როდესაც მეფენი მეფობენ დროის მიუხედავად

ავტორი: კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის
სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი
 ირინა დუმბაძე

ხელმძღვანელი: პროფესორი მარინა ქავთარაძე

(ავტორმა ამ თემაზე ორი მოხსენება წარადგინა: 
1 - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურ კონფერენციაზე, სახელწოდებით „კონტრკულტურა და ირაკლი ჩარკვიანი“ 
2 - ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით  „კონტრკულტურის პარადიგმები. ქართული კონტრკულტურა“)


    კაცობრიობის დედამიწაზე გაჩენის დღიდან ბგერები და მუსიკა ადამიანის ცხოვრების თანმდევი იყო. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით ადამიანები სწორედ მათი დახმარებით ამყარებდნენ კომუნიკაციას. დროთა განმავლობაში საკუთარი უნარ-ჩვევების, ინტელექტის, ცოდნის განვითარებითა და გამოცდილების შეგროვებით ჩვენი ცხოვრება თითოეულ სფეროში უსაზღვროდ მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. 21-ე საუკუნე ამ მხრივ განსაკუთრებულად მშვენიერია. ახლა ის დროა, როდესაც დროსა და სივრცეში სამოგზაუროდ მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია. სწორედ უკიდეგანოდ დიდი ინფორმაციის ასეთმა ხემლისაწვდომობამ მისცა გასაქანი და იმპულსი ინტერესის გაღვივებას სხვადასხვა მოვლენის მიმართ. და სწორედ ამ ინტერესს
მივყავართ კიდევ და კიდევ ახალ აღმოჩენებამდე. ტექნოლოგიური პროგრესის, გლობალიზაციის ეპოქაში მასობრივი მედია საშუალებების, საერთაშორისო ქსელისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ზედაპირზე ამოატივტივა და საოცარი სისწრაფით გაავრცელა ისეთი მოვლენები, რომლებსაც მანამდე თითქოს არც უარსებია და ყურადღების მიღმა რჩებოდა. პოპკულტურის  აფეთქების იგნორირება შეუძლებელი გახდა, მან ძალაუნებურად მიქცია ყურადღება. დღევანდელი მიმოხილვის ობიექტივშიც სწორედ ახალი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალწახნაგოვანი ფენომენი - კონტრკულტურა მოექცევა. მსჯელობის საგანია ამ რთული კულტურული ფენომენის წანამძღვრები და გამოვლინებები დასავლურ სამყაროსა და საქართველოში. 

კონტრკულტურა დასავლეთში

 კონტრკულტურაზე საუბრისას პირველ რიგში  ყურადღების ცენტრში ექცევა აშშ და მე-20 საუკუნეში მასში გაჩენილი უნიკალური, განუმეორებებლი ფენომენი - 1950-1970 წლების ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც გაჩენისთანავე მიიქცია როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთელი სოციოლოგების, მწერლების, ფილოსოფოსების, პობლიცისტების ყურადღება. ახალგაზრდებმა პირველად დაიწყეს საჯაროდ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მათ უარი თქვეს დადგენილი ნორმების მიხედვით ცხოვრებაზე, მამების წესებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებაზე. 1960-იანი წლების თაობას „მეამბოხე“ ეწოდა.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი გამოყენებითი და მეშჩანური ხდებოდა, მკვიდრდება კონსუმერიზმი, ფილოსოფიური ინტერესის საგანი ხდება არა თავად ცხოვრება როგორც ფიზიკური არსებობის ფორმა, არამედ მისი ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მიზანი და ასეთმა სოციალურმა გარდატეხამ პირველად ჰპოვა თავისი გამოვლინება საზოგადოების დაყოფაში არა სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი, არამედ ასაკობრივი ნიშნით. მეამბოხე ახალგაზრდების გააქტიურების მიზეზი „მამათა და შვილთა ომია“. „შვილებს“ არ სურთ „მამების“  ცხოვრების სტილისა და ფასეულობების გაზიარება, „მამებს“ არ შესწევთ უნარი, რომ ჩასწვდნენ „შვილების“ ცხოვრების სტილსა და ფასეულობებს. ამან ღია დაპირისპირების ფორმა სწორედ 1950-1970 წლებში მიიღო აშშ - ში. ახალგაზრდებმა დაკარგეს ნდობა უფროსების მიმართ, დაიკარგა მშობლების ავტორიტეტი, რომელთაც შვილები საზოგადოების წინაშე დამდგარი პრობლემების მოუგვარებლობის პასუხისმგებლობას აკისრებენ. ახალგაზრდებს ყოველდღე ესმით, რომ ამერიკა მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა,  მაგრამ ხედავენ ფულის სასტიკ ძალაუფლებას გაბატონებული კაპიტალიზმის პირობებში. მათ ესმით თანასწორუფლბიანობის შესახებ, მაგრამ ხედავენ რასობრივ დისკრიმინაციას. მათ არწმუნებენ ამერიკის სამშვიდობო პოლიტიკაში, მაგრამ უწევთ, რომ სამხედრო ფორმა მოირგონ და სამშობლოდან შორს ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში. ამ დროს კი მათ საყოველთაო მშვიდობის და სოლიდარობის მოთხოვნილება აქვთ.

  მათში დაგროვილმა შინაგანმა პროტესტმა ორი სხვადასხვა სახის გამოვლინება მიიღო. პირველ შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური პროტესტი, აქტიური წინააღმდეგობა ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან. „ახალ მემარცხენეებად“  ჩამოყალიბებული ახალგაზრდები გაერთიანდნენ ორგანიზაციაში - „სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ძირითადი იდეები იყო სისტემის კრიტიკა, საზოგადოების რეპრესიული იერსახით წარმოჩენა, ამბოხების აპოლოგია, აქცენტი პოლიტიკურ ბრძოლაზე. შთაგონებად ახალგაზრდებს მათი თანამედროვე რევოლუციონერები ევლინებოდნენ. პროტესტის მეორე ფორმას აპოლიტიკური სახე ჰქონდა. ის ვლინდებოდა საზოგადოდ მიღებული წესებისა და ნორმების შეგნებულ და დემონსტრაციულ უარყოფაში. აპოლიტიკური პროტესტის გამოხატვის მთავარი სფერო ნარკომომხმარებლობა, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების სტილი, გამომწვევი ჩაცმულობა და საუბრის მანერა, ხელოვნება გახდა. ჰერბერტ მარკუზე აღნიშნავდა, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პროტესტის გამომხატველთა წინა ფრონტზე არა ტრადიციული პოლიტიკური ლიდერები, არამედ ვიღაც საეჭვო ტიპები იდგნენ, ისეთები, როგორებიც არიან პოეტები ან ინტელექტუალები. რეალურად კრიზისის ნიშნები და ესთეტიკურ-კულტურული რევოლუციის სათავეები სწრედ მწერლობასა და პოეზიაში, 50-იან წლებში მოიპოვება. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ნონკონფორმისტთა პირველი ჯგუფი, ე.წ. „ბიტ თაობა“ (დანგრეული თაობა), თავისი პიონერებით - ალენ გინზბერგი, უილიამ ბეროუზი და ჯეკ კერუაკი. 

 „ბიტნიკები“ არ წარმოადგენდნენ სოციალურ მიმდინარეობას ან რაიმე სახის ორგანიზებულ ჯგუფს, არ ჰქონიათ არავითარი პოზიტიური პროგრამა, მაგრამ მათი შეურიგებლობა სამყაროს არსებულ წყობასთან, წარსულთან კავშირის წყვეტა და ნებისმიერი მიმართულებით ძიებებისათვის გახსნილობამ ჩამოაყალიბა მათი ფილოსოფია, რომელიც გახდა ერთ-ერთი ძირითადი წყარო და კომპონენტი მთლიანობაში საკმაოდ ეკლექტური ფენომენისა კულტურაში. მათი მწერლობის ძირითადი თავისებურებები იყო სლენგის გამოყენება, პროტესტის ფორმა - ნარკოტიკები, სექსი, მოხეტიალე ცხოვრება, ჯაზი. სწრედ „ბიტნიკების ფილოსოფიამ“ იქონია შემდგომში გავლენა უკვე ჰიპების მოძრაობაზე, რომელსაც დღემდე კონტრკულტურის ყველაზე მკაფიო და თანმიმდევრულ გამოხატულებად მიიჩნევენ. ამის შემდეგ ეს პროცესი შეუჩერებელი გახდა და სამყაროს არაერთი სხვა, მეტად საინტერესო სუბკულტურა მოევლინა, როგორებიცაა მაგალითად: პანკები, გოტები, ჰიპ-ჰოპი, ემო და ა.შ...

ახალგაზრდა მეამბოხეთა დამსახურებით კულტურის სფეროშიც დიდი გადატრიალება მოხდა. გაჩნდა ახალი ლიტერატურული ხერხები (ჟარგონული ლექსიკა), ხელოვნების ახალი სახეობები (პოპ-არტი) ახალი მუსიკალური ჟანრები და პროტესტის მუსიკა, (როკი, ფსიქოდელიური როკი, ჰიპ-ჰოპი, რეპი... )... მეამბოხეთა „ახალი მუსიკა“ ერთდროულად კაპიტალისტური საზოგაოდების კრიზისის ანარეკლსაც წარმოადგენდა და თავის მხრივ, თავისი პროპაგანდისტული ხასიათით დიდ ზეგავლენასაც ახდენდა ახალგაზრდების ცნობიერებაზე, მათ ჩვევებსა და ცხოვრების სტილზე. დასავლეთში, კერძოდ ამერიკასა და ბრიტანეთში ამ პროცესებმა კონტრკულტურის სახით არაერთი დიდი მუსიკოსისა თუ ჯგუფის შექმნას შეუწყო ხელი. ეს ის მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც მოახერხეს დასავლურ აზროვნებასა და კულტურაში რევოლუციის მოხდენა: ჯონ ლენონი, ნილ იანგი, ბობ დილანი, ჯიმი ჰენდრიქსი, ფრენკ ზაპა, ჯენის ჯოპლინი, ჯონი მიტჩელი, The Beatles, The Grateful Dead, Jefferson Airplane, The Doors, The Rolling Stones, Velvet Underground, The Who, The Kinks, Sly & the Family Stone და ა.შ…

უნდა აღინიშნოს, რომ კონტრკულტურა არ არის მკაცრად ამერიკული მოვლენა: მას სათავე ჩაუყარა განთავისუფლების დიალექტიკის საერთაშორისო კონგრესმა, ლონდონში, 1967 წელს, ლოზუნგით - „დაუყოვნებელი რევოლუცია ცნობიერებაში“, მხოლოდ „იატაკქვეშა“ („მარგინალური“) საშუალებების გამოყენებით, ხაზგასმული აპოლიტიზმით. კონტრკულტურა განისაზღვრა, როგორც საზოგადოების მარგინალური ფენების კულტურა („არაფორმალისტები“ ცხოვრების სტილით, აზროვნებით, სექსუალური ორიენტაციით). ის აღიქმებოდა როგორც ტოტალური რევოლუცია აზროვნების, ცნობიერების შეცვლის მეშვეობით, და უნდა ითქვას, რომ თავის რევოლუციურ ამოცანას არაჩვეულებრივად გაუმკლავდა.

კონტრკულტურა საქართველოში

 რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, როდესაც დასავლეთში უკვე ჩამოყალიბდა პოპკულტურის ტრადიცია, როდესაც კულტურულმა რევოლუციამ შედეგი უკვე გამოიღო და გარეუბნის კლუბებიდან არაერთმა სოლო შემსრულებელმა თუ ანსამბლმა, დიდ სცენებზე გადმოინაცვლა, როდესაც ახალგაზრდულმა საპროტესტო ტალღამ შედეგად ახალი მუსიკალური ესთეტიკა, ახალი რეალობა წარმოქმნა, როდესაც პოპ ინდუსტრიის აყვავების პირობებში თავისუფლებას, სიცოცხლეს მოწყურებულ ახალგაზრდებს უკვე ღიად და თამამად შეეძლოთ ახალი ბილიკების გაკვალვა, ექსპერიმენტების ჩატარება, თვითგამოხატვა, ფანტაზიისა და კრეატიულობის ხორცშესხმა? რამდენიმე ათწლეულის დაგვიანებით, მაგრამ მსგავსი მოვლენები ჩვენს ქვეყანაშიც განვითარდა და ფაქტობრივად, ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის თანმდევი გახდნენ.

            XX საუკუნის მიწურულს, საბჭოთა კავშირის 70 წლიანი ისტორია გარდაუვალი კრიზისის წინაშე დადგა. თანდათანობით რკინის ფარდაში სულ უფრო და უფრო მეტი ნაპრალი ჩნდებოდა და ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდა. სწორედ ამ პერიოდში, 70-90 წლებიდან, ნელ-ნელა ისახება განსაკუთრებული ფენომენი და ახალი ფერი ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ პალიტრაზე - ქართული „ანდერგრაუნდი“, მიწის ქვეშ დამალული, დამფრთხალი, გაუბედავი, თუმცა მრავლისმთქმელი მოვლენა, რომელიც დროთა განმავლობაში დღის სინათლეზე გამოვიდა და ქართულ კონტრკულტურას ჩაუყარა საფუძველი.

            ყველაფერი კი ასე დაიწყო - საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო კვალავაც იდეოლოგიური წნეხის პირობებში იმყოფებოდა. სცენებს პოპ კულტურის სივრცეში „საბჭოელი“ ვარსკვლავები იპყრობდნენ, ისინი, ვისი შემოქმედებაც ადვილად კონტროლირებადი, რეჟიმისთვის მისაღები, იდოლოგიასთან თანხმობაში მყოფი, მარტივი და გასაგები იყო. ფილარმონიასთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ვია), სოლო შემსრულებლები - ნანი ბრეგვაძე, სულიკო კოროშინაძე, გიული ჩოხელი, ნუნუ გაბუნია, ეთერ გვაზავა, ციცინო ციცქიშვილი, მარეხ გოძიაშვილი...„ცისფერი ტრიო“, „თეატრონი“, „აფსილა“,„დიელო“, „ორერა“, და სხვ... -  უმღეროდნენ სიყვარულს, პატრიოტიზმს, ნათელ მომავალს... მათთვის სიმღერებს და ტექსტებს წერდნენ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქართველი კომპოზიტორები და პოეტები - რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, არჩილ კერესელიძე, დავით თორაძე, იაკობ ბობოხიძე... პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, ნაზი კილასონია...  ერთი შეხედვით, ამის გარდა თითქოს სხვა არც არაფერი არსებობდა და თითქოს  ყველა კმაყოფილი იყო. მაგრამ საბჭოური რეალობა, საბჭოთა ესტრადა ვერც შინაარსობრივი, ვერც ენერგეტიკული, ვერც აკუსტიკური თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებდა ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებს, ის სრულიად არ ეხმაურებოდა რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და საჭიროებებს. ამას საბჭოური რეჟიმი ძალიან კარგად გრძნობდა და დასავლური კულტურული რევოლუციით დაშინებული, ყველანაირად ცდილობდა ანალოგიური სცენარის საკუთარ საზღვრებში  თავიდან არიდებას - საგულდაგულოდ ახშობდა ყველანაირ ხმოვან მასალას, კრძალავდა დასავლური ჟურნალ-გაზეთების, ნებისმიერი პროდუქტის შემოტანას, ერთი სიტყვით მაქსიმალურად ზრდიდა ინფორმაციულ ვაკუუმს მოსახლეობაში. მაგრამ ვინც ეძებს - ის პოულობს.  ცნობისმოყვარე და თავისუფლებას მოწყურებული ქართველი ახალგაზრდები მაინც ახერხებდნენ დახშული რადიოგადაცემების მოსმენას, თანდათან ისწავლეს სტრიქონებს შორის კითხვაც, დახლქვეშიდან ეზიარებოდნენ არალეგალურად შემოპარულ ლიტერატურას, დასავლელი ვარსკვლავების ფოტო სურათებს, ფირფიტებს მათი სიმღერების ჩანაწერებით და აღფრთოვანებულები, ცდილობდნენ ქართულ რეალობაში „გადმოეკოპირებინათ“ მათთვის ეს ახალი, მაგრამ აკრძალული ხილი - მათაც დაიწყეს ჯინსების ტარება, ბიჭები თმებს იზრდიდნენ, იმეორებდნენ დასავლური მოდის სტილს, ბაძავდნენ იმას, რის შესახებაც სრული წარმოდგენა არ ჰქონდათ, მაგრამ ერთი რამ მათთვის ცხადი იყო - ყველაფერი ეს თვალშისაცემი და გამომწვევი, და აქედან გამომდინარე - საინტერესოა.  მომდევნო პერიოდშ რკინის ფარდაში ნელ-ნელა შეპარულმა ბზარებმა ქართული სცენისკენ მიმავალი გზა  დასავლეთიდან ჩამოსულ არაერთ დიდ მუსიკოსააც გაუხსნა, ამ მხრივ ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტია თბილისში ბლუზის მეფედ აღიარებული, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გიტარისტის, B B King-ის სტუმრობა. 1978 წელს გაიმართა პირველი საკავშირო ჯაზფესტივალი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ საქართელოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ქართველ ახალგაზრდებს ნელ-ნელა უფართოვდებათ თვალსაწიერი, თანდათან სწავლობენ ხარისხიანისა და უხარისხოს გარჩევას, რეალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას.  უკმაყოფილება არსებული რეალობით სულ უფრო დიდ ძალას იკრებდა. რეჟიმის მიერ დათრგუნული და წლების განმავლობაში დაგროვილი განსხვავებული აზრი, განსხვავებული ხედვა თანდათან უახლოვდებოდა აფეთქების საშიშროების ნიშნულს. პრინციპში, ეს განცდა, დაპირისპირების პოტენციალი საზოგადოების რაღაც ნაწილში საბჭოური რეჟიმის პირობებში ყოველთვის არსებობდა. მას უბრალოდ გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლეოდა და აქედან გამომდინარე, არც ჩანდა, რაც კეთილდღეობის, „ჰეფი ენდების“ მუდამ მოღიმარი საზოგადოების ილუზიას ქმნიდა. ხოლო როდესაც ახალგაზრდებმა ამ ილუზიების მსხვრევის სურვილი შეიგრძნეს, მათ წინაშე სხვა პრობლემამ წამოყო თავი - ვინ, როდის და როგორ დაიჭერდა ალამს ხელში და როგორ მისცემდა დაგროვილი უკმაყოფილების ტალღას მიმართულებას.

            „საქართველოს ახალგაზრდებს სჭირდებოდათ საკუთარი გმირი. გმირი საკუთარი ქვეყნიდან, საკუთარი ქალაქიდან, საკუთარი უბნიდან, საკუთარი წრიდან. ბიჭი, რომელიც ავტომატივით მოიმარჯვებდა გიტარას და დაუპირისპირდებოდა სიყალბეს. ბიჭი, რომელიც მათ ყველა კომპლექსს მოუხსნიდა“ (მაყაშვილი, 2018:6).

ქართველი ახალგაზრდები მწვავედ გრძნობდნენ, რომ მათაც სჭირდებოდათ რევოლუცია, მათაც სჭირდებოდათ ის დაპირისპირება, რომელიც გამოწვეული იქნებოდა არა მხოლოდ მორალური, ღირებულებათა დისონანსით თაობებს შორის, არამედ ასევე წმინდა პოლიტიკური და სოციალური პოზიციების მოთხოვნილებით. ქართველებს სულის თავისუფლებასთან ერთად პირდაპირი გაგებით, ნამდვილი, პოლიტიკური თავისუფლება და დამოუკიდებლობაც ჰქონდათ მონატრებული. დაგროვებული პროტესტი როგორღაც უნდა გამოვლენილიყო, ამის საჭიროება არსებობდა, ამიტომ ესტრადის და ყველასთვის მისაღები მუსიკის პარალელურად, ქართულ მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი თაობა, მთელი რაზმი მუსიკოსებისა, რომლებმაც შექმნეს ქართული „ანდერგრაუნდი“. მაშ ასე, ასპარეზზე  ამბოხის პირველი გმირები გამოჩნდნენ, ახალგაზრდები, რომლებმაც პირველად დაიჭირეს ხელში ელექტროგიტარები და შეეცადნენ პროტესტის მუსიკა აეჟღერებინათ - ბაჩი ქიტიაშვილი, ვალერი კოჩაროვი, მიშა ფოფხაძე, დათო სულაქველიძე, დათო შუშანია, ვოვა მოგელაძე, მაო (თამაზ კაპანაძე), რეზო ჩაჩხიანი, ილია ზაუტაშვილი, ვოვა გონჩარენკო, ალიკ დუნაისკი, ზურა ყიფშიძე, გია ეძვერაძე, საშა და გოგი გოცირიძეები და სხვ...   თუმცა, იმ პერიოდში მუსიკოსების ამბოხისა და პროტესტის გამოხატულებას გარეგნული, ვიზუალური ფაქტორი უფრო მეტად განაპირობებდა, ვიდრე მუსიკალურ- შინაარსობრივი - ისინი აკეთებდნენ იმას, რაც აკრძალული იყო რეჟიმის მიერ, უკრავდნენ ელექტორგიტარაზე, იცვამდნენ განსხვავებულად, საუბრობდნენ განსხვავებულად, აზროვნებდნენ განსხვავებულად. ელექტორგიტარის ხმა რკინის ფარდის ჩარჩოებში - სწორედ ეს ფაქტი იყო პროტესტის ამსახველი, რეპერტუარში ხშირ შემთხვევაში დასავლური როკ-ჰიტები შედიოდა, ხოლო საავტორო სიღერები ჯერ კიდევ არ იყო მწვავე სოციალური მუხტის მატარებელი შინაარსით დატვირთული. პირველი თაობის ქართველი როკ მუსიკოსები (ჯგუფები „ბერმუხა“; „ლაბირინთი“; „კვადრატი“; „კონტრასტი“; „მწირი“; „ბლუზ მობილ ბენდი“; „ბლიცი“; „ბერიკები“;)  ძირითადად დასავლური როკის მიმბაძველებად რჩებოდნენ ამ მუსიკის რეალური არსის, შინაარსისა და დანიშნულების გათვალისწინების (ან გააზრების) გარეშე...

1980 წელს, საბჭოთა კავშირში პირველად, თბილისში ჩატარდა ისეთი როკფესტივალი, რომელსაც დღესაც კი საბჭოთა ვუდსტოკად მოიხსენიებენ და ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად საბჭოთა როკის ისტორიაში. ფესტივალისდამი გამოჩენილმა დიდმა ინტერესმა აჩვენა, რომ საქართველოში ნამდვილი კონტრკულტურის განვითარების პოტენციალი არსებობდა. მართლაც, 80 იანი წლებიდან ქვეყანაში „პროტესტის მუსიკის“ ახალი თაობა გამოჩნდა - . ქიშო გლუნჩაძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი, მოგვიანებით ირაკლი ჩარკვიანი, რობი კუხიანაძე და სხვ. პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საზოგადოების დამოკიდებულება ალტერნატიული აზროვნებისადმი არ შეცვლილა. კვლავაც გრძელდებოდა ბრძოლა ბენდენიან გადაპარსულ თავებთან, საყურეებთან, ჯაჭვებთან, ტყავის ტანისსამოსთან, მეტალის ნაკეთობებთან, ოღონდ ამ შემთხვევაში, პოლიციასთან ერთად ახლაგაზრდებს თანატოლებიც ებრძოდნენ. ეს იყო ილუზიების მსხვრევის, ტკივილის პერიოდი. მაშინდელი ახალგაზრდებისთვის რთულად გასაცნობიერებელი იყო, როდესაც მისივე იდენტობის წარმომადგენლები ერთმანეთს, მამა შვილს, მეზობელი მეზობელს, მეგობარი მეგობარს უპირისპირდებოდა. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე გამოჩენილი მუსიკოსების შემოქმედების ხასიათი და შინაარსი მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ ამ პროცესებზე რეაქციამ. ახალი თაობის მუსიკოსთა შემოქმედება უფრო თამამი და ექპერიმენტული აღმოჩნდა. განსაკუთრებულად აღიზიანებდა საზოგადოებას სიმღერების სოციალურად აქტიური ტექსტები, შესრულების მანერა უფრო ექსპრესიული გახდა, სიმღერები უჩვეულო, დეპრესიული და ტკივილიანი, ხან კი გამომწვევი და თამამი შინაარსით დაიტვირთა (ჯგუფები - „რეცეპტი“; „ტაქსი“; „ქიშო და ინტელიგენცია“; Outsider; „ბუნკერი“; Best History; „არქეოპტერ X“;  "პრიზი"; „Mother on Mondays“; „კონტრაბანდა“; „ენერგორესურსი“; „ამორალი“(მომდევნო წლებში დაერქვა „წერილი“); Afternoon Version; Georgian Dance Empire; Children’s Medicine;  ჰიპ-ჰოპის ქართველი წარმომადგენლები - ბაჯუ, შავი პრინცი, ჩიი… სერგი გვარჯალაძე და სხვ...) . სწორედ ამ დროს, ამ ვითარებაში, ასეთ ფონზე გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც ქართული კონტრკულტურის პიონერთა გამოცდილების შერწყმა და ახალ საფეხურზე აყვანა მოახერხა. არტისტი, რომელიც თავისი დროის და თავისი სფეროს ყველა სხვა მუსიკოსზე  მეტად ამაღლდა და „ანდერგრაუნდი“ მზის სინათლეს აზიარა.

ირაკლი ჩარკვიანი

ირაკლი (მეფე) ჩარკვიანი - პიროვნება, რომელიც კონტრკულტურის ყველა სხვა
წარმომადგენელს შორის ყველაზე მეტად გამოირჩა და რომელმაც ფაქტობრივად ახალი ისტორია შექმნა თავის სფეროში. გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებით,
შემოქმედებით, ხმით, სტილით, გემოვნებით... ირაკლი არაორდინალური იყო, განსხვავებული. ყველაფერი ის, რაც მის შემოქმედებაშია კონცენტრირებული, რამაც გამოარჩია ის და გაამართლა მისი ტიტული „მეფე“ კონტრკულტურაში, არა ხელოვნურად შეძენილი ან იმიჯის შესაქმნელად საჭირო ნიღბებია, არამედ იმთავითვე იდო მის პიროვნებაში. აი, მაგალითად, ფრაგმენტი ირაკლის მოთხრობიდან „ცალფეხშიშველი ბიჭი“: „სად მიძვრები!― - მიყვიროდა მეგაფონში კაცი. მეგონა, მთელი კაცთა მოდგმა სკოლის ეზოში შეკრებილიყო, თავისთან, უკან მექაჩებოდნენ. როგორც იქნა, სახურავზე ავძვერი. ჭიანჭველების ბუდეს ჰგავდა ხალხით სავსე სკოლის ეზო. რკინის მილებს ჩაჭიდებული, თვალცრემლიანი დავცქეროდი უკაცრიელ სახურავებს, თბილისს, მთელს მსოფლიოს... არავინ იყო ჩემს გარშემო, მხოლოდ ქვევით, მწერებივით ფუსფუსებდნენ ადამიანები. თავებს აქნევდნენ, მადანაშაულებდნენ, ხელებს ჩემკენ იშვერდნენ, მიყვიროდნენ... ბაბუის პიჯაკივით ხორკლიანი, მოღრუბლული ცა მიზიდავდა. იქ ესვენა ჩემი ბავშვობის იდუმალებით მოცული სინამდვილე... კაცი კი მეგაფონში მბრძანებლობდა. „არ მომეკაროთ“ - დავიყვირე მთელი ძალით. [...] ნოემბრის ბოლოს, დედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდნენ. უამრავი საღეჭი რეზინი და ტელევიზორი ჩამოიტანეს, რომელიც მართლა ფერადად აჩვენებდა. ისეთი ტელევიზორი, რომელზეც ბაბუა ოცნებობდა... არაფერი არ შეცვლილა. [...] მე კი ჰაერში გამოკიდებულ სასახლეებს ვხატავდი და ყველას უკვირდა, რატომ მაინც და მაინც ღრუბლებზე ვაშენებდი მათ.“ (ჩარკვიანი, 2016:148-149)

            ერთდროულად რევოლუციური და მშვიდი სულის საოცარი სინთეზი ირაკლიმ პატარაობაშივე გამოავლინა. გელა ჩარკვიანი იხსენებს, რომ ირაკლის 4 სკოლის გამოცვლა მოუწია, მუსიკაზეც მიიყვანეს, მაგრამ სწავლას და დაკვრას სხვისი მოსმენა ერჩივნა. 13 წლისამ მშობლებისაგან ნებართვის გარეშე ჩაალაგა ჩანთა და ბაკურიანში გაემგზავრა. 15 წლის ასაკში უკვე საკუთარი ჯგუფი „არიში“ ჰყავდა და საქართველოს მასშტაბით გასტროლებს აწყობდა. 80-იანი წლებიდან პოეზიამ გაიტაცა. 18-19 წლის იყო, როდესაც თავადაც დაიწყო ჯერ ლექსების, ხოლო მოგვიანებით მოთხრობების წერაც. ვიდრე მუსიკალურ სამყაროში გაითქვამდა სახელს, ჯერ სწორედ ლექსებითა და მოთხრობებით გააცნო თავი საზოგადოებას. თუმცა ჯერ მხოლოდ  ვიწრო წრეში აიმაღლა ცნობადობა, რეაქტიული კლუბის დამსახურებით, კოტე ყუბანეიშვილსა და პაატა ქურდაძესთან ერთად. ეს იმ დროისთვის ახალი, რევოლუციური არტ-გაერთიანება იყო, რომელიც „თოფის ნაცვლად სტროფებს ისვრიდა“ და ებრძოდა ყოველგვარ სტაგნაციას, იმ პერიოდის ლიტერატურულ მოდას - ერთი მხრივ საბჭოური და მეორე მხრივ ურაპატრიოტული ნარატივის ინერციას. პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში ირაკლიმ „თინეიჯერობაში“ შექმნილ ჯგუფთან ერთად გადადგა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯაზშიც მოსინჯა საკუთარი თავი. შემდეგ ინტენსიურად შეისწავლიდა გიტარას. დადა დადიანთან ერთად უკრავდა ჯგუფში „ტაქსი“; მოსკოვში ყოფნისას ჩაწერა დადა დადიანთან ერთად „საბავშვო მედიცინა“. შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და თვითგანვითარებაზე, სოლო კარიერის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა. აქ ჩაწერა თავისი პირველი სოლო ნამუშევარი War is Over და ალბომი Svan Songs (სვანის სიმღერები; 1993). მის პირველივე დამოუკიდებელ ნაშრომებში თვალსა და ყურშისაცემია მისი გამორჩეული, დაბოხებული ხმის ტემბრი (რაც იმდროისთვის ერთგვარი მოდა იყო), შესრულების მანერა და ორიგინალური ტექსტები, რომლებიც ყოველთვის მის მიერვე იქმნებოდა და ხშირად მის აქამდე უკვე დაწერილ ლექსებს ეფუძნებოდა. ალბომი, ისევე, როგორც ირაკლის მთელი შემოქმედება მრავალფეროვანია როგორც შინაარსობრივად, ისე ჟანრულად. როგორც ბიძინა მაყაშვილი აღნიშნავს, ჰიპ-ჰოპის, რეპის, ფოლკის, როკ-ენ-როლის, როკისა და ელექტრონული მუსიკის ელემეტების გამოყენების მიუხედავად ირაკლის ეს ალბომი მაინც ქართული სულითაა განმსჭვალული. ამ ალბომში დაისახა ძირითადი მიმართულებები, რომლითაც განვითარდებოდა მისი შემოქმედება:

„ზამთარი“ - მრავალჯერ გადამღერებული ამ სიმღერის ირაკლისეული ქავერ ვერსიის პირველ ალბომში შეტანა, ვფიქრობ, საინტერესო ფაქტია. ეს ერთადერთი ქავერია ამ ალბომში ირაკლის საავტორო სიმღერების რიგს შორის. ვფიქრობ, რომ ამ სიმღერით ირაკლიმ იმთავითვე განსაზღვრა ვექტორი საკუთარი შემოქმედების მიმართულებისთვის. მან გადაწყვიტა, რომ მიმართოს იმ სოციუმს, რომელიც მისია, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა. ირაკლი მიმართავს არა რთულ, არქაულ ფოლკლორს, არამედ ზოგადად ქართული მსოფლმხედველობისათვის მისაღებ მელოდიას, რომელიც ყველასთვის გასაგებია, რომელიც ყველას უყვარს. „მან შესთავაზა ქართველ მსმენელს ის, რისი მოსმენაც დიდი ხანია უნდოდა, მაგრამ ვერ ისმენდა“. მართლაც, როდესაც ისმენ ყველასათვის ნაცნობი ამ სიმღერის ირაკლისეულ ქავერს, იბადება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის ორიგინალისათვის დამახასიათებელი ლირიკული, ინტიმური ატომსფეროს ჩარჩოებიდან გაღწევას ცდილობს, სატრფიალო თემატიკას უფრო დიდ მასშტაბს აძლევს და სიმარტოვის სიცივის განცდას არა ერთ კონკრეტულ ტრფობის ობიექტზე, არამედ დიდ მასებზე განავრცობს- მშობლიურ ქვეყანაზე, ხალხზე, რომელიც მისთვის ძვირფასია, მაგრამ მისგან შორსაა და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ მუსიკალურად სიმღერა მაინც ინარჩუნებს ინტიმურობის იმ მარცვალს, რომელიც ასეთ ნოსტალგიურს და მოსასმენად სასურველს ხდის მას - სიმღერაში რჩებიან მხოლოდ ირაკლი და გიტარა, ყოველგვარი დამატებითი ეფექტების, სხვა ინსტრუმენტების, მძიმე ან ენერგიული ბიტების, გარეშე. ქალაქური ფოლკლორისთვის დამახასიათებელი, მარტივი, არპეჯირებული თანხლება გიტარაზე და მის ფონზე ირაკლის მღელვარებით სავსე ხმა, რომელიც ბუნებრივად შეიცავს რაღაც დრამატულს და გამორჩეულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ირაკლი არ მღერის ამ სიმღერის სრულ ვერსიას, არამედ მხოლოდ ორიგინალის დასაწყის ნაწილს - ოთხ წინადადებაზე აგებულ კუპლეტს, რომელსაც მოკლე მინამღერის ფუნქციით ბოლო ორი წინადადების განმეორება მოსდევს, სადაც ტექსტი მარტოდ დარჩენილი გმირის შიშს აღწერს, რითაც, ვფიქრობ, ხაზი ესმევა სწორედ შორს ყოფნის და მონატრების იდეას.  

„ქაღალდის გემი“, რომელსაც ასევე იცნობენ სახელწოდებით „მე გადმოვცურავ ზღვას“,  დღემდე ირაკლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მასების მიერ ყველაზე მეტად ატაცებული და ხალხის მიერ შეყვარებული კომპოზიციაა. ეს სიმღერაც პირდაპირი მიმართვაა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ერისადმი. ეს კომპოზიცია როკ-ბალადისა და ჯაზის ელემენტების სინთეზზე არის აგებული, დრამის ოთხწილადი რიტმის თანხლებით, ელექტროგიტარის უცვლელი რიფით, ფორტეპიანოსა და საქსაფონის თავისუფალი იმპროვიზაციებით და სხვა შემავსებელი ელემენტებით. „უშენობა არ მასვენებს ვიცი უნდა ვუშველო თავს ... ალბათ ისევ დავბრუნდები წამოვყვები ქაღალდის ნავს“... მისამღერი კი სიმღერის ძირითადი იდეის გადმომცემია და სწორედ ამიტომ მეორდება ინტენსიურად კუპლეტებს შორისაც და დასასრულშიც. განსაკუთრებულ აქცენტს ირაკლი აკეთებს ფრაზაზე - „მე შენთან მოვალ, დავბრუნდები“ და ამ ფრაზაშიც კი გამოიყოფა სიტყვა „შენთან“, ანუ იმ ობიექტთან, რომელიც მისთვის იდეალია და რომელშიც ხედავს ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია.

მეამბოხე, ცოტა უცნაური და ცოტა გიჟი ირაკლი საზოგადოებამ მისი მეორე ალბომიდან გაიცნო. 1997 წელს ირაკლიმ გამოსცა ალბომი „აფრენ“. მას დიდი გამოხმაურება და სკანდალიც კი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი შოკში იყო -გელას შვილს, კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილს ეს როგორ ეკადრებოდა? ალბომთან გაცნობის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა დაასკვნა - „ირაკლი რაღაც საშინელებას მღერის“. პირველი და „საკულტო საშინელება“ ამ ალბომში იყო სიმღერა „აფრენ“. ზოგმა გადაწყვიტა, რომ ირაკლიმ მართლაც გააფრინა, თუმცა ზოგს მოეწონა. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ორი სიტყვა - „შენ აფრენ“, მხოლოდ ერთი ოთახი და ამ ოთახში ტექნო-რიტმებზე აგებულ მუსიკალურ კომპოზიციაზე მოცეკვავე რამდენიმე ახალგაზრდა. მაგრამ ის მუხტი, ის ენერგია, ის დამოკიდებულება, განწყობა, გამოხატვის ფორმა, რომელიც ამ მარტივი, მინიმალისტურ-დადაისტური ნამუშევრის სახით მიეწოდა საზოგადოებას, საფრთხეზე მიმანიშნებელი და გაუგებარი აღმოჩნდა ბევრისთვის. მათ არ უნდოდათ რევოლუცია. მათ არ უნდოდათ „გაფრენა“...

პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ ალბომში სიმღერა „მაწონი“; ესეც ირაკლისეული მინიმალიზმის კიდევ ერთი ნიმუშია, ქართული ყოფისათვის დამახასიათებელი, ყველა ქართველისთვის მშობლიური დილის შეძახილებით ჩვენი ფანჯრების ქვეშ - „მაწონი, მაწონიიი...; ესკიმო, სტაკანჩიკი, შოკოლადნი მაროჟნი...; ბორია გადაი, ბორია გადაი, ბორია გადაი...; ტაჩი ნაჟი, ნოჟნიცი (точи ножи, ножници)...“ და ა.შ. ეს შეძახილები მთელს სიმღერას გასდევს გიტარის უცვლელი რიფის, აფრიკული დოლის თანხლებასთან ერთად, ერთი და იმავე მელოდიურ-რიტმული მოტივების მუდმივი განმეორებადობა ამ სიმღერას მისტიკურობისა და მედიტაციურობის ელფერს ანიჭებს. ამ ყველაფრის ფონზე კი ისმის ირაკლის ინგლისურენოვანი, ლირიკული, ცოტა დეპრესიული, ცოტა ნოსტალგიური, ცოტაც დრამატული სიმღერა. ეს ნიმუში ჩემთვის ერთგვარი გაუცხოების მაგალითად აღიქმება. მოსმენისას თითქოს თვალწინ წარმოგიდგება ირაკლი, რომელიც ნაცრისფერ თბილისს გადაჰყურებს, ის თითქოს მისი ნაწილია, მაგრამ თითქოს არც არის. თითქოს აქაც არის, მაგრამ თითქოს სადღაც სხვაგანაც. ეს ყველაფერი მისთვის თითქოს ძალიან მშობლიურია, მაგრამ თითქოს უცხოც. მისთვის ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ თითქოს ერთგვაროვანიც... და ამ ყველაფერს საოცრად უხდება მისი ორიგინალური,დრამატული ხმის ტემბრი.

სიმღერით „საქართველო“ ირაკლიმ ქართული როკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში შექმნა. თუმცა, ესეც არ იყო ბოლომდე როკი. ირაკლი არ ღალატობს ჟანრთა სინთეზისა და მრავალფეროვნების გზას. ორნაწილიანი კომპოზიციის პირველ ნაწილში ქარული ფოლკლორისთვის, კერძოდ, ხორუმისთვის დამახასიათებელი რიტმები, გიტარის თანხლებით, რომლებიც შემდეგ, მეორე ნაწილში გადაიზრდება კლასიკური როკისთვის დამახასიათებელ დრამის ოთხწილად „ბიტში“, აქტიურდება ელექტრო გიტარა. საინტერესოა, რომ რეჩიტატივს რეპის სტილში ირაკლი სწორედ ხორუმის რიტმის თანხლებით კითხულობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორგანულ კავშირს მის პოეზიასა და მუსიკას შორის- ირაკლი ძალიან კარგად  გრძნობს საკუთარი ლექსისა და მუსიკის რიტმს. ხოლო ცნობილ ქართულ სიმღერას, „პატარა გოგო დამეკარგა“ დასავლური როკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ფონზე ასრულებს, თითქოს ცდილობს, რომ ქართულსა და არაქართულს შორის კონტრასტსაც გაუსვას ხაზი. „მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს... მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს... მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას“ . ირაკლი კიდევ ერთხელ ამტკიცებს და ხაზს უსვამს საკუთარი შემოქმედების მიმართულებას - ის აქ არის, მყარად დგას თავის ხალხთან, თავის ქვეყანაში და მიმართავს თავის საზოგადოებას. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მაგალითებით, რომლებიც საზოგადოებამ მალევე აიტაცა და შეიყვარა, ირაკლი და მისი შემოქმედება ანდერგრაუნდიდან ე.წ. მეინსტრიმზე ინაცვლებს. საინტერესოა ამ საკითხზე გია ხადურის მოსაზრება. ის მიიჩნევს, რომ თუ ანდერგრაუნდი არ გადმოდის მეინსტრიმზე, ის არ არის გათვლილი ხალხზე, შესაბამისად - არავისზე. ირაკლის ჰქონდა ბექგრაუნდი და სათანადო ცოდნა, მიდგომა... მან მოახერხა, რომ ანდერგრაუნდის იდეები გასაგები გაეხადა ხალხისთვის. ის არ წასულა კომპრომისზე და არ მოერგო მოდას, მასებში კი არ შევიდა, არამედ მასები წამოიყვანა თავისკენ. ზუსტად იცოდა, რა ენაზე და როგორ უნდა ელაპარაკა ხალხთან.

            2001 წელს ჩნდება ირაკლის მორიგი სტუდიური ალბომი „ამო“. ყველაზე დიდი პოპულარობით ამ ალბომიდან სარგებლობს მისი სიმღერები „სექსი“; პოზიტიური მუხტის მქონე „ორღანი’78“;  და ლირიკული „წყალს“; ავტორი ამ ალბომს ყველაზე კონცეპტუალურად მიიჩნევს და ძალიან საინტერესოდ აღწერს მას:

            „ჩემი ყველა ალბომი ასეთია და ეს ალბომიც, მე მგონი, ყველაზე უფრო კონცეპტუალურია იმათ შორის, რაც კი დღემდე გამიკეთებია. თავად ალბომის სახელწოდება – „ამო“ ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ჩემთვის მთავარია, ქართულ საზოგადოებას, მსმენელს სტიმული მივცე, რომ იგი ამო-ვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომლიდანაც დიდი ხანია ვერ გ-ამო-ვიდა. თუ მდგომარეობიდან გ-ამო-სავალი არ არსებობს, შეიძლება არსებობდეს ამო-სავალი. ეს ალბომი, სწორედ ამო-სვლის და არა გ-ამო-სვლის მომენტია“.

            მომდევნო წლები უკვე ირაკლის მეფობის პერიოდია. ერთ-ერთი კონცერტის დასრულებისას, სცენაზე მდგომმა ირაკლიმ აუდიტორიას, რომელიც ტაშს უკრავდა მიმართა - „გმადლობთ, თქვენი მეფე“.

            „ფაქტია, რომ ეს მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამისთვის ვიღაც აუცილებლად გალანძღავდა. ლანძღვასაც და აღფრთოვაბასაც წყნარად იღებდა, ნონკონფორმისტი იყო და არაფრის ეშინოდა. როცა აკრიტიკებდნენ, რეაქცია არ მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ირაკლის ეს უხაროდა. რაღაცებს სწორედ იმისთვის აკეთებდა, რომ სხვებს ელაპარაკათ“, - იხსენებდა გელა ჩარკვიანი.

... აწ უკვე მეფის მომდევნო ალბომი 2004 წელს გამოვიდა. „სავსე“ ცნობილია, როგორც ირაკლის და ქეთათოს ერთობლივი ალბომი, რომელიც მართლაც სავსე და მრავალფეროვანია შინაარსობრივად, მუსიკალურად, ემოციურად. ამ ალბომში შესულია ირაკლის შვილის, ნანასადმი, მიძღვნილი სიმღერა „ნანასი“, პოპულარული სიმღერები „მანგო“, „ნაიარევს“. ირაკლი იხსენებს ლეგენდარულ მესაყვირეს, მაილს დევისს, სიმღერაში „მაილს“.  „მე მხოლოდ შენს სიყვარულს ვგრძნობ, ყველაზე ღვთაებრივს და მართალს. შენ აქ ხარ...“ , ამბობს ირაკლი თავის სიმღერაში „შენ აქ ხარ“. ეს მისწრაფება ღვთაებრიობისკენ ისევ იმ პატარა ბიჭს მახსენებს, რომელიც სახურავზე ამძვრალი გაურბის რეალობას და ხალხს, რომელიც ცისკენ იყურება და თავის სასახლეს ღრუბლებზე დგამს. და შეიძლება ეს წინასწარი განცდაც კი იყო იმისა, რომ ეს ირაკლის სიცოცხლეში მის მიერ ჩაწერილი და გამოცემული ბოლო ალბომი იყო. 2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მეფემ ღრუბლებზე დადგმულ სასახლეში დაივანა.

            სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მის მიერ ჩაწერილი და გამოუცემელი სიმღერები მომდევნო წლებში შეიკრიბა და გამოიცა ალბომების „ძირს მეფე“ და „თეთრი ღმერთი“-ს სახით. 2014 წელს გამოვიდა კომპილაციური ალბომი რემასტერებით „The Best of King“.

            ბიძინა მაყაშვილი ირაკლის მუსიკალური კარიერის პირველ ეტაპზე წერდა: „ეჭვი არ მასვენებს: შეძლებს კი ქაღალდის გემი Svan Songs-იდან ცხოვრების კატაკლიზმების დაძლევას? ხომ არ გაიჟღინთება ჭაობის წყლით და დროზე ადრე ხომ არ ჩაიძირება?“ დრომ აჩვენა, რომ ქაღალდის გემი არა თუ არ ჩაიძირა, არამედ საკუთარ ბორტზე უამრავი ადამიანის მიღებაც შეძლო. ირაკლის პოპულარობა და დაფასება მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს დედაენის ბაღში მისი მონუმენტი დგას და იქ შეკრებილ ახალგაზრდებს ახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ხმა, რომელიც ბევრის დამალულ სათქმელს ამბობდა. ირაკლის იმედი ჰქონდა, რომ მისი შემოქმედება იქნებოდა ის გაკვალული ბილიკი, რომელიც უბიძგებდა ახალგაზრდებს ფასეულობების გადაფასებებისკენ და პრობლემებზე ღიად საუბრისკენ. თავის ბოლო ინტერვიუებში ის ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას სოციალური მუსიკის მნიშვნელობაზე:

            „საქართველოში სოციალური მუსიკა არ ჩამოყალიბებულა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი აქ არ მღერის იმას, რასაც ფიქრობს. ესაა ქართველის უბედურება. სახლში ლაპარაკობს სოციალურ პრობლემებზე, აგინებს ვიღაცებს. მერე კი სცენაზე გამოდის და ვიღაც დებილი კომპოზიტორის სიმღერას მღერის დათუნებზე და ხათუნებზე. ტიპი გიჟია, გესმის? რასაც გრძნობს, იმას არ მღერის. ეს უკულტურობაა“.

            ირაკლის შემოქმედება საზოგადოებამ მისი ასპარეზზე გამოსვლისთანავე აიტაცა და შეიყვარა. ვფიქრობ მისი ასეთი წარმატება და მნიშვნელობა ქართული კონტრკულტურისთვის ერთდროულად მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. მისმა გამოცდილებამ სხვა მუსიკოსებთან ურთიერთობისა, ინტელექტუალურმა გარემომ, რომელშიც ტრიალებდა, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა, საბოლოოდ გაიყვანა ის იმ შედეგზე, რომელიც მიიღო. ირაკლის სტილის მრავალფეროვნებაც მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა დამოკიდებულებამ შემოქმედებითი პროცესისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლისადმი - „ვუსმენ ყველაფერს, რაც ჩამივარდება ხელში და ყველასგან რაღაცას ვსწავლობ და ვიღებ, ეს ურთიერთგამდიდრების, გაცვლის პროცესია და, როცა გაცვლა არ ხდება, ხელოვნება კვდება“.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაშინ, როდესაც წინა თაობის იმედგაცრუებულ მუსიკოსებს ხელი აქვთ ჩაქნეული შემოქმედებით აქტიურობაზე, მათი ნაწილი კი ქვეყნიდანაც გარბის და ქართულ „ანდერგრაუნდში“ ფაქტობრივად სიცარიელე ისადგურებს, ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოქმედება თავისი ხალხისთვის მიეძღვნა, მათთვის, ვისთვისაც ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც კი,მან გადაწყვიტა, რომ მიმართოს იმ სოციუმს, რომელიც მისია, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა. ეს არ იყო ის მუსიკალური ენა, რომლითაც საუბრობდნენ ქიშო, დადა, ლადო... მან აირჩია ქართული სასიმღერო სტილი. მან შესთავაზა ქართველ მსმენელს ის, რისი მოსმენაც დიდი ხანია უნდოდა, მაგრამ ვერ ისმენდა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი პოეზიის მნიშვნელობა მისივე მუსიკალური შემოქმედებისთვის. ირაკლის ლექსები ორგანულად ერწყმის მის მუსიკალურ სტილს. მისი პოეტური მიგნებები ჰკარნახობს მას, თუ როგორ უნდა გაიჟღეროს მუსიკამ აკუსტიკურად. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს ირაკლის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურებაა. მის შემოქმედებაში ერთმანეთს შეერწყა დასავლური გამოცდილება, ქართული იდენტობა, დიდი ინტელექტუალური მარაგი, კონკრეტული გზავნილები და კონცეფცია, გემოვნება.  ირაკლი ჩრკვიანის შემოქმედება იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ნებისმიერი უბრალო ადამიანის ყოფასა და პრობლემებთან სიახლოვით გამოირჩევა. ირაკლი საუბრობდა რეალურ პრობლემებზე, საუბრობდა ხალხისთვის გასაგებად და მათთვის მისაღები ფორმით.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კონტრკულტურის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს, რამდენად ძლიერი თვითგამოხატვის საშუალებაა მუსიკა და სიმღერა. თავის დროზე დასავლეთში მეამბოხე ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ რადიკალურ დამოკიდებულებებს, მათ საპროტესტო სიმღერებს დასავლეთში კულტურული რევოლუცია, აზროვნების შეცვლა, ახალი მსოფლმხედველობისა და ესთეტიკის ჩამოყალიბება მოჰყვა. რკინის ფარდაში თანდათან გაჩენილ ნაპრალებიდან შემოპარულმა დასავლურმა გამოცდილებამ ბიძგი მისცა მსგავსი პროცესების დაწყებას საქართელოშიც. ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდა კონტრკულტურის ჩანასახი, რომელიც თანდათან იკრებდა ძალას, ქართველ მუსიკოსთა შემოქმედებაც თანდათანობით მდიდრდებოდა სოციალური თემატიკით, და მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ანალოგისაგან განსხვავებით, მან საზოგადოების ცნობიერებასა და მსოფლმხედველობაში რევოლუცია ვერ მოახდინა, ხოლო 90-იანი წლების დასასრულისთვის კი თითქოს გაყინულ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა, ჩვენს რეალობაშიც მაინც გამოჩნდა პიროვნება, რომლის შემოქმედებაშიც ეს მუხტი საუკეთესოდ არის ხორცშესხმული.  ირაკლი ჩარკვიანმა მაინც მოახერხა ფართო მასებისთვის ხმის მიწვდენა და მუსიკის მეშვეობით საზოგადოების მანკიერებებისა და პრობლემების შესახებ საუბარი. ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება ინტერესი იმ ბნელ წლებში შექმნილი სიმღერებისა და მუსიკოსებისდამი, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ათვლის წერტილი უკვე არსებობს. საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები...

 

 _____________________________________________________

წყაროები:

 

1.     ასათიანი, სალომე (2020), ბიტნიკები: დაღლილობა, რიტმი და ნეტარება / სალომე ასათიანის პოდკასტი, რადიო თავისუფლება, თბილისი. (https://www.radiotavisupleba.ge/a/30437890.html) (12/01/2021)

2.     ბუკია, ვალერი (2016), შენ აფრენ / რადიო თავისუფლება, თბილისი,  (https://www.radiotavisupleba.ge/a/tavisupali-sivrtse-valeri-bukia-shen-apren/28137460.html)  (20/05/2021)

3.     გაბუნია, ლაშა (2011), ირაკლი ჩარკვიანი კომპრომისული და შემგუებლური მუსიკის შესახებ / „ანარეკლი“, ლაშა გაბუნიას საავტორო ბლოგი, თბილისი. (https://anarekly.blogspot.com/2011/10/blog-post.html) (18/05/2021)

4.     გაბუნია, ლაშა (2002), რატომ არ აფრენენ ქართველი როკ-მუსიკოსები. „დამპალი ვაშლის გამყიდველები“ და სოციალური მუსიკა / „ანარეკლი“, ლაშა გაბუნიას საავტორო ბლოგი, თბილისი. (https://anarekly.blogspot.com/2002/02/blog-post_13.html) (10/05/2021)

5.     გაბუნია, ლაშა (2017), ინტერვიუ ბაჩი ქიტიაშვილთან (2001 წლის ხელნაწერი) /  „ანარეკლი“, ლაშა გაბუნიას საავტორო ბლოგი, თბილისი. (https://anarekly.blogspot.com/2017/09/bachi.qitiashvili.html) (18/05/2021)

6.     გაბუნია, ლაშა (2002), ქართული როკის მამა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყოფილა / „ანარეკლი“, ლაშა გაბუნიას საავტორო ბლოგი, თბილისი. ( https://anarekly.blogspot.com/2002/02/blog-post_11.html) (18/05/2021)

7.     გაბუნია, ლაშა (2017), ამონარიდები ირაკლი ჩარკვიანის ინტერვიუებიდან / „ანარეკლი“, ლაშა გაბუნიას საავტორო ბლოგი, თბილისი. (https://anarekly.blogspot.com/2017/07/iraklis-interviuebi.html) (20/05/2021)

8.     გაბუნია, ლაშა (2001), როგორ ქართულენოვანდებოდა როკი / „ანარეკლი“, ლაშა გაბუნიას საავტორო ბლოგი, თბილისი. (https://anarekly.blogspot.com/2001/10/blog-post_4834.html) (18/05/2021)

9.     გუგეშაშვილი, ნინო (2020), ქართული პოპმუსიკა და შოუბიზნესის 30 წელი – ნაწილი პირველი / ქართული კულტურა, თბილისი (https://www.geculture.com/2020/10/25/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99/) (19/05/2021)

10.  დადეშელი, თამთა (2015), გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი / ინტერვიუ გელა ჩარკვიანთან, თბილისი (https://www.ambebi.ge/article/95222-gela-charkvianis-tvalit-danaxuli-irakli-charkviani/) (20/05/2021)

11.  კოზმანაშვილი ქეთო, რეაქტიული კლუბი / (https://ucnauri.com/193256/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98/) (20/05/2021)

12.  მაყაშვილი, ბიძინა (2021), მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას / თბილისი, სულაკაურის გამომცემლობა.

13.  მაყაშვილი, ბიძინა (2014),  Back to USSR / ჩემი სამყარო: ჟურნალი ახალგაზრდებისთვის, 6:44-57.

14.   მჭედლიძე, თამაზ (2013), 90–იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა / ტაბულა (https://tabula.ge/ge/news/574287-90-iani-clebis-kartuli-alternatiuli-musika) (18/05/2021)

15.  ნეგრაძე ნიკო, ხადური გია, (2015), ირაკლი ჩარკვიანზე და 90-იანების დასაწყისის ქართულ როკზე / ნიკოს პოდკასტი, რადიო თავისუფლება (https://www.radiotavisupleba.ge/a/27359685.html) (19/05/2021)

16.  ჩარკვიანი, ირაკლი (2015), პირადი წერილები / თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“.

17.  ჩარკვიანი, ირაკლი (2016), ავტოპორტრეტი / თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“.

18.  ხარატიშვილი, პაატა (2018), არქივი: რეცეპტი / (https://popmusic.ge/article/2667-arkivi-retsepti) (17/05/2021)

19.  ხარატიშვილი, პაატა (2018), არქივი: ტაქსი / (https://popmusic.ge/article/4975-arkivi-taksi) (17/05/2021)

20.  https://en.wikipedia.org/wiki/Counterculture#cite_note-63 (15/04/2021)

21.  https://en.wikipedia.org/wiki/Beat_Generation (15/04/2021)

22.  https://en.wikipedia.org/wiki/Protest_songs_in_the_United_States (15/04/2021)

  

Comments