში მოქმედება არ შენელებულა, „დუღდა და ჩქეფდა“ სიცოცხლე, რაც, რა თქმა
უნდა, დამდგმელი რეჟისორის, ლელა გვარიშვილის დიდი შრომის დამსახურებაა. ის რომ სწორედ
ლელა გვარიშვილს ეკუთვნის თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე „ჯანი სკიკის“ წარმატებული
სცენური განხორციელება გასული საუკუნის 90-იან წლებში, ასევე მრავლის მთქმელია და
წარმატების საწინდარიც. მომღერლებსაც კარგად ჰქონდათ გათავისებული და გადმოცემული
თითოეული პერსონაჟის სახასიათო თვისებები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს, პრაქტიკულად, მათი პირველი ნაბიჯებია სასცენო ცხოვრებაში,
მათ ჩინებურად გაართვეს თავი სცენური სახის შექმნის ამოცანას თავიანთი მომზადების
ხარისხით. განსაკუთრებულად მსურს გამოვარჩიო მთავარი - ჯანი სკიკის როლის შემსრულებელი,
ვალერიან რობინაშვილი, რომელმაც ერთი შეხედვით შეუვალი და მკაცრი
ტიპაჟიდან, პაროდიული ხასიათის გამჭრიახ და მზაკვარ პერსონაჟში გარდასახვის ამოცანას
ძალიან კარგად გაართვა თავი, როგორც სამსახიობო, ისე ვოკალური თვალსაზრისით. მასთან
ერთად მსურს ბუოზო დონატოს პერსონაჟიც გამოვყო (თამაზ
სახელაშვილი).
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი „უმოქმედო“ როლის შესრულება შეიძლება მარტივად მოგვეჩვენოს,
მაინც ვფიქრობ, რომ ასე ორგანულად მკვდრის როლის „გაცოცხლებას“ სცენაზე დიდი ოსტატობა
სჭირდება, სწორედ ამ ერთი შეხედვით მცირე დეტალმა შემოიტანა დადგმაში ის სიხალასე და კომიზმი, რომელმაც
მაყურებლები ძალიან გაახალისა. სცენაზე სულ
რამდენჯერმე გამოჩენის მიუხედავად გამორჩეული
იყო ირაკლი აბაშიძეც, ჯერ ექიმი სპინოჩელოს, ხოლო შემდეგ ნოტარიუსის
როლში. ასევე არაჩვეულებრივად მოირგო გერარდინოს როლი სემინარიის მოსწავლემ, სანდრო
ჭიჭინაძემ.
ასეთი გამოცდილება თითოეული მონაწილეს კარიერული ზრდის წინაპირობაა. დარწმუნებული
ვარ, რომ რაც მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება საოპერო სტუდიის მიერ, მით უფრო
მეტად შეისისხლხორცებენ მომღერლები სასცენო დადგმის სპეციფიკას და ყოველმხრივ გაამდიდრებენ
თავიანთ სამსახიობო ოსტატობას.
კომიკური სიუჟეტიდან გამომდინარე ოპერის
მუსიკაც პუჩინის აგებული აქვს შესაბამის სახასიათო მოტივებზე. აქ ერთმანეთს სხვადასხვა ჟანრული ხაზი ეფინება
- სწრაფ, რიტმულ მოტივებს, რომლებსაც კომიზმის ელემენტი შემოაქვს ანაცვლებს ხან ნათესავების
მიერ თვალთმაქცური დატირების მოტივი, სადღესასწაულო პანაშვიდს რომ გვაგონებს, რაც
ტრაგიკულისა და კომიკურის დაპირისპირების
გროტესკულ ეფექტს ქმნის, ხან კი ლირიკული მოტივები, რომლებიც მთავარი პერსონაჟების,
ლაურეტასა და რინუჩოს სასიყვარულო ნომრებშია კონცენტრირებული. აქვე აღვნიშნავ ამ პერსონაჟების
როლის შემსრულებლების, ფალანდა ღვინჯილიასა და ნათია
ივანიაშვილის
წარმატებულ გამოსვლას. ლაურეტას პარტია, განსაკუთრებით კი მისი ცნობილი არია “O
mio babbino caro”, თავისებური ლირიკული ინტერლიუდია, ძალიან მოუხდა ნათიას ხმის ტემბრს. ამრიგად, სიუჟეტის შესაბამისად, მუსიკაც განსხვავებული
ხასიათების კალეიდოსკოპურ ცვლას წარმოგვიდგენს.
მუსიკალური დრამატურგიის გამართულობაში
დიდი წვლილი შეიტანა დამდგმელმა დირიჟორმა, პაპუნა
ღვაბერიძემ,
ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ საოპერო სტუდიის დადგმას ორკესტრის ნაცვლად ფორტეპიანო
უწევდა თანხლებას, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კონცერტმაისტერის - თინათინ
ალავიძის
როლიც. ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთი ინსტრუმენტით მთელი ორკესტრის ჩანაცვლება და
ამდენი სახასიათო თემისა და მოტივის სათანადოდ ჩვენება მარტივი არ არის.
პუჩინის ოპერა, ისევე, როგორც ლიბრეტოს
პირველწყარო - დანტეს პოემა, ისეთ ადამიანურ თვისებებს აშიშვლებს, რომლებიც ყველა
დროსა და ყველა საზოგადოებაში კაცობრიობის ისტორიის თანმდევია. არ აქვს მნიშვნელობა,
მე-13, მე-18 თუ 21-ე საუკუნეა, ადამიანებში ყოველთვის იჩენდა თავს სიხარბე, ეგოიზმი,
თვალთმაქცობა, მზაკვრობა, ქედმაღლობა. ალბათ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ დამდგმელი
მხატვრის მიერ (ნეიკო ნეიძე) გადაწყვეტილი „ზედროულობით“ აღბეჭდილი სასცენო გაფორმება და კოსტუმები ნაკლებად
ემსახურებოდა მე-13 საუკუნის ატმოსფეროს გაცოცხლებას და თანამედროვე სტილში იყო წარმოდგენილი. ოპერის დასასრულს,
როდესაც ბუოზოს ნათესავებმა სცენაზე მინიმალური რაოდენობით წარმოდგენილი დეკორაციების
სახით კუთვნილი ქონება გადაინაწილეს, ყურადღების ცენტრში მხოლოდ დანტეს პორტრეტი დარჩა.
ჯანი სკიკიმ, რომელმაც ეშმაკობით მოპოვებული სიმდიდრე სიყვარულს უანდერძა, რისთვისაც
დანტემ ჯოჯოხეთში უკრა თავი, ოპერის ბოლოს მაყურებელს მშობლიურ ენაზე მიმართა და დამსახურებულმა
აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა.
ძალიან ემოციური იყო დარბაზში მსხდომი სტუდენტების
მხრიდან მათი მეგობრების მხარდაჭერა დიდი აღტაცებითა და ოვაციებით. მთელმა სადადგმო
კოლექტივმა, თითოეულმა მომღერალმა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ზოგადად მსმენელ-მაყურებლის როლსაც განუზომლად დიდი მნიშვნელობა
აქვს ნებისმიერი სახის კონცერტისა თუ სპექტაკლისთვის. მოსმენა, სწორად აღქმა, სწორად
შეფასება და შრომის დაფასება - ცალკე კულტურაა, რომელსაც სხვა ყველაფერთან ერთად ასევე
სჭირდება გამომუშავება. ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში სპექტაკლის დასასრულს
გამოხატული სიყვარული და პატივისცემა შემოქმედებითი
ჯგუფის მიმართ დარბაზში წარმოდგენის მსვლელობისას სატელეფონო ზარების მინიმუმამდე
დაყვანის, იდეალურ შემთხვევაში კი, სრულებით გაქრობის სახითაც იჩენს თავს.
საბოლოო ჯამში, მინდა დიდი მადლიერებითა
და სიხარულით მივულოცო წარმატებული სპექტაკლი
მთელს შემოქმედებით ჯგუფს! ამ რთულ პერიოდში ჩვენ გარშემო განვითარებული ტრაგიკული
მოვლენების ფონზე საოპერო სტუდიის სპექტაკლმა ერთგვარი მუსიკალური ოაზისი შექმნა და
დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნება მიანიჭა თითოეულ დამსწრეს. საოპერო სტუდიას, ქალბატონ ირინა რამიშვილს, თითოეულ
მონაწილეს ვუსურვებ განუზომლად დიდ წარმატებებს და კიდევ არაერთი მსგავსი პროექტის
განხორციელებას!
Comments
Post a Comment