რეცენზიის ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ანნა ნიკოლოზიშვილი
2022 წელს საერთაშორისო ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” ოცდამეათე იუბილეს აღნიშნავს. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი წლევანდელ ფესტივალზე მსმენელს თორმეტ, ერთმანეთისგან განსხვავებულ კონცერტს სთავაზობს. 28 სექტემბერს, ფესტივალის რიგით მეოთხე კონცერტი გაიმართა. იგი ეძღვნებოდა მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანლისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, ვახტანგ კახიძის ახალი ნაწარმოებების პრემიერას. კონცერტზე წარმოდგენილ ოთხ ნაწარმოებს თან ახლდა სამი გამაერთიანებელი საწყისი: იდუმალება, რომანტიკულობა და სიმსუბუქე.
კონცერტი გახსნა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ნაწარმოებით “VITA”, ანუ სუიტა ლათინურ გამოთქმებზე შერეული გუნდისთვის. A capella შესრულებული ნაწარმოები ექვსი ნაწილისგან შედგება, რომელთა ბოლო სამი ნაწილი სოლო პარტიებით გამოიკვეთა. ქეთევან ქართველიშვილისა და დავით მაჭავარიანის სოლო შესრულება სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა მოძრავ და ცოცხალ გუნდთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ქეთევან ქართველიშვილის სუფთა ხმამ სუიტის მეხუთე ნაწილში (Magna res est amor) ჟღერადობის სრული დომინირება მოახდინა. იმავეს თქმა შეგვიძლია მიხეილ ედიშერაშვილთან დაკავშირებით, რომლის სპეციფიკური ხმის ტემბრი ზუსტად იქნა შერჩეული In vino veritas-ის სოლო პარტიის შესასრულებლად.
ვფიქრობ, და, ალბათ, მსმენელიც დამეთანხმება, რომ ნაწარმოების ყველაზე ნაკლებად გამოკვეთილ ნაწილად მის დასაწყისს მივიჩნევდი. სუიტის პირველი ნაწილი სავარაუდოდ გუნდისგან უფრო მეტ სიზუსტესა და კონცენტრირებას მოითხოვდა იმისათვის, რომ კომპოზიტორის მიერ ჩაფიქრებული ეფექტი გადმოეცა. საპირისპირო იყო ნაწარმოების მეორე ნაწილი, რომლის ჩუმი, დამაფიქრებელი და გრადაციული განწყობა ყოვლისმომცველი აღმოჩნდა.
ვახტანგ კახიძე თავის შემოქმედებაში ჩამოყალიბებული სტილის ერთგული კომპოზიტორია. ტაშის დაკვრის, თითების გატკაცუნებისა, თუ პირით გამოცემული სხვადასხვა ჟღერადობის გარდა, იგი შემოქმედების გამრავალფეროვნებისთვის თვითსესხების ხერხსაც მიმართავს. კარგად ცნობილიმა სიმღერამ “სიყვარულს დავარქვი მე შენი სახელი” სხვადასხვა ფორმით მიიქცია მსმენელის ყურადღება, როგორც სუიტა “VITA”-ს განმავლობაში, ისევე კონცერტის ფინალური “დიმპიტაურის” დროს. ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრში გამართული ფესტივალი თბილისელებისთვის სასიხარულო მოვლენაა. სამწუხაროა, რომ დამსწრე საზოგადოებას, “შემოდგომის თბილისის” დროსაც, არ ეძლევა საშუალება მოისმინოს პირველი ნაწარმოები დარბაზის კარის ხშირი გაღების გარეშე.
გუშინდელი საღამოს მომდევნო კომპოზიციას წარმოადგენდა ნაწარმოები სახელად “MIX”, რომელიც დაწერილია ინდური ფლეიტა ბანსურისა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოების სოლო პარტია ქართველმა მუსიკოსმა ანდრო დგებუაძემ შეასრულა. ეგზოტიკური ინსტრუმენტი კლასიკური ორკესტრის ფონზე მოულოდნელ, მაგრამ საინტერესო ჟღერადობას ქმნიდა. იგი მინიმალისტური და სტატიკური მუსიკალური ტექსტის მეშვეობით მშვიდი ბუნების სურათს მოგვაგონებდა. მასთან კონტრასტში შემოდიოდა ორკესტრი, რომლის ჰარმონიები ნაწარმოებს ქართულ ეშხს მატებდა. სოლისტმა სუფთა ბგერით შეასრულა ნაწარმოები და მსმენელისაგან სრულიად დამსახურებული აპლოდისმენტიც მიიღო.
კონცერტის მეორე ნახევარში გაჟღერდა შემდეგი ორი ნაწარმოები: სავიოლინო კონცერტი და “დიმპიტაური”. ამჯერად სოლისტებს, მევიოლინე რომან სიმოვიჩს და მედოლე გიორგი ონიანს, თანხლებას უწევდა სიმფონიური ორკესტრი. სავიოლინო კონცერტში სოლო პარტიის გარდა, რომელსაც სერბი მუსიკოსი შესანიშნავად გაუმკლავდა, მნიშვნელოვნი როლი დასარტყამი ინსტრუმენტების დიდ შემადგენლობასაც ეკისრა. მათმა დიალოგმა ვიოლინოსთან ერთად მრავალფეროვანი რიტმული სურათი შექმნა. ხანმოკლე უწონასწორობის მიუხედავად, ტკიბილი ხასიათის ნაწარმოებმა მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
იმავეს ვიტყვით “დიმპიტაურთან” დაკავშირებით. დოლის ჟღერადობა იმთავითვე მოძრაობისა და ცეკვისკენ მოგვიწოდებს. გიორგი ონიანმა ორკესტრთან ერთად მსმენელს ძალიან შთამბეჭდავი შესრულება შესთავაზა. ხანმოკლე ნაწარმოები ქართულ მუსიკაში გავრცელებული დოლისა და ჯაზური ბიგ ბენდის, ანუ ტრადიციულისა და თანამედროვეს შეთანხმებას წარმოადგენდა. ეფექტური შეხამების მიუხედავად, დოლის სოლო პარტიისა და სიმფონიური ორკესტრის სხვა დასარტყამი საკრავების გათვალისწინებით, კომპოზიტორმა მაინც ჩათვალა საჭიროდ ნაწარმოებში დრამის კომპლექტი გამოეყენებინა. გემოვნებაზეა დამოკიდებული, მივიჩნევთ თუ არა ამ საკრავების ჩართვას ზედმეტად. ერთდროულად ენერგიულმა და მელოდიურმა მუსიკამ მსმენელის ყურადღება სრულიად დაიპყრო. აუდიტორიამ აღფრთოვანების გამოხატვა ვერ მოითმინა და უკვე ნაწარმოების ბოლო ტაქტების განმავლობაში მუსიკოსები ტაშით დააჯილდოვა.
ვახტანგ კახიძის საავტორო კონცერტს დიდი წარმატება მოჰყვა. კონცერტზე შესრულებული ოთხი ნაწარმოები თბილისში მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის იდეალური პროგრამა აღმოჩნდა. სოლისტების ძალიან კარგი შესრულების გარდა, კონცერტი საინტერესო გახადა მუსიკოსებისა და სოლო საკრავების მრავალფეროვანმა შემადგენლობამ. კომპოზიტორისთვის დამახასიათებელი, სასიამოვნო და, იმავდროულად, გადაჭარბებულად რომანტიკულმა ჰარმონიებმა მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. “შემოდგომის თბილისი” ოქტომბრის განმავლობაში კიდევ 7 კონცერტს გვთავაზობს. იმედია, რომ შემდეგი საღამოებიც მსმენელისგან დადებით შეფასებას დაიმსახურებს.
პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე - http://www.kakhidzemusiccenter.com/?lan=1&pg=co&f=23
Comments
Post a Comment