ალექსანდრე ნიჟარაძის სახელობის პიანისტთა ფორუმი - ნაწილი I

    ავტორი: ნინი ჯაფარიძე

    ბახი, ბეთჰოვენი, ლისტი, ვერდი, რახმანინოვი... სია დიდია, ცხადია, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ეს გვარები არ გაუგია.
მათ გარეშე აკადემიური მუსიკის არსებობა წარმოუდგენელია.

    მაგრამ რა მოხდებოდა, მათ რომ წარმატებისთვის ვერ მიეღწიათ?
რომ არ მისცემოდათ თვითგამოხატვის საშუალება?
დიდი ალბათობით, ასეთებიც მრავლად იყვნენ და მათ შესახებ არაფერი ვიცით. დაუფასებელი დიდი გენიოსები, რომლებიც შთანთქა დაუნდობელმა ჟამთა სვლამ.

    ბევრი საიდუმლოა ამოუხსნელად დარჩენილი, რამეთუ ამოფარებულია სოფლებისა და რეგიონების ტრასების სიღრმეში. ხშირად მანძილი განაჩენი ხდება.

    რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზებს მიღმა?
როგორ ჟღერს იგივე ბეთჰოვენისა და შუმანის მუსიკა იქ, სადაც მსმენელები მდუმარე მთები ან უკიდეგანო ველზე ამოსული ყვავილები არიან?
იქნებ სწორედ იქ ინახება სამყაროს ხელთუქმნელი პარტიტურა?

   
ამის შეცნობის შესაძლებლობა ჩვენ, მუდამ დაკავებულ და „გამოპრანჭულ“ ქალაქელებს, მხოლოდ სამი დღით მოგვეცა.

    პიანისტთა ფორუმზე საქართველოს კუთხეებიდან ახალგაზრდა მუსიკოსები და მათი პედაგოგები ჩამობრძანდნენ. ჩვენც საშუალება მოგვეცა ჩაგვეჭყიტა იმ ნაკლებად ხილულ სამყაროში, სადაც ნიჭი, სიბრძნე, სულიერი სისპეტაკე და სიალალე სუფევს.

    პიანისტთა ფორუმი ქვეყნის მასშტაბით აქამდე არავის გაუკეთებია, ამიტომ აღმოჩენების სიუხვით ყველა დამსწრე დასაჩუქრდა.
თბილისის მუსიკალურმა საზოგადოებამ გაიცნო ნიჭიერი „არადაშტამპული“ მუსიკოსები, რომლებსაც შესრულების განსხვავებული, თავისებური ხედვა აქვთ.
გაჟღერდა კარგად ნაცნობი ნაწარმოებები, ახლებურად გააზრებული, ასევე - ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები, დაწერილი ქართულ მიწაზე.

    მსმენელი ასევე გაეცნო პედაგოგების მიერ გაზიარებულ ბუნებიდან ნაკარნახევ გამოცდილებას.
შეხვედრებზე თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მუსიკალური განათლების მოულოდნელი ნიუანსები, უპირატესობები, პრობლემები, საიდუმლოები...
ეს იყო გულწრფელი საუბარი, ერთ-ერთი ისეთი, როგორიც ხდება ხოლმე ცხოვრების გადამწყვეტ ეტაპზე.

    ალბათ ეს სამი დღე ჩვეულებრივ ღონისძიებას დაემსგავსებოდა, რომ არა პიროვნება, რომლის სახელსაც ატარებდა ფორუმი.
ალექსანდრე (ალიკა) ნიჟარაძე, დიდი ქართველი პიანისტი და პიროვნება. ჰენრიხ ნეიჰაუზისა და ანასტასია ვირსალაძის მოსწავლე. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საღამოდან დაწყებული და პედაგოგების დაჯილდოებით დამთავრებული ეს ფორუმი გაჯერებული იყო ქართული ღირსებითა და მაღალი სულიერებით.
    ალბათ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ბევრ ჩვენგანს შეგვიმჩნევია, რომ ყოველი ღონისძიება თავისი ორგანიზატორის სულისკვეთებას ატარებს.
  ქალბატონი ცისანა დოლიძე გახლავთ ალექსანდრე ნიჟარაძის მეუღლე, მისი საფორტეპიანო სკოლის გამგრძელებელი და პედაგოგი.
    მასთან ერთად ამ ღონისძიებას სიცოცხლე აჩუქეს ეკა მეტრეველმა და ნათია ქავთარაძემ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მათ შეკრიბეს „ერთ ენაზე მოსაუბრე“ მუსიკოსები და თითქოს დაანახეს საზოგადოებას, რომ შინაგანი კულტურა და არისტოკრატიზმი თავად ადამიანშია და არა მის ადგილმდებარეობაში.



                                                                                                    I ნაწილის დასასრული.


Comments