ინტერვიუ ავსტრიელ დირიჟორ გუსტავ კუნთან

ავტორი: დოქტორანტი  სოფიო გორდელაძე
ხელმძღვანელი პროფ. მარინა ქავთარაძე

         გამოჩენილი ავსტრიელი დირიჟორი გუსტავ კუნი - ტიროლის ერლის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მონტეგრალის აკადემიის და კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ჰერბერტ ფონ კარაიანის აღზრდილი გუსტავ კუნი სხვადასხვა დროს იყო სტამბულის, ბერნის, დორტმუნდის საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. როგორც მიწვეული არტისტი დირიჟორობდა ორკესტრებს საოპერო თეატრებსა და ფესტივალებზე მსოფლიოს მასშტაბით. სხვადასხვა დროს იყო რომის, ნეაპოლის საოპერო თეატრების და მაჩერატას საოპერო ფესტივალის, ასევე მარკიჯანას ფილარმონიული ორკესტრისა და ბოლცანოსა და ტრენტოს ჰაიდნის სახელობის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, გუსტავ კუნი მოცარტის "ფიგაროს ქორწინების" სცენიური რეპეტიციების დროს. 2012 წელი

1986 წლიდან გუსტავ კუნი იწყებს სარეჟისორო მოღვაწეობასაც.  20 წლის მანძილზე იყო ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის „Neue Stimmen“ სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში (ქალაქი გუტერსლო). 1992 წელს  დააარსა მონტეგრალის აკადემია იტალიის ქალაქ ლუკაში, სადაც მასთან რჩევებისა და კონსულტაციებისთვის ჩადიან როგორც  ახალგაზრდა მუსიკოსები, ასევე საერთაშორისო კარიერაში მყოფი მომღერლები, დირიჟორები, ინსტრუმენტალისტები.  1997 წელს მან დააარსა ტიროლის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი, რომელიც განთქმულია ვაგნერის ოპერების განსაკუთრებული შესრულებით. 2012 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა ტიროლის ფესტივალისთვის ახალი  საოპერო თეატრი,  რომლის გახსნაში მეც ვმონაწილეობდი, როგორც სუზანას პარტიის შემსრულებელი მოცარტის ოპერაში „ფიგაროს ქორწინება“.

          ჩემი და მაესტრო გუსტავ კუნის შემოქმედებითი ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც მან პირველად მომისმინა საერთაშორისო კონკურსზე „Neue Stimmen“ (გერმანია, გუტერსლო). 2012 – 2019 წლებში მისი დირიჟორობით შევასრულე შემდები საოპერო და საკონცერტო პარტიები ტიროლის საერთაშორისო ფესტივალზე, ტრენტოს კომუნალურ თეატრში, მაკედონიის ფილარმონიაში სკოპიეში და ლუკაში (ტოსკანა): სუზანა - მოცარტი  „ფიგაროს ქორწინება“ (2012), ჯილდა - ვერდი „რიგოლეტო“ (2013), ცერლინა - მოცარტი „დონ ჯოვანი“ (2013), დესპინა - მოცარტი „ასე იქცევა ყველა ქალი“ (2014), სოპრანოს პარტია ბეთჰოვენის მე-9-ე სიმფონიაში (2015, 2018), აბიგაილი - ვერდი „ნაბუქო“ (2015), პამინა - მოცარტი „ჯადოსნური ფლეიტა“ (2016), ზაიდე - მოცარტი „ზაიდე“ (2018).  გუსტავ კუნი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსია, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ერთგულად მიჰყვება კომპოზიტორის ჩანაფიქრს, მუსიკალურ ტექსტს. ერთ-ერთია აგრეთვე იმ უკვე იშვიათობად ქცეულ დირიჟორთაგან, რომლებიც მომღერლებთან მუშაობას დიდ დროს უთმობენ. მასთან მუშაობამ მე, როგორც მუსიკოსი ძალიან გამამდიდრა და ბევრი რამ შემძინა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მასთან მუშაობა მოცარტის საოპერო პარტიებზე, რის გამოც გადავწყვიტე სწორედ მისგან ამეღო ინტერვიუ მოცარტის შემოქმედებასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ ჩაწერილია    2022 წლის 4 ივნისს  იტალიაში, ტოსკანაში,  გერმანულ ენაზე.

 

ს. გ. - ძვირფასო მაესტრო, მე მქონდა ბედნიერება თქვენთან მემუშავა და მომემზადებინა არაერთი მნიშვნელოვანი როლი. მათგან დიდი ნაწილი მოცარტის საოპერო პარტიებია. მე ვფიქრობ თქვენ თანამედროვეობის უდიდესი მუსიკოსი ბრძანდებით, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი შეხედულებები მოცარტის საოპერო შემოქმედებასთან მიმართებაში და დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩემთან სასაუბროდ.

გ. კ. -  ჩემთვისაც დიდი სიამოვნება იყო თქვენნაირ არაჩვეულებრივ მომღერალთან და მუსიკოსთან მუშაობა. სიამოვნებით, ვისაუბროთ მოცარტზე.

 

ს.გ. - როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მოცარტის შესრულება მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომღერლებისთვის და რატომ?

გ.კ. - მე ვფიქრობ, უფრო სწორად მე ვიცი, რომ მოცარტის სიმღერა მნიშვნელოვანია, უმნიშვნელოვანესია. რატომ? იმიტომ, რომ მოცარტი მის საოპერო შემოქმედებაში, განსაკუთრებით მის სამ ოპერაში და პონტეს ლიბრეტოზე („ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჯოვანი“ და „ასე იქცევა ყველა ქალი“) ისეთ სრულყოფილებას აღწევს სასიმღერო გამომსახველობის და მელოდიური ხაზის ერთიანობის თვალსაზრისით, როგორიც აღარასდროს განმეორდება (მოგვიანებით რიჰარდ შტრაუსი უახლოვდება ამ სრულყოფილებას მის საოპერო შემოქმედებაში- გ.კ.). ამიტომ მოცარტის სიმღერა ახალგაზრდა მომღერლისთვის ფაქტობრივად საფუძველთა საფუძველია. თუ მომღერალი მოცარტს კარგად მღერის, მას შეუძლია ყველაფერი დანარჩენი კარგად იმღეროს, ბელკანტო, ვაგნერი, ვერდი...


ს.გ. - რატომ არის მოცარტის შესრულება  ასეთი რთული?

გ.კ. - დღეს ძალიან უყვართ სიტყვა „კომპლექსური“, თანამედროვე პრესაში ყველაფერს „კომპლექსურს“ არქმევენ. მოცარტთან მიმართებაში ნამდვილად შეგვიძლია ეს სიტყვა გამოვიყენოთ. მოცარტი რთულია, რადგან იგი მართლაც კომპლექსურია.  თუ არ გაქვს  შესაბამისი გამომსახველობა, მაშინვე იკარგება ხარისხი, იგი კარგავს ავთენტურობას, ნამდვილობას.  ბელკანტოში ყველაფერი სავსებით ცხადი და გასაგებია:  აქ წამყვანი მომღერალია, ხოლო ორკესტრი ნამდვილი თანხლების როლს ასრულებს. შესაბამისად, თუ მომღერალი არასათანადოდ მღერის, ყველაფერი აზრს კარგავს. მოცარტთან ვოკალური და საორკესტრო პარტიები საერთო ქსოვილის ნაწილია, მოცარტის ორკესტრი მომღერლის სულიერი გამომსახველობის სარკე, ანარეკლია.  ამიტომ არის ის რთული და კომპლექსური. მოცარტის შესრულებისას მუსიკოსი უზომოდ ბევრს სწავლობს. მოცარტის სიმღერა კომპლექსური მუზიცირებაა, კომპლექსური მუსიკაა, რომლის შესრულებითაც მომღერალი ძალიან ბევრს სწავლობს, ამიტომაც არის ასეთი რთული.


ს.გ. - მე მომღერლის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მოცარტი ასეთი რთულია, რადგან ასეთი გამჭვირვალეა, ვერაფერს ამოეფარები...


გ.კ. - ესეც, თუმცა როსინიც გამჭვირვალეა
J

 

ს.გ. - რატომ არის მოცარტი ასეთი გამორჩეული? გენიოსია, რა თქმა უნდა, მაგრამ განცალკევებით დგას გენიოსთა შორისაც. ეს იმის დამსახურებაა, რომ მან ყველა იმ დროს არსებულ ჟანრში სანიმუშო ნაწარმოებები შექმნა? თუ რომ მან ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ახალგაზრდა ასაკში დაწერა?


გ.კ. - მოცარტის წარმოუდგენელ გენიას ხედავ (და იმედია ხვდები), როცა მის პარტიტურებს უყურებ. ის ფაქტობრივად არ ასწორებდა ნაწერს,  ქმნიდა პირდაპირ სრულყოფილებას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოცარტს გვერდით ჰყავდა მისი დროის ერთერთი საუკეთესო პედაგოგი მთელს ევროპაში, ლეოპოლდ მოცარტის სახით. ამიტომ მოცარტი, 14-15 წლის ასაკში უკვე სრულყოფილად ფლობდა კომპოზიტორის ხელობას და ფაქტობრივად საკომპოზიტორო შეცდომებს არ უშვებდა.  მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი პ.ი. ჩაიკოვსკი იყო, რომელსაც ძალიან საინტერესო დაკვირვებები (შენიშვნები) აქვს მოცარტის შემოქმედებასთან დაკავშირებით. როცა ჩაიკოვსკის შემოქმედებას ეცნობი ხედავ, როგორ ცდილობს იგი მოცარტისთვის დამახასითებელ გამჭვირვალობას მიაღწიოს. ჩემი აზრით, ჩაიკოვსკის ინტერპრეტაციისას მისი მოცარტის შემოქმედებისადმი უსაზღვრო სიყვარული უნდა გავითვალისწინოთ. მოცარტი, როგორც ბახი, გენიოსია, რომლის გენია ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანის დონეს სცდება. მოცარტის შესრულებისასაც მუდმივად გაქვს განცდა,  რომ ამის დაწერა ჩვეულებრივ ადამიანს არ ძალუძდა. მაგალითად დო მაჟორული სიმფონიის (იუპიტერი, ნ. 41) ბოლო წინადადების შესრულებისას.  ეს მუსიკა, ეს შთაგონება სადღაც ზეციდან მოდის. მხოლოდ ორი ადამიანია, ვისი შემოქმედებაც ისეთი სრულყოფილია, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, შეუძლებელია ადამიანმა ასე წეროს. ეს არის ბახი მისი სრულყოფილი მუსიკალური გამომსახველობის ძალით და მოცარტი. მხოლოდ ორი.

 

ს.გ. - ჩემს მომდევნო კითხვას თქვენ  გარკვეულწილად უკვე გაეცით პასუხი, თუმცა მინდა მაინც ჩაგეკითხოთ: არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა ხმას არ შეუძლია მოცარტის სიმღერა. მაგალითად მამაკაცის დრამატულ ხმებს (დრამატული ტენორი მყავს მხედველობაში).

გ.კ. - ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა დირიჟორი ჩიკაგოში ვდირიჟორობდი ბეთჰოვენის „ფიდელიოს“, სადაც ფლორესტანს ჯონ ვიკერსი მღეროდა. მოგეხსენებათ, ჯონ ვიკერსი ნამდვილად იყო მისი დროის გმირული ტენორი (დრამატული ტენორი „Helden Tenor“). ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო ტენორთან მუშაობა, რომელიც ძალიან სასიამოვნო პიროვნებაც აღმოჩნდა. პირადი საუბრისას ვკითხე : „როგორ ახერხებთ, რომ მიუხედავად ამდენი წლის კარიერისა, ხმა ასე ახალგაზრდულად გიჟღერთ“? (ვიკერსი ამ დროს უკვე 60 წელს გადაცილებული იყო - გ.კ.). რაზეც მან მიპასუხა: „ უნდა გაითვალისწინოთ, რა ასაკიდან დავიწყე დრამატული პარტიების შესრულება. მანამდე მოცარტის უამრავი პარტია მაქვს ნამღერი, ტამინო, ოტავიო და სხვა“. როცა მოცარტს ბევრს და ხშირად ასრულებ, შეიძლება ასაკთან ერთად ხმა გაიზარდოს, შესაბამისად მოცარტის სიმღერა გაგირთულდეს, მაგრამ ეს თავად ხმამ უნდა გიკარნახოს. მაგალითად,  რომ კმარა ბელმოტეს სიმღერა, მაგრამ ტამინო კიდევ შეიძლება 10 წელი ვიმღერო. შემდეგ როდესღაც ტამინოს დროც მთავრდება და უკვე მხოლოდ „ტრისტან და იზოლდას“ მღერი, მარგამ მოცარტი ნამღერი უნდა გქონდეს, თუ გინდა, რომ სრულყოფილი მომღერალი იყო. პავაროტი, რომელთან ერთადაც ათწლეულების მანძილზე ვმუშაობდი, ამბობდა, რომ მისი მშველელი წმინდა ვოკალური და აგრეთვე მუსიკალური თვალსაზრისით იყო არც მეტი არც ნაკლები იდამანტე („იდომენეოსი“)! (ამ პარტიას დღეს უმთავრესად მეცოსოპრანოები მღერიან, ძალიან იშვიათად ტენორი, რადგან წარმოუდგენლად რთულია ტენორისთვის ეს პარტია. ს.გ.).

 

ს.გ. - გამოდის, რომ ყველა ხმას უნდა შეეძლოს მოცარტის შესრულება?

გ.კ. - დიახ, ან ადრე მაინც უნდა ჰქონდეს შესრულებული, ახალგაზრდა ასაკში. სხვა შემთხვევაში მომღერალს სიმღერის ცოტა რამ თუ ესმის ისევე, როგორც საერთოდ მუსიკის.

 

ს.გ. - ენობრივი სხვაობის გარდა, როგორ ფიქრობთ, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან მოცარტის გერმანული და იტალიური ოპერები?

გ.კ. - მოცარტის ოპერები სიმფონიურ კონტექსტშია გასააზრებელი.. მოცარტი - და პონტეს ოპერები იმდენად სრულყოფილია, რომ ეს მიუღწეველი სრულყოფილებაა გარკვეულწილად. ბელკანტოში ხდება ერთი მხარის, ოპერაში ალბათ უმთავრესის - სასიმღერო მხარის წარმოჩენა, დომინირება. მაგრამ უკვე ვერდისთან ვხედავთ კლასიკური მუსიკის,  იგივე მოცარტის შემოქმედების თაყვანისცემას. გავიხსენოთ თუნდაც „ფალსტაფი“, რომელიც ფუგით მთავრდება. აქ უკვე ჩანს ვერდის აღფრთოვანება კლასიკური პერიოდის მუსიკით.  ვერდის ბევრად უკეთ ესმოდა კლასიკოსების, ვიდრე მას ამას მიაწერენ და ძალიან დიდ პატივს სცემდა მათ შემოქმედებას. ამის გამოც ვარ ვერდის ასეთი დიდი თაყვანისმცემელი.  მოცარტთან სასიმღერო გამომსახველობა საერთო, მთლიანის ნაწილია, რადგან საორკესტრო ქსოვილიც, საორკესტრო დრამატურგიაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სასიმღერო. ეს ორივეს ეხება, მოცარტის იტალიურ და გერმანულ ოპერებს.  თუმცა, მოცარტის იტალიურ ოპერებში სასიმღერო გამომსახველობა ასევე დრამატული გამომსახველობაცაა.

 

ს.გ. - თქვენ არ გამოარჩევთ ანუ იტალიურ და გერმანულ ოპერებს, ორივეს თანაბრად სიამოვნებით ასრულებთ.

გ.კ. - არა, ორივე იტალიური და გერმანული ოპერები არაჩვეულებრივია. მაგალითად, ახალგაზრდა მოცარტიდან გენიალურია  ოპერა „სერალიდან გატაცება“... დანიელი ფილოსოფოსის - სორენ კირკეგარდის მშვენიერი გამონათქვამი მახსენდება: „რთულია თქვა რომელია საუკეთესო ოპერა, თუმცა ყველაზე საუკეთესო, რაც კი საერთოდ დაწერილა არის „დონ ჯოვანი““. მაგალითად, მე ყოველ ჯერზე კვლავ და კვლავ მაოცებს „ასე იქცევა ყველა ქალი“-ს სრულყოფილება...

 

ს.გ. - ჩემი შემდეგი შეკითხვა ასეთია: რომელია მოცარტის თქვენთვის ყველაზე საყვარელი  ოპერა?

გ.კ.  - „დონ ჯოვანი“, ისევე როგორც კირკეგარდის (იცინის)... თუმცა, არა. ჩემი საყვარელი არის მოცარტი - და პონტეს სამივე ოპერა. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ამ ოპერებში წარმოუდგენელი სრულყოფილებაა მიღწეული. უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტი, ლიბრეტო, კომპოზიტორისთვის შთაგონებაა. და პონტეს ლიბრეტოები, თუ იტალიური კარგად გვესმის, საოცრად გონებამახვილია, კომიკურია, ორაზროვანია, სატირაა, იმდენად წვეტიანი მახვილი იუმორია, ეროტიკულია. მოცარტის შესრულებისას ერთერთი ყველაზე მცდარი მოსაზრება დღესდღეობით აგრეთვე არის ის, რომ მოცარტი უნდა შესრულდეს ყოველგვარი ეროტიზმის გარეშე,  უფრო მშრალად, გლუვად (glatt), ეს სრულიად წარმოუდგენელია. მოცარტი საერთოდაც მიეკუთვნება მუსიკის ეროტიკულ  ნაწილს. მისი მუსიკა (ტექსტიც) სწორედ რომ ეროტიკულია.

 

ს.გ.  - უნდა შესრულდეს თუ არა მოცარტი ვარიაციებით და სამშვენისებით?

გ.კ. - არა, სავალდებულო არ არის. ყოველთვის მუსიკიდან უნდა გამოვიდეს შემსრულებელი. თუ გრძნობს, რომ მუსიკა იტანს   გამეორებას, მეორედ, მესამედ, თუ ის გარკვეულ გამომსახველობით შინაარსს ანიჭებს ამ გამეორებებს, მაშინ რა სავალდებულოა სამშვენისები. ეს მომღერლის გემოვნების, მისი ინტუიციის საკითხიცაა. მაგალითად გრაფინიას მეორე არიის რეპრიზაში „Dove sono i bei momenti“, თუკი მომღერალს სწორად მიჰყავს მელოდიური ხაზი, ინარჩუნებს შინაგან დრამატულ დაძაბულობას, გულწრფელად და გრძნობით მღერის,  რაღა საჭიროა ვარიაციები. ეს ხომ უკვე ისედაც ურთულესი და ულამაზესია. ეს ხომ სრულყოფილად დაწერილი ფრაზებია. ასევე სრულიად უაზრობად მიმაჩნია გამეორებისას ამ ფრაზების პიანისიმოზე სიმღერა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მომღერალმა საკუთარი ოსტატობა აჩვენოს, რადგან რეპრიზაში ორკესტრში საყვირები (Hörne) შემოდიან, შესაბამისად უფრო დატვირთულია ორკესტრი, ვიდრე დასაწყისში იყო... მუსიკა, ერთის მხრივ მართლაც ურთულესია, მაგრამ მეორე მხრივ იოლია, თუ შემსრულებელი ახერხებს შინაგანი მუსიკალური დაძაბულობის შენარჩუნებას.  მოცარტთან ეს მომენტი არაჩვეულებრივია, რადგან მისი მუსიკა სრულყოფილად არის დაწერილი. მოცარტთან საჭიროა მხოლოდ მივყვეთ მოცარტს (მის ტექსტს). სხვა კომპოზიტორებთან ზოგჯერ გვჭირდება რაღაცის დამატება, გამოგონება. მაგალითად დონიცეტი, რომელიც  ფანტასტიკური, თუმცა ჩემი აზრით არასათანადოდ დაფასებული კომპოზიტორია. მაგრამ მასთან ხშირად გვჭირდება რაღაცის დამატება, გამოგონება, ვარირება, რაც ბუნებრივიცაა: 70 ოპერა, ასეთ მოკლე დროში დაწერილი...რა თქმა უნდა ისე დაწვრილებით დამუშავებული ყველა არც არის.  ვარირება მომღერლის სურვილი უნდა იყოს, და არა ვალდებულება.

 

ს.გ. - მოცარტი და პონტეს ოპერებზე თქვენ თქვით, რომ ისინი სრულყოფილია. ალბათ მთლიანობაში გულისხმობთ ყველაფერს ერთად, ორკესტრობა, სასიმღერო გამომსახველობა, დრამატული გამომსახველობა, ლიბრეტო, ყველაფერი ერთად?

გ.კ. - დიახ, სწორედ ასეა.


ს.გ. - რა თვისებები უნდა ჰქონდეს მუსიკოსს, რომ იგი მოცარტის კარგ შემსრულებლად ჩამოყალიბდეს? სულერთია იქნება ეს მომღერალი, ინსტრუმენტალისტი, თუ დირიჟორი...

გ.კ. - ძირითადი ყველა მუსიკოსისთვის ერთია და ეს ზუსტად ისაა, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე: შემსრულებელი ნაწარმოების სრულყოფილებას უნდა გრძნობდეს, მას უნდა მიჰყვეს, მისდიოს. (Nachspüren). უნდა გაიაზროს, რისი გამოხატვა, რისი წარმოჩენა უნდოდა მოცარტს. უნდოდა გულშიჩამწვდომი (ergreifend) ყოფილიყო, თუ განსაკუთრებით ვირტუოზული. ვუბრუნდებით შეკითხვას, თუ რატომ არის მოცარტის შესრულება ასეთი რთული? რადგან მოცარტთან ყოველთვის ყველაფერი უკვე წერია  (ამოწერილია ტექსტში). მოცარტი წერს მოულოდნელად საოცრად ვირტუოზულ 4 ტაქტს, მაშინ მომღერალი უნდა იყოს მხოლოდ ვირტუოზი ამ ტაქტების მანძილზე, სხვა მიზანი და ამოცანა ამ მომენტში არ არსებობს. მაგალითად ავიღოთ ვირტუოზული მონაკვეთები სტოკატოებზე ღამის დედოფლის არიიდან (ჯადოსნური ფლეიტა), ვირტუოზულობა გვაჩვენებს ღამის დედოფლის ბრწყინვალებას, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ღამით და ა. შ. ანუ უნდა მივყვეთ რა არის ნაჩვენები, რისი ჩვენება უნდოდა მოცარტს. მაგალითად იგივე ღამის დედოფლის არიიდან სხვა მონაკვეთი: „O, zittre nicht, mein lieber Sohn“... ეს დრამატული ფრაზებია, დრამატული გამომსახველობაა საჭირო. „Zum Leiden bin ich auserkoren....“ ეს ძალიან ინტიმურად, მგრძნობიარედ უნდა ვიმღეროთ (innerlich). ურთულესია და ძალიან ხშირად, როცა ღამის დედოფალი ამ ფრაზების სიმღერას იწყებს, ისმის მხოლოდ შემდეგი შინაარსი: „ ღმერთო, რა რთული არიაა, როგორ ვიმღერებ მეოთხე ოქტავის ფა-ს, რა ცუდი ტესიტურაა“... ეს არავის აინტერესებს, დასაწყის ფრაზებში მინდა მისი ტკივილი, სევდა მესმოდეს და არა მოსალოდნელი ფა. ანუ მოცარტთან გამომსახველობა უმთავრესია, სულ, სულ ამაზე უნდა მუშაობდეს შემსრულებელი.

 

ს.გ. - არსებობს ასევე საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ მომღერლები, ვინც მოცარტის შემსრულებლები არიან, ვერ მღერიან ვერდის, ვაგნერს და სხვა კომპოზიტორებს. თქვენ რას ფიქრობთ?

გ.კ.  -   ეს სრული უაზრობაა. ისევე, როგორც მახსენდება კიდევ ერთი სრულიად აზრს მოკლებული მოსაზრება, რომ მოცარტის სიმღერისას მკერდის რეგისტრი არ უნდა გამოვიყენოთ. მაინტერესებს, როგორ იმღერებს სოპრანო კონსტანცეს არიაში მცირე ოქტავის ლა-ს, ან ვიტელიას არიაში („ტიტუსის გულმოწყალება“)  მცირე ოქტავის სოლ-ს მკერდის რეგისტრის გარეშე. მოცარტი არის კომპოზიტორი, რომელიც ადამიანური ხმის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. მას უნდა აჩვენოს მკერდის რეგისტრი, უკიდურესი თავის რეგისტრი და რა თქმა უნდა ცენტრი. და როცა მომღერალი, როგორც მისი ალოიზია, განსაკუთრებული ვირტუოზულობით გამოირჩევა, მაშინ მოცარტის მუდმივი ინტერვალები თავის რეგისტრსა და მკერდის რეგისტრს შორის გასაგები ხდება (მაგალითად მოჰყავს ფიორდილიჯის პირველი არია). ეს მომენტი ძალიან მომხიბვლელია მოცარტთან, რომ მას უყვარს აჩვენოს, რომ კარგ მომღერალს აქვს კარგი მკერდის და თავის რეგისტრები და ერთიდან მეორეზე გადახტომა სრულებით არ წარმოადგენს სირთულეს.

 

ს.გ. - რომელ გამომცემლობას გვირჩევდით მოცარტის ოპერებისთვის და ზოგადად მოცარტის შესასრულებლად?

გ.კ.  -  შეიძლება ითქვას, რომ 1920-1930-იანი წლების შემდგომი მოცარტის ნაწარმოებების  გამოცემების უმეტესობა საკმაოდ მაღალი სტანდარტისაა. მაგალითად ოილენბურგის პარტიტურები ძალიან დიდი მზრუნველობითაა გამოცემული, გამოირჩევა სიზუსტით, ამ პარტიტურების გამოცემაზე ძალიან კარგი მუსიკის მეცნიერები მუშაობდნენ. რა თქმა უნდა ბერენრაიტერის ახალი გამოცემა ძალიან კარგია. ვგონებ ახლა კიდევ გამოვიდა მოცარტის უახლესი გამოცემა (ბერენრაიტერი ისევ).

 

ს.გ. -  რას წარმოადგენს კარგი გამომცემლობა, რა განსაზღვრავს გამოცემის დონეს, ხარისხს? ან რას უნდა გვთავაზობდეს გამოცემა, რომ ის კარგ გამოცემად ჩაითვალოს?

გ.კ. - ამას გამსაზღვრავენ ის მუსიკოლოგები, ვინც ამა თუ იმ გამოცემაზე მუშაობენ. მაგალითად ბერენრაიტერის გამოცემებზე უკვე ძალიან კარგი მუსიკის მეცნიერები მუშაობდნენ. ჩემთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, გამჭოლი ბგერა სი ბემოლი წერია, თუ სი. (ეს ლოგიკურად ისედაც გაირკვევა შესრულებისას). მაგრამ კარგი გამოცემა გაჩვენებს იქ, სადაც მართლა საკამათო ადგილებია, რომ მაგალითად, ზუსტად არ არის ცნობილი  ეს კონკრეტული კუპიურა მოცარტის არის თუ არა. პირველ რიგში მუსიკა უნდა გვესმოდეს, მუსიკას უნდა ვიცნობდეთ, მუსიკა უნდა ვისწავლოთ. ჩემთვის ეს განვითარების მნიშვნელოვანი გზაა. როცა მუსიკა იცი (როცა მუსიკოსი ხარ), მაშინ აქედან გამომდინარე განსჯი როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის საჩოთირო ადგილი, ამას ყოველთვის გამოცემაში ვერ ამოიკითხავ. უამრავი სამეცნიერო წიგნი და კვლევა არსებობს თითოეულ ტენუტოსა და სტოკატოზე, როგორ უნდა შესრულდეს და ა.შ.  საჭიროა მოვუსმინოთ გამომსახველობას, მუსიკას და ის თავად გვანიშნებს როგორ უნდა შესრულდეს. თუ რომელიმე გამოცემის მოცემულობა სრულიად ეწინააღმდეგება მუსიკის გამომსახველობის კანონებს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს გამომცემლობა არ არის კარგი. აქ მაგალითად მოჰყავს იტალიური სიტყვა vigliacco, სადაც ბუნებრივად მახვილი მეორე მარცვალზე მოდის. აქ უკვე უმნიშვნელოა გამოცემაში ამ მარცვალზე მახვილი წერია თუ არა, რადგან შესრულება ბუნებრივად გვიკარნახებს ამას. მაგრამ თუ სადმე აქცენტი მესამე მარცვალზეა გადატანილი, აქ უკვე გასაგებია, რომ შეცდომასთან გვაქვს საქმე.  თუმცა არსებობს გამოცემები, რომლებიც მსგავს ვარიანტებს გვთავაზობენ და ხშირად შემსრულებლები სრულიად ლოგიკურ მუსიკალურ კონტექსტს სწორედ მსგავსი გამოცემების გამოისობით ალოგიკურს ხდიან. თუკი ავტორის ხელნაწერში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ კომპოზიტორს მხოლოდ აქაიქ უწერია მინიშნებები, რადგან ეს შემსრულებლის ინტერპრეტაციის საკითხია, შემსრულებლის ფანტაზიის და გემოვნების.

 

ს.გ. - მოცარტი „ cosi fan tutte“ - საც აღნიშნავს როგორც dramma giocoso. რამდენად ეთანხმებით ოპერის (და ლიბრეტოს) ამ განსაზღვრებას. არის ეს dramma giocoso?

გ.კ. - და სხვა რა უნდა იყოს?


ს.გ. - კომედია?

გ.კ. - არა, არა. ამ ოპერაში საუკეთესო მომენტები ზუსტად რომ დრამატული მომენტებია, მუსიკალური თვალსაზრისით. ფერრანდოსა და ფიორდილიჯის დუეტი მეორე მოქმედებიდან - fra gli amplessi. ნამდვილი დრამაა. რაც არ უნდა ძლიერი მამაკაცი იყო, როცა შეყვარებული გღალატობს, ეს არც ისე სასაცილოა. რა თქმა უნდა, მამაკაცის შემთხვევაში საუკეთესო იარაღია სტრატეგია - თუკი არ გიყვარვარ თავს მოვიკლავ! და ქალებს სჯერავთ. დრამა ჯოკოზო. ეროტიზმი და დრამა. და ეს ასევე უნდა შესრულდეს, ამ ოპერის შესრულების შემდეგ musst du fertig sein (ძალიან დაღლილი უნდა იყო).  მოცარტი - და პონტეს სამივე ოპერაში ერთ-ერთი ძირითადი ხაზია  ეროტიზმი და  ასევე „როგორ უნდა ვთქვა ჩემს უფლებებზე უარი“? თანამედროვეობაში თალიბანს სურს ქალებზე შეინარჩუნოს უფლებები. გრაფის შემთხვევაში „ფიგაროს ქორწინებიდან“, გრაფს არ სურს საკუთარ უფლებებზე უარის თქმა. ბოლოში მას მაინც უწევს უარის თქმა და უკან დახევა, რადგან ყველაფერი უკუღმა დატრიალდება მისთვის. დრამა! გრაფინიას შემთხვევაშიც დრამაა. ფაქტიურად ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში ქმარს სრულებით აღარ აინტერესებს ის, როგორც ქალი. დრამა! კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და პონტეს ლიბრეტოს გენიალურობას, აშკარაა როგორი შთაგონებით და ენთუზიაზმით აღავსებდა ისინი მოცარტს. (მოგვიანებით ბევრად ნაკლები ენთუაზიაზმით დაწერს ის „ტიტუსის გულმოწყალებას“,  ნაკლებად ბრწყინვალე ლიბრეტოთი, თუმცა არანაკლებ კარგი მუსიკით).

 

ს.გ. - სუზანა, გრაფინია, ცერლინა, ზაიდე, პამინა - ეს პარტიები ჩემი გამოცდილებით ლირიკული სოპრანოს პარტიებია, თქვენ როგორ ფიქრობთ?


გ.კ. - რა თქმა უნდა. შეგვიძლია ელვირა დავამატოთ.


ს.გ. - მე ასევე ჩემს შრომაში ელექტრაზე ვწერ, რადგან ეს პარტიაც ნამღერი მაქვს და ძალიან საინტერესო პარტიაა, თუმცა ეს წმინდა ლირიკული სოპრანოს პარტია არ არის, არა?


გ.კ. - დიახ, ელექტრა უფრო მეტად დრამატულია, თუმცა თქვენი ხმისთვის ეს ძალიან კარგია.  ამ პარტიის შემსრულებელი ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული უნდა იყოს.


ს.გ. - მაესტრო, რატომ არის რომ ხშირად ცერლინას, სუზანას და დესპინას პარტიებს ძალიან მსუბუქ სოპრანოებს ამღერებენ? სუბრეტებს?


გ.კ. - ეს შეცდომაა. არა მხოლოდ ხმის ტემბრის, არამედ პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარეც. მაგალითად სუზანას სუბრეტთან არაფერი ესაქმება. ისიც უნდა ითქვას, რომ ანსამბლებში სუზანა გრაფინიასთან შედარებით ტერციით ქვემოთ მღერის. ამიტომ ამ ხმას კარგი ცენტრი უნდა ჰქონდეს. ასევე ცერლინაც და დესპინაც, სამივე ამ პარტიას არაფერი აქვს საერთო სუბრეტთან. ესენი უნდა იყოს ნორმალური ზომის და წონის ხმები. მაგალითად, წმინდა ვოკალური თვალსაზრისით კაბალე არაჩვეულებრივი ცერლინა იყო. (მხოლოდ ჩანაწერი არსებობს, თუ არ ვცდები . ს.გ.)

 

ს.გ. - გრაფინია და სუზანა დაახლოებით ერთი ტიპის ხმებია?


გ.კ. - დიახ, ერთნაირი ხმებია. სუზანას არიაში ხედავთ, რომ სუზანას მცირე ოქტავის ლა-მდე უწევს ჩასვლა, როგორ იმღერებს ამას სუბრეტი? ცერლინასთანაც იგივე პრობლემაა, სოპრანოს კარგი ცენტრი უნდა ჰქონდეს. ხშირად მეცოს ამღერებენ ამ პარტიას, თუმცა ცერლინას არიის კოლორატურები მეცოსთვის აშკარად არ არის დაწერილი. თქვენ იყავით ჩემთვის იდეალური ცერლინა და სუზანა.

 

ს.გ. - დიდი მადლობა მაესტრო!
მოცარტის შემოქმედებაში რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრი? მისი შემოქმედების ცენტრი,ასე ვთქვათ.


გ.კ. - ერთმნიშვნელოვნად საოპერო ჟანრი, (რადგან ამ ჟანრში სრულყოფილი ნიმუშები შექმნა). თუმცა სხვა ჟანრებშიც ნამდვილი შედევრები აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ოპერა.

 

ს.გ. - მართალია თქვენ უკვე 30 წელზე მეტია თავად ხართ ოპერების რეჟისორი, რომლებსაც დირიჟორობთ, მაგრამ გყავთ თუ არა გამორჩეული რეჟისორები, განსაკუთრებით მოცარტის ოპერებთან მიმართებაში?


გ.კ. - განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის ჟან-პიერ პონელთან მუშაობა მოცარტის ოპერებზე, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე.


ს.გ. - როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეჟისორის კონცეფცია და რა უფრო მნიშვნელოვანია დღესდღეობით - რეჟისორის იდეა, თუ კომპოზიტორის?


გ.კ. - მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორს ცოტათი მაინც შეეძლოს კლავირის წაკითხვა, სხვა შემთხვევაში რთულია გაიგო მოცარტი, როგორი მუსიკალური დრამატურგიითაა მაგალითად ანსამბლები დაწერილი. ანუ რეჟისორს  ნოტების კითხვა უნდა შეეძლოს და ასევე სასურველია იტალიური ენა ესმოდეს, სხვანაირად როგორ უნდა დადგა და პონტეს ოპერა, თუ იტალიური არ გესმის?! დღეს სამწუხაროდ ხშირად ასეც ხდება. მოცარტის შემთხვევაში თითოეული ბგერა,  თითოეული სიტყვა უნდა იცოდე და გესმოდეს. მოცარტი ისეთი ტალანტი იყო, ისეთი ბრწყინვალე, ისე დაუჯერებლად ნიჭიერი მუსიკოსი, მასთან ყველაფერი არის სრულყოფილი. რომ წარმოვიდგინოთ ხე, მოცარტთან თითოეული ღერო, თითოეული ფოთოლი სრულყოფილია, ხეს არ აქვს მეტად და ნაკლებად სრულყოფილი ფოთლები, ხე არის სრულყოფილი, ღმერთისგან შექმნილი. ასევეა მოცარტი. რა თქმა უნდა რეჟისორისთვის უმთავრესი უნდა იყოს თავად მოცარტი და მისი სრულყოფილი ქმნილებები. როცა რეჟისორი მოდის თავისი იდეით და იქვე უნდა ხე ძირში მოჭრას, მაშინ მოცარტის საქმეც დამთავრებულია.


ს.გ. - მაესტრო, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის, რომ თქვენი ძვირფასი დრო დამითმეთ.


გ.კ. - სიამოვნებით, თქვენნაირ გამორჩეულ მომღერალს სიამოვნებით დავუთმობ დროს. 




______________________________________________

    ინტერვიუს ბოლოს გთავაზობთ ფოტომასალას სხვადასხვა სპექტაკლიდან ინტერვიუს ავტორის, სოფიო გორდელაძის მონაწილეობითა და გუსტავ კუნის დირიჟორობით.

ვერდი - "ნაბუქო"  ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, 2015 წელი. აბიგაილი - სოფიო გორდელაძე. დირიჟორი - გუსტავ კუნი, რეჟისორი - ანდრეას ლაისნერი


ვერდი - "ნაბუქო",  ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, 2015 წელი. აბიგაილი - სოფიო გორდელაძე. დირიჟორი - გუსტავ კუნი, რეჟისორი - ანდრეას ლაისნერი

მოცარტი - "დონ ჯოვანი", ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, 2013 წელი. დირიჟორი და რეჟ. გუსტავ კუნი. ცერლინა - სოფიო გორდელაძე

მოცარტი - "ასე იქცევა ყველა ქალი", ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, 2014 წელი. დირიჟორი და რეჟისორი გუსტავ კუნი, დესპინა - სოფიო გორდელაძე

ვერდი - "რიგოლეტო" - ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, 2013 წელი. დირიჟორი და რეჟისორი გუსტავ კუნი. ჯილდა - სოფიო გორდელაძე

მოცარტი - "ჯადოსნური ფლეიტა" - ტიროლის საერთაშორისო ფესტივალი ერლში, 2016 წელი. დირიჟორი და რეჟისორი გუსტავ კუნი. პამინა - სოფიო გორდელაძე



Comments