(მოხსენება წარმოდგენილი იყო 2022 წლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების შემაჯამებელ კონფერენციაზე)
ჩინეთიც, და ჩინური ტრადიციებიც ერთ-ერთი ცენტრია აღმოსავლური კულტურისა, ამიტომ ასეთი ტიპის მსოფლაღქმა აქაც წამყვანია. ადამიანის
ნებისმიერ საქმიანობას აქაც სამყაროში
ბალანსის აღდგენა აქვს მიზნად დასახული, ეს ითვლება ადამინის ცხოვრების უმაღლეს
მოწოდებად. ერთ-ერთი სფერო, რომელიც საუკეთესოდ ავლენს თავის თავში ამ მიზნის განხორციელების გზებს არის ტრადიციული ჩინური მედიცინა და მუსიკა. ორივე მათგანი მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და ერთმანეთთან შერწყმით
წარმოშობს ფენომენს, რომელსაც
დღესდღეობით ხუთფაზიან ჩინურ მუსიკათერაპიას უწოდებენ.
ამ საკითხის უზარმაზარი
მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლებელია ერთი ნაშრომის
ფარგლებში დეტალურად მისი ყველა ასპექტის განხილვა, მით უფრო, რომ ეს მოითხოვს საფუძვლიან შესწავლას ჩინური ტრადიციების,
მათი ფილოსოფიურ- რელიგიური მოძღვრებების.
აქედან გამომდინარე, მოცემულ ნაშრომში ჩემს ხელთ
არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოდგენილია ძირითადად
სტატიებითა და კონკრეტული კვლევებით მუსიკათერაპიის დარგში,
შევეცდები მხოლოდ ჩინური
ხუთფაზიანი მუსიკათერაპიის ზოგადი
პრინციპების დახასიათებას და მისი
მუშაობის მეთოდების განხილვას.
ტრადიციული ჩინური მედიცინა
ტრადიციული ჩინური მედიცინა ათასწლეულებს ითვლის. იგი ირწმუნება, რომ ადამიანის სხეულში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები გარესამყაროსთან მჭიდრო კავშირშია. დისჰარმონიის ნიშნები ეხმარება ტრადიციული მედიცინის მკურნალს, დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზები და უკეთ უმკურნალოს პაციენტს. ჩინური ტრადიციული მედიცინის თეორია ეფუძნება სხვადასხვა ცნობილ ფილოსოფიურ თეორიებს, მათ შორის ინისა და იანის თეორიას.
ინისა და იანის ფილოსოფიური თეორია ჩინეთში აღმოცენდა. ინი და იანი არის ერთმანეთისგან
განსხვავებული და საპირისპირო ორი ძალა, რომელიც
ყველგან და ყველაფერში თანაარსებობენ. ინი არის ბნელი ელემენტი, მოწყენილი, პასიური, ქალური
საწყისი და შეესაბამება ღამეს.
იანი არის ნათელი ელემენტი, მხიარული, აქტიური, კაცური საწყისი და შეესაბამება დღეს. ინს ხშირად მიწის ან წყლის სახით გამოხატავენ, ხოლო იანს - ჰაერის ან ცეცხლის სახით. ინისა და იანის თეორია ფართოდ გამოიყენება ჩინურ მეიცინაში. მაგალითად, იანის (ცხელი) ნატურის მცენარეები გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იტანჯებიან ციებით.
ჩინური ტრადიციული მედიცინის თეორია მიიჩნევს, რომ ადამიანის სხეული, თავის მხრივ, არის პატარა სამყარო, რომელიც შედგება სხვადასხვა რთული და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი სისტემებისაგან. ეს სისტემები ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა. ჩინური მედიცინა ადამიანის სხეულს აღიქვამს დასავლური მედიცინისგან განვავებულად: მას აინტერესებს არა ორგანოები დ სხეულის ნაწილები, არამედ მათი ფუნქციები გარესამყაროსთან კავშირში, სხეულსა და სულს შორის კავშირის კონტექსტში.
თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მედიცინისა და მუსიკის აღმნიშვნელი ჩინური იეროგლიფები თითქმის იდენტურია. ბედნიერების აღნიშვნაშიც მუსიკის იეროგლიფი მონაწილეობს.
ჩინეთის შემთხვევაში მუსიკათერაპიის პრაქტიკა
ტრადიციულ ჩინურ მედიცინას
შეერწყა და მას ტრადიციული ხუთფაზიანი მუსიკალური თერაპია ეწოდა.
ხუთფაზიანი ჩინური მუსიკათერაპია
პირველ ისტორიას ჩინეთში მუსიკის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებისა დაახლოებით 5000 წლით უკან მივყავართ წარსულში. ჩინური მითოლოგიის თანახმად, თურმე ერთხელ ყვითელი იმპერატორი, ჰუანგ დი საომრად გამოიწვია გოლიათმა ჯადოქარმა ჩი იუმ.
რას ეფუძნება ჩინური ხუთფაზიანი მუსიკათერაპია?
მის საფუძველშია ინისა და იანის და ხუთი ელემენტის თეორიები.
ადამიანის სამყაროსთან ერთობასა და ჰარმონიას აქ განაპირობებს ხუთი ელემენტი - ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი, ხე. თითოეულს შეესაბამება სხეულის თითო ორგანო - გული, ელენთა, ფილტვი, თირკმელი, ღვიძლი; თითო ემოცია - რისხვა, სიხარული, შფოთვა, შიში, მღელვარება; და ხუთბგერიანი გამის თითო ბგერა - გუნ (დო), შან (რე), ცზუ (მი), ჩჟი (სოლ) და იუ (ლა). პირველად გამის ეს ხუთი ბგერა განისაზღვრა წესჩვეულებათა წიგნის, ლიც ზის მე-19 თავში - იუე ცზი (ეს კრებული დაი შენმა ჩვ.წ.აღ.-მდე 51-21 წლებში გააერთიანა), აქ მოცემულია პირველი სისტემატიზირებული თეორიული ჩანაწერები მუსიკის შესახებ. და უკვე ამ თავში არის ნახსენები მუსიკის სამკურნალო ეფექტები. როგორც დადგენილია ჩინური ხუთფაზიანი მუსიკალური თერაპიის თეორიაში, თითო ორგანოს შეესაბამება თავისი ბგერა ბუნებაში. ეს კავშირი ეფუძნება ჩინურ მედიცინის უნიკალურ კონცეფციას ადამიანის ბუნებასთან ერთიანობის შესახებ. მუსიკა არის ხიდი ადამიანის სხეულსა და სამყაროს შორის. მუსიკა ადამიანთა საზოგადოების უნივერსალური მახასიათებელია, რომელსაც შეუძლია ემოციებისათვის ძლიერი იმპულსის მიცემა და ხასიათზე ზემოქმედება. მუსიკალური თერაპია ფართოდ გამოიყენება სხვდასხვა სახის ფსიქიკური აშლილობის დასაძლევად, მაგალითად ისეთების, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვა, უძილობა, შიზოფრენია, ფობიები, ემოციური გამოფიტვა და სხვ. მუსიკა, რომელსაც აქვს განსაზღვრული ბგერათსიმაღლებრივი, სიხშირული, ტემბრული და დინამიკური პარამეტრები ზემოქმედებს ემოციებზე და არეგულირებს ადამიანის სხეულშ „ცის“1, ანუ სასიცოცხლო ენერგიის მოძრაობას.
ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, სამედიცინო წიგნი „ყვითელი იმპერატორის სამედიცინო კლასიკა“ მოგვითხრობს, რომ ხუთი ელემენტიდან თითოეული ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგ: ნოტი „ცზიაო“ შეესაბამება ხის ელემენტს, ის ზემოქმედებს ღვიძლზე და თავისი „საგაზაფხულო“ ჟღერადობით დეპრესიის მოხსნის ძალა აქვს; ნოტი „ჩჟი“ ცეცხლის ელემენტს შეესატყვისება, ეხმარება გულის კვებას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ემოციებიც მჭიდრო კავშირშია ორგანოების მუშაობასა და მათში სასიცოცხლო ენერგიის ცირკულირებასთან. მაგ: აზროვნება შეესაბამება ელენთას, მწუხარება და შფოთვა - ფილტვებს, რისხვა - ღვიძლს, სიხარული და ბედნიერება - გულს, შიში - თირკმელებს... შესაბამისად, ეს ხუთი ელემენტის შკალა და ადამიანის ემოციები განიხილება, როგორც „ცის“ სხეულში გადაადგილებისა და მისი ცვლილებების გამოვლინება. ამრიგად, სწორად შერჩეულ ბგერებს (და შესაბამისად, კილოებს) შეუძლიათ დააბალანსოს ინი და იანი და შეუნარჩუნონ ადამიანის ორგანიზმს წონასწორობისა და სიჯანსაღის მდგომარეობა. და ვინაიდან სული, ანუ „შენ“-ი სხეულის სასიცოცხლო ენერგიის გამოხატულებაა და ფაქტობრივად განსაზღვრავს და მართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს, ჩინური მედიცინის ყველა თერაპევტული მეთოდი პრიორიტეტულად მიიჩნევს სწორედ „შენის“ მკურნალობას, მუსიკა კი „შენთან“ დამაკავშირებელ საუკეთესო იარაღად ითვლება ყველა კულტურაში:
უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა ჩინურ სამედიცინო პრაქტიკაში ხუთი ელემენტის მაგალითზე დაყრდნობით:
1. ნოტი „ცზუ“ (მი) და რისხვა
რისხვა შეესაბამება ხის ელემენტს
და დაკავშირებულია ღვიძლთან.
იმ შემთხვევებში, თუ რისხვის ემოცია ნორმის ფარგლებშია, „ცის“ ნაკადი დაუბრკოლებელია. ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელსაც
იწვევს რისხვა ან რომელიც ვლინდება
რისხვით, როგორც წესი, აზიანებს ღვიძლს.
ამიტომ „ცზუს“ კილოს მუსიკას „ცის“ ამაღლების და ღვიძლის „ცის“
დამშვიდების ფუნქცია აქვს. ამ კატეგორიის მუსიკა/სიმღერა ხასიათდება ენერგიულობით, მელოდიურობით, მხიარული და ნათელია.
მას გაზაფხულის მუსიკას
უწოდებენ. მისი გამოყენებით შესაძლებელია „ცის“ დამბლოკველი ხარვეზების აღმოფხვრა.
2. ნოტი „ჩჟუ“ (სოლ) და სიხარული
სიხარული და ბედნიერება შეესაბამება ცეცხლის ელემენტს და გულს. ჰიპერაქტიური რეაქციის შემთხვევაში სიხარული
„შენს“ გაფანტავს, რასაც ადამიანი მიჰყავს დაბნეულობამდე, მღელვარებამდე, გულისცემის აჩქარებამდე,
უძილობამდე... ხოლო ნორმის ფარგლებში სიხარული
აბალანსებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს განწყობას. აქედან გამომდინარე, „ჩჟის“ მუსიკა აძლიერებს გულის იანს, განდევნის სიცივეს და
არეგულირებს „ცის“ და სისხლის მიმოქცევას. ამ კატეგორიის მუსიკა/სიმღერა არის თბილი, მხიარული, მომადუნებელი და ადვილად
დამახსოვრებადი. ამ მუსიკას
ზაფხულის მუსიკას უწოდებენ.
3. ნოტი „გუნ“ (დო) და აზროვნება
როდესაც ადამიანი ზედმეტად ბევრს ფიქრობს ან გაურკვევლობით იტანჯება, „ცის“ გადაადგილება იზღუდება ელენთისა და კუჭის ზონაში, შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა სიმპტომებმა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. „გუნის“ მუსიკა აძლიერებს ელენთას და კუჭს და აუმჯობესებს „ცის“ დინამიკის აღმავალ და დაღმავალ მიმართულებას. ამ კატეგორიის მუსიკა/სიმღერა ხასიათდება სიმშვიდით, სირბილით, სადღესასწაულო ელფერით. მას გვიანი ზაფხულის მუსიკას უწოდებენ.
4. ნოტი „შან“ (რე) და მწუხარება
მწუხარება შეესაბამება მეტალის ელემენტს და დაკავშირებულია ფილტვებთან. როდესაც რეაქცია მწუხარების ზონაში ჰიპერაქტიურია, მწუხარება შთანთქავს „ცის“. „შანის“ მუსიკა აძლიერებს ფილტვების გამწმენდ ფუნქციას და არეგულირებს წყლის მიმოცვლას ორგანიზმში. ამ კატეგორიის მუსიკა/სიმღერა არის სერიოზული, მედიდური, ხმამაღალი, დამაჯერებელი და აქტიური. მას შემოდგომის მუსიკას უწოდებენ.
5. ნოტი „იუ“ (ლა) და შიში
შიში შეესაბამება წყლის ელემენტს
და დაკავშირებულია თირკმელებთან. როდესაც რეაქცია ჰიპერაქტიურია, შიში „ცის“ ადაბლებს. „იუს“ მუსიკა
თირკმელებს ეხმარება „ცის“ გამყარებაში,
აუმჯობესებს ინტელექტს და მეხსიერებას, ხელს უშლის დაბერებას. ამ კატეგორიის მუსიკა/სიმღერა ხასიათდება სინაზით,
სისადავით, ჩივილის ჟღერადობით. მას ზამთრის მუსიკას უწოდებენ.
ჩინეთში არაერთი კლინიკური ექსპერიმენტი და კვლევა ჩატარდა კლასიკური ჩინური მუსიკის მკურნავი ძალის გამოსავლენად. 2010 წელს ნანკინის საავადმყოფოში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ უძველესი ჩინური ნაწარმოები „ხან გუნ ციუ იუე“ (შემოდგომის მთვარე ხანის სასახლეში) ეხმარებოდა პაციენტებს გონების დამშვიდებასა და უძილობის დაძლევაში. 2013 წელს ჩინური მედიცინის პეკინის უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი ხანში შესულ ადამიანებზე. კვლევამ აჩვენა, რომ უძველესი ტრადიციული მუსიკა, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა: „მეი ხუა სან ნონგ“ (ქლიავის ყვავილობის მელოდია)
და „გაო შან ლიუ შუი“ (წყალი, რომელიც მაღალი მთიდან მოედინება) ეხმარება პაციენტებს სეზონური აფექტური
აშლილობის სიმპტომების შემსუბუქებაში.
მართალია ამ კვლევებს არ აქვთ კონკრეტული
სამეცნიერო მტკიცებულებები იმისა, თუ რომელი ბგერა
ან კილო რომელ კონკრეტულ ორგანოს
ეხმარება და როგორ,
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უტყუარი ფაქტია, რომ უძველეს ჩინურ მუსიკას განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ძალა გააჩნია. რაც
მით უფრო საინტერესოა, რომ ამ ტიპის მუსიკათერაპია ჩინელებმა 2000-ზე მეტი წლის წინ აღმოაჩინეს.
თანამედროვე კვლევებმა მოიცვა კონკრეტული შემთხვევების ანალიზიც. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კვლევის მიზანი იყო
გამოევლინა ხუთელემენტიანი მუსიკის გავლენა
ჩინურ მედიცინაში ხანში შესულ და ახალგაზრდა, სიმსივინის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტებზე.
კვლევა ჩატარდა შემდეგი მეთოდით - სიმსივნით დაავადებული 170 პაციენტი შემთხვევითობის პრინციპით გადაანაწილეს სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს სხვა თერაპიებთან ერთად უტარდებოდა ხუთფაზიანი ჩინური მუსიკათერაპია (68 პაციენტი), მეორე ჯგუფში გამოიყენებოდა დასავლური მუსიკათერაპიის პრაქტიკა (68 პაციენტი), მესამე ჯგუფში მუსიკათერაპია არ ტარდებოდა საერთოდ. ხანში შესულად ითვლებოდნენ 70 წელს გადაცილებული პაციენტები. პირველი ჯგუფი უსმენდა ჩინურ ხუთელემენტიან მუსიკას, მეორე ჯგუფი დასავლურ მუსიკას, მესამე არ უსმენდა საერთოდ. მკურნალობის კურსი მოიცავდა 3 კვირას, 30 წუთიან თერაპიას კვირაში 5-ჯერ (5 დღე). სიმპტომების შეფასება ხდებოდა ყოველ 3 დღეში, ანუ სულ 7- ჯერ. ხოლო ზოგადი მდგომარეობის შეფასება (სიცოცხლის ხარისხის ინდექსი, კარნოვსკის ეფექტურობის მაჩვენებელი...) მკურნალობის დასაწყისაა და დასასრულს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ სამი ჯგუფიდან პირველში
ყველა მაჩვენებლით გაუმჯობესდა პაცინტების
მდგომარეობა დანარჩენ ორთან შედარებით. გაუმჯობესების
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა მესამე ჯგუფს. მკვლევრებმა და მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხუთფაზიან ჩინურ მუსიკათერაპიას შეუძლია
სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება ხანში შესულ და ახალგაზრდა პაციენტებში სიმსივნის ბოლო სტადიაზე, ასევე შეუძლია გააუმჯობესოს სუბიექტური სიმპტომები კიბოს
პროგრესირებადი ფორმის ფონზე.
მსგავსი კვლევა ჩატარდა ინსულტ გადატანილ
პაციენტებზეც. კვლევის მიზანი იყო ხუთფაზიანი ჩინური მუსიკათერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება პოსტინსულტური დეპრესიის
შემთხვევებში.
კვლევა ჩატარდა შემდეგი მეთოდით - 92 პაციენტი შემთხვევითობის პრინციპით გადაანაწილეს 3 ჯგუფად. მათ უტარდებოდათ თერაპიები, აკუპუნქტურული ინექციები, ეძლეოდათ სხვადასვხ პრეპარატი, და მხოლოდ ერთი ჯგუფი გადიოდა დამატებით ხუთფაზიანი მუსიკათერაპიის კურსს. კურსი ტარდებოდა 5 დღის განმავლობაში თითოდღიანი შესვენებით კურსებს შორის. ყველა ჯგუფში ამოწმებდნენ ჰამილტონის დეპრესიის შკალას და ყოველდღიური აქტივობის შეფასებას მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ, ხოლო გვერდით ეფექტებს აფასებდნენ მკურნალობის პროცესში გამოვლენილი სიმპტომების შკალით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დეპრესიის მაჩვენებელი საგრძნობლად დაქვეითდა სმივე ჯგუფში, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა მუსიკათერაპიის მიმღებ ჯგუფს. ყოველდღიური აქტიურობის მაჩვენებელიც ამ ჯგუფში უფრო მეტად იყო მომატებული, ვიდრე დანარჩენ ორში. გვერდითი სიმპტომების შკალაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა მუსიკათერაპიის მიმღებ ჯგუფში.
საბოლოოდ მკვლევრებმა და მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხუთფაზიანი ჩინური მუსიკათერაპია აკუპუნქტურასთან შერწყმით იძლევა საუკეთესო შედეგს პოსტინსულტური დეპრესიის მქონე პაციენტებთან.
როგორც ვიხილეთ, აღმოსავლურ ტრადიციაში, და კონკრეტულად ჩინურ კულტურაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ზოგად ფილოსოფიურ და რელიგიურ შეხედულებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის
ცხოვრების ყველა სფეროზე. ჩინური სამედიცინო პრაქტიკაც, რომელსაც ერთ-ერთ
მეთოდად ხუთფაზიანი მუსიკათერაპიაც შეერწყა დაფუძნებულია ადამიანისა და სამყაროს ურთიერთკავშირის ფილოსოფიაზე. ადამიანის სული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა უწყვეტად მოძრაობს
სხეულში დაქსაქსულ
არხებში და როდესაც მისი მოძრაობა შეუფერხებელია, ინსა და იანს შორის მყარდება ბალანსი, რაც განაპირობებს ფიზიკურ
და სულიერ, ემოციურ სიჯანსაღეს. ბალანსის
შენარჩუნება და სასიცოცხლო ენერგიის მოძრაობა კი პირდაპირ კავშირშია ხუთ ელემენტთან, რომელთა
სხეულის ორგანოებთან ჰარმონიული კავშირის ხელშემწყობია ჩინური
ტრადიციული მუსიკა. თითოეული ორგანოსა და ელემენტის შესაბამისი ბგერის, კილოს, მუსიკის გამოყენებით ხდება შესაბამისი ემოციებისა
და რეაქციის სტიმულირება, რომელიც თავის მხრივ აუმჯობესებს ორგანოების მუშაობას, აღადგენს ჰარმონიულ კავშირს ადამიანსა და სამყაროს
შორის და უზრუნველყოფს სიცოცხლის ხარისხის
გაუმჯობესებასა და სხეულის და სულის სიჯანსაღეს. მუსიკის თერაპიული ეფექტების გამოყენებით სხვა ჩინურ ტრადიციულ
სამედიცინო მეთოდებთან ერთად შესაძლებელი ხდება მძიმე ფსიქო-ემოციური და ფიზიკური აშლილობების მკურნალობა. ამრიგად, ჩინურ კულტურაში ხუთფაზიანი მუსიკათერაპია სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენას ემსახურება.
_________________________
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.uplifers.com/music-as-medicine-a-true-story-from-a-distant-land/
https://journals.lww.com/md- journal/Fulltext/2021/03260/Effectiveness_of_traditional_Chinese_medicine.38.aspx
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/24092240/
https://www.scirp.org/journal/paperinformation.aspx?paperid=81366
http://www.machozapp.com/blog0/2016/11/19/the-mysteries-of-five-element-music-therapy
https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT00964314
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0254627217303229
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0254627217303229
https://applied-research.ru/ru/article/view?id=6979
_______________________
სქოლიო:
1 ტრადიციულ ჩინურ კულტურაში და აღმოსავლეთ აზიურ კულტურაში, „ცი“ ითვლება სასიცოცხლო ძალად რომელიც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში არსებობს. ეს ენერგია მიედინება სპეციალურ არხებში, რომლებიც მთელს სხეულში არის დაქსაქსული. ის წარმოადგენს ტრადიციული ჩინური სამედიცინო პრაქტიკის მთავარ პრინციპს. ჯანმრთელობის, ემოციური ბალანსის შესანარჩუნებლად, ცი დაუბრკოლებლად უნდა მოძრაობდეს სხეულში. თანამედროვე კონტექსტში ეს კონცეფცია დაუსაბუთებელ ფსევდომეცნიერებად მიიჩნევა.
Comments
Post a Comment