ფორტეპიანოს ახალი რესურსები: stringpiano (ჰენრი კოუელის “ეოლოსის არფის” და “ბენშის” მაგალითზე)


ავტორი: კომპოზიცია მუსიკოლოგიის 
ფაკულტეტის, მუსიკის ისტორიის მიმართულების
მე-3 კურსის სტუდენტი
თინათინ მაისურაძე
ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ბოლაშვილი

(მოხსენება წარმოდგენილი იყო 2022 წლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების შემაჯამებელ კონფერენციაზე)


    მეოცე საუკუნე მუსიკალურ აზროვნებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა, რაც უკავშირდება ცხოვრების ახალ სტილს, ახალ მსოფლმხედველობას, ახალ “აჩქარებული დროს”. ამან გამოიწვია მუსიკალური დროისა და სივრცის ახლებური გააზრება, ახალი მუსიკალური ენის, გამომსახველი ხერხებისა და ჟღერადობის ახალი ტიპების აღმოჩენა, ასევე, ახალი რესურსების გამოყენება ტემბრის სფეროში. ამისათვის კომპოზიტორებს დასჭირდათ არსებული გამომსახველი ხერხების გაფართოება, მათი რადიკალური გარდაქმნაც კი, ახალი თემებისა და სიუჟეტების აღსაბეჭდად კი ფერთა ახალი პალიტრის შექმნა. ზოგი კომპოზიტორი ამ მიზნებს აღწევს ტემბრთა სინთეზით (მაგალითად, შონბერგის კამერული სიმფონია op. 9; ბერგის კამერული კონცერტი; ვებერნის სიმფონია op. 21; სტრავინსკის “საღვრთო გაზაფხული”), ზოგი — საკრავთა განსხვავებული განლაგებით (მაგალითად: ბარტოკის “მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის”; აივზის "ცენტრალური პარკში" ან "უპასუხოდ დარჩენილი კითხვა"), სხვები (მაგალითად, ბარტოკი, ან ვარეზი) არსებულ ინსტრუმენტთა რესურსების ახლებური გამოყენებით. ასევე, მოხდა ცვლილებები მუსიკალური ენის სხვა პარამეტრებში, როგორებიცაა, მაგალითად, დინამიკა, არტიკულაცია, რიტმი.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის კომპოზიტორთა შორის მეტად საინტერესო ფიგურას წარმოადგენს ჰენრი კოუელი, რომელიც ცნობილია თავისი ნოვატორული შემოქმედებითი მიგნებებით. მათ შორის არის: ულტრაქრომატიზმი (სიმებიანი კვარტეტი no.1, 1916; Seven Paragraphs [შვიდი პარაგრაფი], 1925); რთული რიტმული კომპლექსები (კვინტეტი Romantic [რომანტიკული], 1917); პოლორიტმია, პოლიმეტრია, პოლიტემპი (კვარტეტი Euphometric, 1919); ნოვატორული სანოტო დამწერლობა (Fabric, [“ქსოვილი”] 1920; A Composition [“კომპოზიცია”] 1925; Tiger [“ვეფხვი”] 1928); სანოტო ტექსტის ნაწილობრივი ფიქსირება (Ensemble, 1924, rev. 1956); კლასტერებით მიღწეული მუსიკალური ფერადოვნება და უჩვეულო ჟღერადობა, (პირველად გამოჩნდა Adventures in Harmony-ში ფორტეპიანოსთვის (1913), მოგვიანებით კლასტერები გამოიყენებოდა კამერულ და საორკესტრო პარტიტურებში[1]). ცალკე უნდა გამოვყოთ სტრუქტურის ახალი შესაძლებლობების ძიება, ორივე - დეტერმინირებული (სიმებიანი კვარტეტი no.4, “United,” 1936) და ინდეტერმინირებული (Mosaic Quartet, 1935); ასევე, მუშაობა ელასტიური ფორმით, მათ შორისაა Ritournelle”, Les mariés de la Tour Eiffel-დან (“ახალდაქორწინებულები ეიფელის კოშკზე” - მუსიკა ჟან კოქტოს პიესისთვის, 1939), 26 Simultaneous Mosaics (“26 ერთდროული მოზაიკა”, 1963). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოუელის მიგნებები ახალი ტემბრული რესურსების სფეროში, კერძოდ, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოიყენა ელექტრონული ინსტრუმენტები (The Rhythmicon, გამოგონებული ლეო ტერმენთან ერთად, წარმოდგენილი იყო 1931 წლის კონცერტში). გარდა ამისა, კოუელი იყენებდა არაევროპულ დასარტყამ ინსტრუმენტებს (Native American thundersticks in Ensemble [მკვიდრ ამერიკელთა დასარტყამ საკრავთა ანსამბლი], 1924; და ახლებურ ინტერპრეტაციას აძლევდა ტრადიციულ საკრავებს, მაგალითად, დასარტყამებს Ostinato Pianissimo-ში (1934), მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფორტეპიანოზე შესრულების ტექნიკის გაფართოება.

ჩვენი მოხსენების მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ ფორტეპიანოს განსხვავებული, ახლებური გააზრების შესწავლა. კერძოდ, არა როგორც კლავიშიანი საკრავის, არამედ კოუელის მიერ დამკვიდრებული სიმებზე შესრულების შესაძლებლობების წარმოჩენა. გარდა ამისა, ფორტეპიანოს სიმებზე მუსიკის შექმნის იმპულსების, შესრულების ტექნიკის, ისტორიისა და ზოგადი მახასიათებლების შესწავლა ჰენრი კოუელის ნაწარმოებების მაგალითზე. ამ მიზნის მისაღწევად გავაანალიზეთ ჰ. კოუელის  “Aeolian Harp” და “The Banshee”.

ჰენრი კოუელისა და ამერიკული ექსპერიმენტული მუსიკისადმი მრავალი სხვადასხვა ტიპის საინტერესო, ღირებული და მნიშვნელოვანი კვლევა, წიგნი, სტატია თუ რეცენზიაა მიძღვნილი, მაგრამ საკვლევი საკითხი, შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი და სხვა საკითხების განხილვის კონტექსტშია მოქცეული. მოხსენებაზე მუშაობისას გავეცანით სხვადასხვა ნაშრომს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფთ ჩვენი კვლევის თეორიულ საყრდენს ჰ. კოულის წიგნს New Musical Resources (“მუსიკის ახალი რესურსები”).
მასში ავტორს განხილული აქვს თავის შემოქმედებაში და ზოგადად მე-20 საუკუნის მუსიკაში მიმდინარე ცვლილებები, ახალი გამოვლინებები მუსიკალურ ენაში და მოვლენათა ევოლუცია. მნიშვნელოვანი წყარო იყო ნიკოლსის წიგნი American Experimental Music 1890-1940  და მისი სტატია კოუელის შესახებ The New Grove Music Dictionary-დან, სადაც ავტორი, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ეხება ფორტეპიანოს სიმებზე შესასრულებელი მუსიკის ასპექტებსაც და აკეთებს საინტერესო აქცენტებს სხვადასხვა ნაწარმოებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ბრაინ სიმსის წიგნი Music of the Twentieth Century: Style and Structure, რომელიც არანაკლებ ინფორმაციული და საჭირო მასალით გამოირჩევა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. გარდა ზემოთ ხსენებულისა გავეცანით მილერის წიგნს Henry Cowell and Modern Dance: the Genesis of Elastic Form (ჰენრი კოუელი და თანამედროვე ცეკვა: ელასტიური ფორმის გენეზისი), სხვადასხვა თეორიულ და ისტორიულ წყაროებს, რომლებშიც რამდენადმე ვრცლად არის მიმოხილული კოუელის შემოქმედება (პ. გრიფითსი, ტ. დე ლიუ, ვ. ჰიჩკოკი, ჯ. კეიჯი და სხვ.).


***

ონ კეიჯი წერს: კოუელის “ადრეულ საფორტეპიანო ნაწარმოებებში, ვარეზის “იონიზაციამდე” ბევრად ადრე, (რომელიც კოუელის მიერ იყო გამოქვეყნებული) გამოყენებული კლასტერები და ფორტეპიანოს სიმები წარმოადგენს გზას ხმაურისა და ტემბრის გაფართოებისკენ”[2] (Cage, 1973, 70).

ჰენრი კოუელის ბიოგრაფი მაიკლ ჰიქსი აღნიშნავს, რომ პირველი კომპოზიცია ფორტეპიანოს სიმებზე შესასრულებლად ეკუთვნის პერსი გრეინჯერს (1882–1961). მან ეს ტექნიკა პირველად 1916 წელს გამოიყენა In a Nutshell suite-ში, თხზულებას დაურთო მინიშნება, რომლის მიხედვითაც შემსრულებელს ნაწარმოების ბოლო მონაკვეთში რამდენიმე დაბალ სიმზე ნართშემოხვეული ხის ჩაქუჩით უნდა გაეჟღერებინა ჩაწერილი ბგერები. ეს შეიძლება ჩაითვალოს ფორტეპიანოს სიმების გამოყენების ერთ-ერთ პირველ მცდელობად. მალევე, კოუელი წერს ნაწარმოებს სოლო ფორტეპიანოსთვის სახელწოდებით The Sword of Oblivion (1920–1922), რომელშიც პირველად იყენებს სიმებს. ამას მოჰყვა A Composition, Aeolian Harp, The Banshee და Sinister Resonance. მათში კოუელი ეტაპობრივად ითვისებს სიმებზე დაკვრის მეთოდს და აფართოებს სიმემზე შესრულების გამომსახველ ხერხებსა თუ ტექნიკას.

 კოუელი აღნიშნავდა, რომ ფორტეპიანოს სიმებზე დაკვრა შთაგონებული იყო ინსტრუმენტის ახლებური გააზრებით, მასზე შესრულებისა და ფორტეპიანოს “ლანდშაფტის” ხელახლა გამოგონების სურვილით. მან ეს განახორციელა ძველი ინსტრუმენტის ახალი შესაძლებლობებისა და ხმოვანების მიგნებით და არა ახალი ინსტრუმენტის შექმნით. სიმებზე დაკვრის ამ ახალმა მეთოდმა შეცვალა შესრულების ტექნიკა და სპეციფიკა, რაც განსაკუთრებულ უნარებსა და ცოდნას მოითხოვდა შემსრულებლისგან. ამისათივის უკვე კარგად გაწვრთნილ პიანისტებს ახალი საშემსრულებლო “სკოლის” გავლა მოუხდათ, რათა აეთვისებინათ ფორტეპიანოს დეკის განლაგება, სიმთა მდებარეობა, ფორტეპიანოს სიმებზე სხვადასხვაგვარი მანიპულირება. ფორტეპიანოს სიმებისთვის შექმნილ ნაწარმოებებში გამოყენებული განსაკუთრებული ხერხები — ჟღარუნი (strumming), ხელის მოსმა (stroking), დაფხაჭვნა (scraping), დახშობა (muting), ან დარტყმა (hitting), — წარმოშობენ იმ პერიოდისთვის უჩვეულო ჟღერადობებს.

ფორტეპიანოს სიმების, ისევე როგორც კლასტერების გამოყენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით პრესაში, რომლისთვისაც ეს მოვლენები სკანდალური ახალი ამბების წყარო გახდა, ხოლო კოუელისთვის — სენსაციური პოპულარობის. ნიუ-იორკის ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში 1924 წელს წერდნენ: “კოუელმა წარმოადგინა ფორტეპიანოზე თავდასხმის ახალი მეთოდი” (Simms, 1996). ყოველივე ამან კოუელის საკომპოზიტორი და საშემსრულებლო მოღვაწეობის საერთაშორისო აღიარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ზოგიერთი მსმენელი და კრიტიკოსი მას უწოდებდა ამერიკელ შარლატანს, ზოგი კი საპირისპიროდ, ძალიან სერიოზულად და სენსაციურად აღიქვამდა მის მიგნებებს. არტურ შნაბელმა ისწავლა მისი საფორტეპიანო ნაწარმოებები; ბელა ბარტოკმა, 1923 წელს ლონდონში კოუელთან შეხვედრისას, სთხოვა კლასტერის გამოყენების ნებართვა; არნოლდ შენბერგმა 1932 წელს მიიწვია ბერლინში ანალიზის ლექციებზე დასასწრებად და სტუდენტებისთვის საკუთარი ნაწარმოებების წარსადგენად.

ფორტეპიანოს სიმებზე დაკვრის მანერის უკეთ შესასწავლად საჭიროა რამდენიმე ნაწარმოების გაანალიზება და შედარება. ჩვენს მოხსენებაში მიმოვიხილავთ 1923 წელს შექმნილ “Aeolian Harp”-ს და 1925 წლით დათარიღებულ “The Banshee”-ს.

 

***

კოუელმა წიგნში “New Musical Resources” მოიხსენია ხმაურისა და მოცურებით შექმნილი მუსიკა: “ბუნებრივი ხმები, როგორიცაა ქარის შრიალი ხეებში ან ბალახებში, ან მისი სტვენა საკვამურში, ან ზღვის ხმა, ან ჭექა-ქუხილი, ყოველივე ეს მიიღწევა დაცურებით. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა კომპოზიტორმა ამგვარი ჟღერადობების გამოყენებით შექმნას ხელოვნების ნიმუში” (Cowell, 1930, 20).

ხელოვნების ასეთ ნიმუშს წარმოადგენს “Aeolian Harp” (“ეოლოსის არფა”). კომპოზიტორის შთაგონების წყარო სწორედ ბუნებრივი ხმა, კერძოდ, ქარი გახდა, უფრო კონკრეტულად კი ქარის ინსტრუმენტი – ეოლოსის არფა. მისი სახელი დაკავშირებულია ქარის ღმერთთან ანტიკურ ბერძნულ მითოლოგიაში. ეოლოსის არფა არის ხის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ხმოვანი დაფა მასზე გადაჭიმული სიმებით და ქარის დაბერვასთან ერთად სიმების სპეციფიური რხევით წარმოიქმნება სხვადასხვა სიმაღლის ბგერები.

სიმებზე დაკვრის ტექნიკა კოუელმა პირველად სწორედ ამ ნაწარმოებში 1923 წელს გამოიყენა. მასში კომპოზიტორი ჯერ კიდევ იყენებს კლავიატურას, თუმცა არა მისი ტრადიციულლი დანიშნულებით, ის მხოლოს დამხმარე საშუალებაა შემსრულებლისთვის ფორტეპიანოს სიმებში უკეთ ორიენტირებისთვის. “ეოლოსის არფის" ნოტებში ჩაწერილი ყველა ბგერა უნდა იყოს დაჭერილი კლავიშებზე, ხმის გარეშე, ამავდროულად მეორე ხელით ფორტეპიანოს შიდა ნაწილში ჟღერდება აღებული აკორდი სიმებზე pizz. კომპოზიცია აგებულია დაღმავალ ჰარმონიულ თანმიმდევრობაზე, რომელიც სამჯერ მეორდება, მხოლოდ მცირე განვითარებით შუა მონაკვეთში.

კომპოზიტორი ნაწარმოებს წინასიტყვაობაში თან ურთავს მინიშნებებს. SW მიუთითებს თითის გაცურებას გლისანდირების მსგავსად, აკორდში მოცემული ყველაზე დაბალი ბგერიდან უმაღლეს ბგერამდე, არპეჯიატოს ისრის მიმართულებით; PIZZ. მიუთითებს სიმის თითის ბალიშებით გამოკვრას ან გაცურებას, როგორც pizz სხვა სიმებიანი საკრავების შემთხვევაში. "INSIDE" მიუთითებს, რომ ჩაწერილი ნოტები უნდა დაიკრას სიმების ცენტრში, ფოლადის ჩარჩოს შიგნით, რომელიც მდებარეობს სიმების პარალელურად. "OUTSIDE" — ჩარჩოს გარეთ, ახლოს სიმის სამაგრებთან. მითითებული აღნიშვნების გარდა, პედალი მუდმივად უნდა იყოს დაჭერილი, ყოველი აკორდის კლავიატურაზე აღების წინ კი გამოცვლილი, ჟღერადობის სისუფთავისთვის (ასე მთელი ნაწარმოების განმავლობაში).

არატიპურია ამ თხზულების სანოტო ტექსტი, რადგან დაწერილია ერთ ხაზზე და მისი რიტმული და მეტრული ორგანიზებაც საკმაოდ პირობითია.

 

***

კოუელის ექსპერიმენტული ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნაწარმოებია „The Banshee“ (1925). იგი სრულდება როგორც ფიქსირებული სიმაღლის ბგერებზე, ისე სიმებზე დაცურებით. ამ ხმების გაჩენა შთაგონებული იყო Banshee-ის ტირილით, რომლის არამიწიერი გოდება სიკვდილს წინასწარმეტყველებს. Banshee არის ქალის სული ირლანდიურ ფოლკლორში, რომელიც იუწყება ოჯახის წევრის გარდაცვალებას, ჩვეულებრივ, ტირილით, ყვირილით ან მღელვარებით. ირლანდიურ მითოლოგიაში მისი სახელი დაკავშირებულია საფლავის ბორცვებთან, რომლებიც მიმოფანტულია ირლანდიის ქალაქგარეთ და ცნობილი როგორც “síde” ძველ ირლანდიურში. აქვე შეიძლება დამატებით აღვნიშნოთ, რომ ირლანდიული ფოლკლორი დიდ გავლენას ახდენს კოუელის შემოქმედებაზე.

“The Banshee” არის კოუელის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც სრულდება ფორტეპიანოს სიმებზე, კლავიატურის გამოყენების გარეშე. ნაწარმოების მუსიკალური ქსოვილი შედგება ორი განმეორებადი მოტივისგან. პირველ მოტივს წარმოადგენს გლისანდოების საყრდენი ბგერების ერთობლიობა (ჰორიზონტალში), რომელიც ემსგავსება სამგლოვიარო სეკვენციას "Dies irae". მეორე (ტ. 8, 20, 33) არის მოკლე მოტივი, რომელიც იქმნება სიმებზე pizz.

ნაწარმოებს ავტორი თან ურთავს მითითებებს, რომლის მიხედვითაც იგი შემდეგნაირად სრულდება ფორტეპიანოს სიმებზე: ერთი შემსრულებელი დგას როიალის შეწეულ ადგილას, მეორე — მთელი ნაწარმოების მსვლელობისას ზის კლავიატურასთან და უჭირავს მარჯვენა პედალი. კომპოზიცია უნდა შესრულდეს ჩაწერილზე ოქტავით დაბლა. ნაწარმოების წინასიტყვაობაში კოუელი იძლევა სპეციალური სიმბოლოების განმარტებას მარჯვენა (R.H.) და მარცხენა (L.H.) ხელისთვის:

      (A) თითის ბალიშით გლისანდირება ყველაზე დაბალი სიმიდან მითითებულ ბგერამდე.

      (B) თითის ბალლიშის  გაცურება მოცემული სიმის სიგრძეზე (გასწვრივ).

      (C) აღმავალი და დაღმავალი გლისანდირება ყველაზე დაბალი A-დან ყველაზე მაღალ B-მდე;

      (D) pizz სიმზე თითის ბალიშით, ჩაწერილზე ოქტავით დაბლა.

      (E) სამი ბგერის ერთად გაცურება, (B)-ს მსგავსად

      (F) (B)-ს მსგავსად გაცურება, მაგრამ თითის ბალიშის ნაცვლად ფრჩხილით.

      (G) როდესაც თითი სიმის გასწვრივ შუა გზაზე იქნება (F) მანერით შესრულებისას, დაიწყეთ იმავე სიმის გასწვრივ მეორე თითის ბალიშით მოძრაობა, რითაც ნაწილობრივ დაახშობთ ჟღერადობას;

      (H) გლისანდირება (C)-ს მსგავსად, მაგრამ ერთდროულად ზემოდან და ქვემოდან, გადაკვეთეთ შუაში.

      (I) ხუთი ბგერის გაცურება, (B)-ს მსგავსად

      (J) იგივეა, რაც (I), მაგრამ თითის ბალიშის ნაცვლად ფრჩხილებით.

      (K) გაასრიალეთ ორივე ხელის ფრჩხილები, როგორც (J), და გააჟღერეთ ყველა ბგერა მითითებულ საზღვრებში;

      (L) გაასრიალეთ როგორც (C), მაგრამ ერთი თითის ნაცვლად გამოიყენეთ ხელის მტევანი.

 

"The Banshee" ასახავს ხმოვანი რესურსების გაფართოებას. "ახალი ბგერათსიმაღლებრივი საწყისი" წარმოადგენდა მნიშვნელოვან იმპულსს ბგერის სიმაღლისა და ინტერვალის, როგორც მუსიკის სტრუქტურული საფუძვლის მნიშვნელობის გადააზრებისთვის.

ხმაურს, ანუ არაფიქსირებული სიმაღლის ბგერებს, უფრო ადრე იყენებდა იტალიელი ფუტურისტი ლუიჯი რუსოლო (1885-1947), მაგრამ მისი ექსპერიმენტები არასოდეს ყოფილა მეტი, ვიდრე უბრალოდ ცნობისმოყვარეობა. ჟღერადობის განთავისუფლებისადმი განსხვავებულ მიდგომას  ვხვდებით ჰენრი კოუელის და სხვა ამერიკელი კომპოზიტორების, ედგარ ვარეზის, ჯონ კეიჯის, მოგვვიანებით ჰარი პარჩის შემოქმედებაში, რამაც დიდი გავლენა იქონია მუსიკის ისტორიაზე. მათ საფუძველი ჩაუყარეს 50-იანი წლების კონკრეტულ და ელექტრონულ მუსიკას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები მუსიკალურ აზროვნებაში.

***

ამგვარად, რომ შევაჯამოთ, ჰენრი კოუელი სხვადასხვა საშემსრულებლო მანერის მეშვეობით სრულიად ახალ ჟღერადობებს წარმოგვიდგენს და მათი კომპლექსებით თანამედროვე მუსიკის ახალ ესთეტიკას აყალიბებს.

კოუელის შემოქმედებში ფორტეპიანოს სიმებზე შესრულება გამოიყენება სხვადასხვა ფუნქციით: ფერადოვნების გასაძლიერებლად (Aeolian Harp, 1923; Sinister Resonance, 1930) და როგორც უფრო ფუნდამენტური რესურსი, რომელიც ტემბრულად ხშირად უახლოვდება ელექტრო-აკუსტიკურ მუსიკას (The Banshee, 1925; A Composition - მესამე ნაწილი 1925). გადამწყვეტი ფაქტორი კოუელის საყოველთაო აღიარებაში იყო მისი მხატვრული და ტექნიკური ინტერესების შესაბამისობა ახალი მუსიკალური ესთეტიკის ჩამოყალიბებასთან.

ჰენრი კოუელის გარდა ფორტეპიანოს სიმებზე დაკვრის ტექნიკას მრავალი სხვა კომპოზიტორი გამოიყენებდა და მის აღსაწერად სხვადასხვა ტერმინსაც იყენებდნენ. "string piano"-ს ჰენრი კოუელის გარდა იყენებდა ჯორჯ კრამბი, ხოლო დანიელი კომპოზიტორი რუდ ლანგგარდი თავის ნაწარმოებში (1916-1918 წწ.) გამოყენებულ მსგავს ტექნიკას უწოდებს "Glissando-piano"-ს.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა ფორტეპიანოს სიმებზე დაკვრა, რაც საბოლოოდ გახდა თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკის და შესრულების მანერის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრმა კომპოზიტორმა გამოიყენა "ფორტეპიანოს შიგნით" დაკვრის ტექნიკა, როგორც სპეცეფექტები; რამდენიმემ უფრო არსებითად გამოიყენა ისინი, მაგალითად: ჯორჯ კრამბმა (Macrocosmos “მაკროკოსმოსი” [1972; 1973]), სოფია გუბაიდულინამ (Dancer on a Tightrope “თოკზე მოცეკვავე” [1993]), მაურისიო კაგელმა (ტრიო drei Sätzen-ში [1984–85]), კარლჰაინც შტოკჰაუზენმა (Klavierstücke XII–XIV [1979–84]), ტორუ ტაკემიცუმ (Corona for Pianists [1962]), ეკა ჭაბაშვილმა და მრ. სხვ.

კოუელის მიერ ფორტეპიანოს სიმებზე შესრულების კონცეფციით იყო შთაგონებული ჯონ კეიჯი, რომელმაც ეს მოვლენა თავის შემოქმედებაში ინდივიდუალურად გააგრძელა და შექმნა პრეპარირებული ფორტეპიანო.


 _____________________________

გამოყენებული ლიტერატურის სია:

 

Cage, J. (1973). SILENCE. Wesleyan Paperback.

Cowell, H. D. (1930). New Musical Resources.

Miller, L. E. (2002). Henry Cowell and Modern Dance: the Genesis of Elastic Form. University of Illinois Press.

Nicholls, D., & Sachs, J. (2013). Cowell, Henry (Dixon). In Grove Music Dictionary.

Simms, B. R. (1996). Music of the Twentieth Century: Style and Structure. SCHIRMER BOOKS An Imprint of Simon & Schuster Macmillan New York.

String piano. (2021, მარტი 13). Wikipedia. Retrieved აპრილი 30, 2022, from https://en.wikipedia.org/wiki/String_piano

Wickelgren, J. (1997). The Tone-Cluster and String-Piano Music of Henry Cowell. Peabody Institute, Johns Hopkins U.

 

 



[1] სიმებიანი კვარტეტი no.5 (1956), მეხუთე (1948), მეექვსე (1952) სიმფონიებში. კლასტერები ასრულებენ ორ ძირითად ფუნქციას: მთავარ იდეას, მათ შორის The Tides of Manaunaun (1917), სიმღერა “Rest” (1933), Rhythmicana პირველი ნაწილი (1938), ან როგორც ფერადოვანი მასალა, რომელიც არის დიატონური და მარტივი სტრუქტურის. სხვაგან კლასტერები ქმნიან ძირითად ხმოვან რესურსს, როგორც Dynamic Motion (1916), კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1928) და ნაწილები 26 Simultaneous Mosaics (1963).

 

[2] “arly works for piano, long before Varese's Ionization (which, by the way, was published by Cowell), by their tone clusters and use of the piano strings, pointed towards noise and a continuum of timbre”

Comments