ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ელენე ელიოზიშვილი
ფოტოების ავტორი: გიორგი ოიკაშვილი oika_photography |
2022 წლის 20 ივლისი - ქართველი მსმენელი და მაყურებელი მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, მსოფლიო პრემიერიდან 40 წლის შემდეგ ბიძინა კვერნაძის საეტაპო მნიშვნელობის 2 მოქმედებიანი ოპერა „იყო მერვესა წელსა“, იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების „შუშანიკის წამების“ მიხედვით, სცენას დაუბრუნდა.
ამჯერად სპექტაკლი დაიდგა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე. მით უფრო ნიშანდობლივია სპექტაკლის „ხელახალი დაბადების“ აღნიშვნა ქუთაისში, რომელიც ისტორიულად საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი კერაა.
ქართველი მსემენელისა და მაყურებლისათვის, ისევე როგორც კულტურის მოამაგეთათვის სპექტაკლის პრემიერა, დარწმუნებული ვარ, ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტია. განსაკუთრებით კი ჩემი თაობისათვის (სტუდენტებისათვის) გავუსვამდი ხაზს ამ ღონისძიების მნიშვნელობას, რადგან ჩვენ არ გვქონია ბედნიერება ამ ნაწარმოების დადგმა გვეხილა და მუსიკა სრულად მოგვესმინა, შესაბამისად, მხოლოდ ზედაპირულად ვაფასებდით ნაწარმოების ღირებულებას. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავდი, რომ მსგავს ღონისძიებებს გაშუქება ფართო მასშტაბით მეტად სჭირდება, მით უფრო, რომ დაინტერესება ახალგაზრდულ აუდიტორიაში ქართული კულტურისადმი დღითიდღე მატულობს.
სამაგიეროდ, ყურადღება და ოვაციები სპექტაკლს არ მოჰკლებია ქუთაისის საზოგადოებისგან, სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. რასაკვირველია, სპექტაკლისადმი ყურადღება და მისი წარმატება, თავად ნაწარმოების მნიშვნელოვანების გარდა, სადადგმო ჯგუფის დამსახურებაა.ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ოპერის დადგმის უდიდესი სურვილი და იდეა ეკუთვნოდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და გამორჩეულ ქორმაისტერის - ირინე ლომინაძეს, რომელსაც უწინ საგუნდო ნომრებთან დაკავშირებით გარკვეული რჩევებიც მიუღია კომპოზიტორისაგან. მინდა აღვნიშნო, დამდგმელი რეჟისორი - თორნიკე მარჯანიშვილი, რომელმაც საკუთარ თავზე ასეთი დიდ პასუხისმგებლობა აიღო, და მსოფლიო პრემიერის შემდგომ პირველი ჩაუდგა სათავეში სპექტაკლის გაცოცხლებას და ეს დიდი წარმატებითაც განახორციელა, დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი, რომლის სადირიჟორო პულტთან დიდი თავდადების გარეშე, სპექტაკლი ვერ განხორციელდებოდა შესაბამისი წარმატებით, კოსტიუმების მხატვარი - თეო კუხიანიძე, დეკორაციების დიზაინერი - ირაკლი სვანიძე, რომელთა შრომამ სპექტაკლის საინტერესო სახიერებაზე ჰპოვა ასახვა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამ სპექტაკლის დამდგმელი ქორმაისტერი - ირინე ლომინაძე, დამდგმელი ქორეოგრაფი - ვახტანგ უშვერიძე და სამსახიობო დასი სრული შემადგენლობით. ნებისმიერი აქ ჩამოთვლილთაგანის გარეშე ქართული საზოგადოება კიდევ დიდხანს, ან შესაძლოა ვერც ვერასოდეს იხილავდა სცენაზე ოპერას „იყო მერვესა წელსა“. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ რთულია დღეს კულტურული ღონისძიების ღირსეულად ჩატარება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხსენებულმა ადამიანებმა უსაზღვრო შრომა გასწიეს წარმატებული პრემიერისათვის, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო.
ცოტა რამ ნაწარმოების შექმნის ისტორიისა და შინაარსის შესახებ. როგორც ვახსენე, ბიძინა კვერნაძის ეს ოპერა საეტაპო მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ თავად კომპოზიტორის შემოქმედებაში, რადგან მასში სრულყოფილად გამოვლინდა ავტორისეული მსოფლმხედველობა, ოპერის ჰიბრიდული ბუნება, ერთდროულად კონტრასტული და ჰარმონიულად ერთიანი სტილი, გროტესკი და ლირიკა, ისტორია და რეალობა, ტრადიციისა და პიროვნების ურთიერთმიმართება, მრწამსი და მოვალეობა... არამედ, ნაწარმოები საეტაპო მნიშვნელობისაა ქართული მუსიკალური კულტურისათვის. „იყო მერვესა წელსა“ პირველი პრეცენდენტია ქართულ მუსიკალურ შემოქმედებაში ჰაგიოგრაფიული თემატიკის გამოყენების, მით უფრო ხელუხლებელი „შუშანიკის წამებისა“, ჯანაშიასა და ჭილაძის ფილოსოფიური ნააზრევის გათვალისწინებით, რომელიც შუშანიკის გმირს გადაიაზრებს არა მხოლოდ, როგორც წმინდანსა და „ქრისტეს სძალს“, არამედ როგორც შეურაცხყოფილ დედოფალს, ცოლს, დედას, ქალს; ხოლო ვარსქენის ქმედებებში შესაძლებელია განხილული იყოს მოქალაქეობრივი და მით უფრო ქვეყნის ბედზე გულშემატკივარი მეფისთვის სავალდებულო ნაბიჯების გადადგმის საფუძველი.
ძალიან საინტერესოა თავად ნაწარმოების მუსიკალური მხარე, რომელშიც ვლინდება ქართული მრავალხმიანობის სპეციფიკასა, სამგალობლო ტრადიციაზე აღმოცენებული, ამავდროულად, „ახალი მუსიკის“ - მეოცე საუკუნის დასავლური კულტურიდან მონაბერი ტენდენციების ჰარმონიული ერთობლიობა. ეს არის ღრმად ეროვნული და ამავდროულად, სრულიად ახალი ესთეტიკის მატარებელი მუსიკა. მიმართება მუსიკისა და სამხატვრო დადგმის კიდევ უფრო საინტერესოა, საერთოდ, ნაწარმოების პრემიერას რადიკალური შეხედულებები მოჰყვა, საზოგადოებისათვის მუსიკისა და სპექტაკლის სიუჟეტის (აღსანიშნავია, რომ ლიბრეტოს ავტორი რობერტ სტურუაა), მეტადრე კი დადგმის სტილური კონტრასტულობა მიუღებელი აღმოჩნდა, რაზეც თავად ბიძინა კვერნაძე პასუხობდა - „ეს არის დაპირისპირებაში აღმოცენებული მთლიანობა“. სწორედ ამ განსაზღვრებაში ვხედავ მე ნაწარმოების მთავარ არსს, აუცილებელ კონფლიქტს და ძირითად ბირთვს, რომელიც უტოვებს აუდიტორიას საშუალებას ფიქრისა და განსჯის, ობიექტური შეფასებისა.
ქუთაისის სპექტაკლის პრემიერის განხილვას დავიწყებ იქედან, რაც პირველად ხვდება მაყურებელს თვალში და ესაა სცენოგრაფია და კოსტიუმების ვიზუალური მხარე. დეკორაციები და კოსტიუმები, ნაწარმოების შინაარსისა და კონცეფციის შესატყვისი, ფრიად მოკრძალებული იყო და ნამდვილად ტოვებდა არქაულობის შეგრძნებას, თუმცა ალბათ, მეტი ფინანსური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა უკეთესი გადაწყვეტის მოძებნაც.
მუსიკალური მხარის შეფასებისას ვეცდები ვიყო მაქსიმალურად დელიკატური, რადგან პირველ რიგში, ნაწარმოები არის ურთულესი შესასრულებელი და მეორე, აშკარად ჩანს, რომ ქუთაისის ოპერის თეატრისათვის ხელახალი აღორძინების ამ ეტაპზე ასეთი რთული სტილისტიკის ნაწარმოებთან შეჭიდება, არ იყო იოლი ამოცანა, ამიტომ ჩვენი ვალია დავუფასოთ მას შესრულებული სამუშაო და ველოდოთ მისგან კიდევ უფრო მეტს - ამის საფუძველი კი ნამდვილად სახეზეა.
ფოტოების ავტორი: გიორგი ოიკაშვილი oika_photography |
ცალკე მინდა აღვნიშნო უდიდესი პატივისცემით, დამდგემლი დირიჟორის - რევაზ ჯავახიშვილის როლი, რომელიც, როგორც სამაგალითო მუსიკოსებს სჩვევიათ, მთლიანად დაიხარჯა, უკიდურესი მობილიზებით შეასრულა ორკესტრის, სოლისტებისა და გუნდისათვის სტაბილურობისა და ერთიანობის გარანტის როლი, რასაც საჭიროებდა სამივე მხარე. დირიჟორი თავისი სხარტი რეაქციებით ზრუნავდა შეძლებისდაგვარად გამოესწორებინა დისბალანსი ორკესტრსა და სოლისტებს შორის, გუნდსა და სოლისტებს შორის. სამაგიეროდ აღნიშნული ხარვეზი გაცილებით ნაკლებად იყო შესამჩნევი მეორე მოქმედებაში. საერთოდ, დრამატურგიული თვალსაზრისითაც და განხილული დადგმის შემთხვევაშიც, გაცილებით ქმედითი, საღი და კონტრასტული აღმოჩნდა მეორე მოქმედება. მეორე მოქმედებაში სასამართლოა გათამაშებული, მონაწილეობს ყველა გმირი და ხდება ვარსქენისა და შუშანიკის გასამართლება, თანამედროვე სამეტყველო ენაზე (განსხვავებით პირველი მოქმედებისგან, სადაც ტექსტი ძირითადად პირველწყაროს მიჰყვება). შუშანიკის დამაგვირგვინებელი არია ოპერის ბოლოს, რა თქმა უნდა, ნაწარმოების ცენტრს წარმოადგენს. ეს სოლო ნომერი, რომელიც ყველასათვის ნაცნობია და შესაბამისად მეტად საინტერესო (ის ხომ კ/ფ „დათა თუთაშხიასთვის“ დაწერილ მუსიკას ეფუძნება), ასეთი ნაცნობი მუსიკისადმი მსმენელი ყოველთვის მეტი მოთხოვნითაა განწყობილი. ამავდროულად, ეს მუსიკა, ჩემი აზრით, ისეთი მაღალი მხატვრული ღირებულების მქონეა, რომელსაც თავისთავად რთულია რამე დააკლო, მაინც ვისურვებდი დრამატიზმის, ორკესტრისა და მთავარი სოლისტის, შუშანიკის - ნათია მელქაძე, მეტ ჰარმონიულ ერთიანობას. ამავდროულად აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ნათია მელქაძის შესრულების ხარისხიცა და საშემსრულებლო მანერაც ზოგადად პროფესიულია, მის მიერ შექმნილი შუშანიკის სახე კი საინტერესო და დამაჯერებელი იყო. და ბოლოს, დრამატუგრიულად ესოდენ მნიშვნელოვანმა, ფაქტობრივად კულმინაციურმა მომენტმა (ვგულისხმობ შუშანიკის არიას) ეფექტური დასკვნის შთაბეჭდილება დატოვა.
ფოტოების ავტორი: გიორგი ოიკაშვილი oika_photography |
დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ ვარსქენ პიტიახშისა და იაკობ ხუცესის (მთხრობელის, მოხეტიალე დასის თავკაცის, მოსამართლის) როლის შემსრულებლებს: ბადრი ადამიასა და არმაზ დარაშვილს. ბადრი ადამიას ძლიერმა, მოქნილმა, ხავერდოვანმა ტენორმა, მისმა ეფექტურმა გარეგნობამ და სამსახიობო ნიჭმა, სცენაზე თავისუფლად მოძრაობის კულტურამ ერთიანობაში სახოვანი და სიუჟეტისათვის შესაფერისი ვარსქენი დაგვიხატა. არმაზ დარაშვილმა კი მისი პერსონაჟისთვის სახასიათოდ მკაცრად, თავშეკავებულად და ღრმა თავდაჯერებულობით, ტენორის მძაფრი და ღრმა დრამატულობით განასახიერა იაკობ ხუცესიც, მოსამართლეცა და დასის ხელმძღვანელიც, ალბათ, მხოლოდ ამ ერთ, მართალია, ურთულეს, მაგრამ დრამატურგიულად უმნიშვენლოვანეს მისიაში შევედავებოდი მსახიობს მუსიკალურად და მხატვარს კი კოსტიუმების თვალსაზრისით, მეტი განსხვავებულობა ამ სამ პერსონას შორის კიდევ უფრო მეტ სახოვანებას შესძენდა სცენურ მოქმედებას.
ძალიან ეფექტურად და შესაბამისად შემაძრწუნებულად იყო გათამაშებული სცენაზე შუშანიკის წამება მსახურის - მიხეილ ქებაძის მიერ, ისევე როგორც ქორეოგრაფიული დასის წევრის ბაქარ ბაქრაძის მიერ. ეფექტურობისა და მნიშვნელოვანების თვალსაზრისით მას სასამართლოს სცენას დავუყენებდი გვერდით, რომელშიც განსაკუთრებულად საინტერესო პოლიფონიური კვარტეტი წარმოგვიდგინეს შუშანიკის მხარდამჭერი შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლების როლების შემსრულებლებმა: რამაზ კუბლაშვილმა, ბადრი სახამბერიძემ, კალისტრატე ხარჩილავამ და განსაკუთრებით - ირმა შავგულიძემ. საერთოდ, სამსახიობო და ვოკალური ხმის ფლობის მხარე ყველა შემრულებლისა მაღალი დონისა იყო (მღვდელი - ემილ ჩარგაზია, ჯოჯიკი - ბაკურ კვირიკაშვილი, სპარსი - დავით ბენდელიანი, ქალი - ინგა ფუტკარაძე). არაჩვეულებრივი დამწყები მსახიობებიც აღნიშვნის ღირსნი არიან, შუშანიკისა და ვარსქენის შვილების როლის შემსრულებლები - ელენე კობახიძე, გიორგი თევდორაძე, ანრი ადამია და ბორის ჟვანია.
მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია გუნდის როლი საოპერო პარტიტურაში, განსაკუთრებით ქართული ოპერების მუსიკალურ დრამატურგიაში, ასეთი მუსიკალურად დატვირთულია საგუნდო პარტია ბიძინა კვერნაძის ოპერაშიც „იყო მერვესა წელსა“. საპრემიერო სპექტაკლში თეატრის გუნდი შთამბეჭდავად ჟღერდა.
მინდა მცირედ შევეხო ორკესტრსაც, რომელიც ჩემთვის სასიხარულოდ, გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად, დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა სტუდენტ-მუსიკოსებითაც. ყველაზე მეტად აღვნიშვნავდი დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფს და ლითონის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს, რომლებიც მეტი მობილიზებულობით, კონტრასტისა და ამავდროული ერთიანობის შემქმნელი ფუნქციით გამოირჩეოდნენ.
თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო მეტ სითამამესა და სილაღესაც ვუსურვებდი დასს. მცირედი შებოჭილობა, რომელიც იგრძნობოდა, სავარაუდოა, საპასუხისმგებლო პრემიერით წარმოშობილმა ღელვამაც გამოიწვია.
მთლიანობაში, რაც ალბათ, ყველაზე მეტად იყო თვალშისაცემი მთელი შემოქმედებითი კოლექტივისგან, ეს იყო დიდი პასუხიმგებლობის შეგრძნება - რა თქმა უნდა, ეს უფროსი „სამოციანელის“, ქართული კულტურისათვის ასეთი მნიშვნელოვანი - ბიძინა კვერნაძის ნაწარმოების შესრულებით იყო განპირობებული და სეზონის ღირსეული დახურვითაც. სასურველია, რომ სპექტაკლი, რომლის ნახვაც ასე დიდი ხანია გვსურს ახალგაზრდობას, სცენაზე დამკვიდრდეს, ყველას ვურჩევ არ დაიშუროს არც დრო და არც ენერგია ამ სპექტაკლის სანახავად, ეს არის ქართულ მუსიკალურ-თეატრალურ ფონდში შესატანი ნაწარმოები, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ!
ვულოცავ ქუთაისის საოპერო თეატრის სამსახიობო დასს, მთელ დამდგმელ კოლექტივს, თეატრის ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს სეზონის წარმატებულ დახურვას და ვუსურვებ კიდევ მრავალ საინტერესო, მივიწყებისათვის დაუმსახურებლად განწირული ნაწარმოების გაცოცხლებასა და დასამახსოვრებელ პრემიერას!
Comments
Post a Comment